top of page

რას იტყოდა სტივენ ჰოკინგი?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

224994224_123253083344035_7554769685356723952_n.jpeg

თეა კახიანი

რას იტყოდა სტივენ ჰოკინგი?

ოზურგეთის სრულიად განახლებულ და რეაბილიტირებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ექსპერიმენტული სცენა იოანე ხუციშვილის სპექტაკლით გაიხსნა. დაიდგა მანანა დოიაშვილის პიესა „3+3“. 25 წლის წინ დაწერილი ტექსტი სცენაზე ავიდა და საკმაოდ რეზონანსულიც აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ამ სპექტაკლზე გაყიდული ბილეთების რაოდენობა აჭარბებს თეატრის რეაბილიტაციამდე მთელი  წლის მანძილზე გაყიდული ბილეთების რაოდენობასაც კი. აღნიშნული ფაქტი, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის, გამოვხმაურებოდი ამ, თითქოს ყველა კომპონენტით წარმატებულ თეატრალურ პროდუქტს. 

სპექტაკლის სცენოგრაფია (თეო კუხიანიძე), მისი ზოგადი ატმოსფერო მართლაც მომხიბლავი და პროფესიული თვალსაზრისით დახვეწილია. მსახიობებიც შესაძლებლობის მაქსიმალური კონცენტრაციით ასრულებენ მათ წინაშე დასახულ ამოცანებს. სცენური ნაწარმოების ესთეტიკა პირობითია. პერსონაჟებს არარეალური, ჩვენი ყურისთვის ხაზგასმულად არაორგანული სახელები აქვთ, მოქმედების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები კი ლინეალურ ლოგიკას არ ემორჩილება და საკუთარი პირობითობით იმართლებს თავს. მიუხედავად პირობითი და თითქმის მისტიკური პასაჟებისა, სპექტაკლი, ცხადია, იწვევს მაყურებლის რეფლექსიას რეალობაში არსებულ კონკრეტულ საკითხებსა და პრობლემებზე. ამ წერილშიც,  წარმოდგენის სწორედ ეს და არა მხატვრულ-ესთეტიკური მდგენელები იქნება მსჯელობის ძირითადი საგანი.

პიესის მთავარი მოქმედი გმირი ქალია. ის ტრავმული მშობიარობის შედეგად, კარგავს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს და ამავდროულად კარგავს ქმარსაც, რომელიც სახლიდან მიდის და უჩინარდება. ასეთი წინაისტორიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აღწერს დრამატურგი, რომელიც ასევე ქალია და ბუნებრივია, შემთხვევითი არ უნდა იყოს მისი  პერსონაჟის სქესის განსაზღვრაც. მოცემული წინაპირობები, მთავარი გმირის დრამას ქმნის და წესით ხაზს უნდა უსვამდეს ადამიანის დაუცველობას ზოგადად და მით უფრო ქალის, რომელიც ცხოვრებისეული გამოწვევების პირისპირ, „სუსტ სქესად“ სახელდებული, შესაძლოა უფრო მარტივად  გახდეს უარყოფის ან ძალადობის ობიექტი. შემოქმედებითი ჯგუფი შეეხო ორ უკიდურესად სენსიტიურ თემას - ადამიანების შეზღუდულ შესაძლებლობებს და  ქალთა უფლებებს, თუმცა ვფიქრობ, არც ერთი და არც მეორე არ გახდა სიღრმისეული კვლევის საგანი.  

აღნიშნული თემები, როგორც პიესაში, ასევე სპექტაკლშიც, მხოლოდ ანტურაჟად არის გამოყენებული და  თავისი იდეური და მხატვრული გააზრებით დაცლილია ამ საკითხებზე თანამედროვე მგრძნობელობისგან. მეტიც, უნებურად წარმოადგენს იმ სტერეოტიპების რეპროდუქციას, რომლის წინააღმდეგ, ბოლო ათწლეულია,  სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევაა მიმართული. შემოქმედებითი ჯგუფი უერთდება საკმაოდ მოძველებულ პარადიგმას, რომელიც გვიბიძგებს შეზღუდული შესაძლებლობა და შშმ პირები განწირულ მდგომარეობად და ადამიანებად აღვიქვათ, მათი ბედისწერის კვალი ცხრა თაობის მიღმა ვეძებოთ და ამით ავიცილოთ კიდეც მათ წინაშე არსებული ვალდებულებები.    

