top of page

რა მოხდა ბოლნისში?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

278008714_724097859036649_2818447000856104890_n.jpeg

თამთა ქაჯაია

რა მოხდა ბოლნისში?

ბოლნისის თეატრმა, სამწლიანი შესვენების შემდეგ,  ოთხმოცი წლის იუბილე აღნიშნა. თბილისიდან მიწვეულმა რეჟისორმა, იოსებ ბაკურაძემ, მაიკლ ფრეინის კომედიური პიესით „ხმაური სცენის მიღმა“ გახსნა სეზონი. ეს ნაწარმოები არა ერთხელ დადგმულა ქართულ სცენაზე. მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორმა შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სცენის გაჩერებული წრე დაატრიალა, რომელიც 15 წელი უფუნქციოდ იყო. რა თქმა უნდა, რომ მნიშვლოვანია რეგიონური თეატრებისთვის გამოცდილი და წარმატებული რეჟისორების სტუმრობა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო იოსებ (სოსო) ბაკურაძის მონდომება, მან  გაამრავალფეროვნა და მნიშვნელობა შესძინა თეატრის რეპერტუარს.  

ბოლნისის თეატრი ის თეატრია, რომელიც ახლიდან ცდილობს დაიმკვიდროს თავისი ნიშა თეატრალურ საზოგადოებაში და ღირსეულად განაგრძოს გზა. ამჟამად, ბოლნისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ნოზაძე გახლავთ, რომელიც ცდილობს  თეატრის  ასპარეზზე გამოყვანას (რეპერტუარს მისი 3 სპექტაკლიც ავსებს). სპექტაკლის მესამე საპრემიერო ჩვენება უკვე დედაქალაქში გაიმართა - „ხმაური სცენის მიღმა“  მოძრაობის თეატრს ესტუმრა. ფუფუნების საგანია გასტროლი, მით უფრო სახალხო თეატრისთვის, თუმცა  იმისთვის, რომ შემოქმედებითი პროცესი არ გაიყინოს აუცილებელია ეს მოძრაობა.            

 

ახლა კი უშუალოდ სპექტაკლზე, რომლის დაწყებას ტელეფონის ზარი გვამცნობს. ფარდა ისევ დახურულია და გვესმის რეჟისორის ხმა, რომელიც დირექტივებს გასცემს. მოქმედება თეატრში მიმდინარეობს და მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვხედავთ იმას, რაც მაყურებლისთვის მიუწვდომელია - რეპეტიცია, კულისები. პიესის თანმიმდევრობა დასაწყისში ზედმიწევნითია, თუმცა რეჟისორი მეორე ნაწილს კვეცავს და მოულოდნელად ასრულებს, განცდა გვიჩნდება რომ სპექტაკლი დაუსრულებელია.

რეჟისორის  ხელწერა მთელი სპექტაკლის განმავლობაში იგრძნობა, მან სწორედ ის პიესა შეარჩია, რომელიც მსახიობების ნაკლოვანებებს „თეატრი თეატრში“ თამაშის პრინციპით დამალავდა, ალბათ ამიტომაც არ ეტყობოდათ მსახიობებს მღელვარება. თუმცა რეჟისორი ლიოდი (გია ღვინერია) პათეტიკური, ზედმეტად ხმამაღალი და ყალბი იყო.  პიესაში განხილულია მსახიობის შეგრძნებები, უჩნდება კითხვები თუ რატომ უწევს ამის თამაში, რატომ უნდა შემოიტანოს თევზის კონსერვი სცენაზე ან რატომ არ შეიძლება შემოიტანოს ტორტი. ეს ყველაფერი იმდენად კომიკური ხერხით არის ნაჩვენები, რომ ყველაზე სერიოზულ მაყურებელსაც კი ღიმილს აუცილებლად მოჰგვრის. რეჟისორის ასისტენტი პოპი (ანასტასია გამყრელიძე) საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდაა, რომელიც  ამ სპექტაკლში ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია და საკმაოდ კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.  

კოსტიუმები (ნიგზარ გიორგაძე) მკვეთრი ფერებით გამოირჩევა და პერსონაჟების ხასიათს უსვამს ხაზს... მუსიკა აღრმავებს სპექტაკლის ემოციურ ფონს და საკმაოდ  ეფექტურად ზემოქმედებს. განსაკუთრებულია სანდრო ნიკოლაძის (კომპოზიორი)  მუსიკალური ეპიზოდი, რომელიც ტორეადორის (ბექა შეყილაძე) და ბელინდას (ნინო ალადაშვილის) შემოსვლას ენერგიულს, უფრო მეტად კომიკურს და ეფექტურს ხდის. მათ ყოველი შემოსვლა სცენაზე სპექტაკლს რიტმს მატებს და ყოველ ჯერზე ახალი ენერგიით გვავსებს, რაც მოდუნების საშუალებას არ იძლევა. სელდონის  (კახა ბერძენაძე) პერსონაჟს პერიოდულად იკარგება და მუდმივად მთვრალი ევლინება კოლეგებს. უჭირს რეალობის აღქმა და  ჩამორჩება მოვლენებს. გარი (ზურა ხაფთანი), ბრუკი (ნატალია ყიფშიძე), დოწი (მზეო შეყილაძე) და ზემოთ ხსენებული პერსონაჟები საბოლოო ჯამში ქმნიან   სახასიათო რელბს, რომელიც მეტ ნაკლებად გააზრებული და გათავისებული აქვთ.

           

სპექტაკლი ორ მოქმედებიანია. საინტერესო იმპროვიზაცია შემოგვთავაზა რეჟისორმა.  ანტრაქტის დროს ორი მსახიობი გამოდის და გვამცნობენ წუთებს, თუ რამდენ ხანში გაგრძელდება სპექტაკლი, არ გვიშვებენ დარბაზიდან და ანტრაქრიც ძალიან ტექნიკურად გადადის წარმოდგენაში. ამ დროს ფარდის მიღმა სცენა ტრიალდება და მეორე მოქედებაში ვხედავთ რეკვიზიტების უკანა მხარეს, სადაც  საგნები წარწერებით არის აღნიშნული. მეორე მოქმედება პირველისგან განსხვავებით ტემპი შენელებულია და თითქოს ის მუხტი დაცემულია.

 

და მაინც, რა მოხდა ბოლნისში? - იოსებ ბაკურაძემ თეატრი აამოძრავა.

bottom of page