top of page

რეალობისა და ილუზიის ზღვარზე მყოფი საზოგადოება

(„ეს ასეა, თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასე“, თუმანიშვილის თეატრში)

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

438160161_859408382882250_3653715564404843353_n.jpg

მაკა ვასაძე

რეალობისა და ილუზიის ზღვარზე მყოფი საზოგადოება

(„ეს ასეა, თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასე“, თუმანიშვილის თეატრში)

 

მე-20 საუკუნის იტალიური თეატრის რეფორმატორის, ინტელექტუალური თეატრის ერთ-ერთი წარმომადგენლის ლუიჯი პირანდელოს შემოქმედებაში უდიდესი ადგილი ეთმობა პიროვნებას, პატარა ადამიანის ბედს და მის დამოკიდებულებას გარე სამყაროს მიმართ. ადამიანის არსებობის ეგზისტენციალური საკითხი,  საკუთარი „მე“-ს ძიება, გაუცხოება „სხვებთან“ და საკუთარ თავთან მისი შემოქმედებითი ძიებების უმთავრესი პრობლემებია. ადამიანი XX საუკუნეში, ისე როგორც არასდროს, თავს დაუცველად აღიქვამს, საკუთარ მარტოობაში და „მიტოვებულობაში“ ის კარგავს საკუთარ „მეს“. „მოახდინა რა გაუცხოების აბსოლუტიზირება და გადააქცია რა იგი ადამიანის ონტოლოგიურ თვისებად (დაიყვანა რა მასზე გასაგნობრივებაც), პირანდელო შესაბამის ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს: რადგანაც ადამიანის ყოველი მოქმედება მისთვის მთლიანად გაუცხოვდება, ამიტომ იგი განწირულია მუდამ ეძებდეს და ვერ პოულობდეს საკუთარ თავს ამ მოქმედების შედეგებში, იყოს არა ერთი „მე“, არამედ ასი ათასი „მე“ და ვერც ერთ მათგანში ვერ ხედავდეს თავის ნამდვილ არსებას, შესაბამისად, არ ჰქონდეს არასდროს თავისი სახე, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, გახდეს თავისი თავის ავტორი. შედეგად, პირანდელოსეული „მე“ თავის მოძრაობაში უნდა დაუბრუნდეს იმას, საიდანაც დაიწყო - თავის „არარა“-ს, ამიტომ პიროვნება, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება კიდეც „არავინ“.[1]

გოლდონის და გოცის შემდეგ ახალი კომედიის რეფორმატორი ლუიჯი პირანდელოა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ პირანდელოზე, როგორც  იტალიური თეატრის რეფორმატორზე, ვინაიდან სწორედ მან გააკეთა განაცხადი კომედია დელ არტეს უსაზღვრო შესაძლებლობებზე. მაგალითად, ის რომ ამ ხერხს შეეძლო მრავალასპექტიანი ინტერპრეტაცია, როგორც პერსონაჟების დონეზე, ასევე, სათამაშო ხერხების მრავალფეროვნების შემოთავაზება. განიცადა რა კომედია დელ არტეს გავლენა, პირანდელომ გააფართოვა ტრადიციული საზღვრები. იყენებდა მის მთავარ თვისებას, როცა ნიღაბი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის გარკვეული ხასიათის თვისებას. ამასთანავე მიჰყვებოდა გოლდონის მოწოდებას ნიღაბი - ტიპაჟი შეეცვალათ მთლიანი ხასიათით, ფარსები ნამდვილი კომედიით. პირანდელოს პერსონაჟები უბრალოდ ნიღბები არ არიან, მათი ხასიათები განსხვავებულია და მაშინაც კი როცა პირანდელო საზღვრებში აქცევს ამა თუ იმ პერსონაჟის ამპლუას (შურისმაძიებლობა, მწუხარება და ასე შემდეგ), ამ ამპლუის საზღვრები ძალიან მოქნილია. ნიღაბი პირანდელოსთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ორ შემთხვევაში: ერთი მხრივ, როგორც კოსტიუმის დეტალი, ატრიბუტი და ნიშანი გარკვეული ამპლუის, მეორე მხრივ - როგორც ალტერნატივა სახისა, ან საერთოდ მისი ჩამნაცვლებელი.

