top of page

რატომ „ლურჯწვერა“?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

462705748_934588852030807_7332718639791524612_n.jpg

ანასტასია ჩერნეცოვა

რატომ „ლურჯწვერა“?

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის რებრენდინგი არა მხოლოდ სახელწოდებაში, ახალ შენობასა და სცენაში, არამედ შემოქმედებით პროცესებშიც გამომდინარეობს. ახალი თეატრის რეპერტუარი საკმაოდ მდიდარია, რადგან მოიცავს როგორც დრამატულ დადგმებს, ისე ქორეოდრამას, მიუზიკლს, ვოდევილებს და სხვადასხვა სახეობისა თუ სტილის სპექტაკლებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ თეატრში სპექტაკლებს დგამენ განსხვავებული ხელწერის, სხვადასხვა თაობისა თუ ეროვნების მქონე ხელოვანები, შესაბამისად,   დასი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ გამოცდილებას იძენს, მდიდრდება, ხდება უფრო და უფრო მრავალფეროვანი, შტამპებისგან იცლება, გადის საერთაშორისო ასპარეზზე.

ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა თეატრის 99-ე სეზონი მსოფლიო მასშტაბის რეჟისორებთან კოლაბორაციის სეზონად გამოაცხადა - 1 ნოემბერს ქართველი მაყურებელი გაეცნობა იტალიელი რეჟისორის, ლეონარდო მანძანის დადგმას „სირანო უნდა მოკვდეს“(ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ თავისუფალი ადაპტაცია). მოსალოდნელია, ახალი თეატრის აფიშებზე დმიტრი კრიმოვისა და ოსკარას კორშუნოვასის სახელების გამოჩენაც . მოცემულ სტატიაში კი განვიხილავ/გავაანალიზებ სპექტაკლს, რომლითაც გაიხსნა ახალი თეატრის წლევანდელი სეზონი და ახალი შტრიხები შესძინა თეატრის სარეპერტუარო პალიტრას, ეს გახლავთ ანდრი ჟოლდაკის ფანტასმაგორია[1] „ლურჯწვერა“.

ბუნებრივია, დადგმის სახელწოდებას მივყავართ შარლ პეროს ამავე სახელწოდების ზღაპართან, მაგრამ სპექტაკლის ანოტაციის წაკითხვისა და I და II მოქმედების ნახვის შემდეგ შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს შეკითხვა- „ლურწვერა“ საერთოდ რა შუაშია, როცა სიუჟეტი ეფუძნება ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიან ქორწილსა“ და ლუიზა გლუკის პოეზიას? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ლურჯწვერას“ არქეტიპი, რომელიც პირველ ორ მოქმედებაში უხილავია, ხოლო მესამეში ხორცს ისხამს, ხილული ხდება და გვახვედრებს იმას, თუ რა შუაშია მოცემული სახელწოდება.

სპექტაკლის მრავალშრიანობა არა მხოლოდ სხვადასხვა ნაწარმოებების სინთეზით, არამედ მის ჟანრულ განსაზღვრებაში გამოიხატება. ფანტასმაგორია თანამედროვე თეატრში თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა ფორმისა და ჟანრის შერწყმას. „ლურჯწვერაში“ ერთმანეთს ერწყმის დრამატული, საოპერო, თანამედროვე საბალეტო ხელოვნებისა თუ ფიზიკური თეატრის ელემენტები. შეუძლებელია აბსურდის, ჰიპერბოლიზაციის, გროტესკის კინოესთეტიკისა თუ თრილერის ასპექტების არშემჩნევა, რომელიც რეჟისორულ გადაწყვეტებსა და სამსახიობო შესრულებაში მკაფიოდ გამოიხატება.

სპექტაკლის დასაწყისში (და არა მხოლოდ აქ) იგრძნობა პინა ბაუშის დადგმების ციტირება, რაც ვლინდება თუნდაც მსახიობების განმეორებით, სხვადასხვა ტემპო-რიტმში განხორციელებულ მოძრაობაში, რაც შეიძლება გამოხატავდეს, როგორც პერსონაჟთა აკვიატებულ აზრებს, შინაგან სტაგნაციას, ისეთი თემების მარადიულობასა და დაუძლევლობას, როგორიცაა სიყვარული, გაუცხოება, სიძულვილი, ღალატი, ეჭვიანობა, შურისძიება. პინა ბაუშის გავლენას არა მხოლოდ უცხოელ, არამედ ქართველ რეჟისორებშიც ვხედავთ, მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ დავით დოიაშვილის „თოლიაში“ მაშასა და ტრეპლევის განმეორებითი ქორეოგრაფიული დიალოგი ფორტეპიანოს გარშემო. „ლურჯწვერაში“ მსახიობები, როგორც ვერბალური, ისე არავერბალური ენით მაქსიმალურად გაგრძნობინებენ თავიანთი გმირების შინაგან სამყაროს და ქმნიან ანსამბლურ ნამუშევარს.

