რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი - 2023
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გიორგი ყაჯრიშვილი
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2023
„თეატრის აზრი უწინარესად ეს ყოფილა
და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს,
სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს,
ბიწიერებას მისი უმსგავსოება“.
რეგიონული თეატრალური ფესტივალს შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა, რომელიც მის სამხატვრო ხელმძღვანელ ნინელი ჭანკვეტაძეს ეკუთვნოდა მდგომარეობდა იმაში, რომ მისთვის სასწავლო დანიშნულება მიეცათ, შეექმნათ და აემუშავებინათ ასე ვთქვათ არტბანაკი, სადაც გამოვლინდებოდნენ ახალგაზრდა ნიჭიერი დამწყები მსახიობები და გაივლიდნენ პრაქტიკულ ტრენინგებს მათი შემდგომი დახელოვნების მიზნით.
და აი, უკვე მეცხრე წელია ფესტივალი დღემდე პირნათლად ასრულებს დასახულ ამოცანას და სხვადასხვა ქალაქის თეატრებში დადგმულ წარმოდგენათა დათვალიერებასთან ერთად, მოწვეული პედაგოგები ან ჩამოსული უცხოელი კოლეგები მასტერ-კლასებსა და შეხვედრებს ატარებენ. ასე იყო წელსაც. ფესტივალის ორგანიზატორებმა თეატრის შვებულებების პერიოდში დაგეგმეს მისი მიმდინარეობა, რათა უფრო მეტი ახალგაზრდა მსახიობს მიეღო მონაწილეობა ამ ტრენინგებში, თუმცა ზოგიერთ თეატრში სეზონის დახურვის ვადებმა გადაიწიეს (მაგ. ფოთის, ზესტაფონის), ზოგიერთი თეატრიდან სხვადასხვა მიზეზის გამო მსახიობები საერთოდ არ ჩამოვიდნენ, რაც თავისთავად ძალიან საწყენია. ქართველი მსახიობის დასწრება უცხოეთში გამართულ ტრენინგებზე საკმაოდ რთულია, ენის ბარიერის გარდა მათი ხელმოკლეობის გამოც და როდესაც აქ ჩამოსულ უცხოელი სპეციალისტების შეხვედრებში არ იღებ მონაწილეობას გაუგებარი და გასაკვირია.
მასტერ-კლასები, რომელიც აქ ტარდებოდა და ტარდება ახლაც ეს ის სკოლაა, რაც აუცილებლად სჭირდება თანამედროვე თეატრს, ახალგაზრდებს, არა იმიტომ, რომ მათ შესაბამისი განათლება არა აქვთ, არამედი იმიტომ რომ სხვა ქვეყნების, სხვადასხვა თეატრალური სკოლის წარმომადგენლები ხვდებიან მსახიობებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, ატარებენ ტრენინგებს, ფიზიკურ და მეტყველებით სავარჯიშოებს, თეორიულ ლექციებს და პრაქტიკულ ღონისძიებებს. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი-პედაგოგები იყვნენ რეჟისორი, ბრანდეის უნივერისტეტის (აშშ) ასისტენტ-პროფესორი დიმიტრი ტროიანოვსკი, ქოლგეიტის (აშშ) უნივერსიტეტის თეატრალური განყოფილების უფროსი ლექტორი სიმონა გიურგეა, ნიუ-იორკელი რეჟისორი ანდრიან გიურგეა, შექსპიროლოგები ჩარლზ ფერბენქსი და ვერა გოგოხია, შექსპირის ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი, რეჟისორი მანანა ანასაშვილი.
