top of page

 „რიგოლეტო“. შთაბეჭდილება

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

330858188_758162552082047_2610827564020184741_n.jpeg

ლელა ოჩიაური

 „რიგოლეტო“. შთაბეჭდილება

თბილისის „ქარვასლის“ თეატრში, 1853 წელს,  საქართველოში პირველი პრემიერიდან 170 წლისა და არაერთხელ დადგმის შემდეგ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის 171-ე სეზონში, ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“, ოთხდღიანი, ახალი, „დამაბრუნებელი“ საპრემიერო ჩვენებები გაიმართა. (2023 წელი ვერდის 210 წლის საიუბილეო წელია) მონტე კარლოს ოპერის თეატრის სპექტაკლი, ორიგინალური ვერსიითა და გარკვეული კორექტივებით, ქართული შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით წარმოადგინეს და საქართველოს სახალხო არტისტ, რიგოლეტოს პარტიის ბრწყინვალე შემსრულებელ, ბარიტონ რევაზ კაკაბაძის ხსოვნას მიუძღვნეს.

„რიგოლეტო“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ, განთქმულ მომღერალ, დრამატულ ტენორ ბადრი მაისურაძის  პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს. ეს პროექტი რამდენიმე წელია, გრძელდება და  მსოფლიოს  საოპერო თეატრებიდან, სხვადასხვა კომპოზიტორის სხვადასხვა დროს  დადგმული სპექტაკლების ჩამოტანას გულისხმობს (თბილისის ოპერის შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობით, ზოგჯერ, უცხოეთში მყოფ ქართველ და უცხოელ სოლისტებთან ერთად).

მზა პროდუქციის ჩამოტანა რეპერტუარის, შედარებით, მოკლე დროში გამდიდრების, გამრავალფეროვნების; სპექტაკლებში, რაც შეიძლება, მეტი მომღერლის მონაწილეობის; მსოფლიოს საოპერო ხელოვნების ტენდენციებისა და არსებული მდგომარეობის, შემოქმედებითი პროცესების გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. ესაა პროექტის ერთ-ერთი უპირატესი ფაქტორი, მიზანი და ამოცანა.

ამ ციკლის, მიმდინარე (2022-2023 წლების) სეზონის, სპექტაკლების რიცხვშია „რიგოლეტოც“, რომლის საპრემიერო წარმოდგენები თებერვალში გაიმართა (ჯაკომო პუჩინის „ბოჰემის“ შემდეგ, ასევე მონტე კარლოს ოპერიდან), ჟან ლუი გრინდას რეჟისურით, რუდი საბუნგის სცენოგრაფიით, ესტერ მარტინის კოსტუმებით, ლორან კასტენის განათებით.

სპექტაკლის თბილისური ვერსიის დამდგმელი დირიჟორია - ზაზა აზმაიფარაშვილი, მთავარი ქორმაისტერი - ავთანდილ ჩხენკელი, რეჟისორები - ქეთევან-ხათუნა ბედელაძე, ლელა გვარიშვილი, ზაზა აღლაძე, მხატვარი-მოდელიერი - თამარ ჩარგეიშვილი, სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი - ამირან ანანიაშვილი, სცენის მთავარი მემანქანე - გია გელაძე, სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი - მარინა ბურჭულაძე.

„რიგოლეტო“ ამ, პირველ ჯერზე, ოთხჯერ და  სხვადასხვა შემადგენლობით წარმოადგინეს. იცვლებოდნენ დირიჟორები (ფაბრიციო კასი, ფაბრიციო კარმინატი, ზაზა აზმაიფარაშვილი, ლევან ჯაგაევი); სოლისტები - მთავარი, მეორე და მესამე პარტიების შემსრულებლები. ამ უკანასკნელებიდან, ზოგიერთი, სხვადასხვა დღეს, სხვა პარტიებსაც ასრულებდა. იცვლებოდნენ, ნაწილობრივ, მუსიკოსებიც.

ვოკალისტების შემადგენლობაში, მონაცვლეობით იყვნენ ქართული საოპერო ხელოვნების ცნობილი მომღერლები, საუკეთესო ხმები და მათ გვერდით ახალი თაობის წარმომადგენლები და ახალბედები -  გიორგი ონიანი, ლეგი იმედაშვილი, სოფიო მჭედლიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, მანანა იორდანიშვილი, ვანო გალუაშვილი, გიორგი ლომისელი, თამაზ საგინაძე, ლევან მაკარიძე, მარიამ ქობალიანი, ლევან თაბუკაშვილი, ნათია ბეჟაშვილი; ირაკლი მურჯიკნელი, ალინა ტკაჩუკი, კახა თეთვაძე, თეა დემურიშვილი, მარიამ ბარათაშვილი, ფილიპე ღაჭავა, დავით ჭყონია, ირაკლი მუჯირი, გვანცა აბურჯანია, ირაკლი კორიფაძე, მარიანა ბერიძე, გოჩა დათუსანი, ივონ მარფრედა, გივი გიგინეიშვილი, თეკლა ჯაყელი; ალექსანდრე თიბელიშვილი, მამუკა ლომიძე, მარიკა მაჩიტაძე, ირინა ალექსიძე, გიორგი ჭელიძე, გივი გიგინეიშვილი, ნათია ივანიაშვილი.

