რაც და როგორც ჯაყომ იცის
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ლელა ოჩიაური
რაც და როგორც ჯაყომ იცის
ალბათ იმიტომ, რომ არასდროს არ გადის „ჯაყოს დრო“ და ის(ინი) ყველა დროში და ყოველთვის შეიძლება დაბრუნდეს(ნენ), მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებს“ ქართულ თეატრსა და კინოში მუდამ აქვს ადგილი და თანადროულობასაც მუდამ ინარჩუნებს. ეს ზედროული რომანი-შედევრი (რომელსაც თავისი პირადი, დრამატული ისტორიაც აქვს, როგორც ტრაგიკული ბედი - მის ავტორს) არა ერთი ვერსიით წაკითხვის, ამოხსნის, სხვადასხვა რაკურსით დანახვა-ჩვენების, ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ეხმიანება და ერგება ყველა დროს, ყველა გარემოებას, ყველა საზოგადოებას - ყოველგვარი კონიუნქტურის გარეშე. ყოველთვის სვამს კითხვებს, წამოჭრის საკითხებს და ითხოვს პასუხებს - სწორედ იმ საზოგადოებისგან, ვისზეცაა და ვისთვისაცაა დაწერილი და შემდგომ - დადგმულ(ებ)ი. ბადებს დიალოგის პროცესს, იწვევს პოლემიკას და განსჯის ფაქტორს აპირობებს. ან/და პირიქით.
საზოგადოებას/მაყურებელს ახალი დიალოგი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა და ნიკა ჩიკვაიძემ შესთავაზეს. და რამდენადაც პრობლემები, ლიტერატურულ პირველწყაროდან დაწყებული - ზუსტად ასი წლის შემდგომაც (NB - მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ ბეჭდვა პირველად, 1924 წელს, ჟურნალ „მნათობის“ №7-8-ში დაიწყო და 1925 წლის №1-ში დასრულდა) - არ გაფერმკრთალებულან - ახალგაზრდა რეჟისორის ახალ ვერსიაში არაერთმნიშვნელოვნად აჟღერდნენ, ახალი სახე, დატვირთვა და გამოხატულება შეიძინეს და თანადროულ კონტექსტში მწვავედ გამოიკვეთენ.
ნიკა ჩიკვაიძესვე ეკუთვნის რომანის გაპიესება, ბევრი კუპიურითა და მკვეთრად გამოხატული თავისთავადი სიუჟეტურ-იდეური ხაზით. ტექსტი (რომელიც არსად არღვევს „ნამდვილობას“, რომანის არსს, განვითარების ავთენტურობასა და მოვლენათა რიგითობას) ორგანულადაა დამონტაჟებული და შეკრული, საკუთარი შინაგან/აზრობრივი და ფორმისეული ლოგიკითა და შრეებით. მოქმედება საათნახევრი გრძელდება და მის (სპექტაკლს) და თეატრს მიღმა, ზოგადსაკაცობრიო წრემდე, პრობლემებამდე განივრცობა.
„ჯაყოს ხიზნებში“ მოქცეული ნიშნები, მინიშნებები, ქარაგმები და კოდები (არაერთი გზავნილის, არსის, პრობლემის მომცველი) რეჟისორმა ამოსახსნელად, გასაშიფრად მაყურებელსაც მიანდო და შეიძლება ითქვას, თავსატეხადაც. („თამაშის“ ასეთი ხერხი და ხელწერა ნიკა ჩიკვაიძის ყველა წინამორბედ სპექტაკლს ახასიათებს და გამოარჩევს).
„ჯაყოს ხიზნები“ ჯერ კიდევ მანამდე იწყება, სანამ ძირითადი ამბავი და მოვლენები დაიწყებენ განვითარებას. მაყურებელს სცენაზე ტილოს ნაცრისფერკოსტუმიანი, წვეროსანი, სათვალიანი, მოხდენილი და ინტელიგენტური იერის ახალგაზრდა კაცი „ეგებება“, ხელში წარწერიანი ქაღალდით - „ჯაყო“, როგორც აეროპორტებში ხვდებიან ხოლმე სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა რეისით სხვადასხვა მიზნით ჩასულ უცხო მგზავრებს.