გარემომცველი სამყაროს ცვალებადობის სწრაფი ტემპი ბოლო ათწლეულში შექმნილ ტექსტებსაც კი აშორებს თანამედროვე კონტექსტებისგან. გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში მათი შინაარსი, ისევე როგორც ტერმინოლოგია, გადააზრებას საჭიროებს. მეტი სიცხადისთვის, თუ ადრე სიტყვები: „ინვალიდი“, „ხეიბარი“, „ბრმა“, „მუნჯი“ და სხვა მიღებული და გამოყენებადი ტერმინები იყო, დღეს ისინი სხვა, არა ერთ ფრაზასთან თუ სიტყვასთან ერთად ამოღებულია ლექსიკიდან და ფორმალურ თუ არაფორმალურ ურთიერთობაში კანონმდებლობით რეგულირდება. ტერმინების გარდა შეიცვალა მიდგომა, შეზღუდული შესაძლებლობა ვეღარ და აღარ განიხილება ირაციონალური ძალების მიერ მოვლენილ სასჯელად ან ჯილდოდ. შეზღუდული შესაძლებლობა არის  განსხვავება ადამიანებს შორის, რომელიც დაუშვებელია გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი. ვიღაცისთვის შეიძლება „ენჯეოშნიკურად“ მჟღერი ამ სიტყვების მიღმა კონკრეტული ადამიანების ბედი წყდება, ამიტომ ხელოვნებაში მსგავსი თემების ასახვა სიფრთხილეს მოითხოვს. პიესის არჩევის დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის ადაპტაციას ახალ კონტექსტებთან მიმართებაში. უნდა ითქვას, რომ  თეორიულად ყველასთვის მისაღები და თითქოს აქსიომური ეს პირობა, ზოგჯერ განუხორციელებელი რჩება. 

„3+3“-ში ყველა პერსონაჟი იმ ძველი დისკურსიდან არის, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობა ბედისწერის სასჯელად ან ჯილდოდ მოიაზრებოდა. ასეთი ადამიანები მოკლებული იყვნენ გადაადგილების, რესურსებით სარგებლობის და აქედან გამომდინარე არსებობის უფლებას. სპექტაკლი თანმიმდევრულად გვაჩვენებს სწორედ ასეთ შემთხვევას, შშმ პირის მდგომარეობას, მის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, თავისი ფატალური შედეგებით. ვფიქრობ, გადაჭარბებული არაფერი იქნებოდა სპექტაკლი შშმ პირის და საზოგადოების რთული ურთიერთქმედების ფარგლებში დარჩენილიყო და თუნდაც მძიმე შედეგების ჩვენებით სიმშვიდე დაერღვია ჩვენთვის. მაგრამ წარმოდგენა ხელოვნების ენაზე გვიყვება სულ სხვა ამბავს და აჩენს არსობრივად პრობლემურ აღქმებს.

