top of page

„რამდენი ქალიშვილი გყავთ?“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

342960479_688777339918302_3096750129163641449_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

„რამდენი ქალიშვილი გყავთ?

 

„დარისპანის გასაჭირი“ დავით კლდიაშვილის პიესაა, რომელიც ამ თეატრალური სეზონის ჰიტი გახდა. გარდა უკვე დადგმული ვერსიებისა, წინ კიდევ ორი წარმოდგენა გველოდება: მათ შორის ერთი - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში. ამ პიესის ამბავი და სათქმელი ყველასთვის ცნობილია, მთავარია სადადგმო ჯგუფი როგორ მიაწვდის მას მაყურებელს, რა აქცენტებს აკეთებს დრამატული ტექსტის გათვალისწინებით. პროზაული ნაწარმოებისგან განსხვავებით პიესა სცენაზე წარმოსადგენად იწერება და მისი ძირითადი „აღმსრულებელი“ თუ გნებავთ „გამააზრებელი“, ქვეტექსტების წამკითხველი ხომ რეჟისორია. ასე მაგალითად: რობერტ სტურუას და ზაზა პაპუაშვილის რუსთაველის ეროვნული თეატრის 2006 წლის დადგმაში დარისპან ქარსიძე პროვინციული თეატრის მსახიობი იყო, რომელსაც თან დაჰქონდა ის სპექტაკლის აფიშა, რომელშიც თამაშობდა.

ამდენად, ჩვენთვის მაყურებლისთვის დარისპანის კარდაკარ სიარული ახალი არაა. მთავარი ის, როგორ ურთიერთობს ისმის გარშემო მყოფთან, რა იმალება მასში ქალიშვილის გათხოვების მიზნის გარდა, ვინ არის მართა და რა ამოძრავებს მას, ნუთუ მხოლოდ თავისი ნათლულის ნატალიას ბედი აღელვებს?

ყოველი ახლად დადგმული სპექტაკლი ამ და სხვა კითხვებს ბადებს. თეატრის სპეციალისტის მახსოვრობაც ღრმაა - შედარებები და პარალელები სრულიად ბუნებრივად ჩნდება.

ილიაუნის თეატრში საბა ასლამაზიშვილის „დარისპანის გასაჭირი“ ის წარმოდგენაა, რითაც ისევ კვლავ დაუბრუნდა თავის „მშობლიურ“ კერას, საიდანაც დაიწყო პროფესიული მოღვაწეობა და მასში რამდენიმე მოწვეული, შესანიშნავი მსახიობები არიან დაკავებული.

სპექტაკლის სცენოგრაფია (მხატვარი მარიამ კალატოზიშვილი), რაც დარბაზში შესვლისთანავე იქცევს ყურადღებას ფერადია, ჭრელიც კი. მართას ოთახის ცენტრში მხოლოდ კიბეა, რომლის სამი საფეხური ზედაპირზე დანარჩენი კი ქვემოთ სასცენო ორმოში. მიმობნეული, სხვადასხვა ფერის ტყავის ბალიშები, რომელიც ერთგვარი სასცენო მოედანია, რაზეც დააბიჯებენ მსახიობები კლდიაშვილის პერსონაჟთა კალეიდოსკოპური ცხოვრების ამსახველია, რომელიც ყოველ წუთს იცვლება. ეს ერთგვარი რუბიკის კუბიკია, რომლის აწყობასაც ცდილობენ ისინი - ამ ქაოსურ სამყაროში წესრიგის დასამყარებლად, თავის გადარჩენის და შვილებისთვის ბედნიერი მომავლის შექმნისთვის იღვწიან.

მართას (ლილი ხურითი) თეთრ ბლუზაზე წითელი შალი მოუსხამს (კოსტიუმების მხატვარი სანდრო მარგველაშვილი) და გიტარას აწყობს. ეს ინსტრუმენტი, სხვა ნივთებთან ერთად ამ სპექტაკლის ერთგვარ სიმბოლოდ იქცევა: სიხარულის, სევდის, მონატრების გამომხატველი, თუნდაც იარაღი, როცა ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდება. მისი თანხლებით ასრულებენ რომანსებს მართა და დარისპანი (სლავა ნათენაძე), რომელიც უეცრად წამოეპარება მართას და მოულოდნელობის გამო შეაშინებს კიდევაც, პელაგია (მაია ხორნაული) და დარისპანი.

