რამე კი არა, ვინ უნდა შევჭამოთ?
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ნუცა კობაიძე
რამე კი არა, ვინ უნდა შევჭამოთ?
რა არის თეატრის სიყვარული? - შენობის გარეშე დარჩენილი, რთულ პირობებში, მაინც, რომ ახერხებ ხარისხიანი სპექტაკლის გაკეთებას. მოგეხსენებათ, რამხელა შრომასთან და ენთუზიაზმთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. სანამ ზუგდიდის თეატრი რემონტის პროცესშია, სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა შეროზია კულტურის ცენტრში აგრძელებს შემოქმედებით პროცესს და ამჯერად სლავომირ მროჟეკის პიესას - „ღია ზღვაში“ წარმოგვიდგენს თავისი ინტერპრეტაციით - „ჩაკეტილი წრე“. ეს პიესა რეჟისორმა 2017 წელს გორის თეატრში დადგა. ყველაზე მეტად მაინტერესებდა - იქნებოდა თუ არა მსგავსება ამ ორ სპექტაკლს შორის, ან საერთოდ რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა იმავე პიესისთვის მოეკიდა ხელი. სპექტაკლის ნახვის შემდეგ ამ ორივე კითხვას პასუხი გაეცა. ლაშა შეროზიამ გვანახა აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა, ერთი ადამიანის რადიკალურად განსხვავებული ხედვა და სხვა რაკურსით აღქმული ნაწარმოები. თუ გორის თეატრში იყენებს ინსტალაციას - როგორ ატარებს ადამიანი საკეპ მანქანაში ხორცს, აქ ის აფიშაზე მოზრდილ უმ სტეიკს ბეჭდავს - ადამიანს ხორცი შია...
თამარ ჭავჭანიძის მიერ შექმნილი დეკორაცია სადა და მოქნილია: სასადილო ოთახი, რომელიც ბუნებრივი სტიქიის შემდეგ ტივად ტრანსფორმირდება; ფარდები - იალქნებად; ხოლო გრძელი სუფრა - ტრიბუნად. მაგიდის ლუქში კი „განსაწმენდელია“, სადაც მსხვერპლმა ფეხები უნდა განიბანოს (ამ მიზანსცენას მოგვიანებით დავუბრუნდები). საერთო ჯამში მხატვრობა კრავს კომპოზიციას - წარმოდგენა გამჭვირვალე ფარდებს მიღმა იწყება, რომელსაც ჭექა-ქუხილი ანგრევს და მთავრდება აღდგენილი ამავე ფარდებით - თითქოს ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს.
“გემის ჩაძირვის შემდეგ გადარჩენილი სამი პერსონაჟი სიმშვიდეს, შიმშილი არღვევს. ერთ-ერთი მათგანი უნდა გახდეს მსხვერპლი, იმისთვის რომ დანარჩენები გადარჩნენ [...] ვინ გადარჩება ამ აბსურდულ ბრძოლაში? [...] ეს ჩვენი ძვირფასი მაყურებლისთვის მიგვინდია“ (ტექსტი ამოღებულია სპექტაკლის პროგრამიდან).
სარკასტულ-იუმორისტული ჟანრის პიესა ამავე ხერხით დადგა რეჟისორმა. განწყობას ქმნის პირველივე სცენა, სანამ სპექტაკლი დაიწყება - ქორო (ანდრო შამუგია, მზეკო ჩარგაზია, ლანა ფიფია, თეა ცინცაძე) სიმღერით (კომპოზიტორი მერი ბეროშვილი) მოგვმართავს მაყურებელს, გამოვრთოთ მობილური ტელეფონები. პირველ რიგში, აღსანიშნავია ამ ოთხი ადამიანის ვოკალური მონაცემები - ისინი ხმებში შლიან რეჩიტატივით ნათქვამს თუ წამღერებულ ტექსტს. მათი კოსტიუმები ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს. ისინი შეიძლება იყვნენ: მოგვები, ღატაკები, მჩხიბავები, რომლებსაც გულზე ჰკიდიათ ხის თევზები (მხატვარი - თამარ ჭავჭანიძე). თუ თევზის სიმბოლოს გავყვებით მაშინ მოგვებთან (თუმცა აქ ოთხი პერსონაჟი გვყავს, მოგვი კი ტრადიციულად სამია) უფრო ახლოს უნდა იყოს ჩვენი ქორო - „იესომ მეთევზეებს მოწაფეები უწოდა, რომლებიც მოგვიანებით ცათა სასუფევლისთვის ხალხის მეთევზეებად აქცია“ - ეს ციტატა ზუსტად გამოხატავს ქოროს დანიშნულებას სპექტაკლში. ისინი აკვირდებიან სამ სასოწარკვეთილ ადამიანს, რომლებიც იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად. ქმნიან სტიქიებს: პალმის რტოების შრიალით - ზღვის ღელვას; ფარდების მოძრაობით - ზღვაში დაღუპული გემის იალქნების ილუზიას. მომღერალთა გუნდი სპექტაკლის მანძილზე, კომიკური პასაჟებით ჩნდება და წამღერებით კომენტარებს უკეთებს მოვლენებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქორო/ხალხი/მომღერალთა გუნდი - რეჟისორის ჩამატებული პერსონაჟები არიან, რაც ძალიან კარგად მოერგო კონცეფციას.