საპრემიერო ჩვენებებიდან ბოლო, 19 თებერვალს გაიმართა, ლევან ჯაგაევის დირიჟორობით (დიდი ავთანდილ რევიშვილის მოწაფე, რომელმაც, ახალგაზრდობის მიუხედავად, უკვე არაერთხელ აჩვენა ოსტატობის მაღალი კლასი), რომელიც მაღალ პროფესიულ ხარისხში გაუძღვა მუსიკალურად რთულ და კონტრასტულ ნაწარმოებს.

„რიგოლეტოში“  ამ დღესაც სხვადასხვა თაობა მონაწილეობდა: მანტუას ჰერცოგი - ალექსანდრე თიბელიშვილი, რიგოლეტო - მამუკა ლომიძე, ჯილდა - მარიკა მაჩიტიძე, სპარაფუჩილე - გიორგი ჭელიძე, მადალენა - ირინა ალექსიძე, ჯოვანა - მარიამ ქობალიანი, გრაფი მონტერონე - გიორგი ლომისელი, მარულო - ირაკლი მუჯირი, მატეო ბორსა - ფილიპე ღაჭავა, გრაფი დი ჩეპრანო - ლევან მაკარიძე, გრაფინია - მანანა იორდანიშვილი, სასამართლოს აღმასრულებელი - გივი გიგინეიშვილი, პაჟი - ნათია ივანიაშვილი, ოპერის ბრწყინვალე გუნდი (კაცების შემადგენლობით) და ორკესტრი.

„რიგოლეტო“ მრავალპლანიანი, რთული სტრუქტურის, მუსიკალურად და დრამატულ-დრამატურგიულად დატვირთული, არაერთგვაროვანი „ჟანრებით“, ტონებით, ჰარმონიებით მდიდარი ოპერაა და ამ რთულ, სხვადასხვა ხასიათის არიებით, დუეტებით, კვარტეტებითა და გუნდებით, დრამატული, ლირიკული  თუ მაჟორული თემებით, ხასიათებით, ფსიქოლოგიური თავისებურებებით დატვირთული ნაწილების ერთიანობა, მონაცვლეობის ორგანულობა და ჰარმონია სპექტაკლში მთლიანად შენარჩუნებულია.

სპექტაკლის ხარისხსა და მიმზიდველობას სწორედ არაერთგვაროვნება, სხვადასხვაობა, თემების, ჟანრების, ინტონაციების, ტონალობების, ტემპო-რიტმის  სწრაფი და ინტენსიური ცვალებადობა განსაზღვრავს. რაც,  ერთი მხრივ, ართულებს ნაწარმოების გაძღოლა-შესრულებას და მეორე მხრივ, მუსიკალური სიღრმის,  ვოკალური მრავალფეროვნების, კონტრასტული დაპირისპირებებისა და ამ წინააღმდეგობრიობაში, საშემსრულებლო და სადადგმო კლასის შესაძლებლობებს გამოხატავს.

წარმოდგენა, სარეჟისორო გადაწყვეტის მხრივაც დინამიკური, მოქნილი, არასტატიკურია. სცენა ფაქტობრივად თავისუფალია, გახსნილია. აქ არაა არც დიდებული, პომპეზური დეკორაცია, არც სასახლის მდიდრულად გაფორმებული ინტერიერები,  არც ფუფუნების საგნები.  ხისა და ბამბუკის  კონსტრუქციების შემადგენელი ელემენტები ქმედითია და არა ფონი, აქტიურად დატვირთულია. პერსონაჟებს არც დიდებული, მდიდრული და ფერადოვანი, ისტორიული კოსტუმები მოსავთ, რასაც ასევე მიჩვეულები ვართ  კლასიკურ ოპერებში. მათი ჩაცმულობა სტილიზებული, ეპოქისა და ხასიათების, სოციალური ჩამომავლობისა და საზოგადოებაში მდგომარეობის ხაზგამსმელი ნიშნების  გარეშეა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ეკლექტური, არაერთიანხასიათიანი კოსტუმები თითქოს დამოუკიდებლად, „თავისთვის“ არსებობენ და  არ ესადაგებიან დადგმის, სცენოგრაფიის მინიმალიზმსა და სტილს, სპექტაკლის ატმოსფეროს ერთიან კონცეფციას.

