top of page

როცა მმართველი უგუნურია

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_2425.JPG

ანასტასია ჩერნეცოვა

როცა მმართველი უგუნურია

 

2020 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა თითოეული სფეროსთვის, განსაკუთრებით კი თეატრალური ხელოვნების წარმომადგენლებისთვის. თეატრებს არ ჰქონდათ საშუალება დაედგათ ახალი სპექტაკლები და გაემართათ წარმოდგენები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დადგმას ღია სივრცეში. სხვადასხვა რეგულაციისა და ბარიერის მიუხედავად, აღნიშნული პრობლემა ასე თუ ისე მოგვარდა 2021 წლის აპრილში და თეატრთა უმეტესობამ კარი გაუღო მაყურებლებს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც გრიბოედოვის თეატრი იყო.  

 

თეატრმა ახალი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს, მიხეილ ბულგაკოვის კომედია „ივან ვასილიევიჩი”, რომელიც რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძიემ წარმოადგინა. მიხეილ ბულგაკოვის კომედია „ივან ვასილევიჩი“ საბჭოთა ცენზურამ აკრძალა და ავტორის ცხოვრების მანძილზე პიესა არსად არ დადგმულა და არსად დაბეჭდილა. პირველად 1965 წელს გამოქვეყნდა, ხოლო 1973 წელს პიესის საფუძველზე ლეონიდ გაიდაიმ გადაიღო კინოსურათი „ივან ვასილევიჩი იცვლის პროფესიას“, საბჭოთა ცენზურა ამ ნამუშევარშიც ერეოდა და რეჟისორს არაერთ ეპიზოდს აცვლევინებდა.

 

რეჟისრორმა ნიკა ჩიკვაიძემ რთული ამოცანა აიღო საკუთარ თავზე, ვინაიდან მაყურებელი აუცილებლად დაიწყებს სპექტაკლისა და ლეონიდ გაიდაის ნამუშევრის შედარებას. აქვე მინდა ვთქვა, რომ დადგმა ფილმისგან ძალზე განსხვავდება, რადგან გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე მაყურებელი იხილავს საინტერესო რეჟისორულ გადაწყვეტებს და რა თქმა უნდა, დაინახავს მთავარ იდეას, თუ როგორ ნადგურდება ყველაფერი, როცა ხელისუფლებაში არიან უვიცი ადამიანები. 

სპექტაკლში მოქმედება მიმდინარეობს არა საბჭოთა კავშირში, არამედ თანამედროვე სამყაროში, რაზეც მეტყველებს თუნდაც ის, რომ ტიმოფეევი (დმიტრი სპორიშევი) გამოგონებაზე მუშაობს კომპიუტერის, კლავიატურისა და კაბელების საშუალებით. პარალელურად, პლაზმური ტელევიზორის ეკრანზე ჩანს ყველასათვის ნაცნობი სცენა ფილმიდან „ივან ვასილევიჩი იცვლის პროფესიას“, სადაც იგივე პერსონაჟი დაკავებულია იმავე საქმით, უფრო მასშტაბურ ხელსაწყოზე. იბადება კითხვა, რისთვისაა ნაჩვენები აღნიშნული ეპიზოდი? იმიტომ ხომ არა, რომ რეჟისორს სურს მაყურებელს უთხრას, რომ სცენური ვერსია განსხვავდება კინოსურათისაგან? 

 

მაყურებელს, რომელსაც აქვს წაკითხული მიხეილ ბულგაკოვის კომედია და ნანახი აქვს ლეონიდ გაიდაის ფილმი იცის, რომ ზინა (სოფი ჩალაშვილი, სოფია ლომჯარია) იაკინთან (მიხეილ არჯევანიძე) მიემგზავრება გაგრაში, მაგრამ აქ, რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ შეცვალა საყვარელთა ლოკაცია და ისინი გააგზავნა ბათუმში. ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, სპექტაკლში მოქმედება მიმდინარეობს დღევანდელ დღეს. 

 

პიესის მიხედვით, ტიმოფეევი უბრალოდ ეამბორება ზინას, თუმცა სპექტაკლში ყოველივე ბევრად უფრო თამამად არის წარმოდგენილი, ამით რეჟისორი გვიჩვენებს განსხვავებას დღევანდელობასა და წინა საუკუნის შორის, მაშინ როცა საბჭოთა ცენზურა ბატონობდა და დღეს, როცა შემოქმედს აქვს სრული თავისუფლება ნამუშევრის შესაქმნელად. 

 

ის, რომ მოქმედება დღევანდელ დღეს ხდება იქიდანაც ჩანს, რომ ბუნშა (ოლეგ მჭედლიშვილი) იყენებს სამედიცინო პირბადეს, გადარეულია სისუფთავეზე. სპექტაკლში ისმის ფრაზა: „დისტანცირება“, რომელსაც  ჟორჟ მილოსლავსკი  (ვასილი გაბაშვილი) წარმოთქვამს. 

