top of page

როდესაც ყველა დუმდა და ყველა ალაპარაკდა

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

სარკევ, სარკევ, მითხარი..._

ლელა ოჩიაური

როდესაც ყველა დუმდა და ყველა ალაპარაკდა

პირდაპირ ვიტყვი, საბა ასლამაზიშვილის „მოჩვენებებს“ ბევრი „გამომცდელად“, ჩასაფრებული და მეტიც - ეჭვით ელოდა. არაერთი მიზეზით. პირველი - თვითონ ჰენრიკ იბსენის ამ პიესის (რომელსაც, მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საკმაოდ ხშირად დგამენ, ,„ხალხის მტერისა“ და „თოჯინების სახლის“ მსგავსად) ინტერესი იყო და სწორედ „მის“ სანახავად თეატრში წასვლის პირობა. მეორე და მთავარი - ამ ურთულესი, უმძიმესი და ფსიქოლოგიურად მრავალშრიანი ნაწარმოების დღეს არჩევის საფუძვლის, მიზნისა და ამოცანის გარკვევა. და მესამე და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მთავარი - „შემოწმება“, როგორი იქნებოდა ახალგაზრდა რეჟისორის სპექტაკლის აზრობრივი თუ ფორმისეული კონცეფცია, სარეჟისორო  ვერსია, როგორი მხატვრული ხერხებით გადაწყვეტდა ის ალვინგების ოჯახში დატრიალებულ დრამას და რა მიმართულებით წაიყვანდა წინამორბედ სპექტაკლებში მოსინჯულ გზებსა და მარშრუტებს, მისთვის ახალი და უჩვეულო დრამატურგიის  პირობებში.

მოლოდინი იმით დასრულდა, რომ საზოგადოება სპექტაკლზე ალაპარაკდა. რეჟისურა, სცენოგრაფია, მუსიკა, კოსტუმები, მსახიობების ნამუშევარი - პროფესიონალების საუბრის, განხილვის საგნად იქცა და ერთმანეთისგან განსხვავებული აღქმისა და ხედვის  გამოხატვის მასალად. არა ხარისხის შეფასების, არამედ  სხვადასხვანაირი წაკითხვის - განსჯის ობიექტად, კონცეფციიდან, აზრობრივ და მეტაფორების „ამოხსნის“ გავლით,  მხატვრული თუ  იდეური გადაწყვეტის „წაკითხვის“, გაშიფვრის არაერთგვაროვნებამდე.

აღმოჩნდა, რომ „მოჩვენებები“ საბა ასლამაზიშვილის ექსპერიმენტია მისთვის ახალი სტილის რეჟისურაში. იმისგან რადიკალურად განსხვავებული, რასაც აქამდე აკეთებდა. ექსპერიმენტი, როგორც უწოდებენ, კლასიკური თეატრის მიმართულებით და მანამდე უცნობი  შემოქმედებითი აზროვნების ახალი ფორმა.  ამგვარი არჩევანი ცვლილების პირველი ნიშანია. იმის, რომ ყველაფერი „ისე“ არ იქნება, როგორც იყო. და იქნება, თუნდაც, „ძველ“ დროსთან გამიჯვნა და ახალ დროში, განზომილებებში მოქცევა.

ისე არაფერი ანგრევს და ანადგურებს ფსიქოლოგიურად და მორალურად ადამიანს, საზოგადოებას - როგორც  არსებული/დადგენილი, დაკანონებული ნორმებისა და კლიშეების ჩარჩოდან ვერ/არ გამოსვლა. რაც უნდა იყოს მიზეზი, ექსტრემალურ ვითარებაში, პრობლემურ და წინააღმდეგობრივ გარემოში - პირადული,  მოქალაქეობრივი,  თუ ზნეობრივი არჩევანის დროს.  და კიდევ - წარსულის, მოგონებების, სიტუაციების, არა არყოფნის, არამედ ტანჯვითა და ტკივილით ყოფნის, ფიზიკურ ტკივილამდე მისული შიშები, რომლებსაც ყველა მოუცავს. სხვა არაფერია  გულგრილობისა და დუმილის არჩევის  შედეგი. რადგან, როდესაც ვიღაც ბოლოსდაბოლოს ალაპარაკდება, აღმოჩნდება, რომ უკვე დაგვიანებულია. რაიმეს შეცვლა თუ გამოსწორება კი - შეუძლებელი.

