top of page

რა არის „მწვანე ბარათი“?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

_DSC2459.jpg

თამარ ცაგარელი

რა არის „მწვანე ბარათი?!“

რა არის მწვანე ბარათი?! მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number). ბევრისთვის ამ საოცნებო ბარათის მიღება გათამაშებაში მონაწილეობითაცაა შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თუ მოთამაშეს გაუმართლდა.

რატომ ტარდება მწვანე ბარათის გათამაშება და ვინ ატარებს მას?

ე.წ. მწვანე ბარათის ლატარია, ოფიციალურად კი „მრავალფეროვანი იმიგრაციის სავიზო პროგრამა“ აშშ-ს კონგრესის დამტკიცებული გათამაშებაა, რომელსაც წელიწადში ერთხელ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს.

ყოველწლიურად ამ ლატარიით 50 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა. მხოლოდ და მხოლოდ უფლების მინიჭება, დანარჩენი კი, თავად ემიგრანტმა მისი შანსიდან, ნაცნობობიდან (ასეთის ყოლის შემთხვევაში) და, უმთავრესი, გამართლებიდან გამომდინარე უნდა მოახერხოს და იშოვოს სამსახური, რათა არც მას, იქ შორეულ ამერიკაში და არც მის ოჯახს, სამშობლოში, შიმშილისგან „სული არ გაძვრეთ.“  

2021 წლის ოქტომბრის თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მონაცემებითაც, 2008 წელს „მწვანე ბარათის“ (Green Card) გათამაშებაში საქართველოდან სულ 32,196 განაცხადი შეივსო, მიმდინარე ანუ 2021 წელს კი, 112,464. რამ განაპირობა მოქალაქეთა ამგვარი მოთხოვნილება გაიმარჯვონ და მიიღონ „მწვანე ბარათი?“ ვთვლი რომ, ჩემს მიერ დასმული კითხვა, ზოგადად, საინტერესოა, თითოეული ჩვენგანისთვის, გასაანალიზებლად და დასკვნების გასაკეთებლად, ასევე, აღნიშნული საკითხი უნდა შეისწავლონ სოციოლოგებმა, ეკონომისტებმა და პოლიტოლოგებმაც კი. შეუძლებელია, ვინმეს ხიბლავდეს უცხო ქვეყანაში გადახვეწა, ალალბედზე, გამართლებაზე წასვლა, საკუთარი სახლ-კარისა და ოჯახის, ახლობლების, მეგობრების მიტოვება. ჩემს მიერ მოხმობილი სტატისტიკური მონაცემები საგანგაშოა. დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიმინდვია, რადგანაც, ეს წერილი არ ეხება რეალური ციფრების გაანალიზებას. როგორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქე, სამწუხაროდ, ძალიან მარტივად გიპასუხებდით თუ  რატომ გაიზარდა ასე მძაფრად ემიგრანტთა რიცხვი, მაგრამ, ეს სხვა დროს.