 „ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)“ - პიესის სათაური უკვე შეიცავს მთავარ აზრს: სამყარო ისეთია, როგორიც ჩვენ გვეჩვენება, ის ყველასთვის განსხვავებულია და არსებობს ჩვენს წარმოსახვაში. ჩვენ ვხატავთ ჩვენი ცხოვრების სურათებს, ვცხოვრობთ განსხვავებულ რეალობაში, გვჯერა ჩვენ მიერვე გამოგონილი ისტორიების, ვთამაშობთ მათ ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად. ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიებში და ამ ილუზიების მიღმა არაფერია, სად არის ჭეშმარიტი რეალობა და არსებობს კი რეალობა? პირანდელომ პიესა თავისივე მოთხრობის - „ქალბატონი ფროლა და მისი სიძე ბატონი პონცა“- სიუჟეტზე ააგო. ამავე თემის და პრობლემის  გაგრძელებაა გენიალური  „ექვსი პერსონაჟი ავტორის ძიებაში“. ორივე პიესაში ავტორი იკვლევს ადამიანის ბუნების ორმაგობას - წინააღმდეგობას მის არსსა და „ნიღაბს“ შორის.

პიესის სიუჟეტი მოკლედ: ბატონი პონცა, რომელიც მიწისძვრის ზონიდან ჩამოვიდა ქალაქ ვალდანაში (ავტორის მიერ გამოგონილი), პრეფექტურაში მდივნად იწყებს მუშაობას  და ერთდროულად ორ ბინას  ქირაობს - ერთს თავისთვის და მეუღლისთვის, მეორეს სიდედრისთვის. ქალაქის მაცხოვრებლებში ეს ფაქტი დიდ ინტერესს გამოიწვევს: რატომ ხარჯავს ოჯახი ფულს ორ ბინაში. ამას მოხუცი ფროლა შემდეგნაირად უხსნის ცნობისმოყვარე მოქალაქეებს. ბატონი პონცა თვლის, რომ მისი ცოლი ოთხი წლის წინ გარდაიცვალა. მას ძალიან უყვარდა ცოლი, იმდენად რომ საწყალი ქალი მისი ვნებიანი სიყვარულისგან ფიზიკურად დასუსტდა. ახლობლები იძულებულები იყვნენ ქალი ქმრისგან მალულად დაეწვინათ საავადმყოფოში. ქმარი გადაწყვეტს და დაიჯერებს, რომ ცოლი გარდაეცვალა.  როდესაც ცოლი, გამოჯანმრთელებული ერთი წლის შემდეგ დაბრუნდება სახლში, პონცას ჰგონია, რომ ეს სხვა ქალია. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ამ ქალზე, როგორც სხვაზე, ხელახლა დააქორწინებენ პონცას. პონცა თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ოთხი წლის წინ მის სიდედრს ქალიშვილის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარებისგან გონება აემღვრა და მისი მეორე ცოლი, თავისი ქალიშვილი ჰგონია. სიმართლე ბოლომდე არასოდეს ირკვევა,  არც  მოთხრობაში და არც შემდგომ პიესაში.

თუმანიშვილის თეატრში გოგი მარგველაშვილის „ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)“ უმაღლესი პროფესიონალიზმით დადგმული სპექტაკლია. პირანდელოს, ამ გენიალურ, თუმცა ურთულეს დრამატურგს ასეთი ზუსტი გასაღები, ფორმა მოუძებნო იშვიათია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მის მიერვე რამდენიმე წლის წინ დადგმული პირანდელოს „ექვსი პერსონაჟი ავტორის ძიებაში“, ამ პიესის ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტაცია გახლდათ. მძიმე, ეგზისტენციალურ, ფილოსოფიური წიაღსვლებით დახუნძლული პიესა გადმოსცე გროტესკით, კომედია დელ არტეს ნიღბების ხერხების გამოყენებით, რაც პრინციპში პირანდელოს დრამატურგიაში არსებობს, ძალიან რთულია. თითქმის სამსაათიანი სპექტაკლი ერთი ამოსუნთქვით მიდის და ერთი წუთით მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.

