როდის რჩება თავისუფლებაზე საუბარი ცარიელ სიტყვებად
მაკა ვასაძე
როდის რჩება თავისუფლებაზე საუბარი ცარიელ სიტყვებად
ხელოვნებისა და ხელოვანის ბედი ტოტალიტარულ, ჩინოვნიკურ სამყაროში - ხელოვანი, რომელიც იძულებულია იცხოვროს დიქტატორული რეჟიმის მმართველობის პერიოდში. განზე უნდა იდგეს თუ არა ხელოვნება პოლიტიკისგან? მას უყვარს თავის სამშობლო, ამიტომაც არ გარბის როდესაც გარშემო ყველაფერი ინგრევა და ნადგურდება. მუსიკის მსახურება თავის უდიდეს დანიშნულებად მიაჩნია და თვლის, რომ გაუბედურებულ ადამიანებს მის მიერ შესრულებული მუსიკა თავისუფლების იდეის განცდას შეუნარჩუნებს, და, რომ უდიდესი მუსიკის შესრულებას უფრო მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია და უფრო დიდი პროტესტია ბუხენვალდისა და ოსვენციმის წინააღმდეგ. რონალდ ჰარვუდის პიესა „Taking Sides“ (მხარეთა მოსაზრებები) ისტორიულ ფაქტებზე აგებული პიესაა, რომელიც მოგვითხრობს ვილჰელმ ფურტვანგლერის, ბერლინის ფილარმონიის გერმანელი დირიჟორის დენაციფიკაციის სასამართლო პროცესის შესახებ (1946 წელს). ბერლინის განთავისუფლების შემდეგ, ამერიკელები ატარებენ გამოძიებას ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებში გერმანელი კულტურის მოღვაწეების ჩართულობის შესახებ - მათგან ყველაზე ცნობილია ფურტვანგლერი. ამერიკელ მაიორს ევალება დაამტკიცოს ფურტვანგლერის კავშირი ნაცისტურ პარტიასთან. გამოძიებაში მონაწილეობენ ლეიტენანტ დევიდ უილსი, ინგლისელი ებრაელი და მდივანი ემმა სტრაუბი, ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილე და დახვრეტილი გერმანელი ოფიცრის ქალიშვილი.
„დირიჟორი“ - ასე უწოდა რეჟისორმა ლევან წულაძემ თეატრ სახელოსნო 42-ში რონალდ ჰარვუდის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს, რომელიც ახალ სათეატრო სივრცეში რეჟისორის რიგით მესამე წარმოდგენაა. რონალდ ჰარვუდი ცნობილი დრამატურგი და სცენარისტია, მისი ნაწარმოებების მიხედვით არა ერთი სპექტაკლი თუ ფილმია შექმნილი. მათ შორის „მხარეთა მოსაზრებების“ მიხედვით იშტვან საბოს ძალიან საინტერესო ფილმი აქვს გადაღებული. ლევან წულაძემ სპექტაკლზე მუშაობის დროს, პიესა შეამოკლა, ზოგ პერსონაჟს სახელი შეუცვალა, ამერიკელი გამომძიებელი მამაკაცის მაიორ სტივ არნოლდის პერსონაჟი ქალად - დებორა არნოლდად გადააკეთა. რეჟისორის მიერ პიესაში შეტანილმა ცვლილებებმა, სპექტაკლი უფრო ინტიმური, კომპაქტური და მთავარ სათქმელზე ორიენტირებული გახადა. ეს არის ანსამბლური სპექტაკლი, რომელშიც რეჟისურა, მსახიობთა თამაში, სცენოგრაფია, თინათინ წულაძის ქორეოგრაფიული ნახაზი, ზურაბ გაგლოშვილის მუსიკალური გაფორმება და დათა დვალიშვილის ვიდეოინსტალაცია ერთ მთლიან, ჰარმონიულ სანახაობას ქმნის.
ლევან წულაძის მიერ შექმნილი სპექტაკლის დეკორაცია და რეკვიზიტი: მაგიდა, სკამები, ძველებური ტელეფონი, თაროები, თაროებზე შემოწყობილი საქაღალდეები (საქმეები) სამუშაო ოფისის გარემოს ქმნის. დათა დვალიშვილის მიერ შექმნილი ვიდეოინსტალაციით დიდი ჭუჭყიანი ფანჯრების მიღმა დაბომბილი, შიგადაშიგ თოვლიანი ბერლინის ქუჩები მოჩანს. განათების ფერები, ძველი კინოკადრების ასოციაციას აღძრავს. ნინო სურგულაძის კოსტიუმები 1940-50-იანი წლების მოდის შესაბამისია. ორმოქმედებიან სპექტაკლში მოქმედების ადგილი და შესაბამისად დეკორაცია უცვლელია. რეჟისორის ჩანაფიქრით სცენიდან სცენაზე გადასვლა ჩაბნელებით ხდება, რაც ერთგვარ რიტმს აძლევს წარმოდგენას. სწორედ ამ ოფისში იბარებენ დასაკითხად ფურტვანგლერის საქმეზე თავად მაესტროს და მისი ორკესტრის წევრებს. სწორედ აქ მიმდინარეობს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიური დუელი ბრალმდებელსა და ბრალდებულებს შორის, რა დროსაც იკვეთება პერსონაჟთა ხასიათები, მათი ვინაობა, მრწამსი, ცხოვრებისეული კრედო.
