top of page

პრომეთეს მთავარი ცოდვა, უიმედოდ დატოვებული კაცობრიობა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

345333244_785197602891389_7247405120305624526_n.jpeg

მაკა ვასაძე

პრომეთეს მთავარი ცოდვა, უიმედოდ დატოვებული კაცობრიობა

რუსთაველის თეატრში განხორციელებული „მიჯაჭვულ პრომეთე“ რობერტ სტურუასეული ასოციაციები და ფიქრებია ესქილეს ტრაგედიაზე.  ტრაგედიის მამად წოდებულ ესქილეს შემოქმედებაში ბერძნულმა ტრაგედიამ მიაღწია თავის სიდიადეს. ესქილეს 90-მდე ტრაგედია ჰქონდა დაწერილი, მაგრამ დღევანდელობამდე მხოლოდ 7 მოაღწია. მათ შორისაა „მიჯაჭვული პრომეთე“. არსებობს „განთავისუფლებული პრომეთეს“ და „ცეცხლის მომნიჭებელი პრომეთეს“ ნაწყვეტები, თუმცა დღემდე დადგენილი არ არის ეს სამი პიესა ერთიანი ტრილოგიის ნაწილებია თუ არა. ესქილეს ტიტანი პრომეთე კაცობრიობის, პროგრესისა და ცივილიზაციის მებრძოლი სულის სიმბოლოა, რომელმაც ადამიანებს ღვთაებრივ ცეცხლთან ერთად, აზროვნება, მეხსიერება, ხელოსნობა, ხელოვნება, სიბრძნე უბოძა. პრომეთე თავისუფალი ნების გამომხატველია, ზევსი კი ტირანია, რომელიც სხვის თავისუფლებას ვერ ეგუება.

რობერტ სტურუამ ესქილეს ტრაგედია გროტესკულ ბუფონადად აქცია, რომელშიაც კაცთა მოდგმის ბედ-იღბალზე ფილოსოფიური განსჯანი ჩააქსოვა. რეჟისორმა პიესის მხოლოდ პირველი ნაწილი დადგა. სტურუას სათეატრო ენისთვის დამახასიათებელია ტექსტზე მუშაობა, კუპიურები, გადაადგილებები, ჩამატებები. ამჯერად, რეჟისორმა ესქილეს პიესა უხვად გააჯერა საკუთარი ფრაზებით, გოგა ბარბაქაძის ჰეფესტომ კი ჰერმესის, მაწანწალას, ღმერთი დიონისეს ბაკქანალიის აქტიური მონაწილის და რეჟისორის ნიღბებიც მოირგო. როგორც ვიცით, ღმერთი დიონისეს პატივსაცემად გამართული რიტუალური დღესასწაულებიდან იშვა თეატრი  და რეჟისორმა მიჯაჭვული პრომეთეს ამბავი დიონისეობაზე გამართულ სანახაობად წარმოაჩინა. გოგა ბარბაქაძის პერსონაჟი არ იშურებს ღმერთი დიონისესადმი აღვლენილ დითირამბებს, ამასთანავე მაყურებელს სარკაზმნარევი იუმორით მიმართავს, - იცით ვინ იყო დიონისეო და მაყურებელთა დარბაზში ფლაერებს გადმოყრის, რომლებზეც „გაშიფრულია“ ღმერთი დიონისეს ვინაობა.

სცენის სიღრმეში შავ ნაჭერ გადაფარებული კონსტრუქცია დგას, რომელსაც თეთრი ლენტი აქვს გარშემო შემოხვეული. გოგა ბარბაქაძის პერსონაჟი მიუახლოვდება და ლენტს გაჭრის, ზუსტად ისე, როგორც ახალი ქანდაკების გახსნის დროს ხდება ხოლმე. შემდეგ ქანდაკებას წინ გამოათრევს და მაყურებლის თვალწინ, ლევან ხურციას კლდეზე მიჯაჭვული პრომეთე წარუდგება. მსახიობს ურთულესი ამოცანა დააკისრა რეჟისორმა, საათი და 20 წუთის განმავლობაში თითქმის გაუნძრევლად, ერთი და იმავე მიჯაჭვული პრომეთეს სტატიკურ პოზაშია. ლევან ხურცია ოსტატურად ასახიერებს თავის პერსონაჟს, გამოხატავს მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. მსახიობმა მაღალ პროფესიულ დონეზე გაართვა თავი რეჟისორის მიერ მიცემულ ამოცანას.

