top of page

რა ხდება? რა ზუზუნია?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

360106550_680654000757690_4718410355851372525_n.jpg

ლუკა კალატოზიშვილი

რა ხდება? რა ზუზუნია?

არსებობს პიესები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იდგმება, რადგან ისინი ღრმა ადამიანურ პრობლემებზე საუბრობენ. არსებობს პიესები, რომლებიც კონკრეტულ დროს, კონკრეტულ რეგიონსა და კონკრეტულ საზოგადოებას არის მორგებული.

ალექს ჩიღვინაძე პიესაში „უხერხემლო“ ქართულ რეალობაში არსებულ პრობლემას წარმოგვიდგენს და თავის პოზიციას საკმაოდ მკაფიოდ გამოხატავს. ეს პიესა არაერთხელ დაიდგა ქართული თეატრის სხვადასხვა სცენაზე. ვეცდები, ამ სპექტაკლის ვანო ხუციშვილისეული დადგმა მიმოვიხილო, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დაიდგა.

მიუხედავად იმისა, რომ პიესა დატვირთულია აქტიური მოვლენებით, ვერ ვიტყვით რომ იგი მაღალ ტემპში თამაშდება. პირველივე სცენა დუნე, სოფლურ ყოველდღიურობას წარმოადგენს - ორი უნიფორმიანი ადამიანი ფუტკრებს წამლავს და გვესმის პერსონაჟთა მიერ წარმოთქმული ფრაზები, რითაც რეჟისორი ასე თუ ისე გვაცნობს პერსონაჟებსა და ყოფას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. თუმცა, მალევე გაისმის „განგაშის ზარი“ და ჩემი აზრით, აქედან იწყება სპექტაკლი.

ნაწარმოები საკმაოდ მძიმე თემას ეხება და მსახიობებიც იდეალურად ასრულებენ ამ ამოცანას - სცენაზე და დარბაზში შეიქმნას დაძაბული, მეტიც, შემაწუხებელი ატმოსფერო და მაყურებელმა სუნთქვაც კი გააკონტროლოს. იგი ეხება თემას, რომელზეც აზრი არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ პერსონაჟებშიც გაყოფილია, რადგან ისინი სწორედ დღეს არსებულ საზოგადოებას წარმოადგენენ. საზოგადოებას, რომელიც რადიკალურად არის განწყობილი ყველაფერი განსხვავებულის, უჩვეულოს მიმართ და რომელიც სხვასაც არ აძლევს განსხვავებული აზრის ქონის საშუალებას.

ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მამიას, შვილმკვდარი მამის, მთავარი პრობლემა - როგორ შეარცხვინა შვილმა და აწ უკვე გარდაცვლილიც როგორ აგრძელებს მის შერცხვენას. მამიას როლს გოგა პიპინაშვილი ასრულებს. პერსონაჟი გაყოფილია - სასწორის ერთ მხარეს შვილის სიყვარული დევს, მეორე მხარეს კი მისი მიუღებელი გენდერული იდენტობა. იგი ვერ იცავს გარდაცვლილ შვილს, რადგან შინაგანად თავადაც სოფელში არსებულ პოზიციას იზიარებს. გარდა იმისა, რომ მსახიობს ღრმად აქვს გაცნობიერებული პერსონაჟის ტკივილი და ზუსტად ათამაშებს მძიმე, სულისშემხუთავ სცენებს, მას იდეალურად აქვს არჩეული და განაწილებული ცხოვრებისეული მანერებიც - იქნება ეს სიარული, არყის დალევა თუ სუნთქვა. აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან მომეწონა მამიას გრიმი, რომელიც ფუტკრის ნაკბენის იმიტაციას ქმნიდა.

მიუხედავად იმ საოცარი შესრულებისა, რომელსაც გოგა პიპინაშვილი გვთავაზობს, ძალიან რთულია თქვა, რომ იგი ნინელი ჭანკვეტაძეზე „უკეთესია“. ის მისი ცოლის, მართას როლს ასრულებს, რომელსაც საზოგადოების აზრი იმიტომ კი არ აწუხებს, რომ თავად ვერ გრძნობს თავს კომფორტულად, არამედ იმიტომ, რომ ამ აზრმა მისი შვილი იმსხვერპლა. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ მკვლელობას, არამედ სიცოცხლის განმავლობაში გადატანილ ათას უბედურებას, რასაც საკუთარი ორიენტაციის გამო განიცდიდა. ნინელი ჭანკვეტაძის პერსონაჟი ყველაზე დიდ როლს თამაშობს იმ ატმოსფეროს შექმნაში, რომელზეც დასაწყისში მოგახსენეთ; რომელიც პირადად მე დღემდე მომყვება და რომლის გამოც მომინდა ამ ყველაფრის დაწერა. ეს პერსონაჟი უბედურების მატარებელია. იგი მუდმივად სტრესულ გარემოში ცხოვრობდა, რაც მას შინაგანად აძლიერებს. სწორედ ეს შინაგანი ძალა ამარჯვებინებს საბოლოოდ მამიაზე და შვილს კაბაში ჩაცმულს მარხავენ, რასაც სპექტაკლის დასაწყისში თავადაც ვერ წარმოიდგენდა.

