top of page

რატომ არ გვჯერა ქალი რეჟისორის თეატრში?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

326812970_1350466742408415_5507927580943244605_n.png

ქეთევან სამხარაძე

რატომ არ გვჯერა ქალი რეჟისორის თეატრში?

ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა, რომელიც გაბრაზებულზე დაისვა; ეს არის კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც აუცილებელია.

დროა კომფორტის ზონა დავტოვოთ და ამ თემაზე ვილაპარაკოთ.

მანამდე, სანამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდები, ერთი რამ მაინტერესებს - ოდესმე ყოფილხართ ისეთ საქმიან შეხვედრაზე, სადაც თანამშრომელი, გნებავთ კოლეგა, გნებავთ დამსაქმებელი საქმეზე კი არა, იმაზე გელაპარაკებათ თუ როგორ მაკიაჟს ატარებთ და საერთოდ რატომ, თუ როგორ არ გიხდებათ ეს ტანსაცმელი და რომ აჯობებს ქალისთვის შესაბამისად ჩაიცვათ... ბავშვის გაჩენას თუ გეგმავთ და მისი არსებობის შემთხვევაში,  როგორ აპირებთ საქმიანობას... ხართ თუ არა ამჯერად ურთიერთობაში და თუ არა - რატომ... თუ ასეთ საქმიან შეხვედრაზე არასდროს ყოფილხართ ან არც კი უშვებთ, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო, მაშინ, ეს წერილი თქვენთვის არ არის. რადგან, როგორც არ უნდა ვეცადო, მას მაინც თქვენთვის გასაგებს ვერასდროს გავხდი. დიახ, ვერასდროს გაიგებთ თუ რას ნიშნავს საქმიან შეხვედრაზე ზემოთ ჩამოთვლილ რამეებზე რომ გელაპარაკებიან ან გაგრძნობინებენ ან უარესი... თუ ეს არ გამოგიცდიათ ან სულ მინიმუმ მსგავსი არაფერი გაგიგიათ რომ ხდება, შეიძლება საერთოდ ვერ ან არ მიხვდეთ რა საჭიროა ეს ყოველივე ანუ ამ თემაზე ლაპარაკი... მაინც გირჩევდით, რომ კომფორტის ზონა დაგეტოვებინათ და კითხვა გაგეგრძელებინათ.

ვაგრძელებ...

რატომ არ გვჯერა ქალი რეჟისორის თეატრში?

თანამედროვე თეატრალური საზოგადოება ამაყობს მრავალფეროვნებისადმი ღიაობითა და განსხვავებულობის აღიარებით; თეატრს, სახალხოობიდან გამომდინარე, მას ოდნავ მემარცხენე ელფერიც დაჰკრავს, თუმცა ფაქტია, რომ თეატრში დღემდე არსებობს პრობლემათა მთელი კასკადი, რომელიც  გენდერულ თანასწორობას მიემართება. გარდა იმისა, რომ ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი ჩვენი ინდუსტრიის ყველა სფეროში (მსახიობთა დასისა და მხატვრობის გარდა), ხშირია დისკრიმინაციის, (მათ შორის პოზიტიური დისკრიმინაციისაც) შემთხვევები. ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართული თეატრის კვლევის სარბიელზე თითქმის არ არსებობს არავითარი მონაცემი და მოსაზრება, რომელიც პრობლემას წარმოაჩენდა და სადისკუსიო სივრცეს შექმნიდა, შესაბამისად ვერ შევძლებ უკვე არსებულ ინფორმაციათა აკუმულირებას და მათზე დაფუძნებული მსჯელობის წარმოებას. წერილი ეფუძნება ამ საკითხის ევროპულ გამოცდილებათა კვლევას და ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემათა პერსონალურ აღქმებსა და ანალიზს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავს „არა სექსისტებად“ მივიჩნევთ, უნებლიედ მაინც ვამბობთ და ვაკეთებთ ისეთ რამეებს, რაც სექსისტურია. სექსიზმი ვლინდება, როგორც ქმედებებში და სიტყვებში, ასევე აზრებსა და დამოკიდებულებებში. მართალია, ჩვენ ხმამაღლა (თუმცა ზოგჯერ ასეთებიც ხდება, რასაც სამწუხაროდ ყურადღების მიღმა ვტოვებთ) არ ვამბობთ, რომ არცერთ ქალს არ შეუძლია მართოს შემოქმედებითი პროცესი ისეთივე ავტორიტეტით, როგორც კაცებს აქვთ, მაგრამ ჩვენ ყველანი, ჯერ კიდევ ვდგავართ კულტურაში გავრცელებული ამ სტერეოტიპების წინაშე და ის ჩვენს ქმედებებზე კატასტროფულ გავლენას ახდენს. აქ თავს იჩენს ე.წ გაუცნობიერებელი მიკერძოება (Unconscious bias), როდესაც ის ადამიანებიც კი, რომლებიც შეიძლება ფემინისტებად ჩაითავლონ (მათ შორის ქალებიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს), გადაწყვეტილებებს ჯერ კიდევ სექსისტური მოტივით იღებენ - მაგალითად, კონკრეტული პროექტისთვის ერთი და იგივე შესაძლებლობებისა და გამოცდილების მქონე ორ კანდიდატს შორის, არჩევანს მამაკაცზე აკეთებენ. მართალია არსებობენ ქალები, რომლებმაც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ჩვენი კულტურის, მისი სისტემისა და სტრუქტურის თანდაყოლილი სექსიზმის ინტერნალიზებას ხელი შეუწყეს, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად ის, რასაც ჩვენ, როგორც ქალები, ამ ინდუსტრიაში ვებრძვით, მამაკაცის გაუცნობიერებელი მიკერძოებაა.

