top of page

როდის გათენდება?!

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

276013882_351623720225395_196608312210399717_n.jpg

თამთა ქაჯაია

 

როდის გათენდება?!

 

„ადამიანზე რეალური ზემოქმედება შეუძლია

 მხოლოდ უკიდურეს სისასტიკეს,

რომელიც თავის ლოგიკურ

 ბოლომდე იქნება მიყვანილი „

ანტონენ არტო.

 

 

გრიბოედოვის თეატრში თანამედროვე პოლონელი დრამატურგის ინგმარ ვილკვისტის „ჰელვერის ღამის“ პრემიერა გაიმართა, რომლის რეჟისორი გოგი (გიორგი) მარგველაშვილია.  „ჰელვერის ღამე“ არა ერთხელ დადგმულა ქართულ თეატრებში, თუმცა პიესის თემა  განსაკუთრებით ახლა, თითოეულ მოქალაქისთვის ყველაზე ახლო და აქტუალურია.  ომი -  რომელიც მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს, რომელსაც უდანაშაულო მოსახლეობა ეწირება, ყველაზე სასტიკი და უსამართლოა. მთელი მსოფლიო მოლოდინის თვალით შევყურებთ როდის დასრულდება საბოლოოდ ის ჯოჯოხეთი  რაც უკრაინაში ხდება.

ახლა კი უშუალოდ სპექტაკლზე,  პროტაგონისტები  ჰელვერი (ბექა მეძმარიაშვილი)  და კარლა (ირინა მეღვინეთუხუცესი) არიან. დრამატურგმა პიესაში მათ სახელები არ მიანიჭა და მხოლოდ ნაცვალსახელებით მოიხსენია. თუმცა  რა მნიშვნელობა აქვს სახელს მაშინ, როდესაც ფანჯრებს მიღმა ხალხი იღუპება, ომი ხომ რიგითი მოქალაქეების სახელებს და გვარებს შლის და სიკვდილს მხოლოდ რიცხვებით გამოსახავს.

სპექტაკლი ჩემთვის, როგორც რიგით მაყურებლისთვის უფრო დულოგიაა - ერთი ამბავი  ომს უკავშირდება, ხოლო მეორე ადამიანის განცდებს, მათ შინაგან თუ სოცაილურ- ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.  კარლა ის ქალია, რომელმაც საკუთარი შვილი ვერ შეიყვარა და სხვისი გაზარდა. როგორ შეიძლება შეიბრალო ის ქალი,  რომელსაც საკუთარი ჩვილი არ უყვარს, მაგრამ შეიძლება და ამას ირინას პერსონაჟი საოცრად, ზუსტი ემოციის, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გადმოსცემს. თუ ეს თემა თქვენთვის საინტერესოა, გირჩევთ გაეცნოთ ლაიონელ შრაივერის „კევინზე უნდა გელაპარაკოს“, რომლის  ეკრანიზაცია ინგლისელმა ლიანე რამსაიამ გადაიღო და მთავარ როლს შეუდარებელი ტილდა სვინტონი  ასახიერებს. სწორედ აქ არის განხილული როგორ შეიძლება არ უყვარდეს მომავალ დედას თავისი ნაყოფი და არ ელოდებოდე მას დიდი სიხარულით. ფსიქოლოგებს და მეცნიერებს თუ დავუჯერებთ ბავშვს ჩასახვის დღიდან ესმის ყველაფერი, შესაბამისად  დედას ყველა ჩვილი თავისი „ჭირვეულობით“ ანგარიშს უსწორებს.  ევა და კარლა ის ძლიერი ქალები არიან, რომლებიც ხმამაღლა აღიარებენ მიუტევებელ ცოდვას,  მათ დასაწყისშივე ვერ შეძლეს საკუთარი პირმშოების შეყვარება და ღმერთმა უდიდესი სატანჯველი მოუვლინა ამით.  დედისგან უარყოფილი ბავშვების დასასრული ორივე შემთხვევაში ფატალურია, კევინი სოციოპათად გვევლინება, კარლას  გოგონა კი მალევე იღუპება.