წლევანდელი მეცხრე ფესტივალი ნაჩვენები სპექტაკლები და მასტერ-კლასები მიეძღვნა უილიამ შექსპირის სრული კრებულის „პირველი ფოლის“ გამოქვეყნების 400 წლისთავს. ამიტომაც ამ ფესტივალზე მოწვეულ იქნა ის თეატრალური კოლექტივები რომელთაც ამ დრამატურგიის პიესები ჰქონდათ რეპერტუარში. ეს იყო ერთგვარი შექსპირის საღამოები სტუდენტებისთვის, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სენაკის დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდა და კულტურის ცენტრში შემდგომ კი ფოთის კულტურის სახლში პრაქტიკულ ვარჯიშებს გადიოდნენ, ხოლო საღამოს მაყურებელთან ერთად ამ წარმოდგენებს ესწრებოდნენ. ამ მასტერ-კლასების ერთგვარი წარმოდგენა სწორედ ამ ახალგაზრდა მსახიობებმა გამართეს - სცენიდან წაიკითხეს უილიამ შექსპირის სონეტები (თარგმანი რეზო თაბუკაშვილის), რომელსაც დარბაზიდან შეუერთდნენ მსახიობები: ქეთი ლუარსაბიშვილი, ვანო იანტბელიძე, ირაკლი კვერღელიძე, ხოლო ვერა გოგოხიამ მისი ერთი სონეტი ინგლისურ ენაზე წაიკითხა. ამ შექსპირის სონეტების საღამოზე სცენაზე იდგნენ ახალგაზრდა მსახიობები: ნანა ისიანი, სალომე დოლიძე, მარი გაბაძე, მარი არღუნაშვილი, გაგა მახათაძე, ბექა ჩხაიძე, ნიკოლოზ გვაზავა, ლუკა ჩიბუხაია.
არანაკლებ საინტერესო იყო თეორიული ტიპის შეხვედრები და ლექციები პროფესორების მანანა ანასაშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმოხილვა შექსპირის პირველი ფოლიოს შესახებ და ჩარლს ფერბენქსის „პოლიტიკური ჩიხიდან თავის დაღწევა შექსპირთან ერთად“ რაც მოიცავდა შექსპირისეული ეპოქის რელიგიურ დაპირისპირების ასახვას, რაც შემდგომ თეატრი და წითელი ვარდის ომში გადაიზარდა და როგორ გაგრძელდა რიჩარდ მესამის მმართველობის დროს.
ფესტივალი კი გაიხსნა სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ დრამატული თეატრის სპექტაკლით უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“. უნდა ითქვას რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ნიკოლავა თავის სპექტაკლებში სინთეზური თეატრის ჟანრს და სტილს ირჩევს. მის უკვე დადგმულ სპექტაკლებში ჯან ბატისტ მოლიერის „ჰარპაგონი“, ნოდარ დუმბაძის „ჰელადოს“ სჭარბობს მუსიკა და ცეკვა, პლასტიკა, მოსწავლე-ახალგაზრდა და კულტურის ცენტრის თეატრალური სტუდიის აღსაზრდელები არიან. წარმოდგენა, რომელიც ცოცხალი მუსიკის ნინო როტას მელოდიების თანხლებით (მევიოლინე ნათია შურღულაია, გიტარისტი გოჩა ჯგერენაია) იწყება. სცენაზე დიდი შავი კონსტრუქცია, შუაში შესასვლელი, კარი-ჯვრით (სცენოგრაფი აივენგო ჭელიძე), რომელიც ხშირად იცლება სხვადასხვა დანიშნულებით, ხან კაპულეტების სასახლის კედელია, ხან ცნობილი კიბე და აივანი ამავე სასახლეში, ხან ჯულიეტასა და რომეოს სარეცელი და ხან კიდევ აკლდამა, სადაც ეს ორი ახალგაზრდა სიცოცხლეს გამოემშვიდობება. მსახიობთა ჩაცმულობაშიც შავი ფერი დომინირებს, მხოლოდ მერკუციო (ირაკლი კვერღელიძე) ატარებს ფერდ-საზეიმო ტანსაცმელს და ჯულიეტას (სოფო ჩალაშვილი) თეთრ ღამის პერანგში სპექტაკლის მიწურულს. ამ ორი, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ოჯახების მონტეკების და კაპულეტების ისტორიას გვიყვება სენაკის თეატრის, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ დრამატული თეატრის (ჯანო იზორია, ირაკლი კვერღელიძე) და ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის პროფესიულ დრამატული (თემო ფირცხალაიშვილი) თეატრის მსახიობებთან ერთად.
