top of page

რატომ აღვნიშნავთ „ქართული თეატრის დღეს“?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

5_0f1445_a2_16.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

რატომ აღვნიშნავთ „ქართული თეატრის დღეს“?

 

ქართული თეატრის დღე, 14 იანვარი 1884 წლიდან აღინიშნება. გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ ეს დღე ქართული თეატრის აღდგენის და გიორგი ერისთავის მოგონების დღეა. ბევრს ჰგონია, რომ 1850 წლის 14 იანვარი (ძველი სტილის 2 იანვარი) ქართული თეატრის დაბადება-დაარსების თარიღია. სინამდვილეში ყოველი წლის 14 იანვარს, აღდგენილი ქართული პროფესიული თეატრის დღეს აღვნიშნავთ, რომელიც უკავშირდება „გიორგი ერისთავის თეატრის“ პირველი წარმოდგენის გამართვის თარიღს. 

 

ცოტა რამ ისტორიიდან:

XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის სამეფოში, ერეკლე მეფის ინიციატივით და მხარდაჭერით სამი თეატრი ჩამოყალიბდა: სამეფო კარის წარჩინებულთა თეატრი (გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც კლასიცისტურ პრინციპებს ეფუძნებოდა), გაბრიელ მაიორის (არეშაშვილის) სათავადაზნაურო თეატრი, რომელიც პირდაპირი კონკურენტი იყო წარჩინებულთა თეატრისა და დავით მაჩაბლის, იგივე მაჩაბელას ქუჩის თეატრი. სამივე თეატრის არსებობის შეწყვეტა კრწანისის ბრძოლას უკავშირდება, რადგან დასის წევრები თავიანთი ლიდერებით კრწანისის ბრძოლაში დაიღუპნენ. მსგავსი ტრაგიკული ფაქტი არ ახსოვს მსოფლიო ომების ისტორიას.

ერეკლე II სამეფო კარის მსახიობების გმირულად დაღუპვასთან ერთად შეწყდა სათეატრო პროცესი არა მხოლოდ თელავში, არამედ მთელ საქართველოში. ქართული თეატრის აღდგენა კი ზუსტად ნახევარი საუკუნის, 50 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ქართული თეატრის აღდგენას საფუძველი კი ამჯერად გორში ჩაეყარა. იქამდე კი დუნედ მიმდინარეობდა პროცესი, რომელიც მოამზადებდა ფონს თეატრისთვის. საჭირო იყო როგორც ახალი ქართული დრამატურგიის შექმნა, ასევე უცხოური დრამატურგიის თარგმნა. ამ ეროვნული საქმის ერთ-ერთ ცენტრად სწორედ გორი იქცა (სოფელი ხიდისთავი), სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ პოეტი, მწერალი და დრამატურგი გიორგი ერისთავი და ისტორიკოსი, გეოგრაფი, მწერალი და დრამატურგი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი. მათ ირგვლივ თავი მოიყარეს თეატრით გატაცებულმა ახალგაზრდებმა, რომლებიც 5 წლის შემდეგ, დედაქალაქში, თბილისში ჩაუყარეს საფუძველი აღდგენილ ქართულ თეატრს. პირველი წარმოდგენა - „გამოუცდელობა, ანუ განშორება საყვარელთან“ 1845 წელს, ხიდისთავში წარმოადგინეს. რასაც მოჰყვა დიმიტრი მეღვინეთუხუცეშიშვილის სხვა პიესების დადგმა.