მაყურებელთა გარკვეული ნაწილისთვის განმეორებითი მოძრაობები დამღლელი და მოსაბეზრებელი აღმოჩნდა. თითოეული ჩვენგანის გონებაშიც ხშირად ხომ მსგავსი რამ ხდება, ვიდეოსავით აქეთ-იქეთ ვახვევთ ცხოვრების ერთსა და იმავე მომენტს ან ეპიზოდს, რომლის დავიწყება შეუძლებელია. ასევე არიან სპექტაკლში წარმოდგენილი პერსონაჟები, რომლებიც წარსულ გამოცდილებებს, ტრავმებს ვერ ივიწყებენ. ჟოლდაკი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად პერსონაჟთა არა მხოლოდ გარეგან, არამედ შინაგან სამყაროსაც აშიშვლებს. კინოესთეტიკა ტყუილად არ ვახსენე, დაახლოებით მსგავს ხერხს, ოღონდ კინოსურათში მიმართავს კინორეჟისორი დევიდ ლინჩი ფილმში „გულით ველურნი“(1990) ერთ-ერთ მთავარი პერსონაჟის - ლულას ტრავმული მოგონებების გამოხატვისთვის, რაც ვლინდება კინოსურათის განმავლობაში, რამდენჯერმე ერთი და იმავე კადრების რიტმულ მონაცვლეობაში.

ანდრი ჟოლდაკი თავის ერთ-ერთ ლექციაში „მომავლის თეატრზე“ საუბრობდა იმაზე, რომ სცენურმა პარტნიორებმა თავიანთი „ძაფებისგან“ უნდა შექმნან „გორგალი“, რათა ვერც კი მიხვდნენ, თუ სადაა ა და ბ მსახიობი. „ლურჯწვერას“ ყურებისას ცალსახაა ის, რომ მსახიობებმა შექმნეს ძაფის გორგლები, რაც მეტყველებს თითოეული მსახიობის ღირსეული პარტნიორობის გაწევის უნარში. რად ღირს თუნდაც ნინო კასრაძისა და ზუკა პაპუაშვილის ვნებიანი დუეტი, მათი ერთობლივი შესრულება წარმატებული ქიმიური რეაქციის ეკვივალენტია. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდა მსახიობი არანაირად არ ექცევა ჩრდილში  მასზე ბევრად გამოცდილი მსახიობის ფონზე. პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ყოველივე ეს მეტყველებს არა მხოლოდ რეჟისორის, არამედ მსახიობების პროფესიონალიზმზე. მსგავსი ხარისხის ტანდემი ზუკა პაპუაშვილმა ნინო ბურდულთანაც შექმნა  დავით თარბას „შვეიცარიაში“ (თეატრი ათონელზე).

ნინო კასრაძემ საოცარი დამაჯერებლობით შექმნა 20 წლის ყმაწვილი ქალის სახე მრავალფეროვანი პალიტრით, რაშიც ვგულისხმობ პერსონაჟის სხვადასხვა რაკურსიდან წარმოჩენის უნარს. ახალგაზრდა პატარძალი თან ძალზე ჩაკეტილი, დეპრესიული ახალგაზრდაა და, ამავე დროს, ვნებით გაძეძგილი, მოსიყვარულე ქალბატონია. მესამე მოქმედებაში კი თითქოს  ნორჩი გოგონას ტყავს იცვლის და ის გამოცდილ, ცივი გონების ქალად იქცევა.

ლეონარდოს სახის გამოძერწვით ზუკა პაპუაშვილმაც თავისი პერსონაჟის არაერთი მხარე წარმოგვიჩინა. ერთი მხრივ, იგი სიძულვილით აღსავსე და სიძულვილის აღმძვრელი, ძალადობისკენ მიდრეკილი მამაკაცია, რომელსაც არ უყვარს თავისი ცოლი, ხოლო მეორე მხრივ, კი ის ადამიანია, რომელშიც სიყვარულის უზარმაზარი ცეცხლი ანთია და სიყვარულის სახელით ყველაფერზეა წამსვლელი.