უდიდესი დრამატურგი ყოველთვის თანამედროვეა. პიესა 428 წლის წინ დაიწერა მეზობელთა, ერეთა, საგვარეულოების, ხანდახან ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება და შუღლი დღესაც გრძელდება და მიუხედავად იმის რომ მონტეკებისა და კაპულეტების შუღლის ტრაგიკული ამბავი ყველამ იცის, დიდმა თუ პატარამ ის ვერ გახდა გაკვეთილი სხვადასხვა თაობებისთვის. ის აქცენტები, რომელსაც რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა აკეთებს თავის სპექტაკლში მძაფრია და იმის დასტურია რომ პრობლემა დღესაც არსებობს, არსებობენ ტიბალტები (აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ჯანო იზორიას მიერ შექმნილი ამ ჩხუბისთავი და ბოროტი პერსონაჟის შესანიშნავი სახე) ვისთვისაც შურისძიება, ვიღაცის დასჯა „მტრის“ განადგურება მოთხოვნილებად აქვს გადაქცეული. მას ვერ აკავებს ვერც მერკუციოს (ასევე ძალიან გამომსახველად და მაღალი მსახიობური ოსტატობით და ორიგინალურად შექმნილი ირაკლი კვერღელიძის მიერ) ირონია და ცოცხალი იუმორი, ვერც რომეოს (თემო ფირცხალაიშვილი) ბოდიში და შერიგებისთვის გაწვდილი ხელი და ხდება ის რაც უნდა მოხდეს: იღუპებიან უდანაშაულონიც და დამნაშავენიც, რიგდებიან გადამტერებული ოჯახები, მაგრამ რისთვის? არცერთ მათგანს მემკვიდრე და გვარის გამგრძელებელი არ რჩება.
სენაკის თეატრმა და მთელმა შემოქმედებითმა კოლექტივმა (ქორეოგრაფი დავით მეტრეველი) ბევრი იმუშავა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შექსპირისეულმა მძიმე ტექსტმა (თარგმანი ვახტანგ ჭელიძე) და სპექტაკლის ხანგრძლივობამ აშკარად დაღალა მაყურებელი და ოდნავ ელფერი დაუკარგა იმ სიამოვნებას, რაც შეიძლება წარმოდგენისგან მიგვეღო.
რეჟისორების გია მარღანიას და თანარეჟისორის დიმიტრი ხვთისიაშვილს მიერ კოტე მარჯანიშვილისა და პეტრე ოცხელის საიუბილეოდ შექმნილი „ოტელო“ თოჯინური წარმოდგენაა, სადაც გამოყენებულია რეჟისორის მიზანსცენები და რაც მთავარია მხატვარ პეტრე ოცხელის მიერ შექმნილი სცენოგრაფია და კოსტიუმების ესკიზები რის მიხედვით მეთოჯინე ვახტანგ ქორიძემ შექმნა ხუთი ძირითადი პერსონაჟი ამ ტრაგედიიდან. ეს სპექტაკლი იმითაცაა საინტერესო რომ გვახსენებს იმ შესანიშნავ თეატრალურ წასულსა და კულტურას, რომლის შთამომავალიც დღევანდელი ქართული თეატრია. რეჟისორები არ უღრმავდებიან ჯერ კიდევ ხშირად არსებულ პოლემიკას თუ რა ამოძრავებდა იაგოს, ვითომ ოფელიას სიყვარული თუ ძალაუფლებისკენ სწრაფვა, თუ მხოლოდ მავრის და ქვეყნის დამპყრობის წინააღმდეგ მიმართ სიძულვილი, თუ თვით ოტელო, რომელიც საკუთარი კომპლექსების მსხვერპლი ხდება და იაგოს ხრიკებს წამოეგება.