ვფიქრობ, სწორედ დანაშაულებრივი დუმილით გამოწვეული  გამოუვალობის შეგრძნება და შეძრწუნება ზუსტად და მეტყველად გამოხატავს ვითარებასა და მდგომარეობას, რაც საბა ასლამაზიშვილის „მოჩვენებებში“ ხდება. რა თქმა უნდა, რაც ჩემი აზრით ხდება. თორემ, რა ხდება სინამდვილეში, მხოლოდ რეჟისორმა, მსახიობებმა და დამდგმელი ჯგუფის სხვა წევრებმა იციან.  რადგან სპექტაკლში ბევრი  ქვეტექსტი, აქცენტი, პირობითობა, მოცემულობა და მინიშნებაა და თავისუფალი აღქმის ყველა პირობა.

აქ არსად ჩანს  დიდი ფანჯრები და არც მათ მიღმა ფიორდის სანაპიროს ლანდშაფტი,  რასაც იბსენი აღწერს და რომლის არსებობასაც  დაჟინებით აფიქსირებს. არც ნისლი ჩანს, რომელშიც ეს პეიზაჟია ჩაფლული და არც წვიმა, რომელიც მუდამ ცრის. მხოლოდ ახსენებენ - გულისგამაწვრილებელ წვიმას  და წვიმით დასველებულ სამოსსა თუ ტალახიან ფეხსაცმელსაც ახსენებენ.

სცენაზე მხოლოდ მაგიდა და სკამებია.  ავანსცენაზე ხის დიდი ჯვარი დგას. სწორედ ჯვარია, რასაც პირველად ვხედავთ თუ ვამჩნევთ. შემდეგაც სულ გვხვდება მზერის არეში. მაგრამ რწმენისა და კულტის სიმბოლო ფრუ ალვინგსა და მის შვილს  ვეღარ დაიცავს. ვერც მოჩვენებებსა თუ სხვა უკეთურება-უწმინდურობებს  განდევნის მათი სულებიდან და სახლიდან და ვერც სიცოცხლის რწმენას გაუმტკიცებს მათ.

მაგიდის თავზე დიდი მრგვალი სარკე  ჰკიდია. სარკე სამყაროს ისედაც საპირისპირო მხრიდან თუ შებრუნებულად ირეკლავს. აქ ზედხედში აჩვენებს, რასაც ჩვეულებრივ, ყოველ შემთხვევაში, „რეალურ“ რაკურსში, ვერ ხედავ. სარკე ყველაფრის მომსწრე და მნახველია. „მეხსიერებაში“ ინახავს წარსულს. აწმყოს უთვალთვალებს  და კვლავ იმახსოვრებს. თუმცა დეკორაციის ეს, ალბათ, ყველაზე მეტყველი ელემენტი, არა რეალური „რეკვიზიტი“, არამედ, სინამდვილიდან  განყენებულია.  მხატვრული მეტაფორაა და სხვა ფუნქცია აკისრია.

სცენის სიღრმეში, კედელის ზედა რეგისტრში  აივანი (სცენის კონსტრუქციის ნაწილი), დეკორაციისა და სამოქმედო სივრცის (ოსვალდის ოთახი/სტუდია) ნაწილად იქცევა. თითქოს უხილავი უნდა იყოს,  სხვა სიბრტეზე არსებული, კედლით გამიჯნული, კედელზე თეთრ ქსოვილ გაკრული (რომელსაც ოსვალდი სისხლისფერ ღვინოს ასხურებს - ღებავს, თუ ხატავს), მაგრამ ხილულია. ეს აივანი პარალელური მოქმედების ჩვენების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც „ძირითადის“ „გასწვრივ“ დროში, ოღონდ, სხვა სივრცეში მიმდინარეობს. მოქმედებაში, პერიოდულად,  ასევე ორგანულად ჩართული არიან და მოქმედების არეებად იქცევიან სცენის უკან გამავალი და მეორე, ასევე რეალური, დარბაზის შემოსასვლელი კარები.  ასევე სხვა სივრცის არსებობის რომ ადასტურებს. რომელიც ასევე იგულისხმება, მაგრამ არ ჩანს. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში. სცენოგრაფი მსახიობი ანდრია ვაჭრიძეა. დამდგმელი მხატვრის როლში - დებიუტანტი, ძალიან ზუსტი, გამომსახველი და კონცეპტუალური ნამუშევრით.