უკან, კედლადქცეულ ფარდაზე, გაფრენა-მოფრენის რეისების ჩამონათვალის პროექციაა. სცენის (რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ნახევრად ბნელშია და მხოლოდ დროდადრო ოდნავ ნათდება პროჟექტორების შუქით) კუთხეში დგას დასაკეცი კიბე, ჭერზე აკრულ სარკეში კი სცენის ანარეკლებია. დარბაზში ნელ-ნელა შემავალი მაყურებლის ხმები ბუნებრივად ქმნიან აეროპორტში მყოფი ადამიანებისა და ზოგადად, ცხოვრების დინების ქაოტურ ხმაურს.
კაცი დიდხანს დგას, დროდადრო ფეხს იცვლის და ელოდება. შემდეგ, როდესაც დასაწყისის დრო დგება, სრულ სიჩუმეში, კიბეზე, მოზრდილი ჩემოდნით ხელში, ჟღალი, თმა და წვერგაბურძგნული კაცი ჩამოდის და ყოველგვარი წინაპირობის, აღწერილობებისა თუ მოვლენების შესახებ ზოგადი ინფორმაციის გარეშე, მოქმედებაც იწყება. სწორედ ამ ორის პირველი „შემხვედრი“ დიალოგიდან ირკვევა, უფრო სწორად, ზუსტდება, რომ ჩამოსული - ჯაყო ჯივაშვილია (გია სურმავა) და დამხვდური - თეიმურაზ ხევისთავი (გენა შონია).
ჯაყოს ბარგს (მოძრავი და გაგორებულ-გამოგორებული ჩემოდნებიც - რომლებსაც პირდაპირი და მეტაფორული დატვირთვა აქვთ - ხშირადაა ჩართული მოქმედების სხვადასხვა ეტაპზე) თეიმურაზი მიათრევს და შემდეგაც, თეიმურაზიცა და მარგოც ჯაყოს, არა, როგორც ახლობელ სტუმარს, არამედ როგორც „საპატიო“ სტუმარს და ვინმე უეროვნებო „მაღალჩინოსანს“, სხვადასხვა ფორმითა და სხვადასხვა ვითარებასა და შემთხვევაში, გარკვეულ წერტილამდე, მონურად, მაამებლურად და მლიქვნელურად ემსახურებიან.
დრო არეულია, ძალიან სწრაფად გადის ეს უდროო დრო. აცდენილია რეალურ საზღვრებსა და ეპოქას. კონკრეტული მისამართი არც მოქმედების ადგილებს აქვთ. პერსონაჟებიც თითქოს „ისინი“ არიან და თან, არ არიან. ყველა და ყველაფერი აშკარა და არაერთმნიშვნელოვანია, მოცულობითი და მყარად გამოკვეთილი.
ლაკონური, პირობითი და აბსტრაგირებულია ანანო დოლიძის დეკორაციაც და კოსტუმებიც (რომლებიც აქტიურად „მონაწილეობენ“ მოვლენებში, მათ გამოხატავენ და ნათლად განსაზღვრავენ მოქმედი გმირებისა და მოვლენების მონაცვლეობასა და ცვლილებას), სარეჟისორო თხრობის სტილიცა და სამსახიობო საშემსრულებლო მანერაც.
სცენის ფიცარნაგის გასწვრივ, მთელ ჰორიზონტალურ ხაზზე თეთრი ლეიბები და ქსოვილია გადაფენილი, რასაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებითა და დატვირთვით. ის ხან მოქმედების ერთი ადგილია და ხან მეორე; ხან აეროპორტია და ხან თეიმურაზის ქალაქური ბინა; ხან მამული, ხან დუქანი და ხან ეკლესია; ხან საწოლია, ხან ქვეშაგებია, ხან მოსასხამი და ხან თავშესაფრის „გუმბათი“, როგორც მეტაფორა. მძაფრი მხატვრული სახე, რომელსაც არარეალობის, პირობითობის, განტევებულობის მორიგი ნიშნები შემოაქვს ამ უცნაურ და გაუცხოებულ სივრცეში. ისევე, როგორც შავ, ზოლებად დასერილ უკანა კედელფარდას (როგორც აეროპორტებში, ბარგის მბრუნავი წრის ღიობთანაა ჩამოშვებული), რომლის ღრიჭოებიდან ზოგჯერ სინათლის მკრთალი ზოლები აღწევს.