გოგი მარგველაშვილმა პიესა თითქმის უცვლელად გადმოიტანა სცენაზე, ერთადერთი ცვლილება რაც შეიტანა ლაუდიზის და დინას პერსონაჟების გაერთიანებაა. რეჟისორმა სპექტაკლი თეატრში თეატრის ხერხზე ააგო, სამოედნო თეატრის მსგავსად, ინტერაქტიურობის მიზნით, მაყურებელი დარბაზის გარდა, სცენაზეც განათავსა და მიმდინარე ამბის მონაწილედ აქცია. რეჟისორის მიერ ამ პრინციპის გამოყენება პირანდელოს შემოქმედებიდან გამომდინარეა, ვინაიდან, სცენა სცენაზე - ხერხი ადრეც ცნობილი იყო, მაგრამ ასეთი დიდი მოცულობით შემოიტანა პირანდელომ. ეს სამყარო თეატრია - ყველა ადამიანი არის მსახიობი, რომელიც ამა თუ იმ როლს თამაშობს, მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისა თამაშობენ ამ როლს შეუგნებლად, არაცნობიერად. თითოეულმა ადამიანმა  შეგნებულად უნდა აირჩიოს თავისი როლი და შეგნებულად ითამაშოს.

 რეჟისორის კონცეფციის ამსახველია ნინო ჩიტაიშვილის სცენოგრაფია და კოსტიუმები. დეკორაცია შუა საუკუნეების სამოედნო თეატრის ასოციაციას ბადებს, სცენაზე რკინის კონსტრუქციაზე დამაგრებული ფარდით, თუ ფარდის გახსნის შემდეგ, სიღრმეში, უკანა კედელზე გადაჭიმულ ტილოზე აღბეჭდილი იტალიური სახლის ეზოს გამოსახვით. თითქმის ყველა პერსონაჟს ფერადი, წითელ, ყვითელ, ლურჯ, თეთრ ფერებში გადაწყვეტილი, ექსტრავაგანტური კოსტიუმი აცვია, გარდა ქალბატონი ფროლასი და ბატონი პონცასი, ისინი შავებში არიან გამოწყობილები.