სცენაზე მე-20 საუკუნის გარემოს ქმნის ბუფეტი, ძველებური რადიო, მაგიდა, სკამები და  სკივრი (დეკორაცია - შოთა ბაგალიშვილი). პარტერი სცენაზეა განლაგებული. ამ სივრცემ შექმნა ინტიმი, უფრო ახლოს მოიტანა მაყურებლამდე ემოცია და ბოლომდე შეგვაგრძნობინებს პერსონაჟების ტკივილს. ორივე მსახიობი საოცარი ოსტატობით ართმევს თავს თავიანთ როლებს.  ჰელვერის ზომიერი მიმიკები  ავსებს სამეტყველო სცენურ ენას, მსახიობისთვის მიმიკა ხომ განცდის ენაა.

ჰელვერი ერთ-ერთ ეპიზოდში დაჩოქილი მისთვის საყვარელ ჟოლოს და არაჟანს მიირთმევს. ვფიქრობ, ამით რეჟისორმა ხაზი გაუსვა, რად იქცევა ადამიანი მაშინ, როდესაც ვიღაცის იდეოლოგიით განიმსჭვალება, აღტყინდება და ყველანაირი ეთიკა ავიწყდება.  ასევე მინდა  აღვნიშნო, პირობითად მოცემული წითელი დროშა, რომელსაც სპექტაკლის დასაწყისში ჰელვერი გამუდმებით იქნევს. ბოლოს გამწარებული, დედას აფარებს სახეზე და ცდილობს გაგუდოს.  ეს მიზანსცენა პირდაპირ მიგვანიშნებს რომ  ბელადის გაკერპების სინდრომით შეპყრობილი ადამიანი დედის გაგუდვაზეც კი თანახმაა.

 

კარლას და ჰელვერის ცხოვრება ერთმანეთს სამუდამოდ  გადაეჯაჭვა და ცალ-ცალკე  აღარაფერი წარმოუდგენიათ. ესპანელი დრამატურგის ფერნანდო არაბალის პიესა „ფანდო და ლისი“ კლასიკური მაგალითია  ორი ადამიანის ერთმანეთზე დამოკიდებულების. ჰელვერის და კარლას მიჯაჭვულობა რაღაც კუთხით ზემოთ ხსენებულ პიესას ეხმიანება.  ლისი უნარშეზღუდული, ეტლს მიჯაჭვული ქალია, რომელსაც ფანდო დამატებით ხელებზე და ფეხებზე რკინის ბორკილებს ადებს. ფანდო გამუდმებით  ამცირებს და ძალადობს ლისზე თუმცა ქალის პასუხი მხოლოდ ერთია - „არ მიმატოვო, შენს გარდა არავინ მყავს“ და ის ყოველ ჯერზე უკან ბრუნდება.  ეს სპექტაკლიც ხომ ერთგვარად ამ თემაზეა, ჰელვერიც გონებაჩამორჩენილია და მიუხედავად, იმისა, რომ ის გაქცევას ცდილობს მაინც უკან ბრუნდება დედასთან. ლისი ფანდოს მსხვერპლია, (თუმცა გააჩნია ამას რა ჭრილში განვიხილავთ) და სიცოცხლესაც ფანდოს ხელიდან ემშვიდობება.  კარლა ჰელვერს  წამლებით თამაშს აწყებინებს და თამაშ-თამაშით სიცოცხლეს მოუსწრაფავს.  მაშინ როდესაც ქუჩებში ომია, იკარგება ყველანაირ ადამიანობის საზღვარი  და რეფლექსური  თვითგადარჩენის ინსტინქტამდე დადიხარ.

 

ფინალურ სცენაში კარლა მენორას ანთებს, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს მათ ეროვნებაზე და ვხვდებით, რომ  „განსხვავებული, გამოუსადეგარი ადამიანების, ჯანსაღი საზოგადოებისგან მოშორების დროა“.

bottom of page