სწორედ, ამ გუნდის ძალისხმევითა და მონაწილეობით გახდა შესაძლებელი 1850 წელს ქართული პროფესიული თეატრის აღდგენა დედაქალაქში, როცა გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა თბილისის ქართული გიმნაზიის შენობაში. დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილმა, ქართველოლოგ მარი ბროსეს შუამავლობით, მეფისნაცვალ გრაფ ვორონცოვს სთხოვა, რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას უფლება მიეცა თბილისში ქართულ ენაზე წარმოდგენის გამართვის. ვორონცოვმა თანხმობა გასცა. „გაყრა“, რომლითაც სათავე დაედო გიორგი ერისთავის თეატრს დადგა ავტორმა და თავადაც მონაწილეობდა მასში. ამ დროს თბილისში უკვე ფუნქციონირებდა საოპერო თეატრი და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა არისტოკრატიაში. გიორგი ერისთავის თეატრის სპექტაკლების სადადგმო ხარჯებს ქართველი თავად-აზნაურობა ფარავდა. ამ დროს თბილისში საჯარო დაწესებულებებში ქართულ ენაზე თითქმის აღარავინ საუბრობდა. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი ისეთი კერის გაჩენა-ჩამოყალიბება, სადაც ქართული ენა და ქართული ამბები იქნებოდა მთავარი. 6 წელი იარსება გიორგი ერისთავის თეატრმა. იგი ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა, რადგან ქართველმა თავად-აზნაურობამ სპექტაკლების დაფინანსება შეწყვიტა იმის გამო, რომ წარმოდგენებში სწორედ მაღალი სოციალური ფენა - თავად-აზნაურობა იყო გაკრიტიკებული.

1856 წელს შეწყვეტილი სათეატრო ცხოვრება 1879 წელს განახლდა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. ილია ეპოქის თეატრს „მუდმივი სცენა“ ეწოდა. სწორედ აქედან იწყება რუსთაველის თეატრის ისტორიაც.

 

ეს ისტორია იმიტომ შევახსენე მკითხველს, რომ გვახსოვდეს, ქართული პროფესიული (ხაზგასმით ვამბობ - პროფესიული) თეატრის ფესვები უფრო ღრმაა, ვიდრე ჩვენ გვგონია. და აქვე ისმება ლოგიკური კითხვა, თუ გიორგი ერისთავის მეთაურობით მისი თეატრის მსახიობები ქმნიდნენ პროფესიულ თეატრს, რა პრინციპით არ იყო ავალიშვილის კლასიცისტური სამეფო კარის წარჩინებულთა თეატრი პროფესიული? ან თუ გიორგი ერისთავს ვუკავშირებთ თეატრის აღდგენას, რატომ 1845 წლიდან არ ვიწყებთ, იმ თარიღიდან, როცა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილმა მისივე პიესა „გამოუცდელობა, ანუ განშორება საყვარელთან“ დადგა?! ვფიქრობ, ამ საკითხზე დისკუსიის წამოწყების დროა.

 

 

და ბოლოს:

პოლიტიკურ-სოციალური ატმოსფერო და საზოგადოებრივი ცხოვრება პირდაპირ პოვებდა ასახვას ქართულ თეატრში და პირიქით, თეატრის სცენაზე მუდმივად აისახებოდა პოლიტიკურ-სოციალური ვითარება. ქართული თეატრი არასდროს ყოფილა კომპრომისული და უპოზიციო, არც შუა საუკუნეებში, როცა ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთობლივი გადაწყვეტილებით „დაარბიეს სახლი სათამაშოი“ და მაშინაც, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება იჭერდა, ხვრეტდა და გადასახლებაში აგზავნიდა ქართული თეატრის თვალსაჩინო წარმომადგენლებს. საბჭოთა პერიოდში, რომელიც ქართული თეატრისთვის „ოქროს ხანად“ არის მიჩნეული, მკაცრი იდეოლოგიური ცენზურის პირობებში, თეატრმა მიმართა მეტაფორის ენას, რითაც ყოველთვის ამბობდა სათქმელს და ხაზს უსვამდა პრობლემებს, რომელთა წინაშეც საზოგადოება და ქვეყანა იდგა.

XXI საუკუნეში ქართული თეატრი კვლავაც გამოწვევების პირისპირაა. თანამედროვე ქართული თეატრი ცდილობს გახდეს კომერციული, მიმზიდველი, პრესტიჟული, ტრენდული და შესაბამისად, იყოს მუდამ აქტუალური. მთავარია იყოს მზაობა და სურვილი განვითარებისთვის, გამოწვევების საპასუხოდ, საამისო რესურსი კი ქართულ თეატრს ნამდვილად აქვს.

გილოცავთ აღდგენილი ქართული პროფესიული თეატრის დღეს, ასევე კონსტიტუციის დღესაც. გაგვეაზრებინოს ორივეს ფასი და გვესწავლოს მათი დაფასება.

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

bottom of page