გოგი მარგველაშვილმა მსახიობებთან ერთად შექმნა მძაფრი, მწყობრი რიტმით აგებული, კომპოზიციურად შეკრული სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს პირველივე წუთებიდან  იპყრობს მოვლენათა რიგის განვითარებით, ქმედითი დიალოგებით. უდიდესი პროფესიონალიზმით შექმნილი სახე-ტიპაჟები ადამიანის არსებობის ეგზისტენციალურ პრობლემებზე დაგვაფიქრებენ, პრობლემებზე რომლებიც აბსურდულობამდეც კი მიდის. პროგრამაზე გამოტანილი ბატონი პონცას სიტყვები: „განა თავად არ მოგეხსენებათ რომ ცხოვრებაში ათასგვარი შეუსაბამობა ხდება, რაც სინამდვილეს სულაც არა ჰგავს,თუმცა კი ზოგჯერ სწორედ ეს შეუსაბამობა გახლავთ სწორედ სინამდვილე“! - სპექტაკლის მთავრ სათქმელად, რეჟისორის კონცეფციად შეგვიძლია აღვიქვათ. რეჟისორმა სხვასთან ერთად წინ წამოსწია საზოგადოების დაპირისპირება საკუთარი თავის, „მე“-ს ძიებაში მყოფ ადამიანთან. მსახიობებმა: რუსიკო ბოლქვაძემ, გოგა პიპინაშვილმა, გია როინიშვილმა, ანა მატუაშვილმა, ნინო ლორთქიფანიძემ, ეკა ჩხეიძემ, გია აბესალაშვილმა, დარეჯან ჯოჯუამ, დარეჯან ხაჩიძემ, თემო გვალიამ, თორნიკე ნიკურაძემ, ანა-მარია გურგენაშვილმა - გოგი მარგველაშვილის მიერ მიცემული ზუსტი ამოცანებით სცენაზე შექმნეს ტიპაჟი-ნიღბები: სიდედრის, სიძის, სიდედრის შვილისა თუ სიძის მეორე ცოლის, მრჩევლის, მრჩევლის ცოლის, ქალიშვილის, მეგობარი ქალის, მეგობარი კაცის, მათი მეგობრის, მეგობრის მეგობრის, პრეფექტის, მსახურის. მოკლედ, რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა საზოგადოების მინი მოდელი წარმოაჩინეს. ამ საზოგადოებიდან სამი მათგანი: სიდედრი, სიძე და სიდედრის შვილი თუ სიძის მეორე ცოლი - „განსხვავებულია“, ცხოვრების წესით არ ეწერებიან პატარა, პროვინციული ქალაქის ყოფაში. ე. წ. საზოგადოება, რომელიც სხვის ცხოვრებაში „ცხვირის ჩაყოფით“ სულდგმულობს, საბოლოოდ მათ იძულებულს ხდის ამ ქალაქიდან წავიდნენ.

ანა მატუაშვილი, ეკა ჩხეიძე, დარეჯან ჯოჯუა და დარეჯან ხაჩიძე პროვინციულ ქალაქში მცხოვრებ ქალთა ტიპაჟებს ქმნიან. მათი ცხოვრების მთავარი აზრი სხვის ცხოვრებაში „ცხვირის ჩაყოფა“, სხვისი პირადი ამბების გაგება და ჭორაობაა. მართალია ისინი სხვადასხვა სოციალურ წრეს მიეკუთვნებიან, მაგრამ მათი ინტერესების სფერო არაფრით განსხვავდება. წითელ და ყვითელ ექსტრავაგანტურ კაბებში შემოსილი  ანა მატუაშვილის და ეკა ჩხეიძის „ძლიერი“ ქალები, თუ უგემოვნო პროვინციელი ქალების კოსტიუმებში გამოწყობილი დარეჯან ჯოჯუას და დარეჯან ხაჩიძის - დედის, მეუღლის, მეგობრის ნიღბებს ამოფარებულები პერსონაჟები სხვისი ცხოვრების გამოძიება-გამოაშკარავებით სულდგმულობენ. მსახიობები თავიანთი პერსონაჟებისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაციით, პლასტიკით, მიმიკით, მეტყველების მანერით თუ ხმის ტემბრით ძერწავენ დასამახსოვრებელ სახე-ტიპაჟებს.

გია როინიშვილი გაწკეპილი ულვაშებით, ხან მკაცრი ჩინოვნიკის (მრჩეველი), ხან კი ღიმილიანი გამომეტყველებით მოსიყვარულე მამის და ოჯახის უფროსის ტიპაჟს ქმნის. ცოლის და ქალიშვილის ე. წ. შეურაცხყოფისთვის (ბატონი პონცა მის სიდედრთან - ქალბატონ ფროლასთან ვიზიტით მისულ მის ცოლსა და ქალიშვილის სახლში არ შეუშვებს) სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებას არ თაკილობს, ბატონ პონცაზე საჩივლელად პრეფექტთან მიდის, რათა უხამსი საქციელისთვის პასუხი აგებინონ. 

გია აბესალაშვილის - ქმარი - ცოლს დამონებული კაცის ნიღაბს განასახიერებს. ცოტა მოუქნელი, დონდლო, ჭამაზე ორიენტირებული, ცოლის აქტიური ხასიათით დაბეჩავებული, ძირითადად მდუმარე ადამიანი, შიგა და შიგ იღებს ხოლმე ხმას, თუმცა იუმორის გრძნობაც გააჩნია და ხანდახან სიტუაციის ზუსტ შეფასებებსაც აკეთებს.

