top of page

როცა სპექტაკლი არ შედგა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ილიკო და ილარიონი.jpg

გუბაზ მეგრელიძე

როცა სპექტაკლი არ შედგა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბატონი ნოდარის არაერთი ნაწარმოები განხორციელდა. ამჟამად რეპერტუარშია გახმაურებული და ყველასთვის საყვარელი ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ახლებური და ექსპერიმენტული სცენური ვერსია. იგი რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა მსახიობებისა და თოჯინების შერწყმით დადგა. ეს გახლავთ საკონცერტო შესრულება, რომელსაც უკანა პლანზე მწვანე ფონი გასდევს. რა თქმა უნდა, რეჟისორს უფლება აქვს მისთვის მისაღებ სტილში დადგას სპექტაკლი, მაგრამ იგი ნაწარმოებიდან, მწერლის ბუნებიდან და გმირთა ხასიათებიდან უნდა გამომდინარეობდეს. სპექტაკლში დაკარგულია ავტორისეული გურული კოლორიტი, იუმორი და მხოლოდ დრამა დარჩა. ეს თურმე იმით ყოფილა განპირობებული, რომ სპექტაკლი უკრაინის მოვლენებს ეძღვნება და ყურადღებაც ნაწარმოებში ასახულ სამამულო ომის ეპიზოდებზე მახვილდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი ომი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და უკრაინის მოვლენებზე სპეციალურად დაწერილი ნაწარმოები უნდა დადგმულიყო, ვინაიდან შექმნილი გარემო არ შეესატყვისება და არც არის ორგანული დუმბაძისეული გარემოსთვის.

 სპექტაკლი ზურიკელას (ლ. გრძელიძე) მიერ პროლოგის კითხვით იწყება, რასაც მასწავლებელთა პედსაბჭოს მიერ ზურიკელას შეფასება ცვლის. ამ დროს ზურიკელასა და ქართულის მასწავლებლის გვერდით ვხედავთ ძაღლ მურადას თოჯინას, რაც სრულიად უადგილოდ გამოიყურება. ამის შემდეგ კი განგაშის ხმა გვატყობინებს, რომ ომი დაიწყო... შემდეგ სცენაში ილიკო (კ. გაბელაია) და ილარიონი (მ. შარიქაძე) ოლღასთან (ნ. გელაძე) არაყს სვამენ. ილიკოს ნათქვამზე დაღუპულების ცნობები მოდისო, აგიტატორი შემოდის - წითელარმიელებისთვის საჩუქრებს ვაგროვებთო.  ძაღლი მურადა (მეთოჯინე მ. მალხაზიშვილი) კი სულ მოქმედების შუაგულშია ყეფს, მაგრამ სიტუაცია მის „დასწრებას“ არ მოითხოვს. იგი ხელოვნურადაა ჩასმული და მისი დანიშნულება გაურკვეველია. არის შეუთავსებელი სიტუაციაც, როდესაც ოლღა წინდებში ჩაცმულ ზურიკელას ფეხებს ბანს... თავად წინდების ქსოვა რაღაც რიტუალამდეა აყვანილი, რომლის დანიშნულებაც გაუმართლებლად რჩება - მას ხელებზე მწვანე თოკებს აბამენ და მარიონეტული თოჯინასავით თითქოს ქსოვს. გარშემო მყოფნი ამბობენ ტექსტს, თუ როგორ ქსოვდა... შემდგომ კი თოჯინა-ფაქიზოს გაყიდვისა და სიკვდილის სცენაა, რაც ომის შემდგომი პერიოდია და ასე დამთავრდა ომის პერიოდი?!

მოქმედება დაყოფილია ეპიზოდებად,რომელთა დასახელებასაც მიკროფონთან აცხადებენ. თუმცა ამის საჭიროება არ იკვეთება. წისქვილიო აცხადებენ - რატომღაც წისქვილის სცენაში მიმდინარეობს მერისა და ზურიკელას მიერ საშემოდგომო გამოცდებისთვის მზადება, რაც ნაწარმოებში ხის ძირას მიმდინარეობს. თუმცა დადმდგმელებს ეს ხეც არ დავიწყებიათ, რომელსაც ზურიკელა და მერი ნაჭრებს აბამენ ნატვრის ხესავით... ნადირობის ეპიზოდში, მურადას მოკვლისა და სამძიმრის დეპეშის კითხვაა. პირველი სიყვარული - ზურიკელას მიერ ლექსის კითხვაა, რა დროსაც თანაკლასელები შავ თვითმფრინავებს უშვებენ - სრულიად უადგილო და გაუგებარი მეტაფორაა!..