გია სურმავას ჯაყო ხაზგასმით ექსპრესიული (გარეგნობიდან ქმედებამდე) და მკვეთრფერებიანია, რაც მას მთავარ ძალად და მოვლენების წინამძღოლად აქცევს. ჯავახიშვილის ჯაყოს სპეციფიკური, დამახინჯებული, „არაქართული“ ქართულით მეტყველებს და შესაფერისი მახვილებიცა და ინტონაციაც „შენარჩუნებული“ აქვს. მოუხეშავად და მძიმედ მოძრაობს, ფიზიკური ძალის დემონსტრირებსაც ახდენს და ამბის მამოძრავებელად ამითაც წარმოსდგება.
საერთოდ, მსახიობების მეტყველების, სამეტყველო ენის, ხმის ტონების სპეციფიკურობა თითოეულის ხასიათისა და როგორც კრებითი ნიშნების მატარებელი ტიპების ასეთ სახეებს ქმნის. ისევე, როგორც მათი პლასტიკა, მახასიათებელი ნიშნებითა და ელემენტებით - ერთ-ერთი ხერხია თითოეულის მხრიდან პერსონაჟების სახეების შესაქმნელად.
მოუხეშავი, უტრირებული მოძრაობებითა და ჟესტებით მოქმედ ჯაყოს შიშველ ტორსს მხოლოდ ქურქი თუ ტყავის, ბეწვშემოვლებული ფართო მოსაცმელი უფარავს, ასევე დროისა თუ ეპოქის ნიშნებს მოკლებული. და თან, არა ერთი ისტორიული თუ თანადროული ნიშნის შემცველი. ამ სამოსს ტყავის ჟილეტით ცვლის, ტყავის ჩექმებს ფეხშიშველი სიარულს ამჯობინებს. ეს ხეპრე, უბირი და შავბნელი, უწიგნური და ბრიყვი ჯაყო, უტიფარი, დაუნდობელი, პრიმიტივი, რომლის გონებრივი შესაძლებლობები, IQ, ძალიან დაბალია (რაც არა მხოლოდ უშუალოდ მას, როგორც პერსონაჟს, ახასიათებს, არამედ მისი კასტისთვისაა სრულიად ბუნებრივი და ორგანული), მედროვე და უღირსებო, ამით ძლიერი ყოფილი მოჯამაგირე და ხელქვეითი, ყველაფრის პატრონიცა და განმკარგავიც ხდება.
ამის უფლება კი ჯაყოს საზოგადოებამაც მისცა და ახალმა დროებამაც არგუნა. საზოგადოებამ, რომელმაც დათმო და დანებდა. ჯაყოს თავისი „პრავა“ და „ზაკონები“ აქვს და ზუსტად იცის, რა მოიმოქმედოს მიზნის მისაღწევად.
არაფერი იქნება ახალი, თუ ვიტყვი, რომ ჯაყო რუსეთს ასახიერებს, მის პოლიტიკას, მისი საზოგადოების სახეს, მის როლს საქართველოსა წარსულსა და აწმყოში. მაგრამ, ამასთან, ეს არსება ჩვენი სხვა თანამედროვეებისა და არა მხოლოდ რუსი, ქართველის განსახიერებაცაა, კონკრეტული საცნობი ნიშნების გარეშე, რომლების რიცხვიც, სამწუხაროდ და ქვეყნისთვის საბედისწეროდ, დიდზე დიდია.
სპეციფიკურ ატრიბუტს - ნიშანს - სათვალეს ატარებს გენა შონიას თეიმურაზიც, დახვეწილი მანერების, თავშეკავებული, თითქოს გაწონასწორებული, გაუბედავი, მორიდებული კაცი, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, საზოგადო მოღვაწის, საზოგადოების ლიდერის, მოაზროვნის ტიპური წარმომადგენელი, რომელიც თანდათან კარგავს სახეს და სახესთან ერთად - პოზიციასაც და ადგილსაც.