და, მაინც, რა არის  „მწვანე ბარათი?!“ ესაა დრამატურგ ნინო სადღობელაშვილის ერთმოქმედებიანი ფანტასმაგორიული პიესა, სადაც, ავტორი გვიყვება რეალური, დოკუმენტური ფაქტების მიხედვით ამბავს, რომლის თვითმხილველი, თანაგანმცდელი და თანამონაწილე „მწვანე ბარათის“ იდეის ავტორი და პროდიუსერი ბუკა კარტოზია გახლავთ. სწორედ, მის მიერ მოთხრობილი მასალებით აღწერა დრამატურგმა ემიგრანტთა რთული ყოფა, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა, მონატრებისა და ადამიანური სისუსტეების სევდიანი და, ამავდროულად, ღიმილის მომგვრელი ამბები, რომლის წაკითხვისას, მკითხველიც ერთგვარად, თანამონაწილე  და, ავტორისგან უკითხავად, ერთ-ერთი პერსონაჟიც კი ხდება, რომლის წინაშე კინო კადრივით იშლება და ცოცხლდება მწერლის მიერ შემოთავაზებული თითოეული გმირის სახე. აი ეს, ცოცხალი და საკმაოდ სხარტი ენით დაწერილი ამბავი რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე 2021 წლის ოქტომბრის თვეში წარმოგვიდგინა. მანამდე კი, სოციალურ ქსელში, თეატრის გვერდზე გავრცელდა შემოქმედებითი ჯგუფის წევრების ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც კითხვაზე თუ რა არის მწვანე ბარათი, საკუთარ ვერსიას გვამცნობენ. რეჟისორი გიორგი სიხარულიძე: „რა არის მწვანე ბარათი? მწვანე ბარათი არის ის, რის მიღებაზეც ოცნებებს, ნახევარ საქართველოზე მეტი. მწვანე ბარათი არის ის საიდუმლო, რომელსაც ცოტა ხანში გავამხელთ ჩვენ თუმანიშვილის თეატრის სცენაზე.“ და, გაამხილეს კიდეც: სევდიანი, იუმორით გაჯერებული სიზმარი აშშ–ში ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებაზე. თემატიკის და სათქმელის აქტუალობიდან გამომდინარე, ეს არაა მხოლოდ სპექტაკლი, ესაა ერთგვარი სოციალური აქცია, მანიფესტი რომელიც ამერიკაში ქართულ დიასპორას ეძღვნება.