ფარდის უკან ჩრდილებითაა გაკეთებული ზურიკელასა და მერის (ხ. მელქაძე) სასიყვარულო სცენა. ამის შემდეგ ზურიკელა ამბობს ომი დამთავრდაო და ატესტატს იღებს. მერე სოფლის შარაგზაზე მანქანას ელოდებიან და ზურიკელას არიგებენ ქალაქში როგორ მოიქცეს. ამ დროს სკამზე შემხტარი მერი მანქანას ვერ უსწრებს და დამშვიდობებაც დრამატულია, თითქოს ზურიკელა ომში მიდიოდეს და არა თბილისში სასწავლებლად. მატარებლის სცენა ფილთაქვების ხმაურითა და საცერების ტრიალითაა გადაწყვეტილი. ზურიკელა ყვება ვაგონში შესვლას, თუ როგორ დაშორდა ლაღ ბავშვობას. მერე ზურიკელას სკამზე მიკროფონთან (მისი საჭიროება ვერ მართლდება) მჯდომარეს  ვხედავთ - ამბობს სოფელში ჩამოვედიო - უკანა პლანზე კი ხელებაწეული პერსონაჟებია და მათი დანიშნულება გაურკვეველია. ზურიკელა სოფელში ჩამოსვლას ყვება და ბოლო მონოლოგს კითხულობს - მე მეყოლება შვილები, შვილიშვილები და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით... მერე ვხედავთ, რომ ბებია ავად ხდება და მას გოგოები თმას უვარცხნიან - ვინ არიან მეზობლები? უნდა ვიგულისხმოთ, რომ აპატიოსნებენ... ან რას აძლევს მოქმედებას ეს სცენა?! ზურიკელასა და ბებიას (მისი დალოცვის) ბოლო სცენის  - ოლღასთვის თვალების დახუჭვის შემდეგ, ირონიულად ჟღერს მისი დატირება „იავნანათი“- აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო... ან რას გამოხატავს ფინალში კედელზე ჩამოკიდებული მწვანე ნაჭერი ეშვება და ვხედავთ ოლღასა და მურადას საიქიოში - მოდი მურადა ბებიასთან ვივახშმოთ აწი! საკმაოდ ბანალური გადაწყვეტაა...

მოქმედებაზე ასე დეტალურად იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ არავითარი „ახლებური“ გადაწყვეტა არ ჩანს, ინსცენირება სქემატურია, მოქმედება კი პრიმიტიული. მსახიობებიც შავ კოსტუმებში არიან მოქმედების ცვალებადობის მიუხედავად. ბოლოს, ზურიკელას მომავლის ოპტიმისტური განწყობისას მაინც გამოეცვალათ სამოსი. სამაგიეროდ, ჭრელ ზედატანს საიქიოში ბებია იცვლის, რაც ნამდვილად „საინტერესოა და ღრმა აზროვანი...“!

სპექტაკლის შესახებ ვკითხულობთ - ექსპერიმენტული წარმოდგენა ეძღვნება ომს, ომში მყოფ ადამიანებს, მათ ურთიერთობას ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან. სინამდვილეში ომს ერთი ფრაგმენტი ეძღვნება ისიც შინაარსობრივად დაუმთავრებელი და სქემატური, როგორი სქემატურიც თავად სპექტაკლია. „ომში მყოფი ადამიანები“ კი არ ჩანან, არამედ ნაწარმოებში ომის პირობებში მშვიდობიანი მოსახლეობის გაჭირვება და ურთიერთობებია ასახული (რაც სხვადასხვა ცნებებია), სპექტაკლში კი ძალიან სქემატურია ეს გმირთა დამოკიდებულებები ერთმანეთთან, ხოლო საერთოდ არ იგრძნობა ე.წ. გარე სამყაროსთან ურთიერთობა.

სამწუხაროდ, ვერ ვსაუბრობთ მსახიობთა (ხატია მელქაძე, ნინო პაპიაშვილი, კახა გაბელაია, ლაშა გრძელიძე, მაია მალხაზიშვილი, მერაბ შარიქაძე, ნაირა გელაძე, ნინო მანაგაძე, სოფიო ფერაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, სანდრო ლელუაშვილი. მურადასა და ფაქიზოს თოჯინები ვ. ქორიძემ შექმნა) მიერ შექმნილ სახეებზე, რომლებიც მოქმედების სქემატურობისა და „ახლებური“ გადაწყვეტით არ არსებობს, პერსონაჟები ტექსტის კითხვითა და ადგილების შეცვლით არიან დაკავებულნი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათაც არ იციან თუ რას აკეთებენ სცენაზე.

და ბოლოს - მართალია რეჟისორი დრამას გვთავაზობს, მაგრამ სპექტაკლში არაერთი იუმორით აღსავსე დიალოგია, რომელთა გათამაშებას გურული კოლორიტით მსახიობები ვერ ახერხებენ და მოზარდ მაყურებელს არ გასცინებია... ხომ არ უფუჭდებათ მოზარდებს გემოვნება, ხომ არ უყალბდებათ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე შეხედულება? ალბათ, ამაზე ღირს თეატრის დაფიქრება.

bottom of page