ანი ანდღულაძეს - სიფრიფანა, დახვეწილმანერებიან, გაუბედავ, ატლასის თეთრ კაბიან და მოსასხამიან მარგოს ანგელოზისებრი („მატერიალურობასა“ და „მიწიერებას“ მოკლებული, თუმცა, ისიც, სხვადასხვა საცნობი ნიშნით), არატრაფარეტული და არაშაბლონური გარეგნობა აქვს, რაც გამორიცხავს ფსევდოეროტიზმს და მით უფრო რთულად მისაღებს ხდის ჯაყოს ცოლად და მხევლად მის ქცევას, მძიმეტვრითაკიდებულ სვლას და ძალადობის პირდაპირ მსხვერპლად ჩამოყალიბებას, როგორც ქვეყნისას.
მარგო - დრამის ცენტრალური მსხვერპლია, როგორც ქალი და როგორც სამშობლოს პერსონიფიცირებული ხატი, რომელსაც ბედმა არგუნა, იძალადონ მასზე, ფიზიკურად და მორალურად; რომელმაც უნდა შობოს ის, ვინც ბნელ და უკეთურ ძალებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ანი ანდღულაძე მარგოს (რომელიც ძირითადად დუმს) სწორედ ასეთი სახითა და მოცემულობით ქმნის - კონკრეტიკის, სპეციფიკური სახასიათო და პიროვნული ნიშნების მიღმა და როგორც დიდმნიშვნელოვანისა და განსაკუთრებულის სიმბოლოს.
მარგოსა და ხევისთავის ყველა ნაბიჯი, გადაწყვეტილება, მერყეობა, ბრაზი, ემოცია თუ უუნარობა მყისიერია და ფაქტობრივად, გაუცნობიერებელი. უმართავი.
მოქმედების დაწყებიდან და კულმინაციის დადგომიდან მალევე, სცენაზე კიდევ ერთი და მრავალსახა პერსონაჟი გამოდის, რომელიც რომანის რამდენიმე მოქმედ გმირს, მეტ-ნაკლები დოზით, ასახიერებს/აერთიანებს - რომელიც მოვლენებსაც აკვირდება და შესაძლოა, ნახუცარი ივანეცაა, თომაც, მამა სვიმონიც, ქეშელაც, ნინიკაც და ავტორი-მთხრობელიც - კორიფე/კომენტატორი/შემფასებელიც - შეუდარებელი რამინ კილასონიას შესრულებით.
შემდგომ კი, მოვლენების ახალი გეზი იკვეთება. მოქმედებაში სასტუმროს შვეიცარის უნიფორმიანი თუ ცირკის უნიფორმელების მსგავსი პერსონჟები (შოთა სასანია, ალიკა ცეკვაშვილი, ნიკა კვარაცხელია, გუკა დვალიშვილი) ერთვებიან. ჩემოდნებს აგორავებენ, ხევისთავების სახლის ლაგებასა და აღჭურვას იწყებენ, რაღაცეებს აჭედებენ, რაღაცეებს ადგილს უცვლიან, თეიმურაზს სურათის ჩარჩოებში „ამწყვდევენ“ (როგორც ამ, სასტუმროდ ქცეული სახლის ბინადართა ისტორიული წინაპრის პორტრეტს, მაშინ, როდესაც ყველაფრის კვალს სპობენ და ფიზიკურად და მეხსიერებიდან ცდილობენ წარსულის წაშლას).
მარგოსა და თეიმურაზის გარშემო წრე კიდეც ფართოვდება და კიდეც ვიწროვდება. ჯაყო-მარგოს არშიყისა და შემდეგ გაუპატიურების ეპიზოდი კი პირდაპირ აჩვენებს იმ მოძალადე და უპრინციპო, უუნარო და მორჩილი საზოგადოების სახეს, რომელიც იმიტომაც ხდება მსხვერპლი, რომ თანახმაა მსხვერპლი იყოს (მარგოსა და ჯაყოს სექსუალური კავშირი შემდეგ უკვე ნებაყოფილობით, რამდენჯერმე მეორდება) და ასევეა, მისი აგრესიული ვიზავი - ჯალათი, რომელიც ყველა დროში ერთნაირად და ერთი და იგივე ფორმითა და მიზნით მოქმედებს, სხვის დასამორჩილებლად და დასამცრობად.