მაყურებელი იჭრება ერთ-ერთი ქართველი, გათხოვილი ქალის, ორი შვილის დედის, 39 წლის ნინოს (მსახიობი ირინა გიუნაშვილი) სიზმარში, რომლის ქვეცნობიერი, რომელიც მუდამ ახლავს ძილში განვითარებულ ზმანებას, იმდენად აქტიურია, რომ „გვაიძულებს“ ვუყუროთ მის მიერ „გამოგონილ“ სცენებს. და, ეს იძულება, წამებში ნებაყოფლობით აქტში გადადის, რადგანაც ნინოს სევდიანი ამბავი, მუსიკით, ვერბალური და არავერბალური აქტით გადმოცემული, ნაცნობია შენთვის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქისთვის. რადგანაც პირადად თუ არა, შენს ახლობელს, მეზობელს, ნაცნობს ეს ამბავი გადახდენია და შენც გაგიგია, რომ თითოეულ მათგანს  ჰქონდათ და აქვთ „ვალები თიბისი ბანკში, საქართველოს ბანკში, ლიბერთი ბანკში, ვითიბი ბანკში, ტერაბანკში და ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში...“ ამ „ნათესაურ კავშირს“ სცენაზე მყოფი  ჯგუფის - „The Quintessence“ - მიერ, ცოცხალი შესრულებით განხორციელებული ისეთი მელოდიები ამყარებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ახლობელია, მშობლიურია და, უმეტესობა საყვარელიც კია. სპექტაკლში გამოყენებულია გია ყანჩელის, რევაზ ლაღიძის, ვაჟა აზარაშვილის, ბიძინა კვერნაძისა და გოგი ცაბაძის კომპოზიციები და, რა თქმა უნდა, რეჟისორი არ ივიწყებს ამერიკულ თუ ევროპულ პოპულარულ  მელოდიებს - Joanna Kuling, Marcin Masecki, Sen-sans, John Kander, Albert Beach, John T. Taylor, Karo Hayrapetyan, Joanna Kulig,  Marcin Masecki, B. Oakland, Sonny Rollins, Andrew Van Slee, William Spivery - რომელიც, ზუსტი აქცენტით, თემატურად, როგორც ერთგვარი გონგი ჟღერდება სცენაზე და, მუსიკაც მთავარ მოქმედ გმირად წარმოჩნდება. გუნდი, რომელსაც სცენის მარჯვენა და მარცხენა მხარე „დაუპყრია,“ ასოციაციურად, ქოროსა და ნაფიც მსაჯულებს   მოგვაგონებენ, რომლებიც, საკუთარ შეფასებას განვითარებულ/განსავითარებელ მოვლენასთან დაკავშირებით მელოდიითა და წამღერებით ახორცილებენ. ამ ასოციაციისკენ თავად მათი კოსტიუმებიც კი გვიბიძგებენ: შავი გაშლილი, მანტიასებური სამოსი თეთრი, მაღალი დაგოფრილი საყელოთი. ზოგადად,  რეჟისორი გიორგი სიხარულიძე მხატვართან - თეო კუხიანიძესთან და დიზაინერ - დათუნა სულიკაშვილთან ერთად ქმნის გარემოს, სადაც, შავ-თეთრი ფერები დომინირებს, როგორც სიმბოლო იმედისა და უიმედობის, გამართლება/არ გამართლების ზღვარზე,  „ბეწვის ხიდზე“ გამავალი ადამიანებისა:  ამიკოსი (მსახიობი - ვანო თარხნიშვილი), ჯორჯის, იგივე გიორგი კარდაშიანის (გუგა კახიანი/ბექა ჯუმუტია), ვიქტორ ჩოლოყაშვილის (მსახიობი გია აბესალაშვილი) ლალი სამკვირაშვილისა თუ თინასა და ნარგოსი, რომლის ნიღბებსაც მსახიობი მზია არაბული საოცარი ოსტატობით, პერსონაჟთა განსხვავებული ხასიათებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, განსხვავებული გამომსახველობითი ფორმებით აცოცხლებს, თავად ამერიკელი ჯესიკასი, საიმიგრაციო ოფიცრისა თუ ასევე, ქართველი ემიგრანტის - ციურის, რომელთა სახეებიც მსახიობმა ეკატერინე ანდრონიკაშვილმა მათი მრავალფეროვანი ვიზუალურ/ვერბალური და ემოციური „კარდიოგრამით“ გაგვაცნო. ნინოს მოსავლელ ობიექტს - მონიკა სტრავინსკის (მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე), რომელიც, დაიბადა ნიუ იორკში, მაგრამ, პოლონელი ემიგრანტის ოჯახში. 50 წელი იყო ნიუ–იორკ სითი ბალეტის მოცეკვავე, შესრულებული აქვს არაერთი მთავარი როლი. არტისტ ნინელი ჭანკვეტაძის ყოფილი ბალერინა, ახლა უკვე ასაკში,  წარსულის,  „გედების ტბისა“ და მისი ოდეტას ნოსტალგიით, დაავადებულია ალცჰაიმერით, თუმცა, შენარჩუნებული აქვს დახვეწილი მანერები: მსახიობმა ბალერინა თეთრ „პაჭკაში“, გედის ფრთის მსგავსად ზევით აწეული ხელით, რომლის ქვემოდანაც შემკრთალი თვალებით იცქირება, აამოძრავა როგორც მარიონეტი  - ეს სცენა წამიერად გვახსენებს „გედების ტბას“, ბალეტების ბალეტს, როგორც მას ხშირად ეძახიან - და, დარბაზში, მაყურებელში სევდა ისადგურებს.

ტკივილის, ცრემლის, იუმორისა და სასიამოვნო მელოდიების ფონზე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე მსახიობებთან ერთად ქმნის ანსამბლურ გარემოს, სადაც, საოცარი დინამიკით აცოცხლებს ჩვენი  სოციუმის ერთ და ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს. და, რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, ესაა  წარმოდგენა, სადაც, თითოეული არტისტი და მათი პერსონაჟი/პერსონაჟები, როგორც ჯაჭვის თითოეული რგოლი, ისეა „გადაბმული“ ერთმანეთზე. რაც, დღეს იშვიათი შემთხვევაა  ქართული თეატრის სცენაზე.

bottom of page