სპექტაკლი იწყება სასიგნალო ჩვენებებით. ბაუკი ამბობს: „ოცდახუთი წელია, სახლიდან არ გავსულვარ! ამ სავარძელს შევეზარდე! უმოძრაობისგან ხორცები დამეკიდა, მთელი სხეული ლაქებით მაქვს დაფარული, ენერგია არ ვიცი სად წავიღო“. ნებისმიერი ინფორმირებული ადამიანი გეტყვით, რომ ბაუკი განიცდის როგორც სამედიცინო სერვისებზე წვდომის პრობლემას ასევე სოციალურ დისკრიმინაციას. ამიტომ მის გაბოროტებას, რომელსაც სპექტაკლში როგორც მშრალ ფაქტს ისე გვაწვდიან, სინამდვილეში  საყურადღებო საფუძველი აქვს და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში ეს აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო. დღეს მთელი ძალისხმევა მიმართულია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ, რომელიც დაუშვებლად ცნობს შშმ პირთა გამიზნულ თუ უნებლიე შინაპატიმრობას. ამიტომ ბაუკი, რომელიც 25 წელია შინიდან არ გასულა, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია და მის მიმართ ჩადენილი დანაშაული უკვე სახეზეა. სპექტაკლში კი ეტლით მოსარგებლე მთავარ პერსონაჟს წარმოგვიდგენენ როგორც მოძალადეს და ტირანს ოჯახში. თამარ მდინარაძე თამაშობს გაბოროტებულ ადამიანს, რომელმაც ვერ შეძლო მძიმე გამოწვევების დაძლევა, ფსიქოლოგიურად განადგურდა, შეიძულა და დაადანაშაულა ყველა, ყოფილი ქმრის გარდა. მისი ასეთი ხასიათის  ერთადერთი გამართლება იქნებოდა მაყურებელს დაენახა თავდაცვის რეჟიმში მყოფი ქალი, რომელსაც სპექტაკლის ბოლოს მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანენ. თუმცა ბაუკის თავდაცვით მდგომარეობაზე წარმოდგენაში მინიშნებაც კი არსად არის, ავტორებს ავიწყდებათ აგვიხსნან ისიც, თუ რა მომენტში და რა მიზეზით იქცევა ცალსახად ტირანი და მოძალადე ბაუკი შეთქმულების მსხვერპლად. სინამდვილეში, ხომ  ბაუკი დასაწყისშივე მსხვერპლია, როგორც შშმ პირი და როგორც ქალი, ოღონდ მსხვერპლია იმ საზოგადოების და იმ დამოკიდებულებების რომელშიც მოუხდა არსებობა. სპექტაკლით კი გვიმტკიცებენ, რომ დამნაშავე მისი ბედისწერაა, ხოლო საზოგადოება, რომელიც ამ ადამიანის მიმართ უმოწყალო შეთქმულებას აწყობს, ბედისწერის იარაღია მხოლოდ. ბედისწერის, როგორც მოქმედი პერსონაჟის სპექტაკლში მონაწილეობა ფინალში კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, რეჟისორის რედაქციით შეთქმულთა მიზნები გაუთვალისწინებელი მიმართულებით მიდის და არსებობას წყვეტს არა მხოლოდ ბაუკი, არამედ მისი შთამომავლობაც - ბაუკის შვილი,  ჩეტი (ციცი ბუცხრიკიძე) დედის სიყვარულსა და მზრუნველობას მოკლებული, მის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე და საბოლოოდ მსხვერპლი აღმოჩნდება. 

ავტორები ასევე გვარწმუნებენ, რომ შინიდან წასული გვეძი (ვანო ჩხარტიშვილი), რომელიც სამედიცინო დიაგნოზთან ერთობლიობაში მთავარი პერსონაჟი ქალის ცხოვრების დრამას ქმნის, 25 წლის შემდეგ, ისევე მოულოდნელად გამოჩნდება საკუთარი შვილისა და ყოფილი ცოლის ცხოვრებაში, როგორც მანამდე გაუჩინარდა. ტყუილად დავიხარჯებით ამოვხსნათ ამ პერსონაჟის ქცევის, ოჯახიდან წასვლის და შემდეგ დაბრუნების რეალური მოტივი: აქ არც არასრულწლოვან ცოლის დასთან დაწყებულ არაოფიციალურ და შემდეგ მრავალწლიან ამორალურ კავშირში ნაპოვნ კმაყოფილებაზეა აქცენტი და არც  იმაზე, კაცები რომ ხშირად სრულად იხსნიან პასუხისმგებლობას ყოფილ ცოლ-შვილზე.  პერსონაჟის ქცევა პიესაში კვანძის შეკვრის მიზნით არის გამოყენებული მხოლოდ და სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს. ზოგადად აქ კაცი პერსონაჟები დამხმარე, სათადარიგო ფუნქციით არიან წარმოდგენილი. არსებობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი პერსონაჟების ბუნება და ერთმანეთთან კონფლიქტი გაიხსნას. დაუმუშავებელია მეორე კაცი პერსონაჟის, დორეს (ნიკა ძნელაძე) სახეც, ის ბაუკისა და გვეძის შვილის საქმროა და ბოლომდე გაურკვეველია როგორც მისი გრძნობები და სექსუალური ორიენტაცია ასევე მისი თანამონაწილეობის მოტივიც საერთო დანაშაულში. ამ ორი პერსონაჟის ხასიათების დაუმუშავებლობა რაციონალურ საფუძველს აცლის წარმოდგენილ ამბავს და ისევ ბედისწერის საკურთხეველთან გვაყენებს. 

შშმ პირებთან მიმართებაში, არსებული არაჯანსაღი დამოკიდებულებების კრებითი და ძალიან საინტერესო სახეა ჯოჯი (შორენა გვეტაძე), ბაუკის და. პერსონაჟი, რომელიც ჯერ ქმარს ართმევს საკუთარ დას შემდეგ კი, მზრუნველობის ობიექტად აქცევს მას. ერთი შეხედვით საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვის ეს მცდელობა,  კიდევ ერთი უპირატესობის წარმოჩენაა და  აღრმავებს არსებულ უთანასწორობას ამ ადამიანებს შორის.    