საყოფაცხოვრებო, თუნდაც ელემენტარულ,  „აუცილებელ“ ნივთებისგან დაცლილ (ღვინის ბოთლებსა და ჭიქებს თუ არ ჩავთვლით, როგორც აუცილებელ ატრიბუტს),  თითქოს გახსნილ და სინამდვილეში, ჩაკეტილ სივრცეში ადამიანები ერთად თან არიან და თან არ არიან.  გარკვეულ დრომდე, არავინ იცის, რა იმალება ვიღაცის შინაგანი სამყაროს ბნელ ჯურღმულებში. რა საიდუმლოს ატარებს თითოეული, ხუთი მოქმედი გმირიდან. რა ამოძრავებს, როგორია სინამდვილეში.  

თუმცა, მოქმედების - ამბის დასაწყისიდან, მალევე, ყველასთვის აღიარების ჟამი დგება. საიდუმლოსა თუ ფარულის (როგორც წარსულის, ასევე აწმყოსა და მომავლის - ფიქრების, სურვილების, ნამოქმედარის) გამჟღავნების დრო. მოვლენები აჩქარებენ პროცესს. თუმცა, პრაქტიკულად, უკვე ყველაფერი დაგვიანებულია.

ყველაფერი უკვე დიდი ხნის წინ მოხდა და ახლა ყველა შედეგებს იმკის.  სწორედ ამიტომ, ამ სამყაროში არაფერი იცვლება. არც შეიძლება შეიცვალოს. დრო გაჩერდა და მხოლოდ წასვლაა გამოსავალი და არა დაბრუნება. თუმცა წასვლაც გარდაუვალია და დაბრუნებაც.

ბედისწერას, რომელიც ამ საზოგადოებას, ამ ოჯახს თან სდევს, მაინც ვეღარაფერი შეაჩერებდა. სწორედ იმიტომ, რომ მათ შინაგან სამყაროში  მოქცეული კოდები მოქმედებენ. ისევე, როგორც ყველა მოჩვენება ჩვენშია, ჩვენი წარმოსახვისა და შიშების (გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი) პროდუქტი. არც დღისით და არც ღამით  რომ არ გვასვენებენ. არ გვანებებენ თავს.

წარსულისა და აწმყოს მოჩვენებები თანაბრად ევლინებიან ყველას -  კაპიტან და კამერგერ  ალვინგის ქვრივ ელენე ალვინგს (ანი იმნაძე),  მის ვაჟ  ოსვალდ ალვინგს (გივიკო ბარათაშვილი), პასტორ მანდერსს (არჩილ ბარათაშვილი), დურგალ იაკობ ენგსტრანდს (სლავა ნათენაძე), მის ქალიშვილ და ფრუ ალვინგის მოახლე რეგინა ენგსტრანდს. თუმცა ამას მხოლოდ ფრუ ალვინგი აღიარებს. ყოველ შემთხვევაში, სიტყვაში აქცევს გრძნობებსა და შეგრძნებებს და აღსარებასავით აბარებს პასტორსა და მაყურებელსაც, რომელიც, „უნებურად“, აღსარების საიდუმლოს შემსწრედ იქცევა. დანაშაული, შეცდომა, ბრალეულობა, პასუხისმგებლობა, მოვალეობა ყველას თავისებურად ესმის. იყო დრო, როდესაც ყველა დუმდა და დგება დრო, როდესაც ყველა ალაპარაკდა.

ერთხელ დაშვებული შეცდომა და გაჩუმება, რეალობის „ჩანაცვლება“ მოჩვენებითი და „ხელსაყრელი“ მდგომარეობით, საბედისწეროდ იქცა ყველასთვის. საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში მთავარი ხაზი ახალგაზრდა ადამიანის, თაობის ბედია საზოგადოებაში, რომელსაც უნდა, რომ ყველამ მისი წესების მიხედვით იცხოვროს, სინამდვილეში, გულგრილად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში.