მარგო (რომელიც თავიდან ბარგის გადასაზიდი ურიკითა თუ ტანსაცმლის საკიდით ლაღად სრიალებს) ჯაყოს მართულ მარიონეტად იქცევა. შემდეგ - თეიმურაზიც. ირეალობის, პირობითობისა და ატმოსფეროს სპექტაკლის ყველა დეტალი ქმნის. შფოთის შეგრძნებასაც ბევრი ფაქტორი იწვევს. თეიმურაზის საგვარეულო მამული კი, მაყურებლის თვალწინ, პირობითად და სავარაუდოდ, სასტუმროდ და სინამდვილეში, სამშობლოს, საკუთარი თავის, ღირსებისა და პატივის, ძვირფასი დანაკარგების სიმბოლოდ გარდაიქმნება.
ისევე, როგორც მოვლენებისა და დროის ცვლილებასთან ერთად იცვლება პერსონაჟების მდგომარეობა, გრძნობათა ბუნება და მათი ხასიათების ახალი თვისებები მჟღავნდება, სხვადასხვა ეტაპზე იცვლება მათი ჩაცმულობაც. სამოსის ახალ-ახალი ელემენტები, დეტალები რჩება თითოეულის გარდასახვის გამომხატველად.
თეიმურაზი კაპიუშონიან ჯვალოს ლაბადას, რომელიც ჯაჭვის პერანგსაც წააგავს, იცმევს, რომელზეც შემდეგ ჯაყო წითელი უნიფორმას არგებს, ქუდს ახურავს და სამოქმედოდ განკარგულებებს აძლევს, მაშინ, როდესაც საბოლოოდ მოიპოვებს მასზე გავლენას და დაიმორჩილებს - ფიზიკურადაც და მორალურადაც.
მარგო თეთრ ფართო მოსასხამში ეხვევა, თეთრ ფარფლებიან ქუდს იხურავს, შავ სათვალეს იკეთებს და ახალნაყიდი ტანსაცმლის პარკებით დადის, ჯაყოსგან.
ხევისთავის ფიქრიდან: „როგორ დაიწყო თეიმურაზის ცხოვრების გზა და როგორ თავდება! რამ მოიყვანა თავმოყვარე, განათლებული, ცნობილი და პატივცემული საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ ხევისთავი ამ დუქანში დახლიდარად? როდის და როგორ მოვიდა ფრიად პატივდებული თეიმურაზი ამ ძველ ნასახლარში, მიყრუებულ სოფლის ბოლოში? რა უნდა მას ამ ბნელ ღამეში ამ მურდალ სამიკიტნოში? რად სვამდა დღეს თეიმურაზი უცნობ-ნაცნობ გლეხებთან და გამვლელ-გამომვლელთან მყრალ არაყს?! მათი გულის მოსაზიდად ნაძალადევადვე რად იპრანჭებოდა, რად იკრიჭებოდა, რად ლაზღანდარობდა?!“
თეიმურაზი, რომელიც თანდათან აცნობიერებს თავის მდგომარეობას, სცენაზე მოწყვეტით ეცემა, ხოხავს, ბორგავს, თეთრ ქსოვილში ეხვევა და ბალიშით, რომელსაც ხშირად გულში ჩაკრულს ატარებს, თავის გაგუდვასაც ცდილობს. ამგვარად ექსპრესიით, როგორც შეშლილი, გამოხატავს სულიერ და ფიზიკურ და უკვე გაუსაძლის მდგომარებას.
შემდეგ სცენა გაფატრული ბალიშიდან გადმოყრილი ბუმბულით და შემდეგ, თეიმურაზის მიერვე დახეული წიგნების ფურცლების ნაგლეჯებით ივსება.