დები ოკეანიდების ქორო (მანანა აბრამიშვილი, ანა ამილახვარი, ნინო არსენიშვილი, ეკა მინდიაშვილი, ქეთი სვანიძე, ნატალია ყულოშვილი, ქეთი ხიტირი) რობერტ სტურუამ მრავალპლანიანი გახადა. ისინი შეიძლება აღიქვა: კუდიანებად, ვამპირებად, ჯოჯოებად, ქვესკნელის მოციქულებად. მიუხედავად მათი ერთიანობისა, თითოეული ინდივიდუალურად გამოირჩევა. მათ ჰყავთ წინამძღოლი (ნინო არსენიშვილი), სასწაულად მახინჯი, ჯოჯო არსება მათრახით ხელში, მის ნებას ემორჩილებიან ქოროს დანარჩენი წევრები. ნატალია ყულოშვილის პერსონაჟი არის ყველაზე უმცროსი ოკეანიდი, რომელიც დანარჩენი დებისგან გამოირჩევა, ბავშვებისათვის განკუთვნილი მეზღვაურის კოსტიუმი აცვია, თითქოს მიამიტი, მოსულელო არსებაა, მაგრამ მის ფრაზებში სიბრძნე გამოსჭვივის. მაგალითად, პრომეთეს სიტყვებზე: ზევსმა ადამიანთა მოდგმის განადგურება გადაწყვიტა, ვინაიდან ძალიან გაიხრწნაო. უმცროსი ოკეანიდი ამბობს: რა სულელია ეგ მამისმკვლელი ზევსი, ადამიანთა მოდგმა თუ ამოწყვიტა, ვინღა სცემს თაყვანსო. ეკა მინდიაშვილის ოკეანიდი ორსულადაა, შეიძლება ქალთმოყვარე, მოძალადე, ტირანი ზევსისგანაც კი. კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფიული ნახაზი ოკეანიდების პლასტიკაში სხვადასხვანაირად აისახება. მათი მოძრაობა ხან ზღვიდან მოვარდნილი ტალღას მოგაგონებს, ხან მოფარფატე ნიმფებს გაგახსენებს, ხან კი ჯურღმულებში მცხოვრებთა მოუხეშავ, ტლანქ მიხვრა-მოხვრას. ოკეანიდები თავიანთ ბიძაშვილს პრომეთეს გულშემატკივრობენ. რისთვის სჯის ასე მეგობარს ზევსი? - ეკითხებიან პრომეთეს. პრომეთე კი უპასუხებს, რომ ყოველი ტირანი ასეა, როდესაც მიაღწევს საწადელს, ძალაუფლებას, მას მეგობრები აღარ სჭირდება.

რა ცოდვისთვის იტანჯება პრომეთე, მამისმკვლელობისთვის? თუ კიდევ უფრო მძიმე ცოდვა აწევს? რობერტ სტურუამ ზოგადსაკაცობრიო ფილოსოფიური მსჯელობებით გააჯერა დადგმა - ვინ არის გმირი, რატომ ახლავს გმირობას ბოროტება, რატომ ქმნიან ადამიანები კულტს და ეთაყვანებიან, რა ფასეულობებით ცხოვრობს დღეს კაცობრიობა, რატომ უკუაგდეს ადამიანებმა პრომეთესგან ბოძებული აზროვნების უნარი და ერთფეროვან მასად, ბრბოდ იქცნენ. სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ჭიდილში რომელი იმარჯვებს და რაც მთავარია, რა მომავალი აქვს უიმედოდ დარჩენილ კაცობრიობას? ეს და კიდევ მრავალი სხვა კითხვა უჩნდება მაყურებელს სპექტაკლის ყურებისას.

სტურუამ სპექტაკლში კიდევ ერთი პერსონაჟი დაამატა. პრომეთეს ე. წ. ხილვა-ზმანება ზევსი გამოეცხადება, ქვესკნელიდან ამოიმართება და სურს, რომ პრომეთემ მისი ტახტიდან ჩამომგდების ვინაობა განუცხადოს (პრომეთე ხომ წინასწარმეტყველების უნარითაც არის დაჯილდოებული). მუქარის მიუხედავად პრომეთე არ ტყდება.