ანდრი ჟოლდაკის საუბრიდან გამომდინარე, გაირკვა ისიც, რომ იგი უპირატესობას ანიჭებს სხარტი გონების მქონე მსახიობებს, რომლებსაც მომენტალურად გარდასახვის უნარი აქვთ, ვისაც შეუძლია უთხრას - „ შენ მთვარეზე ხარ“ და ის წამში მთვარეზე ჩნდება.

 

„ლურჯწვერაში“, რეჟისორის ამოცანიდან გამომდინარე, მსგავს სისხარტეს, ავლენს მარიამ ბალახაძე, რომელიც წამში იცვლის ნიღაბს და მაქსიმალურად გაგრძნობინებს თავისი პერსონაჟის ფსიქო-ემოციურ სპექტრს, იგი თან გროტესკულ-ექსცენტრიკული, ლაღი, ყურებამდე შეყვარებული გოგონაა, მომავალი დედა, ამავდროულად კი უბედური, ეჭვიანი ქალია, რომელიც საყვარელი მამაკაცისგან ვერ იღებს იმ სიყვარულს, რასაც გასცემს. მარიამ ბალახაძე მანამდე, ძირითადად მოძრაობის თეატრის სპექტაკლებში მინახავს, თუ არ ჩავთვლით საბა ასლამაზიშვილის „დონ ჟუანს“, სადაც ასევე შესამჩნევი იყო მსახიობის ნიჭიერება, მაგრამ  ჟოლდაკთან მისი სამსახიობო პოტენციალი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

სასიხარულოა ის, რომ შაკო მირიანაშვილი მაქსიმალურად იცლება შტამპებისგან, რომლებიც მას წლების განმავლობაში მიაკერეს. უკვე დავით დოიაშვილის „მეფე ლირში“ იგრძნობოდა მსახიობის ახალ რელსებზე დადგომა, ხოლო „ლურჯწვერაში“ მისმა შემოქმედებითმა პოტენციალმა ფართოდ გაშალა ფრთები. თუ თავიდან იგი ექსცენტრიკული, უხერხემლო დედიკოს ბიჭია, შემდეგ მოძალადე, მკვლელ ლურჯწვერად იქცევა. შეიძლება შაკო მირიანაშვილს არაერთხელ აქვს შესრულებული მოძალადე მამაკაცის როლი და მას შეეძლო ეს მოძალადე განესახიერებინა ისე, როგორც ადრე, მაგრამ, როგორც ჩანს, სკრუპულოზური მუშაობის შედეგად, მის მიერ განსახიერებული რქებდადგმული საქმრო თუ ლურჯწვერა ძალზე განსხვავდება სხვა ნამუშევრებისგან და ბევრად მდიდარია ფსიქოლოგიური სიღრმეებით.

ნანა ბუთხუზმა შექმნა ქვრივი და შვილმკვდარი ქალის მონუმენტური მხატვრული სახე, იგი მოგაგონებთ ბევრ ძლიერ ქართველ ქალს, რომლებმაც დამარხეს თავიანთი ვაჟიშვილები, მეუღლეები და, უზარმაზარი ტკივილის მიუხედავად, მყარად დგანან ორივე ფეხზე.

ამასთანავე, სპექტაკლში მონაწილეობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ელენე თავართქილაძე და მსახიობი ანდრო ბარათაშვილი. მართალია, მათ ეპიზოდური როლები აქვთ და სხვა მსახიობებთან შედარებით, არ ეძლევათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება, მაგრამ აშკარაა, რომ თითოეული მათგანი საკუთარ საქმეს პირნათლად ასრულებს. ყოველ შემთხვევაში, სპექტაკლში ნებისმიერი როლის შემსრულებლისთვის ანდრი ჟოლდაკთან მუშაობის გამოცდილება მრავლისმომცემი იქნება და დაეხმარებათ სამომავლო პროექტებზე მუშაობისას.