სახიერი და მეტყველი ეპიზოდებია ჯაყოსა და მარგოს ჯვრისწერა; მარგოს მშობიარობა (როდესაც მარგო, თეიმურაზის ზურგსმიყრდნობილი აჩენს ჯაყოს მორიგ შვილს, და როდესაც სცენაზე, ჯაყო - ხელში ატატებული ბევრი ბავშვით - თოჯინით შემოდის), ცხადდება და აღიქმება, როგორც ზმანება.
ისედაც, ბევრი რამ, როგორც რომანშია, წარმოსახვას უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს. თეიმურაზის მატერიალიზებულ ფიქრებსა და გახმოვანებულ, ამოთქმულ შინაგან მონოლოგებსა და მათ მიღმა არსებულის ანარეკლს აჩვენებს, როგორც სარკეში. რაც განზოგადების ფაქტორს აძლიერებს და სათქმელს, ამბავს, მის მნიშვნელობას თეატრის ენით აღრმავებს, პლაკატურობისა და ზედაპირული დეკლარირების გარეშე. რაც აღქმის თავისთავადობასა და განსხვავებულობას განაპირობებს. მათ შორის, მოვლწენების მიმართ თითოეულის პირადი დამოკიდებულებიდანაც.
თეიმურაზი, „ტრადიციულად“ ქადაგებს კაცობრიობის მომავალზე, პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს, მაღალ მატერიებზე მსჯელობს და ერის, საბშობლოს მხსნელის ამბიცია აქვს. თანდათან მისი პათოსი იცვლება და იქცევა ადამიანად, რომელმაც ყველაფერი დაკარგა - ცოლიც, სახელიც, ქონებაც, ღირსებაც, ხალხის პატივიც, საზოგადოებრივი მდგომარეობაც და სპექტაკლში ახალი იდეურ-ემოციური ტალღა შემოდის - სახლის, სამშობლოს თუ მშვიდობის სიმყუდროვის დაკარგვის განცდა. და ეს ყველაფერი, დღევანდელი მოვლენების ფონზე, ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრად სხვანაირად და სხვა მასშტაბში ჩანს, მთავარი მუსიკალური თემის, თომ უეითსის - „რუსული ცეკვის“ ფონზე (ლეგენდარული ალბომიდან The Black Rider), რომელშიც სპექტაკლის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილია მოქცეული.
საერთოდ, მუსიკას ნიკა ჩიკვაიძე აზრობრივ, შინაარსობრივ და დატვირთვას ანიჭებს. იყენებს მხოლოდ ფრაგმენტებს, ფრაზებს, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ჩანაფიქრისა და იდეის სიმწვავეს, როგორც, ვთქვათ, გაუპატიურების შემდეგ, მარგოსა და თეიმურაზის შეხვედრის ეპიზოდში (როდესაც მოვლენები კულმინაციისკენ იწყებენ სვლას), მოკლედ აჟღერებული, თითქოს კონტრაპუნქტული და ამჯერად, უკვე მწვავედ ირონიული - „საქართველო, ლამაზო“, ანა კალანდაძის ლექსზე და თემო ნაცვლიშვილის მუსიკაზე; ან მაშინ, როდესაც მარგო, თეიმურაზი და თვით ჯაყოც, ექვს ხელში, როიალზე დაკვრას იმიტირებენ და ჯოშუა კიან აალამპურის „განმარტოებას“ „ასრულებენ“, რის დროსაც, მარგოს, მოჩვენებითი სიმსვიდისა და სილაღის მიღმა, უკვე ეტყობა ნერვული დაძაბულობა.
„ეს რა დაემართა თეიმურაზ ხევისთავს?! ეს რა ტუტუცური მასხრობაა ბედისა?! ეს რა უცნაური ნაროშვარი და ნაბოდვარია უკუღმა დატრიალებულ ცხოვრებისა?!“
რა დაემართა?