ახალგაზრდა მსახიობი  ნინო ლორთქიფანიძე რომლის პერსონაჟშიც რეჟისორმა ქალიშვილისა და ლაუდიზის ტიპაჟები გააერთიანა, ძალიან საინტერესო სახეს წარმოაჩენს. მხიარული ბუნების, სხარტი, მოქნილი გონების მქონე დინა, ამ საზოგადოებაში ერთადერთი ადამიანი ვისაც საღად აზროვნების უნარი გააჩნია და სხვების ზღვარგადასული, უსაქმურობისგან გამოწვეული ცნობისმოყვარეობის წინააღმდეგ გალაშქრება შეუძლია. ამ დაპირისპირებისას ის იუმორის გრძნობასაც არ კარგავს და ხშირად ამასხარავებს კიდეც „ბრძენ“ უფროსებს.

თემო გვალიას პრეფექტი თავის თავში დარწმუნებული, ყეყეჩი, ამპარტავანი, მოჩვენებითად საქმიანი უფროსის ნიღაბს ქმნის, თორნიკე ნუკრაძის მსახური კი ყველაფრის საქმის კურსში მყოფი და თვალ-ყურის მადევნებელი ადამიანის ტიპაჟს წარმოაჩენს, ტიპაჟს რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, მაგრამ ქმედებაში არასდროს ჩაერევა.

რუსიკო ბოლქვაძის ქალბატონი ფროლა და გოგა პიპინაშვილის ბატონი პონცა პიესაშიც და სპექტაკლშიც მოვლენათა რიგის განვითარების, ქმედების, კვანძის შეკვრის, კულმინაციის და კვანძის გახსნის მამოძრავებელი ღერძები არიან. რუსიკო ბოლქვაძე სამსახიობო ოსტატობით ძერწავს ხანში შესული კოხტა, ჯერ კიდევ პრანჭია, ნიჭიერი (მშვენივრად უკრავს აკორდეონზე და მღერის), ერთდროულად მხიარული და სევდიანი ქალის სახეს. ის ხან მოსიყვარულე სიდედრის, ხან მგლოვიარე დედის, ხან მხიარული, პრანჭიკელა, რაღაც მომენტებში ინტრიგანი ქალის ნიღაბს ირგებს. მისი ნიღბები სიტუაციებისა თუ მოვლენების მიხედვით იცვლება, მაგრამ ყოველი მისი ნიღაბი იმდენად ბუნებრივია, რომ ძნელია გაარჩიო ამ ნიღაბთაგან რომელია მისი ნამდვილი „მე“, საერთოდ, არსებობს კი  ქალბატონი ფროლას ნამდვილი „მე“? განსხვავებულია გოგა პიპინაშვილის ბატონი პონცა. მსახიობი ერთ ნიღაბს ამოფარებულ ტიპაჟს ქმნის - შუა ასაკში მყოფი, ნერვიული, მუდამ დამწუხრებული, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი. გოგა პიპინაშვილის ბატონი პონცა - უიღბლო ადამიანია, ჯერ იყო და პირველი, უსაყვარლესი ცოლი გარდაეცვალა (ან არ გარდაეცვალა, მაგრამ პონცა ასე თვლის), მერე კი მთელი მისი ნათესაობა მიწისძვრამ გაანადგურა. მსახიობის პლასტიკაში, ჟესტიკულაციაში, მიმიკაში, მეტყველებაში პერსონაჟის ცხოვრებისეული სიმძიმე აისახება. 