მართა და პელაგია სტუმრის, ოსიკოს მოლოდინში ოთახს ალაგებენ, რომ იატაკზე განლაგებული ბალიშები უკეთესად გამოიყურებოდეს, თუმცა უაზროა ეს მცდელობა, ისევე როგორც ვერასდროს „დაალაგეს“ საკუთარი ცხოვრება და ამ ბალიშების აქეთ იქით გადაწყობა არაფერს ცვლის.

რეჟისორი ისე აგებს მიზანსცენებს, რომ პირველ პლანზე მართაა. იგი იწყებს და ამთავრებს წარმოდგენას. თუ მოვლენათა მიმდინარეობა არაფერს ცვლის დანარჩენი პერსონაჟებისთვის, ნატალიაც და კაროჟნაც გასათხოვრები რჩებიან, მართას ცხოვრება სასიკეთოდ იცვლება - მართალია ამ ეტაპზე მან სიყვარული ვერ იპოვა, მაგრამ ამ ამბავმა ძველი მოგონებები აღუძრა და ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რომ საკუთარ თავზე და საკუთარ ბედნიერებაზე ფიქრის დროა: „შენზე ფიქრში წლებია მიდის, ეს ცხოვრებაც უღიმღამო ... “ მღერის (მუსიკალური გაფორმება ნინი სიხარულიძე) მართა. ლილი ხურითის მართა ენერგიული ქალია, საზრიანი, მიზანდასახული. მიუხედავად იმისა, რომ დარისპანი მისი ბიძაშვილია და კაროჟნას (მაშიკო თვალაბეიშვილი) ბედიც არანაკლებ უნდა ადარდებდეს, თავისი პირველი იდეის და ჩანაფიქრის ერთგულია - ჯიუტად ურიგებს ნატალიას (ნინო ყიფშიძე) ოსიკოს. სხვებზე ზრუნვა მისი თვისებაა, სურს ყველას თვალში ასეთად დარჩეს და ძალიან აღელვებს ის ხმაური და დაპირისპირება, რომელიც პელაგიასა და დარისპანს შორის მოხდება. ნატალია ნათლულია, კაროჟნა შორეული ნათესავი, რაც შეეხება ოსიკოს (თორნიკე კაკულია) მისთვის ის არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ სასურველი კანდიდატია და პატივისცემა და მისთვის ნადიმის გამართვა მხოლოდ ნატალიას გათხოვების მიზნით ხდება, იქამდე, რასაკვირველია ვიდრე ოსიკო ოსტატურად თავიდან არ აიცილებს ამ შემოთავაზებებს.

მართა ხვდება, რომ დამარცხდა და პელაგიაც (მაია ხორნაული) სამუდამოდ გადაიმტერა, რაც უფრო მეტად აწუხებს, ვიდრე მისი სახლიდან გაქცეული დარისპანი შვილთან ერთად თავისსავე შემოტანილ პიანინოს ზურგზე რომ აიკიდებს და ასე ტოვებს ბიძაშვილის სახლს.

ცოტა ხნით შესასვენებლად მართას სახლში გაჩერებული დარისპან ქარსიძე (სლავა ნათენაძე) კოპწიად, ყაბალახიან ყავისფერ ქურთუკში გამოწყობილი გაღატაკებული აზნაურია. ამ ქურთუკის ქვეშ შავი ჟილეტი მოსავს წითელი არშიებით გაწყობილი. ნებისმიერ სიტუაციაში პოულობს გამოსავალს, არ იბნევა. კუდაბზიკა იმერელი აზნაურის თვისებები ძვალში და რბილში აქვს გამჯდარი - თუ მართას გულახდილად უყვება თავის გასაჭირს, პელაგიასა და ოსიკოს წინაშე ცდილობს ისინი დაარწმუნოს რომ ქალიშვილს მთხოვნელების გარს ახვევია, მაგრამ შვილის ვერ შეელევა. ოსიკოს გამოჩენის მერე იგი არა მხოლოდ პელაგიას უპირისპირდება - ახლა ქალიშვილის გათხოვების საკითხში მოსისხლე მტერია მართაა, რომელიც ხელს უშლის, გზას უღობავს მისი ქალიშვილის ბედნიერებას. დარისპანის და პელაგიას თავგანწირვა სავსებით გასაგებია - არც ერთ მათგანს არ სურს ხელიდან გაუშვას „საკბილო“ - ოსიკო. თუ პელაგია ცრემლებით, თხოვნით ცდილობას მიიღოს მართას მხარდაჭერა მიზნის მისაღწევად, დარისპანს სხვა ხრიკები აქვს არჩეული - სიმღერით, ცეკვით, დამაჯერებელი სიტყვებით სურს მოხიბლოს ოსიკო, იქამდე რომ თვითონაც უკრავს, მღერის და ცეკვავს კიდევაც მის წინაშე.