ირანული კინოხელოვნება დღეს საუკეთესო რომაა მსოფლიოში ამაზე მგონი არ ღირს კამათი. არ დარჩა არც ერთი კინოფესტივალი, სადაც მათ მთავარი პრიზი არ აუღია. აი ახლა ლოკარნოს კინოფესტივალი დასრულდა და მთავარი პრიზი გადაეცა ალი ახმედზადეს ფილმს „კრიტიკული ზონა“, ხოლო „და კუებსაც შეუძლიათ ფრენა“ (რეჟისორი ბახმან გობადი) იყო ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2004 წელს „ოქროს პრომეთე“ დაიმსახურა. მაგრამ თეატრალური ხელოვნების შესახებ ნაკლებად ცნობილია საქართველოში და რეგიონული ფესტივალი ერთ-ერთია რომელიც ხშირად მასპინძლობს იქაურ თეატრალურ კოლექტივებს. ამჯერად ფესტივალის სტუმარი იყო Mostagel თეატრალური კომპანია, რომელმაც უილიამ შექსპირის „კორიოლანოსი“ წარმოადგინა (რეჟისორი და სცენოგრაფი მუსტაფა კოუშკი). ეს არავერბალური სპექტაკლი შექმნილი ავტორს ტექსტზე, სადაც ძირითადი აქცენტი გადატანილია იმაზე, თუ როგორი დამღუპველია ქვეყნის განვითარებისთვის ტირანია, ერთმმართველობა და რაოდენ ძლიერი უნდა იყოს საზოგადოება და მისი თვითშეგნება, რომ შეებრძოლოს მას. ყველაფერი მუსიკაში, განათებასა, მოძრაობასა და პლასტიკაში გადატანილი. ძირითადად დომინირებს შავი, ბნელი გარემო. სცენაზე მხოლოდ ერთი ტრენაჟორია - ასე ვთქვათ ზოგჯერ სამეფო ტახტი, რისთვისაც იბრძვიან, რაზეც მარცხდებიან, ვარდებიან, ხელახლა ადიან და ისევ ვარდებიან, ზოგჯერ ეშაფოტი, რაზეც იღუპებიან. სპექტაკლის რეჟისორი ქმნის უფრო თანამედროვე სურათს, იყენებს მიტინგისა და საერთო პროტესტის, სახალხო გამოსვლის ფორმებს - მასობრივ გამოსვლებს ლოზუნგით „ძირს არისტოკრატია“, რაც ერთგვარად ჩვენებრ „გადადექი“ -ს გვაგონებს. ხშირად თვით მასა ქმნის ტირანს და დიქტატორს, მას ეთაყვანება, პატიებს იმას, რასაც ხშირად საკუთარ თავს არ აპატიებს და ისჯება, ისჯება მწარედ. ირანელთა სპექტაკლი ნამდვილად მასობრივი სპექტაკლია, ძნელია მასში გამოყო რომელიმე შემსრულებელი, ყველა მათგანს ზუსტად მოაქვს მაყურებლამდე რეჟისორის მთავარი სათქმელი - არატირანად დაბადებული ადამიანის დიქტატურისკენ სწრაფვა დროულად უნდა აღიკვეთოს საზოგადოებამ, თუნდაც ეს საკუთარი დედის ან სხვა ახლობლის სურვილით და ზეწოლით მიმდინარეობდეს, ხალხის მასამ, ვინ ჯერ კიდევ თანაუგრძნობს, ვინ ცხადად ხედავს საით მიჰყავს ზედმეტ აღიარებს გმირი, რომელსაც შეუძლია დიდი უბედურება დამართოს ქვეყანას.