დინამიკური და „ცოცხალია“ ყველაზე სტატიკური, თუმცა ყველაზე დრამატული, ურთულესი და სწრაფად ცვალებადი, არაერთი ხასიათის  მუსიკალური თემისა თუ ტონის, რეგისტრის, კონტრასტებისგან შემდგარი (შინაარსობრივადაც და მუსიკალურადაც), მესამე აქტი („ქოხის სცენა“), რომელშიც სხვადასხვა მხატვრული ელემენტისა და ხერხის გამოყენებით, ცოცხალი, ქმედითი და გამორჩეული ატმოსაფერო იქმნება (ეპიცენტრში ურთულესი კვარტეტით, რომელიც მომღერლებისგან განსაკუთრებულ მზაობას, უნარებს, გამომსახველობას მოითხოვს )- ორკესტრის, გუნდის, სოლისტების - ჰერცოგი - ალექსანდრე თიბელიშვილი, რიგოლეტო - მამუკა ლომიძე, ჯილდა - მარიკა მაჩიტიძე, მადალენა - ირინა ალექსიძე - მონაწილეობით, რომლებიც არა მხოლოდ ვოკალურ, საშემსრულებლო „კულმინაციას“ აღწევენ, არამედ არტისტულსაც.

მომღერლებს ვოკალურ და საშემსრულებლო ოსტატობასთან ერთად,  ფაქტურაც, არტისტულობაც, სცენურობაც, ვიზუალური მომხიბვლელობაც გამოარჩევთ. ისინი არა მხოლოდ მღერიან, არამედ, მუშაობენ, როგორც დრამატული თეატრის მსახიობები. და ორმაგი „დატვირთვით“ (სიმღერითა და მოქმედებით) მოხდენილად ხატავენ - ხან მხიარულ, სიმსუბუქითა და სიცოცხლის სიყვარულით აღსავსე სცენებს და შემდეგ, თავისუფლად გადადიან პირქუშ, დრამატულ და გამოუვალობის გრძნობით გაჟღენთილ  სიტუაციებში. ქმნიან ხასიათებს, სახეებს, რაც ამდიდრებს წარმოდგენას და ყურადღებას, თვალსა და ყურს იზიდავს. ეს თბილისურ დადგმაზე მომუშავე რეჟისორების - ქეთევან-ხათუნა ბედელაძის, ლელა გვარიშვილისა და ზაზა აღლაძის დამსახურებაა.

ასევე ქმედითი, არასტატიკური, სიცოცხლით სავსეა გუნდი, რომელიც ზოგჯერ აქტიურად ებმება ღრეობასა და დროსტარებაში, დრამატულ, ტრაგიკულ ჟღერადობას აძლიერებს, ხალხის მოძრავ, ქმედით ტალღად იქცევა. მესამე აქტში, როდესაც ვნებები, ემოციები და მსოფლიო საოპერო კვარტეტებში საუკეთესო (და არა მხოლოდ კვარტეტებში, ზოგადადაც) საუკეთესოდ სრულდება, გუნდი (რომელიც, ამ სცენაში, ტრადიციულად, კულისებში მღერის ხოლმე), მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის გადაწყვეტილებით, საორკესტრო ორმოში ეშვება და იქიდან ასრულებს თავის „მდუმარე პარტიას“, რაც დაძაბულ და მღელვარე მოვლენებს უფრო ამძაფრებს და ტრაგიზმით ტვირთავს.

ბუნებრივია, ოპერის ცენტრალური ფიგურა რიგოლეტოა. იგი, ფაქტობრივად, სულ სცენაზეა, სულ მოქმედებაშია, ყველაფერი მის თავს ხდება, ყველა მოვლენის ცენტრში იგია. მუდმივად იცვლება მდგომარეობა და იცვლება განწყობა, ხასიათი და იშვიათია ეპიზოდი, რომელშიც იგი არ მღერის. მამუკა ლომიძემ (სხვა სპექტაკლებში რიგოლეტოს პარტიებს ასრულებდნენ - ბრწყინვალე სულხან გველესიანი, ოთარ ნაკაშიძე, ზაალ ხელაია),  ინდივიდუალური, მდიდარი და მრავალგვარი ვოკალური ხერხებით, ვარიაციებით, შეძლო რიგოლეტოს თავისთავადი სახის შექმნა  და ეს ყველაფერი მომღერლის (რომელსაც, ვფიქრობ, განსაკუთრებული შეფერილობის ხმა აქვს) დიდებული ვოკალურ-საშემსრულებლო ოსტატობისა და სამსახიობო გარდასახვების ხარჯზე ხდება.

2022-2023 წლების სეზონში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ერთიანი ძალებით (ოპერა და ბალეტი) შექმნილი, კარლ ორფის „კარმინა ბურანა“ წარმოადგინა, გამორჩეული მხატვრული ღირებულების სპექტაკლი, ოპერის სოლისტების, საბალეტო დასის, გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით, ილია ჟივოის ქორეოგრაფიითა და ზაზა აზმაიფარაშვილის მუსიკალური ხელმძღვანელობით.

ჩამოტანილი პროექტების ხაზს, მარტში გააგრძელებს პარმის თეატრის სპექტაკლი, ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსი“. რასაც მოჰყვება, უკვე ორიგინალური დადგმა, „დაისი“, რომელზეც რეჟისორი გოჩა კაპანაძე მუშაობს.

ფოტო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის Facebook გვერდიდან

bottom of page