ჰენრიკ იბსენი  პერსონაჟებისგან  ეპოქის ზუსტ ფსიქო-ტიპებს,  ტიპაჟებსა და სისტემაში მოქცეულ  ფსიქოლოგიური ნიშნების მომცველ კატეგორიებს, საზოგადოების იერარქიული წყობის ზუსტ კონსტრუქციას ქმნის  (როგორიც შემდგომი პერიოდების დრამატურგიაში, თეატრსა თუ კინოში არაერთხელ გამეორდება).  დედის ხატი, მამის ხატი, ოჯახის ხატი, ოჯახური ურთიერთობების სირთულეები, რწმენისა და კულტის მსახურების  ვალდებულებებით შებოჭილი და მათი დამრღვევი სასულიერო პირი; ტიპური მოახლე გოგო; თითქოს უბრალო და საწყალი მშრომელი კაცი;  ახალგაზრდა, რომელიც ადგილსა და საყრდენს ეძებს და ვერ უპოვია. საზოგადოება სულში ჩაბუდებული დემონებით, რომლებიც იოლად მართავენ მათ.

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის მოქმედი გმირებიც  მიწიერი და „კრებითი“ ფსიქოლოგიური და ტიპაჟური სახეებია. მიწაზე (და არა ერთ რომელიღაც კონკრეტულ ადგილზე) მათი მიჯაჭვულობა, მიწიერება ერთფეროვანი ყოფისა და მატერიალური არსებობის დადასტურებაა, რაც ყოველ ელემენტში და დეტალში გამოიხატება. არავითარი მისტიკა, არავითარი სხვა განზომილება და  აბსტრაჰირება. მხოლოდ განზოგადება და სახეების, ამბების, მდგომარეობის მოცულობითობა.

ისინი საზოგადოების  წევრების ერთგვარ და ერთი შეხედვით, სტერეოტიპულ, მეტაფორულ სახეებს  წარმოადგენენ, იმის მიუხედავად, რა პროფესიის არიან ან რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნიან. აბსტრაჰირებაც და განზოგადებაც სწორედ ამ ჩარჩოებში, ამ პირობებში ხდება და არა  საკრალურ თუ რელიგიური სიმბოლიკის, იპოსტასებისა თუ მათი და მათთან წარმოსახვა/გაიგივების სივრცეში.

მთავარი თითოეულის თვისებებია, ამოცანები, დაკისრებული ფუნქციები, რომლებსაც  მსახიობები ოსტატურად და არაბანალური ხერხებით გადმოსცემენ. განზოგადებული და კრებითი სახეები, რომლებიც ფსიქოლოგიურ ნიშნებს ატარებენ და ამავე დროს,  მეტყველად გამოხატავენ საზოგადოების ერთიან სახეს,  მისი წევრების „სოლო პარტიებით“. ცხოვრების წესით, მიზნებით, მოქმედების „სახელმძღვანელო ინსტრუქციებით“, გადაწყვეტილებებით, ფარული თუ აშკარა ადამიანური ვნებებით, იმისთვის, რომ ეს ზამბარა ამოქმედდეს და გამომსახველობა შეიძინოს, საბა ასლამაზიშვილს მთელი სისტემა აქვს მოგონილი და  დეტალებით, ელემენტებით, შეფარული და მეტყველი  ნიშნებით აწყობილი.  ამ სისტებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლსა და ფუნქციას ასრულებს ვახტანგ გვახარიას მუსიკა, ძუნწად, თავშეკავებულად, იშვიათად მჟღერი და დიდი პაუზებით გამოყენებული. მუსიკალური ნაკადი თითქოს შეუმჩნევლად და ორგანულად შემოდის მხოლოდ ადამიანების ხმებით, ნახევარტონებითა და ზოგჯერ მაღალ ხმოვან რეგისტრში აყვანილი დიალოგებით. ის აერთიანებს და კრავს, თითქოს გამოკვეთს ამა თუ იმ ეპიზოდისა და სცენის ემოციურ-აზრობრივ არსს. ფინალში კი, კულმინაციურ და წარმმართველ ტონალურ ნაკადად იქცევა.

ანი იმნაძის ფრუ ალვინგი მომხიბვლელი, ლამაზი, თითქოს თავდაჯერებული, გაწონასწორებული, აუღელვებელი  ქალია,  რომელიც წლების განმავლობაში მიეჩვია დუმილს და რომელმაც მშვენივრად იცის გრძნობების დამალვა. გარკვეულ დრომდე და ვითარებამდე. ნაკითხია, ჭკვიანია, სხვანაირი ცხოვრება უნდოდა, მაგრამ შებოჭილია დოგმებითა და აუცილებელი წესრიგით. ქალი. რომლის გარეგნული სიმშვიდის მიღმა გამომჟღავნებული, სრულად განადგურებული ფსიქიკა და უწონადობა, ქალური ვნებები და შეუმდგარი პირადი ცხოვრების, პიროვნული ჭრილობები  იმალება.