ამ მხრივ, მამია და მართა საკმაოდ ორაზროვანი პერსონაჟები არიან. მართა ცხოვრებისგან დაძაბუნებულ და გაუბედურებულ ქალს წარმოადგენს, რაც მის ფიზიკაშიც გამოიხატება - მსახიობი ხშირად არის მობუზული. მამია კი პირიქით, ახმახი, ბოხი ხმის მქონე, ერთი შეხედვით ძლიერი ადამიანია. მართა უხმოდ ეგუება ცხოვრების შემოთავაზებულ სირთულეებს, რაც სისუსტის ნიშანი უნდა იყოს, მაგრამ მისი პრინციპულობა და ამტანობა გვარწმუნებს სინამდვილეში რა მტკიცე ქალთან გვაქვს საქმე. მამია კი თითქოს ყველა საკითხში შეუვალი ტიპის შთაეჭდილებას ტოვებს, მაგრამ რიგ მომენტებში მარტივად თანხმდება შემოთავაზებულ რეალობას. ეს შეგვიძლია მის სისუსტეს მივაწეროთ. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამ ყველაფრის მიზეზი დაღლა იყოს. დაღლა ცხოვრებისგან, დაღლა მუდმივი ბრძოლისგან და დაღლა საკუთარ თავთან ჭიდილისგან.

სპექტაკლის მსვლელობის დროს პერსონაჟები იცვლიან აზრს და სიკეთის მხარეს ირჩევენ. თავდაპირველად, მღვდელიც კი უარს ამბობს უბედური დედ-მამის ტკივილის გაზიარებაზე და გარდაცვლილი შვილის წესის აგებაზე. თუმცა, იგი იქნება პირველი ადამიანი, ვინც შეიცვლის აზრს და მიხვდება, რომ თავის რელიგიის მთავარი დოგმა „ტრადიციული“ ორიენტაციის ქონა, არამედ სიკეთისა და ემპათიის სადარაჯოზე დგომაა. ის თავად მიაკითხავს ძველ მეგობარს და „ახარებს“ ამ ამბავს. მღვდლის როლს გიორგი ჯიქია ასრულებს.

მის გარდა, მეორეხარისხოვანი როლები აქვთ ნინა ლორთქიფანიძესა და გივი ბალანჩივაძეს. ისინი ცუდად არ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც ექცევიან ოსტატი მსახიობების - ნინელი ჭანკვეტაძისა და გოგა პიპინაშვილის ჩრდილში, რაც, სიმართლე რომ ვთქვათ, გასაკვირი არც არის თუ ამ ოთხი ადამიანის გამოცდილებას გავითვალისწინებთ. ნინა ლორთქოიფანიძე ასრულებს გარდარცვლილი ლევანის მეგობარს, თუმცა მერე და მერე ირკვევა, რომ მისი შეყვარებულის, დანიელის (გივი ბალანჩივაძე) მიმართ ქალ-ვაჟური ინტერესი აქვს. ამას რეჟისორის წუნად ჩავთვლიდი, რადგან ჩემთვის გაუგებარია ნინოს ქმედება, აკოცოს დანიელს შეყვარებულის კუბოს გვერდით, თუ ეს გიჟური სიყვარულით არ არის განპირობებული. მე ამ გრძნობის გამოხატვა ან, უფრო ზუსტად, ამ გრძნობის ვერგამოხატვით გამოწვეული ტკივილი ნამდვილად დამაკლდა.

ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი სცენა სპექტაკლში დანიელისა და მამიას დიალოგია, სადაც იმდენად კარგად არის იუმორი დოზირებული, რომ მძიმე ჰაერით გაჟღენთილ დარბაზში სიცილის ხმები გაისმის. შეყვარებულის სიკვდილითა და ამ ურთიერთობის ვერ გამხელით შებოჭილი დანიელი ნელ-ნელა თავისუფლდება. ბოლოს, მიიღებს გადაწყვეტილებას, მამიას გამოუტყდეს სიმართლეში, რასაც, რა თქმა უნდა, მამიას აღშფოთება და დანიელის სახლიდან გაძევება მოყვება.

თუმცა, სპექტაკლის ბოლოს, მამიაც გაიზიარებს შვილის ტკივილს და ღირსეულად დაასაფლავებს მას. ბოლო სცენაში ისევ ფუტკრებს ვხედავთ უზარმაზარი დეკორის სახით. საერთოდ, ფუტკრები და ეს თემა მთელ სპექტაკლს გასდევს ფონად - როგორც უკვე აღვნიშნე, წარმოდგენა სწორედ სკებით გარშემორტყმულ სივრცეში იწყება, მისი მსვლელობის განმავლობაში მწერები იხოცებიან, ბოლოს კი კვლავ მათი ზუზუნი ისმის. ჩემი აზრით, ფუტკრები საზოგადოების აზრს გამოგვხატავს. თავიდან მამია მას იზიარებს, უვლის მას, შემდეგ ისინი ნელ-ნელა კვდებიან ისევე, როგორც მაყურებელში კვდება ზიზღი და ჩნდება ემპათია, თუმცა საბოლოოდ ეს ზუზუნი არ წყდება ჩვენში.

დღესაც უამრავი ადამიანია მენტალური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და დღესაც უამრავი ქვა დაფრინავს ჰაერში განსხვავებული აზრის მოსაკლავად. ჩემთვის კი, როგორც ამ საზოგადოების ნაწილისთვის და როგორც თეატრალურ სფეროში „მოღვაწე“ ადამიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თუმანიშვილის თეატრის სცენიდან აპროტესტებენ ამ ყველაფერს. მით უმეტეს, როდესაც აპროტესტებენ ამდენად ხარისხიანად.

ფოტო: ბექა ცირეკიძე, ვახო გაჩეჩილაძე

bottom of page