წარმოდგენის სანუგეშო ასპექტი ის არის, რომ სპექტაკლი არ  აღძრავს სიბრალულს შშმ პირთა მიმართ. სიბრალული და გადაჭარბებული ყურადღება დისკრიმინაციის ელემენტებია და ხელს უშლის თანასწორ პირობებში ადამიანების აღქმას. მაგრამ მთლიანობაში,  ნაცვლად იმისა, რომ წარმოდგენა ეხმარებოდეს ჯანსაღი მიდგომების დამკვიდრებას, თვითონ არის შშმ პირთა მიმართ არასწორი დამოკიდებულებების ცხადი და ძალიან სამწუხარო მაგალითი. აღნიშნულის კულმინაციური გამოვლინება, თვალსაჩინო ხატი ბაუკის თვითმკვლელობის სცენაა. რეჟისორმა გადაწყვიტა ადამიანის ნაცვლად თოკზე ეტლით მოსარგებლე დაეკიდა. დიახ, არ მოგეჩვენათ, მაყურებელი სცენის სიღრმეში, როგორც ჩვენს ქვეცნობიერში, სახრჩობელაზე დაკიდებულ, ეტლში ჩამჯდარ ადამიანს ხედავს. ყველა იმ შესაძლო ვარიანტიდან თუ რა ინფორმაციას ატარებს ეს ვიზუალური ხატი ყველაზე მარტივს აღვნიშნავ - შემოქმედებითი ჯგუფი გვეუბნება, რომ ბაუკი თავისი მძიმე შეზღუდულობისგან  სიკვდილის მერეც კი ვერ გათავისუფლდა, ის  სამუდამოდ დაღდასმულია. უდავოა, ეს სცენა ძალიან ეფექტური გამოვიდა  და ბევრ მაყურებელსაც იზიდავს. მაგრამ რას ვეუბნებით ამით მაყურებელს, რა დამოკიდებულებას და აღქმას ვუყალიბებთ მას? ან რამდენად მოვიაზრებთ მაყურებლად იგივე შშმ პირებს? წარმოგვიდგენია თუ რას იტყოდა სტივენ ჰოკინგი ეს სპექტაკლი რომ ენახა? სად გადის ზღვარი შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის და სად არის ჩვენი როლი მათთან ჯანსაღი დამოკიდებულებების ფორმირებაში ?

პროგრესული ხედვისა და სიახლის ამბიციის მქონე ქართულ თეატრში მსგავსი ტიპის პროდუქტი, ნიშნავს რომ თეატრალური რეჟისორები არ იცნობენ ან არ იზიარებენ თანამედროვე საერთაშორისო კონვენციებს. შესაბამისად გაურკვეველია თეატრის სოციალური ფუნქცია საზოგადოების გარდაქმნის პროცესში. როდესაც ვამბობთ, რომ თეატრი უნდა იყოს ცოცხალი, სხვას ვერაფერს ვიგულისხმებთ გარდა საზოგადოებასთან ამ უმნიშვნელოვანესი კავშირისა. შეუძლებელია თეატრი არ გრძნობდეს და არ პასუხობდეს მოცემულობას, რომელშიც აბსოლუტური გადააზრება ხდება არსებული პრობლემების.  

ამავდროულად, ცხადია, არასწორი იქნება ხელოვნების ნაწარმოების სამოქალაქო აქტივიზმის შემადგენელ ნაწილად განხილვა, ხელოვნებას აქვს საკუთარი მხატვრული ამოცანები, მაგრამ როდესაც ეს მხატვრული ამოცანები კონკრეტული ადამიანების რეალურ ცხოვრებაზე, ცხოვრების ხარისხზე და მდგომარეობაზე  ახდენს გავლენას, მაშინ ლეგიტიმურია კითხვა - რომელი უფრო მნიშვნელოვანია და სად გავავლოთ გონივრული ზღვარი მათ შორის?

ვფიქრობ, ამ კითხვაზე არსებობს ერთადერთი შესაძლებელი პასუხი - დავინახოთ იმ ადამიანების თვალით და იმ პერსპექტივიდან ვისზეც თავს უფლებას ვაძლევთ რომ ვილაპარაკოთ.

bottom of page