ფრუ ალვინგი, მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, მუდამ გრძელ, თუმცა თამამად ჩახსნილ, ყვავილებიან თეთრ კაბასა და ლაჟვარდისფერ მოსასხამშია გამოწყობილი. (კოსტუმები ბარბარა ასლამაზს ეკუთვნის). ის, ერთი მხრივ, გარემოებების პირდაპირი მსხვერპლია, დაუცველი და მიუსაფარი. და, ამავე დროს, თავად მართავდა და მართავს, განაგებს ვითარებას. შეცდომა, რომელიც დაუშვა, მისთვისაც, პირველ რიგში, ოსვალდისთვის და ყველა დანარჩენისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდება. აქედან ვიღაც მოგებას ნახულობს, ვიღაც სარგებელს და ვიღაც ყველაფერს კარგავს. და ასე დაუსრულებლად. აღარაფერს შეუძლია „მქროლავი ჭურვის“ შეჩერება.

ისტორიას არ აქვს თურმეობითი კილო. ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხდება ან მოხდა. ბედისწერას ვერაფრით შეცვლი, თუმცა,  შეიძლება დაუპირისპირდე და ებრძოლო. თუნდაც დამარცხდე ამ ბრძოლაში. ელენესაც უნდა თავისუფალი იყოს. წარსულისგან, მოჩვენებებისგან, რომლებიც თავს არ ანებებენ, არ ასვენებენ, რადგან მყარად არიან მასში ჩაბუდებული. და არცთუ უსაფუძვლოდ და უნიადაგოდ. რაც მოხდა, მისი არჩევანი იყო. იოხანას მოჩვენებაც სულ თავს დასტრიალებს და კაპიტან ალვინგისაც.

არჩილ ბარათაშვილის პასტორი ბოლომდე რჩება სიმშვიდისა და კეთილგონიერების განსახიერებად. არასდროს გამოდის წყობიდან. მუდამ თავშეკავებულია, მშვიდი და ჩაკეტილი. ემოციებს მაშინაც კი არ ამჟღავნებს, როდესაც ელენესთან იწყებს წარსულის გახსენებას და არც მაშინ, როდესაც დურგალთან გარიგებაში შედის. ეს მისი იარაღია. პასტორი არა მარტო აღსარების მიმღების, არამედ, მოჩვენებების გამომდევნის, მამხილებლისა და შეიძლება ვთქვა, მორალური, ფსიქოლოგიური მოძალადის როლსაც იღებს საკუთარ თავზე, როგორც კულტის ღირსეული მსახური, თუმცა მასში ახალი მოჩვენებები იწყებენ ჩასახლებას და  სათნოების საბოლოოდ გამოდევნას.

მსახიობი ბოლომდე მაინც არ ხსნის პასტორის შინაგან მდგომარეობას. თითქოს საიდუმლოდ ინახავს. შიგნით მიმდინარე პროცესები გარეთ არ გამოაქვს. მენდერსის  ემოციების, სურვილების, ხასიათის თავისებურებებს  მკვეთრი და ვიზუალურად გამომსახველი, ეფექტური ნიშნების გარეშე ქმნის.

მხრებში გამართული, მოხდენილი, თეთრსაყელოიან, ატლასის ქამრიან შავ კაბაში გამოწყობილი პასტორი, ფრუ ალვინგის ოჯახის ძველი მეგობარი და მოძღვარი,  ავისმომასწავებელ ფიგურად ისახება, იმათ მეტაფორად, რომლებიც მორალსა და ზნეობას ქადაგებენ და ადამიანებს, მათ შორის, საკუთარ თავსაც, დოგმების არტახებში აქცევენ, ცხოვრებას უნგრევენ და სულს უმახინჯებენ.  