ამ ყველაფერს, თან ერთვის პოზიტიური დისკრიმინაციაც - როდესაც ,,ქალთა ემანსიპაციის" საპირწონედ, ხელოვნების სფეროში აქტიურად მიმდინარეობს ქალი ავტორების განდევნა, თან სწორედ ამ ,,წახალისების პოლიტიკით"; ეს განდევნა კაცების ხელით ხდება და საუბედუროდ, ზოგიერთი ფემინისტური ჯგუფის გაუცნობიერებელი ეიფორიის ხარჯზე. საზოგადოებაში სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს ფემინიზმის მახინჯ გაგებას და ამიტომაც, ქალები, ხელოვნების სფეროში განსაკუთრებით, სულ კაცების აღიარებას და მხარდაჭერას ველოდებით. ფაქტია, რომ ასეთი სახის სოლიდარობა ბევრად მავნეა, რადგან არ ჩანს, ვიდრე დეკლარირებული სექსიზმი. 

ზემოთ იმ პრობლემებზე ვსაუბრობ, რაც იმ ე.წ პროგრესულ საზოგადოებრივ ჯგუფებში ვლინდება, სადაც ამ საკითხზე სადისკუსიო სივრცის გაჩენა იმდენად სირთულეს არ წარმოადგენს, რამდენადაც ზოგადად ინდუსტრიაში; რეალურად, საკითხი გაცილებით მწვავეა. ისეთ მკაცრად პატრიარქალურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თეატრალურ სამყაროში ქალზე სხვადასხვა სახის ძალადობა აპრობირებული პრაქტიკაა; იმდენად რთულადაა საქმე, რომ ეს უკვე თანდაყოლილ, ბუნებრივ მოცემულობად აღიქმება, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, რადგან თეატრალური ტრადიციის ნაწილად არის გადაქცეული. საკითხს უფრო ემოციურად თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ანუ ქალი რეჟისორების არ სჯერათ; ჩვენ არ გვენდობიან, ჩვენზე იმედებს არ ამყარებენ, იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს, ქალი რეჟისორი ვერ იქნება, რადგან ჩვენ არ შეგვწევს იმის უნარი თეატრის რეჟისურის ამ დიად, ღვთიურ საქმეს დავეუფლოთ. მეწრმუნეთ, ამის სისტემატიურად მოსმენა და ამასთან ჭიდილი, ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რაც შემდეგ პროდუქტიულობის დაქცეითებაზეც აისახება...