მსუქანი (მერაბ კაკალია), გამხდარი (გოგი გუგუჩია) და საშუალო (გიორგი ჩაჩუა), ეს ის სამი გმირია, რომლებიც იწყებენ ბრძოლას გადარჩენისთვის. მსახიობები ჰაბიტუსითაც და ხასიათებითაც ჰგვანან თავიანთ პერსონაჟებს. ვხედავთ, როგორი ოსტატობით აცოცხლებენ საკუთარ გმირებს; გრძნობენ ავტორისეულ ტექსტს, რაც ვლინდება მათ სამსახიობო ხელოვნებაში; სცენაზე სამი მსახიობი მამაკაცი ჰარმონიულ პარტნიორობას უწევს ერთმანეთს. მათი ინდივიდუალობა ჩაქსოვილია თითოეულ მოვლენაში, ყველაზე მეტად კი ტექსტში - „კარგად დაწერილი როლის ყოველი სიტყვა ხომ სწორედ ის სიტყვაა, რომლის თქმაც პერსონაჟს ნამდვილად უნდა“. მერაბ კაკალია, გოგი გუგუჩია და გიორგი ჩაჩუა თამაშის ხერხით ზემოქმედებენ, როგორც ერთმანეთზე, ისე მაყურებელზე, რაც უფრო აქტიურს და ქმედითს ხდის სპექტაკლს.
ქართული სუფრა - ერთ-ერთი ძლიერი ტრადიციაა ჩვენს ქვეყანაში. სუფრა, რომელსაც ფეხებით თელავენ და ტრიბუნად იყენებენ ჩვენი მსახიობები, მათი გმირების გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ენა, როგორც დელიკატესი შეხვდება წილად ამ ომში გადარჩენილს. ის ხომ ადამიანის უნიკალური ორგანოა, რისი მეშვეობითაც ერთმანეთს სათქმელს ვაგებინებთ, ენით ვკლავთ და ენით ვაცოცხლებთ.
არსაიდან მოდიან და არსად უჩინარდებიან ფოსტალიონი (ზური ლაშხია) და მსახური (კობა მატკავა). რეჟისორმა ამ გმირებს მათი შემსრულებელი მსახიობების სახელები დაარქვა. მიუხედავად სახელ კობასთან ასოციაციებისა, მოდი მარტივად დავტოვოთ ასე, ზედმეტი პარალელების გარეშე. დიდი ტემპერამენტითა და დიქციით გამოირჩევა ფოსტალიონი: „ადამიანი ჯერ არ მოსულა და უკვე ჭამთ?“. გაუგებრობაში აღმოჩენილი ზური ბიძია (ფოსტალიონი) მალევე ტოვებს ტივს: „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადაჰხვეოდა იასა...“ - ზემოთ ვახსენე სახელებს არ მივაქციოთ ყურადღება-თქო, მაგრამ თუ რეჟისორი იყენებს იოსებ ჯუღაშვილის ლექსს და პერსონაჟს არქმევს კობას, მაშინ უკვე აშკარაა, რომ ლაშა შეროზიამ გამიზნულად შეარჩია ეს სახელი.
ახლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო მიზანსცენაზე, რომელიც უკვე ვახსენე. მნიშვნელოვანი სასცენო მეტაფორაა მაგიდის გულში ამოჭრილი ლუქი, სადაც განაჩენგამოტანილი გამხდარი განიბანს ფეხებს. ფეხთბანვა ბიბლიურად ვიცით რასაც ნიშნავს და დღესაც იცავენ ამ ტრადიციას ქრისტიანულ დღესასწაულზე, თუმცა სპექტაკლში პერსონაჟი მარტო, თავისით იბანს ფეხებს. ის ემსახურება ხალხს, თავს წირავს სხვების გადასარჩენად - „ჩვენ სამნი ვართ, მაგრამ მხოლოდ მე, ერთს შემწევს ძალა თავი გავწირო სხვისთვის“. ფეხთბანვა თითქოს დროის გაწელვის მიზნითაც ხდება, რა დროსაც საშუალო აღმოაჩენს რომ მაგიდის ქვეშ დამალულია ხბოს ხორცი ბარდით. გადამალული საჭმელი განაჩენს გამოუტანს მსუქანს და არა გამხდარს, რომელიც უკვე მზად იყო სიკვდილისთვის.
ფინალში ფარდები იწევა უკან, დეკორაცია საწყის მდგომარეობას უბრუნდება, თითქოს ქარიშხალი ჩადგა და ყველაფერი დალაგდა, ან შეიძლება დავუშვათ ისიც, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, უნდა განმეორდეს.
მეტყველმა და გამომსახველმა სცენებმა, ზუსტად დასმულმა აქცენტებმა, ბუნებრივმა ინტონაციამ, გამართულმა სამსახიობო შემადგენლობამ საოცრად მომხიბლავი, აზრიანი, ელეგანტური, კომიკური დრამა შემოგვთავაზა. ვეცადე წარმოდგენა შემექმნა მკითხველისთვის, თუ როგორ იმუშავა რეჟისორმა თავის გუნდთან ერთად და არ შევხებოდი დრამატურგიას, რადგან ყველასთვის ნაცნობია ეს პიესა.
"აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო...“