 

ამასთანავე, სპექტაკლში გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები: პლაზმური ტელევიზორი, სმარტფონი, ყურსასმენები და არა პატეფონი ან მაგნიტოფონი, როგორც ეს ბულგაკოვის პიესაში და ლეონიდ გაიდაის ფილმშია. გასაღების ან ტრანზისტორების მაგივრად, ტიმოფეევს პლანშეტი აქვს. 

 

ყველაფერთან ერთად ისმის ყურშისაცემი სლენგები, რომლებიც თანამედროვეობაში პოპულარობით სარგებლობენ. მაგალითად, როდესაც საუბრობენ ბუნშასა და ივან ვასილევიჩის მსგავსებაზე, იაკინი (მიხეილ არჯევანიძე) ამბობს - „Copy-paste“ და ა.შ.

დმიტრი სპორიშევის ტიმოფეევი, ერთგულია საკუთარი გამოგონების. მას და ზინას განსხვავებული „სამყაროები“ აქვთ. გამომგონებელს მხოლოდ საკუთარი აპარატის მიმართ გააჩნია ინტერესი, ზინას კი კინოხელოვნების მიმართ. 

 

ზინას როლს ორი შემსრულებელი ჰყავს, სოფი ჩელაშვილის პერსონაჟი უფრო ცელქი და მზაკვარია, ხოლო სოფო ლომჯარიას ზინა კი მეტად დრამატულია. მსახიობებს განსხვავებული სამოსი აცვიათ, თუმცა ერთნაირი სტილის და ნაზი ტონალობის, რაც ხაზს უსვამს პერსონაჟის ქალურობას. მიხეილ არჯევანიძემ შექმნა ძალზე ვნებიანი იაკინი. მისთვის კინემატოგრაფი ცხოვრების ნაწილია. პერსონაჟის მგზნებარე ვნება იმაშიც ჩანს, თუ როგორ ეარშიყება ზინას, როგორ უკოცნის ფეხებს.

 

სპექტაკლში, ულიანა ანდრეევნას (ნინა კალატოზიშვილი) მეზობელი შურიანი და ჭორიკანა ქალია. ამავე დროს სექსუალური, ტემპერამენტიანი და მიმზიდველია. მას თავზე ცეცხლოვანი პარიკი უკეთია და მოკლე ცისფერ კაბაშია გამოწყობილი. ის დაჟინებით ცდილობს ტიმოფეევის შეცდენას. ამით რეჟისორს იმის თქმა უნდოდა, რომ ულიანა ანდრეევნას კაცის ყურადღება აკლია, ვინაიდან მისი ქმარი- ბუნშა მოსაწყენი და ერთფეროვანი ადამიანია. 

 

ვასილ გაბაშვილის ჟორჟ მილოსლავსკი მთელი სპექტაკლის მანძილზე აცინებს მაყურებელს. ის წარმოდგენის ნათელი წერტილია. მისი გმირი სცენაზე ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი ჩნდება. პერონაჟის აფერისტული ბუნება მას ეხმარება, ნებისმიერ დროს სიტუაციიდან თავის დაძვრენაში, თუნდაც ეს იყოს XVI საუკუნე.

მსახიობ ოლეგ მჭედლიშვილს, სპექტაკლში რთული მისია აკისრია, რადგან ორი როლის თამაში უწევს. ბუნშასი და ივან ვასილევიჩის, რომელიც მსახიობმა შესანიშნავად ითამაშა. პერსონაჟები ერთმანეთისგან გონებრივად განსხვავებულნი, ხოლო გარეგნულად ერთმანეთის მსგავსნი არიან. ბუნშა ცნობისმოყვარე ადამიანია, ის ყველგან ცხვირს ყოფს და თავის „ჭუჭყიან წიგნში” ყველაფერს იწერს მექანიკურად, იმასც კი, თუ რას ამბობენ მის ცოლზე. მისი აზრით, ის მნიშვნელოვანი პერსონაა, თუმცა რეალურად კორპუსის თავმჯდომარეა და მეტი არაფერი. ეშინია პოლიციის, მაგრამ სხვასთან პოლიციით იმუქრება. 

 

ოლეგ მჭედლიშვილის გმირი იოანე მრისხანე, ძალზედ ჭკვიანი და სამართლიანი კაცია. ის არსად არ იკარგება, თუნდაც სხვა ეპოქაში. თუ თავიდან თანამედროვე სამყაროში მოხვედრილი, მანქანების ხმებით იყო შეშინებული, შემდეგ მალევე შეძლო ალღოს აღება.  მიქსერს იყენებს როგორც იარაღს, ცეკვავს ჯგუფი „ДДТ-ს” სიმღერაზე, რომელსაც „Родина“ ჰქვია,  საუბრობს ტელეფონზე. მართალია, ყურმილს უცნაურად იჭერს, მაგრამ ესმის მისი დანიშნულება. იმახსოვრებს იმასაც, თუ რა მოჰპარეს შპაკს და რაც მთავარია ტიმოფეევს აძლევს ფულს პლანშეტის შესაძენად.