სლავა ნათენაძის იაკობ ენგსტრანდი, ერთი შეხედვით, მორიდებული, თავდაჭერილი, თავმდაბალი კაცია. სათნო და მორცხვი ღიმილით სახეზე. ტიპური სოფლის მცხოვრები, მშრომელი ადამიანი. უბრალოდ ჩაცმული. კოსტუმით ყოველგვარი პერსონიფიცირების გარეშე.  თავდაჭერას სოციალური მდგომარეობა აიძულებს და მისთვის ამ საზოგადოებაში მიჩენილი ადგილიც. კოჭლობს, მშვიდად და ჩუმად ლაპარაკობს, თანაგრძნობას იწვევს.  კეთილგანწყობას. მაგრამ არავინ იცის, რა დემონებს მალავს, რომ სინამდვილეში ცბიერი, უზნეო და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანია, მანიპულატორი, ანგარებიანი, რომელიც არასდროს კარგავს სახესა და წონასწორობას და არჩეულ როლს არასდროს ღალატობს.

ვიქტორია ბოკერიას რეგინას - მოახლის სადა კოსტუმში, თეთრისა და  ღია ყავისფერი კომბინაციითა და შესაბამისი ვარცხნილობით -  კლასის ნიშნების განკერძოებით - შეუძლია ერთდროულად იყოს მოკრძალებულიც, მორჩილიც,  გაუბედავიც, პირფერიცა და მამისა თუ მამობილის მსგავსად, გარკვეულ დრომდე, საკუთარი ადგილის მცოდნე. თუმცა, ახალი ადგილის მოსაპოვებლად, მასავით „აკრძალული ხერხებით“ მებრძოლიც.  უგულო და გულგრილი. პირადი მიზნებისა და პრინციპების ერთგულიცა და გამტანიც, დაბეჯითებითა და მიზანმიმართულად. მარტივად შეუძლია შეცვალოს გეგმა და ტაქტიკა და მორიგი, ასევე უზნეო გადაწყვეტილება უცბად მიიღოს.

ახალგაზრდა მსახიობი (რომლისთვისაც რეგინა დებიუტია დიდ სცენაზე) აჩვენებს პერსონაჟის ამ სახეცვლილებასა და გარდასახვას. უფრო ზუსტად, მის ნამდვილ სახეს ნელ-ნელა ამჟღავნებს, სხვადასხვა ვითარებას დამაჯერებლად ერგება და  თამამად მოქმედებს.    

სწორედ ეს ორნი დაიწყებენ ახალ ცხოვრებას. მხოლოდ ისინი აღწევენ მიზანს.  ასეთი ადამიანების დროა.  ასეთი საზოგადოების. ასეთი მორალის.

იმის მიუხედავად, რომ ყველა ფაქტის, მოვლენის, მოცემულობის (წარსულშიც და აწმყოშიც) მთავარი მიმღები და გამტარი, მმართველი, ინსპირატორი და განმკარგავი ფრუ ალვინგია, სპექტაკლის მთავარი გმირიცა და სიტუაციის, გარემოებების, წარსულის დანაშაულის, ტყუილის, დაფარული ფაქტების, დედის ტირანიისა და მამის ამორალურობის  მთავარი მსხვერლიც ოსვალდია. მასზე/მასში ტყდება და სარკესავით ირეკლება ყველაფერი, რაც მის ოჯახში დატრიალდა და რამაც ალვინგების მემკვიდრე და სიტუაცია (რომელშიც ყველაა ჩათრეული) ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

გივიკო ბარათაშვილის ექსცენტრიკული, ნერვიული, ხან ეპილეფსის შეტევის, ხან თრობის, ხან სასიკვდილო აგონიაში მყოფი, ლაღი და ტრაგიკული  ოსვალდი, სპეციფიკური პლასტიკით, დახვეწილი სხეულითა და „მოფარფატე“ მოძრაობებით, მყუდროებისა და გამეფებული სიჩუმის, მოჩვენებითი სიმშვიდის  აქტიურად დამრღვევი ახალგაზრდა კაცი,  XIX საუკუნის ბოლო ოცწლეულის ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოების წარმომადგენელიცაა,  XX საუკუნის პირველი ოცწლეულის შემოქმედებითი „ბოჰემური“ ახალგაზრდებისაც, პარიზში რომ მოიყარეს ოდესღაც თავი და რაც მთავარია - XXI საუკუნის პირველი ოცწლეულის „პირმშოც“.