პრომეთემ ადამიანებისათვის ღვთაებრივი ცეცხლის ბოძებით, მათ ცნობიერი ცხოვრება დააწყებინა, ძალა და ღირსება მისცა, ბედის განჭვრეტის წინათგრძნობა დაუხშო და ბრმა იმედი ჩაუნერგა: „ბედის განჭვრეტის წინათგრძნობა დავუხშე მოკვდავთ“. ქოროს გამძღოლი ქალი: „სად მოიპოვე სნეულების ესე წამალი“? პრომეთე: „მე ბრმა იმედი ჩავუნერგე მათ მხოლოდენ“.  ესქილესთან პროგრესს ადამიანების ორი ძირითადი თვისება განაპირობებს - თავისუფალი ნება და იმედი. სწორედ ეს თვისებები ცოდნასთან და მიზანშეწონილ საქმიანობასთან ერთად, ქმნის ცივილიზაციის არსებობის საფუძველს.

რობერტ სტურუას სპექტაკლში პრომეთე თავის ყველაზე დიდ ცოდვად ადამიანებისთვის იმედის დაკლებას მიიჩნევს. - გამახსენდა: კაცობრიობა სიკვდილს რომ გადავარჩინე, შემზარავი ცოდვა ჩავიდინე! კაცობრიობის გარდაქმნის დროს ადამიანს იმედი დავაკელი! გადამავიწყდა!!! - ამბობს ლევან ხურციას პრომეთე. მას ყველაზე დიდ ცოდვად სწორედ ადამიანებისთვის იმედის დაკლება მიაჩნია. შეუძლია კი ადამიანს უიმედოდ ცხოვრება, რამდენ ხანს გასტანს კაცთა მოდგომა იმედის გარეშე? მაესტრომ პირდაპირ გვითხრა, რომ ადამიანთა სამყაროს მომავალი აღარ აქვს.

„ყველა გმირს უკან დიდი ცოდვა იმალება“... „არ არსებობს ადამიანი ცოდვის გარეშე“ „,ნუთუ არ გსურთ, გაიგოთ რა ცოდვები აქვს თქვენს ბელადს? - ოკეანიდები, ბრბო უპასუხებს - „არა“. „ვინც სიკეთეს იქმს, თანაგრძნობასა და სიყვარულს ვერ მიიღებს და არც უნდა ელოდეს“...  ესქილეს ტრაგედიაში განბნეული სტურუასეული ფრაზები (ტექსტზე იმუშავეს რობერტ სტურუამ და ნინო კანტიძემ) კიდევ უფრო ამძაფრებს რეჟისორის სათქმელს. აქვე რეჟისორი იმასაც გვეუბნება, რომ „თეატრი და ხელოვნება - ღმერთების ყველაზე დიდი საჩუქარია ჩვენთვის“.

ანა ნინუას, მერაბ მერაბიშვილის და რობერტ სტურუას მიერ შექმნილი სცენოგრაფია განძარცვულ სივრცედ აღიქმება. სცენაზე მხოლოდ ერთი ცენტრალური კონსტრუქცია - კლდე დგას, რომლის ირგვლივაც ვითარდება მოქმედება. რობერტ სტურუა განათების დიდოსტატია, „მიჯაჭვულ პრომეთეშიც“ რეჟისორი საოცარ ფერთა გამას ქმნის, რომელიც მაყურებელზე უდიდეს ემოციურ ზეგავლენას ახდენს. სპექტაკლის ყურების დროს გექმნება შთაბეჭდილება, რომ მხატვრის მიერ შექმნილ მონუმენტურ ტილოს უყურებ. სვიმონ ჯანგულაშვილის და რობერტ სტურუას შექმნილი მუსიკალური პარტიტურა გასაოცარ ფსიქო-ემოციურ ზეგავლენას ახდენს მაყურებელზე. ჩაპლინის, ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის, ყანჩელის და სხვათა ნაწარმოებებიდან დახვეწილი გემოვნებით შექმნილი მუსიკალური კალეიდოსკოპი რეჟისორის სათქმელს კიდევ უფრო ამძაფრებს.

სპექტაკლის დასასრულს მაყურებელს ყველაზე მთავარი კითხვა ფიქრსა და გონებას უმღვრევს: რად ვიქეცით უიმედოდ დარჩენილი კაცობრიობა და რა მომავალი გველის იმედის გარეშე... იმედი ხომ უკანასკნელი კვდება.

bottom of page