„რა იქნება შემდეგ?“
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლალი იობაშვილი
„რა იქნება შემდეგ?“
როდესაც პირველად მკითხეს თუ რატომ ავირჩიე თეატრმცოდნის პროფესია, ვუპასუხე რომ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი შეიძლება ბევრნაირად, თუმცა მომწონს როგორ, რა ფორმით აკეთებს ამას თეატრი და ვგულისხმობდი სწორედ იმ თეატრს, რომელსაც პასუხობს რეჟისორ გიორგი სიხარულიძის სპექტაკლი „მწვანე ბარათი“, რომელიც თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე გაიმართა.
პანდემიურმა ვითარებამ სოციალური პრობლემები გაამძაფრა, სტატისტიკისა და ციფრების მოშველიებით არ დაგღლით, თუმცა სიტყვაზე მენდეთ, ქვეყნიდან აბარგებისა და გაქცევის მსურველთა რაოდენობა საგანგაშოა. ჩვენ, დარჩენილები, მხოლოდ ერთ მხარეს - მოგებას, გამართლებას ვხედავთ და დამთავრდა. მაგრამ არიან კი მოგებულნი შორეულ ქვეყანაზე მეოცნებე გამარჯვებულები? ვინ იცის.
დრამატურგ ნინო სადღობელაშვილის ერთმოქმედებიანი ფანტასმაგორიული პიესის გაცოცხლება მთავარი გმირის, 39 წლის ნინოს (ირინა გიუნაშვილი) სცენაზე გამოჩენით იწყება. მსახიობი ახერხებს პირველივე წამიდან შემოიტანოს ენერგია და მეტიც, სპექტაკლის ბოლომდე შეინარჩუნოს ტემპერამენტი. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი არ მოიცავს ინტერაქციას, თუმცა მიმდინარეობისას მაყურებელი იმდენად იხსნება, აღარ ერიდება ემოციების ღიად გამოხატვას. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: ერთია თემის აქტუალობა, სანაცნობოში ყველას მოგვეძებნება ახლობელი, რომელსაც აქვს „ვალები თიბისი ბანკში, საქართველოს ბანკში, ლიბერთი ბანკში, ვითიბი ბანკში, ტერაბანკში და ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში“, მეორე მხრივ, კი წარმოდგენის ექსპრესიულობა და მსუბუქი იუმორი იწვევს აუდიტორიის ჩართულობას.
სპექტაკლის მხატვრობა თეო კუხიანიძეს ეკუთვნის, რომელიც სადა და კონკრეტულია, ხოლო კოსტიუმირება დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს. თეატრი კომპლექსური და სინთეზური ხელოვნებაა, ამრიგად ამგვარი თანამშრომლობა განსაკუთრებულად მისასალმებელი და მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. დახვეწილობის გარდა, კოსტიუმების შინაარსი და კონტექსტი გასაგები, გამართლებულია. ნინოს (ირინა გიუნაშვილი) კოსტიუმირება ასოციაციურად „ინი“ და „იანის“ სიმბოლოს მოგვაგონებს, მართლაც, გზაგასაყარზე მყოფი ქალისთვის ერთ მხარეს დგას სამშობლო, მოცული წყვდიადითა და უიმედობით, ხოლო მეორე მხარეს ნათელი, უცხო ქვეყანა - სავსე უკეთესი მომავლის იმედით. შთამბეჭდავია პოლონელი ემიგრანტის ოჯახში დაბადებული, ყოფილი ბალერინა მონიკა სტრავინსკის (ნინელი ჭანკვეტაძე) კოსტიუმიც, რომელიც შეპყრობილია ნოსტალგიით წარსულ დიდებაზე და დაავადებულია ალცჰაიმერით. ტიულის კაბაში გამოწყობილი მსახიობის ბრწყინვალე სამსახიობო ოსტატობითა და პლასტიკით შესრულებული ამაღელვებელი ცეკვა აუდიტორიას სევდით მოიცავს და პერსონაჟისადმი ემპათიურად განაწყობს. საინტერესოა თეთრ ორეულში წარმოდგენილი ლალი სამკვირაშვილის (მზია არაბული) გმირიც, რომელსაც ასევე თეთრი შლაპა ამშვენებს, მორთული შავი ბუმბულებით, რომელიც გამოკვეთს პერსონაჟის ხასიათს, თუმცა ამაზე მოგვიანებით. ყურადღებას იპყრობს სცენის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებული შავი მანტიებით შემოსილი და თეთრი საყელოებით დასრულებული ქოროს ვიზუალი - ჯგუფი „The Quintessence“ ცოცხალი შესრულებით ეხმიანება განვითარებულ მოვლენებს და ერთგვარად კრებით სახეს წარმოადგენს საზოგადოებისა, რომელიც ყოველთვის მზადაა გამოეხმაუროს და განსაჯოს ყველაფერი რაშიც ერკვევა ან არ ერკვევა.