ოსვალდში, ისევე, როგორც სპექტაკლის დანარჩენ გმირებში, თავს იყრიან ამ ეპოქების ნიშნები, თავისებურებები, რომლებიც კაცობრიობას დღევანდელობამდე, მოჩვენებებივით თან სდევდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სამყაროში  ყველაფერი ურთიერთკავშირშია, დღეს არსებული ურთიერთობები განახლებული და რეანიმირებული ურთიერთობებია,  სხვადასხვა ვითარებაში რომ იჩენდნენ და იჩენენ თავს. ასე რომ არ იყოს, მაშინ აზრი არ ექნებოდა „მოჩვენებების“ დღეს  დადგმას. მაშინ პიესა დაკარგავდა თანადროულობასა და „სათეატრო“, კულტუროლოგიურ და საზოგადოებრივ ღირებულებას.

დასაწყისში ოსვალდი თეთრ ტრუსებსა და მაღალყელიან გეტრებშია  ჩაცმული. მისი დაუცველობა და გახსნილობა სხეულის ნაწილობრივ სიშიშვლესა და თეთრი ფერის სამოსის სიმბოლიკაშიც ვლინდება, შემდეგ ექსტრავაგანტურ კოსტუმში, რაღაცისთვის თითქოს საგანგებოდ გამოწყობილი, სრული აღჭურვილობით, სხვადასხვა ფერის ელემენტებით, სამკაულებ ასხმული, ყველაზე დრამატული ეპიზოდისკენ ხასიათის, განწყობის, ემოციების  ცვალებადობით, აფეთქებისკენ მიემართება.

ერთ-ერთ ეპიზოდში, ოსვალდი, ფაქტობრივად განუყრელი ღვინის ბოთლით ხელში, სადღაც სივრცეში მიმართული მზერითა და სახეზე შეყინული ღიმილით, ჯვარს უახლოვდება და მის წინ ჯვარცმული ქრისტეს პოზაში დგება.  თითქოს უნდა, ხაზი გაუსვას საკუთარ ფსიქიკურ და ხორციელ „ჯვარცმულობას“.  ეს არაა ქრისტეს იპოსტასი (მის არც ერთ სახეში). ერთგვარი ჟესტია და ოსვალდის, შეიძლება ითქვას, ირონიაც ჯვრისა და რწმენის მიმართ. დამოკიდებულება და თამაში, რომელიც მისი ბუნებიდან, სულიერი და ფიზიკური ტანჯვიდან მომდინარეობს.  ჯვართან, რომელსაც მისთვის (თითოეული პერსონაჟისთვის) ფუნქცია თუ მნიშვნელობა დაკარგული აქვს.

ბედნიერებაა, როდესაც შინ ბრუნდები. სახლში, რომელიც დიდი ხნის წინათ დატოვე. დაბრუნდი საბოლოოდ, რომ აღარსად წახვიდე.  ეს ჩაკეტილი და მომავლის არმქონე სახლი, ოსვალდის ბოლო თავშესაფარია. გაუცხოებულ გარემოში და იმისგან განსხვავებულში, როგორც აქამდე ცხოვრობდა. გაშლილი და თავისუფალი სივრციდან ჩაკეტილ სამყაროში, რომელშიც არაფერი იცვლება.

იბსენის პიესის დაწერიდან დიდი დრო გავიდა. მაგრამ შეიცვალა მას შემდეგ სამყარო? შეიცვალნენ ადამიანები? მათი მრწამსი, მორალი, ურთიერთობები, ვნებები, მიზნები შეიცვალა?  ვის აქვს უფლება გადაწყვიტოს სხვისი ბედი, სხვისი ცხოვრება, იქიდან გამომდინარე, რა არის ამა თუ იმ საზოგადოებაში, ვთქვათ, მორალური და რა ამორალური? 

მორალი მორალია თუ ცრუ მორალი? რწმენა რწმენაა თუ ფარისევლობა? შეიცვალა თუ არა საზოგადოების სოციალურ ფენებად დაყოფის მოთხოვნილება და სოციალური მდგომარეობა?  რა ამოძრავებს და იზიდავს თანამედროვე ადამიანს, იბსენისთვის დამახასიათებელი კარჩაკეტილობისა თუ ვალდებულებების ტყვეობაში? ვისია ეს პრობლემები, რომლებიც წამოჭრილია - ოჯახის (ოჯახური) თუ საზოგადოების, რომლისთვისაც, XXI საუკუნეშიც, კვლავ თანადროულია კითხვა - რას იტყვის ხალხი? იბსენთანაც და საბა ასლამაზიშვილთანაც უკვე ყველაფერი მომხდარია და შედეგებია ამ ყველაფრის გარშემო შემაძრწუნებელი დუმილის შედეგი,  რადგან ნგრევასა და პიროვნულ განადგურებას იწვევს. ასეთი კანონი და წესრიგი, როგორც ფრუ ალვინგი ამბობს, ყველა უბედურების სათავეა.