თეატრში, პატრიარქალური კანონები იმაზე უფრო მკაცრად მუშაობს, ვიდრე სხვა სახელოვნებო ტერიტორიაზე. ამიტომ დღემდე ხდება ვერტიკალური სეგრეგაცია გენდერული ნიშნით; ამაზე გავლენა საბჭოთა კავშირში არსებულმა დეკლარირებულმა სექსიზმმა, გენდერის ნიშნით პროფესიათა დიფერენციაციამ,  შრომის ნაკლებად სპეციალიზირებულობამ, გენდერული მეინსტრიმინგის არ არსებობამ და მცირე თეატრალური ცხოვრების გამოცდილებამ იქონია. რადგან რეჟისურა ძირითადად მართვასთან, ორგანიზებასთან, შექმნასთან ასოცირდება და მოიაზრებს კიდეც ამ ყველაფერს და რადგან ამ  ყველაფრისთვის საჭირო უნარების, შესაძლებლობებისა და თვისებების ქონა ძირითადად კაცებთანაა დაკავშირებული, ხოლო, ქალის სოციალური ფუნქცია ძირითადად აღზრდა-სწავლებას მოიაზრებს, უხეშად რომ ვთქვათ, ასე გადანაწილდა - რეჟისორი აუცილებლად უნდა ყოფილიყო კაცი (ამ სტერეოტიპის გამო, ძალიან ცოტა ქალი სწავლობდა და სწავლობს თეატრის რეჟისურას) და თუ კი მოხდებოდა პრეცენდენტი, რომ ქალსაც აღმოაჩნდებოდა ყველა ის უნარ-ჩვევა, რაც რეჟისურას სჭირდება, ის მაინც ჯერ პედაგოგი იყო და მერე რეჟისორი. მართალია სფეროში (მსახიობების, კოსტიუმების მხატვრების, მეგარდირობეების, კაპელდინერების და ისეთი პროფესიების გარდა, რაც ,,ქალურ’’ საქმიანობად მოიაზრება და რაც გენდერული ნიშნით ჰორიზონტალურ სეგრეგაციას იწვევს) ქალებიც შევიდნენ, მაგრამ ისინი მაინც აღმზრდელებად, მასწავლებლებად, ასისტენტებად, კულისებში, პარტერში, ოღონდ რეჟისორის გვერდით ან მის უკან   მჯდომ მუშაკებად რჩებიან.

და მაინც, რატომ არ გვჯერა ქალი რეჟისორის თეატრში?

მიზეზი საბოლოოდ მაინც ერთია; კაცებს (და მათ შორის ქალებსაც, ვისაც კაცების პრივილეგირებულობა ბუნებრივად მიაჩნიათ) რომლებსაც ნებისმიერ კულტურაში და ნებისმიერ სოციალურ კლასში, ქალზე მეტი პრივილეგია აქვთ, ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც კი მიაჩნიათ, რომ ეს პრივილეგიები ეკუთვნით, სწორედ ამიტომაა, რომ გენდერულ თანასწორობაზე ოპონირებისას, ამ კუთვნილების დაცვას იწყებენ, რადგან მისი დაცვა, ღირსების დაცვას უდრის; კაცებს ასე ასწავლიდნენ, ზრდიდნენ და ბუნებრივია, რომ რთულია თავი დააღწიონ იმას, რაც თითქოს თავისთავადია და თვითმყოფადი. მაშინაც კი, როცა ვამბობთ, რომ ყველა ჩაგვრა არის კლასობრივი, ის გვავიწყდება, რომ ქალი ამ ჩაგვრაში ორმაგად დაჩაგრულია და მისი როლი, თუნდაც იგივე ბრძოლის საქმეში, ან მიჩქმალულია, ან თილისმადაა გადაქცეული, რომელიც თნასწორობის ყალბი დემონსტრირების და ფორმალური გენდერული თანასწორობის ფარგლებს არასდროს სცილდება. რთულია, ასეთი ცნობიერების პირობებში გაიაზრო ის თუ რას ნიშნავს იყო არაპრივილეგირებული ადამიანი, რომელსაც თავის დამკვიდრებისთვის მუდმივად გაცილებით მეტის გაღება უწევს.

 

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადასაჭრელად მინიმუმ საუბარია საჭირო; თეატრის  მთვარი პოსტულატი კი რეაქციაა, რეაქცია ცვლილებებს იწვევს, ცვლილებები კი  კულტურას ქმნიან.

bottom of page