კაროჟნა მორიდებული გოგონაა, კისერზე ჩამოკიდებული გარმონით რომ დაყვება დარისპანს კარდაკარ, მძაფრად განიცდის მამის გავლენას, უსიტყვოა და მორჩი.

სამაგიეროდ ნატალიაა თამამი, ცინიკური, უფრო გახსნილიც და მისი პროტესტი თუ როგორ იმცირებენ თავს მშობლები სრულიად სამართლიანია.

ამ სპექტაკლშიც ახალგაზრდა რეჟისორმა აჩვენა, რომ თანაბარი წარმატებით ფლობს სხვადასხვა თეატრალურ ჟანრებს: გროტესკს, კომედიას, „ცრემლიან კომედიას“, რომლებიც ლოგიკურად მონაცვლეობენ სცენიდან სცენაში, ისე რომ არ ქმნიან ეკლექტიკას. მაგ. სპექტაკლის ბოლო სცენა და სლავა ნათენაძის დარისპანის მონოლოგი: „ მარა ვაი თუ ღმერთს არც კი გეეჩინოს თქვენი ბედი და იღბალი, ვაი თუ კენტებად ჰყავხართ გაჩენილები?! შვიდობით, შვიდობით, შენი ჭირიმე!“ შესრულებული „ცრემლიანის კომედიის“ სტილისტიკაში. ამ მოვლენათა სერიოზულობას, რაც დავით კლდიაშვილის პიესაშია მოთხრობილი რეჟისორი სპექტაკლის პერსონაჟებს გროტესკულ ფერებს მატებს. ამავდროულად იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი დარისპანი კომედიურიცაა და სასაცილოც. არის მომენტებიც, როცა თვით მართაც გამუდმებით გიტარით ხელში კომედიურ ელფერს იძენს ზედმეტად მანერულობით, ჟესტიკულაციით და უჩვეულო ეშმაკობით (გვერდს გაკრავს კაროჟნას, რომელიც იატაკზე დაენარცხება), პლასტიკით, გამოდის შესრულების გროტესკული მანერიდან და კომიკურში გადაჰყავს პერსონაჟის სახე. ყველაზე ტრაგიკომიკური და საცოდავი მაინც პელაგიაა, რომელიც მხოლოდ მართას იმედზე დარჩენილი, ვერ უმკლავდება დარისპანთან პაექრობას.

ოსიკოს ქვემოდან აღმოცენება სპექტაკლის საკვანძო მომენტია. ყველა მათგანზე „ამაღლდება“ კიბის ბოლო, ამჯერად, მეხუთე საფეხურზე განთავსდება და ზემოდა ამაყად დაჰყურებს ქვემოთ დარჩენილთ. ქალაქიდან სოფელში ჩამოსული „სასიძო“ მშვენივრად მიირთმევს მისთვის გაშლილი სუფრიდან სხვადასხვა კერძებს, აგემოვნებს ღვინოს და სულ მალე ყველასთან ერთად მისთვის მიძღვნილ ფერხულში ჩაებმება ქალაქიდან „ჩამოტანილი“ ახალი ცეკვის ილეთებით. სასაცილო და კომიკურია ოსიკოც, მისი საქციელის უკან იმალება პატივმოყვარე, თაღლითი და მაცდური ახალგაზრდა, მხოლოდ გამორჩენაზე რომაა ორიენტირებული: თუმცა დიდხანს ვერ გრძელდება ეს დროსტარება - მას ამ ოჯახიდან ერთადერთი წითელი ბალიში ერგება, ასე რომ ჩაუმუჭია.

ყველაფერი მოხდა, ყველაფერი გაირკვა - უშედეგო იყო მათი მცდელობა: თანდათან იცვლება სპექტაკლის სტილისტიკა და მელოდრამატული ნოტები და აქცენტები იჩენს თავს. დარისპანს სურს ღმერთს შესთხოვოს დახმარება, ხელსაც მოიმარჯვებს პირჯვრის გადასაწერად თან ზემოთ იყურება, მაგრამ ხელი გაუჩერდება - ღმერთიც კი არაა მის მხარეზე: „ბედი უნდა... ბედი უნდა, ჩემო მაცხონებელო... ბედი უნდა...“ უნებლიედ პელაგიას ნათქვამი გახსენდება.

ფოტო ილიაუნის თეატრის Facebook გვერდიდან

bottom of page