 

ზურაბ ჭიპაშვილმა საინტერესოდ წარმოგვიდგინა შპაკის სახე, რომელიც “დედიკოს ბიჭია,” ამით რეჟისორი მიუთითებს მის სუსტ ხასიათზე.  შპაკი ამავე დროს ნარცისია, რომელსაც საოცრად უყვარს ფული, რაც ვლინდება მწვანე ფერის კოატიუმში, სახლის კედლებსა და მწვანეფოთლებიან სავარძელში (მხატვარი- ანანო დოლიძე). აღსანიშნავია მერაბ ქუსიკაშვილის შესრულება, მსახიობმა, თავის გმირს-მოახლე ფედიას შესძინა გროტესკი და აღნიშნული პერსონაჟი ახლებურად წარმოგვიდგინა. იგი რელიგიური ფანატიკოსია, რომელთანაც მაყურებელი ნამდვილად არ მოიწყენს, მაგალითად, როდესაც იგებს იმას, რომ მის წინაშე კნიაზ მილოსლავსკია, რომელიც სიკვდილით იყო დასჯილი, იღებს კანდელს, კითხულობს ლოცვას და ასე დადის აქეთ-იქეთ, დემონებისგან წმენდს იქაურობას, რითაც გვარიანად აცინებს მაყურებელს. მსახიობი ვლადიმირ ნოვოსარდოვი გვევლინება შვედეთის ელჩის როლში, მართალია, სცენაზე სულ რამდენიმე წუთის მანძილზეა, მაგრამ მისი შესრულება არის ბუნებრივი და ორიგინალური.

 

სპექტაკლის სცენოგრაფია ანანო დოლიძეს  ეკუთვნის. პირველ რიგში, აღსანიშნავია მოძრავი კონსტრუქცია, რომელიც მრავალფუნქციურია, ერთ მხარეს არის შესასვლელი ტიმოფეევისა და შპაკის ბინებში, მეორე მხარეს კი შესასვლელი მეფის სასახლეში. 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სცენა ნახევრად დაშლილია, სწორედ ამის საშუალებით, გაცილებით მარტივია ადგილისა და დროის მართვა.  

 

იმისათვის, რომ სცენაზე შეიცვალოს ეპოქა, მოძრავ კონსტრუქციასთან ერთად ფერადი, ორნამენტებიანი ნაჭრები ჩნდება. ისინი ფაქტობრივად ფარავენ ახალი დროის დეკორაციას და მაყურებელი ხვდება, რომ ეს XVl საუკუნის რუსეთია. პიესაში მიხეილ ბულგაკოვთან არ ფიგურირებს კატა, ხოლო ნიკა ჩიკვაიძესთან გვხვდება, როგორც ეს ლეონიდ გაიდაის ფილმშია. მე არ მიმაჩნია, რომ ეს კინოსურათიდან გადმოღებულია, არამედ რეჟისორული გადაწყვეტაა. ძველებური ცრურწმენის თანახმად, კატები დაკავშირებულნი არიან სიზმრების სამყაროსთან. თქვენ კი თავად იცით, რომ პერსონაჟთა თავგადასავალი არის ზმანება და ვფიქრობ შავი კატის არსებობაც ამას მიგვანიშნებს.  

 

როგორც პიესის მიხედვით, ასევე სპექტაკლში ბუნშა (ოლეგ მჭედლიშვილი) და ჟორჟი (ვასილი გაბაშვილი) შვედებს კემის თემის მიწას ჩუქნის. აღნიშნულ სცენაში ვლინდება დადგმის მთავარი იდეა - როცა განუვითარებელი ადამიანების ხელშია ქვეყანა. აი, მაშინ ვითარდება ქაოსი. ხელის ერთი მოსმით შეიძლება ქვეყნის მიწების დაკარგვა, რაც უახლოესი ისტორიიდან გამომდინარე ჩვენთვის ძალზე ნაცნობია.

 

მინდა შენიშვნა მივცე მასობრივი სცენების მსახიობებს (ლუკა თხილავა, ნიკა სელიმაშვილი, სანდრო ფოლადაშვილი, გიორგი წომაია), რომლებსაც ნადიმის სცენაში ხან ბუტაფორია, ხან კი საკვები უვარდებათ. მესმის, რომ პრემიერის დროს ყველა ნერვიულობს, თუმცა მსგავსი ფაქტი სხვა ჩვენებაზეც განმეორდა. 

 

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ მიხეილ ბულგაკოვის პიესის „ივან ვალილევიჩის’’ მიხედვით საინტერესო სცენური ვერსია შემოგვთავაზა. 

სპექტაკლი გაჯერებულია რეჟისორული გამომგონებლობით, მრავალმხრივი სამსახიობო შესრულებით და საინტერესო სცენოგრაფიით.

 

აღნიშნულმა სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა ის, რომ თეატრი არის სინთეზური ხელოვნება და თითოეულ დეტალს შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ამა თუ იმ ნამუშევარში.

bottom of page