მსახიობი ეკატერინე ანდრონიკაშვილი ერთდროულად სამ პერსონაჟს განასახიერებს: ჯესიკა, ციური და საიმიგრაციო ოფიცერი. გამორჩეულია ჯესიკა დუდოკის პერსონაჟი, რომელიც ბუნებით პედანტია - „სანთლები ყოველთვის უნდა იყურებოდეს წინ“ აჟღერებს დამქირავებელი ნინოსთან (ირინა გიუნაშვილი) საუბრისას. ამ ეპიზოდში დიალოგი მიმდინარეობს ინგლისურად, ქართულენოვანი მაყურებელი კი ტიტრების მეშვეობით იგებს რეპლიკებს. მიუხედავად ამისა, ეკატერინე ანდრონიკაშვილის გამომსახველობითი უნარებისა და პერსონაჟის ხასიათის შეთვისების, გააზრების ხარჯზე ტიტრებისაკენ თვალის გაპარების აუცილებლობა არც არის.
მზია არაბულიც წინამორბედის მსგავსად სამ პერსონაჟს ირგებს: ლალი სამკვირაშვილი, თინა და ნარგო. უკვე აღვნიშნე რომ კოსტიუმირება ხაზს უსვამს პერსონაჟის - ლალი სამკვირაშვილის ხასიათს. მზია არაბულის შემოსვლა კიდევ უფრო აცოცხლებს ისედაც ცოცხალ, დინამიკურ სანახაობას და პირველად სწორედ მისი პერსონაჟი დააფიქრებს მაყურებელს სპექტაკლში დასმულ მთავარ საკითხზე - ემიგრაციაში მყოფი ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე. ქალი, რომელიც კაცმა არ იცის რა გზებით მოხვდა ამერიკაში და გასაჭირში ყველასთვის „მზეცაა და პულტიანი ჭიშკარიც“ მცირე მონოლოგით მოგვითხრობს ემიგრანტთა მძიმე ხვედრზე, მათ გაზულუქებულ ქმრებზე და ქმრების საყვარლებზე, რომელთა რჩენაც ისევ ემიგრანტთა კისერზეა.
განსხვავებით პიესისგან, სპექტაკლში შეკვეცილია ჯორჯი, იგივე გიორგი კარდაშიანის (გუგა კახიანი) როლი, თუმცა მსახიობი მცირე დროში მაინც ახერხებს ქარიზმატულობისა და ათჯერ ფიქტიურ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის მახასიათებლების ჩვენებას.
ნინოსა (ირინა გიუნაშვილი) და ჯორჯის (გუგა კახიანი) ქორწილში სცენაზე თავმოყრილია ყველა პერსონაჟი, მათ შორის ნინოს მეგობარი ამიკო (ვანო თარხნიშვილი) და ვიქტორ ჩოლოყაშვილი (გია აბესალაშვილი), რომელსაც თამადობის პატივი ერგო. თამადის მიერ წარმოთქმულ გულმხურვალე სადღეგრძელოს სამშობლოზე ქოროს სიმღერა გადაფარავს, ისევე როგორც ხდება ხოლმე ტრადიციულად ქართულ სუფრაზე, მსახიობი კი არტიკულაციით განაგრძობს კარგად გაზუთხულ პათეტიკას. ამავე სცენაში ნინო (ირინა გიუნაშვილი) წარმოდგენილია თეთრი ფატით, რომელსაც ამშვენებს წარწერა „Please, don’t lie”, რომელიც ორაზროვნად შეიძლება გავიგოთ: ნინო დამფრთხალი ემიგრანტია, შიშობს სადღაც გადაკარგულში მოტყუებული არ დარჩეს, მით უფრო ასეთი შემთხვევები მრავლად ვიცით, ამიტომ ეს შიში საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. ასევე ლალი სამკვირაშვილის შეფასებით „ჩამოვიდა ფრესკის ანგელოზი“ და ახლა? თავს იტყუებს, ფიქტიურ ქორწინებაშია და მის გარშემო არაფერია ნამდვილი, მათ შორის არც ემიგრაცია.
ამერიკული სიზმრიდან ნინოსაც და მაყურებელსაც დედის (ნინელი ჭანკვეტაძე) რეპლიკა გამოაფხიზლებს: „მოიგე, ნინო, გრინ კარტა მოიგე!“
გიორგი სიხარულიძის სპექტაკლს „მწვანე ბარათი“ გამოარჩევს ანსამბლურობა, გათვლილია ნებისმიერი ტიპის მაყურებელზე და არა კონკრეტულ სეგმენტზე.
დავესესხები ამერიკელ მწერალ ო. ჰენრის, რომელიც თავის მოთხრობაში „მოგვთა საჩუქრები“ წერს: „ცხოვრება ტირილის, სლუკუნისა და ღიმილისაგან შედგება. ამათ შორის კი სლუკუნი ჭარბობს.“ ემიგრაციაში არავინ არის ბედნიერი. ჩვენ, დარჩენილები, მხოლოდ ერთ მხარეს - მოგებას, გამართლებას ვხედავთ და დამთავრდა. მაგრამ არიან კი მოგებულნი შორეულ ქვეყანაზე მეოცნებე გამარჯვებულები? ვინ იცის.