„... თეიმურაზმა უკან მიიხედა და გავლილი გზა გაზომა. საშინელი, თვალუწვდენი, უცნაური და გაუგებარი იყო იგი, თავი და ბოლო ერთმანერთს არ ებმებოდა, ერთმანერთს ვერ ხვდებოდა. უკან მიიხედა თეიმურაზმა. მიიხედა და ნავალი გაზომა. გაზომა, და ვერ გაიგო, ვერ მიხვდა, როდის და როგორ განვლო ასეთი დიდი მანძილი? რუსთაველის პროსპექტიდან ამ ორღობის ბოლომდე! საუცხოვოდ მორთულ ექვს ოთახიდან სოფლის ჭუჭყიან დუქნამდე! რედინგოტ-სმოკინგიდან სელის ხალათამდე! საზოგადო საქმის მეთაურიდან თავის ნამოჯამაგირევ ჯაყოს დახლიდრობამდე?!“
და მართლა - რამ მიიყვანა?!
თეიმურაზი მარცხდება. მარცხდება მარგოც. და უპირველესად, მარცხდება საზოგადოება, რომელმაც ეს ყველაფერი დაუშვა. რომელმაც სახე დაკარგა და არ შეეწინააღმდეგა ბნელ და სასტიკ ძალას, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წინაღობები არ გააჩნია.
ყოველთვის მნიშვნელოვანია არჩევანი, ის, თუ რა გზას აირჩევ, სად დადგები იმ საბედისწრო გზაჯვარედინზე, რომელსაც ერთადერთი ნათელი მხარე აქვს. სხვა მხარეს კი - ყრუ კედლები და უკუნია.
როგორც თეიმურაზი ამბობს: „... ჯაყო მუდმივ იმარჯვებს და წინ მიიწევს. მოგ...გგეხსენება გამარჯვებულის და ბრბოს ფსიქოლოგია. კაენს და იუდას რომ გაემარჯვნათ, ხალხი ორივეს კაენობას და იუდობას აპატიებდა. ჯაყოს საქმეც აგრეა. ჯაყომ გ... გგაიმარჯვა, მე კი დავმარცხდი, მორჩა და გათავდა!“
ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჯაყოები და მისი შთამომავლები არსად ქრებიან. შეიძლება დროებით მიეფარონ თვალს, მიჩუმდნენ, ისევ უკან დასაბრუნებლად. რა თქმა უნდა, ჯაყოს დრო მიდის, მაგრამ სხვა ჯაყოებს დრო დგება. სხვა თეიმურაზებისაც. ამდენად, არც მათი სახეცვლა და სხვა ძალით დაბრუნება შეიძლება გამოვრიცხოთ.
„ამ ქვეყნად მაინც არსებობს სამართალი, ჯაყო! ის ურმით დასდევს მეთქი ბოროტებას... ბოლოს უეჭველად წამოეწევა და ღღ...ღირსეულს მიუძღვნის. დაიხსომე ჩემი უკანასკნელი სიტყვა. მე მმ...მივდივარ, ჯაყო! წავალ და, ან აღარ დავბრუნდები, ან გამარჯვებული დავბრუნდები. მაგრამ შენ ამიერიდგან დღე-და-ღამ იმ სამართალს მოელოდე. ჩემს მაგივრად იგი მოვა და ანგარიშს გგ...გაგისწორებს. ბედმა მდევარმა შენ თუ არ მოგისწრო, შენს შვილებს მაინც წამოეწევა და კბილებით დაჰგლეჯს, შამფურზე შესწვავს, ნელ ცეცხლზე მოჰხრაკავს, ბნელ ორმოში ჩაჰყრის და თან გველის წიწილებს ჩააყოლებს... იყავ წყეული უკუნითი უკუნისამდე. ჯაყო! იყავ წყეული და შეჩვენებული!“
სწორედ ამ მოკლე, უემოციოდ, მშრალად, სიტყვებსა თუ აზრობრივ კოდებზე მახვილების გარეშე, დაბალ ხმაზე, თითქოს სხვათა შორის და მხოლოდ საკუთარი თავის გასაგონად წარმოთქმული, ისევ აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, ხელში ქაღალდით მდგომი, თეიმურაზის მონოლოგით სრულდება ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი, ფოთის თეატრში. ოღონდ ამჯერად არ ჩანს, ხევისთავი ვის და რატომ ელოდება.
საქართველო, ლამაზო!..
ფოტო: ბექა ცირეკიძე