საბა ასლამაზიშვილის „მოჩვენებებზე“ ფიქრისას, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რა არის დღეს ახალი თაობის ტკივილები და სადარდებელი - იგივე, რაც ჩვენი იყო, ახალგაზრდები რომ ვიყავით, თუ  რაღაც შეიცვალა. იბსენის დროიდანაც შეიცვალა, და ჩვენი მშობლების დროიდანაც. მეტი დაკვირვება, გულისხმიერება და არაგულგრილობა ხომ არ გვმართებს, იმის ამოსახსნელად, რას ფიქრობენ თანამედროვე ახალგაზრდები აწმყოზე, მომავალზე, რას ფიქრობენ დედებზე, მამებზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე, რომელსაც წარმოადგენენ და რომელიც გარს აკრავთ.  რისი ეშინიათ და რეალურია  თუ არა, ოსვალდივით, მათი შიშები, რომლებიც იწვევენ უიმედობას. უიმედობა კი -  სასოწარკვეთას.

ოსვალდს აწევს მამების ცოდვების ტარების სიმძიმე და სასჯელის ტვირთი. ის  თითქოს მზად არაა  ცოდვების გამოსასყიდად. იგივე და შეიძლება, უარესი გზა უნდა გაიაროს. მაგრამ... სწორედ ეს მაგრამაა მთავარი და მნიშვნელოვანი. ახალგაზრდა კაცი ერთადერთია, ვინც „სწორ“ გადაწყვეტილებას იღებს და  არჩევანს აკეთებს.  ის პასუხს აგებს ცოდვებზეც, შეცდომებზეც და იმარჯვებს. ის, ანტიკური გმირების მსგავსად, იღებს სასჯელს და ბედისწერას მათსავით ეწინააღმდეგება.

აღარ წვიმს ალვინგების მამულში. სადაცაა გათენდება და აგონიაში მყოფ თუ მორიგი ფსიქიკურ-ფიზიკური შეტევით ღონემიხდილი ოსვალდის (როდესაც მოჩვენებები მის დაბინდულ გონებაში ძალადობას იწყებენ) გულში  მზისა და იმედის სხივი იჭრება. ახალგაზრდა კაცი მზეს ითხოვს. და დედა შვილს, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობა სიცოცხლის ნიშნები, ბოლო ტვირთად იკიდებს და  გარეთ მიათრევს.

აღარ აქვს მნიშვნელობა, მარტო რჩებიან თუ არა დედა და შვილი ამ დაცარიელებულ  (ისედაც ცარიელ, თუმცა მოჩვენებებით სავსე) სახლში.  მოკვდა, კვდება თუ მოკვდება ოსვალდი. მთავარი გადაწყვეტილებაა, რომელსაც იღებს,  არჩევანი,  რომელსაც  აკეთებს, ელენეს ხელშეწყობით. გამოსავალი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი პოულობს, რადგან, როგორც გვახსოვს,  არჩევანი, ნება, განზრახვა და მოქმედება,  რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ის (თუნდაც გმირის  სიკვდილით), ყოველთვის მთავარია.

ოსვალდი მზეს ითხოვს, ჰაერს, სივრცეს. ანუ თავისუფლებას.  და პირველად ფართოდ იხსნება სამაყურებლო დარბაზის კარი, იქით, სადაც არაფერი ჩანს და არავინ იცის, რა ელოდება დედა-შვილს, თითქოს ამომავალი მზის სხივებით სუსტად განათებულ სივრცეში. აღარ წვიმს.  გარიჟრაჟია. და სარკეც, რომელმაც ცოტა ადრე ალვინგების სამყარო დააპატარავა და უფრო ჩაკეტა, მხოლოდ მზის დისკოდ ქცეულ განათებულ მაგიდასა და უცნაურ ნათებას ირეკლავს.

bottom of page