„ვთამაშობ ჰამლეტს“ (რეჟისორი, ქორეოგრაფი და მუსიკა ჰაიკ ისრაელიანი), კიდევ ერთი არავერბალური წარმოდგენაა, შემოთავაზებული ჩვენი მეზობელი სომხეთის თეატრ „ფორმის“ მიერ, ეს დასი პირველად არ მონაწილეობს ამ ფესტივალზე და მათი წარმოდგენები კარგადაა ცნობილი ფესტივალის სტუმრებისთვის. ამჯერად კომედია დელ ’არტეს ჟანრში შესრულებული წარმოდგენა შავ-თეთრ ფერებშია, ნიღბებით, უმცირესი აქსესუარებით, ვიდეოინსტალაციით. ჰამლეტის ტრაგიკული ამბავი პანტომიმით განსახიერებული.
და ბოლოს ფესტივალის დახურვის წარმოდგენა „ქალიშვილები“ - სრულიად განსხვავებული, ორიგინალური და უაღრესად საინტერესო. ის რომ იაპონელებს განსაკუთრებული ტრადიციული თეატრალური კულტურა გააჩნიათ ეს ახალი არაა, მაგრამ გაგვაოცა მათმა ახლებურმა დამოკიდებულებამ შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიესის „მეფე ლირის “ მიმართ. ეს იყო ძალიან თამამი გადაწყვეტა იმის შესახებ თუ როგორ „იძია“ შური ლირმა შვილებზე, როგორი ცხოვრებით იარსებებს მათ მამის მიმართ დაშვებული საბედისწერო შეცდომების გამო და რაც მთავარია, როგორ მოინანიეს მათ ეს დანაშაული. სპექტაკლში მხოლოდ ქალები მონაწილეობენ: სამი და, მათი დედა და თვით ლირი, რომელსაც ასევე ქალის კაბით გვევლინება სცენაზე და მხოლოდ მაშინ იხდის ამ სამოსს როცა სამივე ქალიშვილს სასიკვდილო სარეცელზე ნახავს. ცხადია კორდელია მისი სუსტი წერტილია - „ერთი ეს ღილი შემიხსენი“ ეს ფინალური ფრაზა აქაც ჟღერს, თუმცა რეჟისორი მხოლოდ შექსპირისეული ვერსიის სცენაზე გადატანით არ კმაყოფილდება. იგი ნახულობს იაპონურ ანიმეს და მის მიხედვით აგებს ამ პიესის მთავარ ინტრიგას და ნიშანდობლივია რომ ეს იაპონური ნოველა მართლაც ერთი ერთში ჯდება „მეფე ლირის“ ამბავთან.
„კატაბო“ რაკუგო მეჩვიდმეტე საუკუნის კომიკსია მამაზე, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავდა. აქვე გამოყენებულია სცენები „საზაე-სანიდან“ იაპონური მანგადან, ანიმაციიდან ჰასეგა მაჩიკოს სცენარის მიხედვით. რეჟისურა, მხატვრობა და დიზაინი ტაგუცი აიაკოს ეკუთვნის. ძირითადი აქცენტი მაინც იაპონელი ქალების ცხოვრებისეულია, მათი ტანჯვაზე, მათ განცდებზე და იმაზე თუ რა ადგილი უკავია ქალს იაპონურ საზოგადოებაში. ძალიან ორიგინალურად გვთავაზობს რეჟისორი ლირის მიერ შურისძიების სცენას: შუაში დიდი მაგიდა დგას, რომელზეც ჯერ-ჯერით წვებიან ლირის ქალიშვილები: გონერილა, რეგინა და კორდელია, ერთიდაიმავე მუსიკაზე, ერთი და იგივე პლასტიკური მოძრობებით და ერთი და იგივე ტექსტით ეს სცენა სამჯერ მეორდება, სამჯერ ინანიებენ თავის დანაშაულს ქალიშვილები და ბოლოს ამ მაგიდაზე თვითონ ლირი ადის, ქალის კაბას შემოიხევს და ჩვენს წინაშე ნახევრადშიშველი ლირი წარდგება - გამარჯვებული და კმაყოფილი.
რეგიონული თეატრების მეცხრე ფესტივალი დასრულდა, იმედია საიუბილეო მეათე ფესტივალიც ჩატარდება ახალი გეგმებით, ახალი კოლექტივებით ახალი წარმოდგენებით.