ზემოთ აღვნიშნე, რომ გოგი მარგველაშვილმა თითქმის ცვლილებების გარეშე განახორციელა პირანდელოს პიესა. რეჟისორმა სკრუპულოზურად დაამუშავა თითოეული სცენა, პიესის ტექსტი, თითოეული სახე-ნიღაბი, მსახიობებს სწორი და ნათელი ამოცანები მისცა სცენაზე პერსონაჟების გასაცოცხლებლად. პიესის სცენური სიცოცხლისთვის ზუსტ ფორმასა და ხერხს მიაგნო, სამსაათიანი სპექტაკლი ისეთ რიტმში ააგო, რომ დროის მსვლელობას ვეღარ გრძნობ და მთლიანად ჩართული ხარ სცენაზე მიმდინარე მოვლენებში. მსახიობების მიერ შექმნილ პერსონაჟებთან ერთად გაინტერესებს, გტკივა, გიხარია, იცინი და ტირი, შენც იმ საზოგადოების ნაწილად გრძნობ თავს. ფინალში, კვანძის გახსნისას, როდესაც ცნობისმოყვარე საზოგადოების წინაშე, ბოლოს და ბოლოს წარდგება ბატონი პონცას პირველი (სიდედრის შვილი) თუ მეორე ცოლი, გოგი მარგველაშვილმა მუხტის გასამძაფრებლად მესაფლავეები შემოიყვანა (რაც პიესაში არ არის). ისინი პირობით საფლავს თხრიან, სასახლეს ამოიღებენ და სცენაზე დგამენ. ფინალურ მომენტში, როდესაც ანა-მარია გურგენიშვილი მიმართავს გარშემო მყოფთ (გარშემო მყოფებში მაყურებელიც იგულისხმება): „აბა, ახლა ჩემგან რაღა გინდათ  ბატონებო? …  რა, რა უნდა გითხრათ? სიმართლე? სიმართლე ესაა: დიახ, ამ ქალბატონის შვილი ვარ, და მისი ყოფილი სიძის მეორე ცოლიც.“ პრეფექტი კი უპასუხებს, ეს შეუძლებელია, ან ერთი უნდა იყო, ან, მეორე. სენიორა პონცა სახეზე ჩამოფარებულ ვუალს აიხდის და ამბობს: „არა ბატონებო, მხოლოდ ის ვარ, რასაც სხვები ხედავენ.“ ამ მომენტში სასახლე გადაიშლება და აღმოჩნდება, რომ ის ცარიელია, მასში არავინაა. აქ უნებურად გამახსენდა პირანდელოს ფილოსოფიური რომანი „ვიღაც, არავინ, ასი ათასი“, ვიტანჯელო მოსკარდა უეცრად აღმოაჩენს, რომ ადამიანი „ერთი“ არ არის, ის „ასი ათასია“, იმდენი, რამდენ ადამიანთანაც აქვს ურთიერთობა. ის, ვინც ამ აღმოჩენას აკეთებს, ხდება „არავინ“, რადგან იმასღა ხედავს, თუ სხვათა წინაშე როგორ წარმოდგება.

ვფიქრობ, გოგი მარგველაშვილის „ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)“ ბოლო პერიოდში დადგმულ სპექტაკლთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა - სარეჟისორო ნამუშევრით, პიესის ინტერპრეტაციით, კონცეფციით, სამსახიობო ანსამბლით, მხატვრობით...  წარმოდგენა, რომელიც ერთდროულად სევდისა და იუმორის მომგვრელია ეგზისტენციალურ საკითხებზე დაგაფიქრებს - რომელი რეალობაა სინამდვილე, არსებობს კი რეალობა, თუ ყველაფერი ილუზიაა. ყოველ ადამიანს თავისი რეალობა, სინამდვილე აქვს, ყოველი ჩვენგანი რაღაც ნიღაბს ირგებს და ამ ნიღბით ცხოვრობს, შენ ის ხარ, როგორადაც სხვები აღგიქვამენ.

 

[1] თოფურიძე ე. ლუიჯი პირანდელოს ფილოსოფიური კონცეფცია, გამ. „კენტავრი“, თბ. 2010 წ. გვ. 175.

ფოტო: კახაბერ შარტავა

bottom of page