რა შუაშია ფრანგული ზღაპრის გმირი - ლურჯწვერა ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლთან? ზღაპრის თანახმად, ლურჯწვერას შვიდივე ცოლი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ერთხელ, ლურჯწვერა სხვაგან გაემგზავრა და თავის უკანასკნელ ცოლს ოთახის ყველა გასაღები ანდო, მაგრამ ერთი ოთახის გახსნა სასტიკად აუკრძალა. ქალს ცნობისმოყვარეობამ სძლია, მან გამოაღო საიდუმლო ოთახის კარი და აღმოაჩინა თავისი მეუღლის გაუჩინარებული ცოლების გვამები. შინ დაბრუნებული ლურჯწვერა მიუხვდა ცოლს და მისი მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ გონიერმა ქალბატონმა დრო გაწელა და თავის ძმებს მკვლელი ქმარი მოაკვლევინა. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, პირველი და მეორე მოქმედების ყურებისას გაურკვეველია, თუ რატომ ჰქვია სპექტაკლს „ლურჯწვერა“, ხოლო მესამე მოქმედებაში ხვდები, რომ ლურჯწვერას არქეტიპმა შეიძლება გაიღვიძოს მრავალ მამაკაცში, მათ შორის ისეთში, რომელიც სიყმაწვილეში არაფრის მაქნისი დედიკოს ბიჭი იყო. მესამე მოქმედება ყველაზე მძიმეა, ფსიქოლოგიურ თრილერს მოგაგონებთ, მაგრამ რეჟისორის მხრიდან იუმორისა და გროტესკის შემოტანამ, მაგალითად - გახმოვანებამ, ფანჯრიდან უტრირებულად გადახტომებმა, გარკვეულწილად დააბალანსა ის სიმძიმე, რომელიც ძირითად სიუჟეტურ ქარგაშია ჩაქსოვილი.

სპექტაკლს რეფრენად გასდევს Two Lanes-ს „Another Time”, რომელიც არა მხოლოდ გარეგნულადაა სპექტაკლის ტემპო-რიტმთან თანხვედრაში, არამედ შინაარსობრივადაც, რადგან სიმღერის ტექსტში საუბარია ადამიანზე, რომელსაც სხვა დროსა და სივრცეში სურს ყოფნა, ასეთი მუსიკალური გადაწყვეტა ხაზს უსვამს იმას, რომ „ლურჯწვერას“ პერსონაჟები დროსა და სივრცეში დაკარგული ადამიანები არიან. კონტრტენორ მიხეილ აბრამიშვილის ფენომენალურად შესრულებული არიები კი ერთგვარი ხიდია მოვლენებსა და მოქმედებს შორის, რომელიც ფსიქო-ემოციურ იმპულსებს მეტ ხატოვანებას სძენს.

 

„ლურჯწვერაზე“ საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ სცენოგრაფის, დანიელ ჟოლდაკისა და კოსტიუმების მხატვრის, სიმონ მაჩაბლის ნამუშევრები. სცენოგრაფია მონუმენტურობითა და კონტრასტულობით გამოირჩევა, დეკორაციის ერთი ნაწილი კომუნალურ ბინას, საერთო საცხოვრებელს მოგაგონებთ, ხოლო მეორე ნაწილი, დიდგვაროვანთა უზარმაზარ სახლს. მხატვრის ასეთი გადაწყვეტა შეიძლება ხაზს უსვამს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხარ თუ ღარიბი, სიყვარული, სიძულვილი, ძალადობა, ღალატი, ლურჯწვერას არქეტიპი შეიძლება ნებისმიერი კლასის წარმომადგენლის სახლში ბინადრობდეს. სიმონ მაჩაბლის კოსტიუმები კი მათემატიკური სიზუსტით გამოხატავენ პერსონაჟთა ბუნებას, მდგომარეობას ამა თუ იმ სიტუაციაში. მაგალითისთვის მოვიყვან ქორწილის ეპიზოდს, სადაც ლეონარდოსა და საცოლეს თეთრი სამოსი, ხოლო საქმროსა და ლეონარდოს ცოლს შავები აცვიათ. ამ წყვილისთვის ეს ქორწილი პანაშვიდის ტოლფასია, ხოლო ლეონარდოსა და პატარძლისთვის დღესასწაული, ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების შანსი.

უკრაინელი რეჟისორისა და მხატვრის ქართველ შემოქმედებთან კოლაბორაცია „ლურჯწვერას“ სახით ძალზე წარმატებული გამოდგა, რაც გამოიხატება სპექტაკლის თითოეულ კომპონენტში, იქნება ეს რეჟისორული გადაწყვეტები, სამსახიობო უნივერსალური შესრულება, მხატვრობა, მუსიკა, რომლებმაც შექმნეს ძალზე რთული, ფსიქოლოგიური სიღრმეებით გაჯერებული კომპოზიცია, რომელიც დაამშვენებს ახალი თეატრის სარეპერტუარო გალერეას.

 

სტატიაში გამოყენებულია ბექა ცირეკიძის სურათები.

[1] ფანტასმაგორია - რაიმე ფანტასტიკური წარმოდგენა, ბოდვითი ჩვენებანი. ძველი ბერძნულიდან მომდინარეობს, phantasma- მოჩვენბა, agoreō- ვსაუბრობ.

წყარო:http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=41558

bottom of page