მანანა კოზაკოვას მაიორი დებორა არნოლდი თვის თავში დაჯერებული, მკაცრი, მიზანსწრაფული ჩინოვნიკია, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს გაასამართლოს ფურტვანგლერი და ამხილოს ნაცისტური პარტიის წევრობაში. მსახიობი ჟესტიკულაციით, პლასტიკით, მეტყველების მანერით პროფესიონალურად ძერწავს ფამილიარული ჩინოვნიკის ტიპაჟს, რომელსაც აბსოლუტურად არ აინტერესებს და არ ადარდებს ფურტვანგლერის დიდი მუსიკოსობა. მისთვის იგი დამნაშავეა, ვინაიდან სხვათა მსგავსად არ დატოვა გერმანია ნაცისტების სათავეში მოსვლის შემდეგ, უფრო მეტიც, მათ დროს ხელმძღვანელობდა ბერლინის ფილარმონიის ორკესტრს და თანამშრომლობდა კიდეც მათთან. დებორასთვის ყველა გერმანელი დამნაშავეა, ვინაიდან მათ დაუშვეს ნაცისტების მმართველობაში მოსვლა. აკი ეუბნება კიდეც დევიდს: „კრიმინალური გამოძიება გვაქვს, დევიდ. მუსიკოსები, იურისტები, ექიმები, ყველა ერთია. ყველაფერი ამ ორი თვალით მაქვს ნანახი,…გაიხსენე შენი მშობლები. მუსიკოსებზე ნუ იფიქრებ. ერთი გავლენიანი ნაბიჭვარი უნდა გამოვიჭიროთ, ვიღაც დირიჟორი...“. მანანა კოზაკოვას დებორა ზედმიწევნით ასრულებს „ზემოდან“ წამოსულ მითითებს. სპექტაკლიც ხომ ამით იწყება - დებორა გულდასმით უსმენს ფირზე ჩაწერილ გერმანელებთან მოქცევის წესებს, სახელმძღვანელო ნორმატივებს, რომელთა შორის ყველაზე მთავარი, ალბათ, ისაა, რომ ყველა გერმანელი ნაცისტების მიერ დატრიალებული ბოროტების მონაწილეა.
დებორას დამხმარე დევიდისა და ემის პერსონაჟებს კოკო როინიშვილი და სოფიო ზერაგია ქმნიან. ორივე გმირს, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა ცხოვრებამ დიდი ტკივილი მიაყენა - ნაცისტებმა დევიდის მშობლები აწამეს და დახვრიტეს ებრაელობის გამო, ემის მამა კი ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. მოღალატის მეუღლეც არ დაინდვეს, ემის დედაც სასტიკად აწამეს და მოკლეს, თავად ემი კი სამი თვე საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა. და, მაინც დევიდი და ემი სიცოცხლით სავსე, მომავლის იმედით აღვსილი, ჰუმანური ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით თუ რა დიდი ხელოვანია ფურტვანგლერი, ამიტომაც მათი მიდგომა ხელოვანისადმი არაერთგვაროვანია. კოკო როინიშვილის დევიდი სიმპათიური, მორცხვი, ცოტა მოუქნელი ახალგაზრდის ტიპაჟს ქმნის. თავის თავს მარტორქას უწოდებს, ხან საქაღალდეებიდან უცვივა ფურცლები, ხან ცეცხლის დანთება უჭირს ბუხარში, ხანაც მორცხვად გამოხატავს თავის გრძნობებს ემისადმი. სოფიო ზერაგიას ემი მომხიბვლელი, კარგად აღზრდილი, ახალგაზრდა ქალიშვილია, სათნო, ფაქიზი ბუნების, რომლისთვისაც დებორას სიუხეშე და ადამიანთა მიმართ უპატივცემულობა მიუღებელია. ემისაც მოსწონს დევიდი, ამ ორი ახალგაზრდის ფლირტი, ბრალმდებელსა და ბრალდებულებს შორის დაძაბული ფსიქოლოგიური დუელის პროცესს, ცოტათი არბილებს და სიმსუბუქის, რომანტიკულობის ელფერს სძენს.
ულრიკე როდეს პერსონაჟს ქეთი ცხაკაია კომიკური შტრიხების გამოყენებით ქმნის. მისი პლასტიკა, სიარულის მანერა, მეტყველება, ჟესტიკულაცია მაყურებელში სიცილს იწვევს, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა შეშინებული ქალის სახე ჩანს, რომელიც ნაცისტებმა აიძულეს „დამსმენი“ გამხდარიყო. ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრში მეორე ვიოლინოა. დებორას კითხვაზე რას ნიშნავს მეორე ვიოლინო უპასუხებს: „იმას ნიშნავს, რომ პირველი ვიოლინოსთვის ნიჭი არ მეყო... თუმცა, ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრში მეორე ვიოლინოდ ყოფნაც ძალიან ბევრს ნიშნავს“. ეს პოზიციაც, მხოლოდ მას შემდეგ ერგო, რაც ნაცისტებმა ებრაელი შემსრულებლები გაყარეს ორკესტრიდან და ვაკანსიები გამოთავისუფლდა.
თამარ ბუხნიკაშვილი კომიკური და ტრაგიკული ელემენტების შერწყმით ქმნის ბარბარა ზაქსის სახეს. იგი თავგამოდებით იცავს ფურტვანგლერს, რომელმაც თავის დროზე მის ებრაელ ქმარს, ნიჭიერ პიანისტს, დაეხმარა და შესაძლებლობა მისცა მათ პარიზში გაქცეულიყვნენ, თუმცა საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ ფაშისტებმა ის მაინც დახვრიტეს. მსახიობს მხოლოდ ორი ეპიზოდი აქვს სპექტაკლში, მაგრამ ამ ორ ეპიზოდში თამარ ბუხნიკაშვილი ოსტატურად, მაღალი პროფესიონალიზმით ძერწავს პერსონაჟის ხასიათს და ნათლად წარმოაჩენს ამ გაუბედურებული ქალის განვლილ თუ აწმყო ცხოვრებას, რომელსაც მთელის სიმძიმეების მიუხედავად იუმორის გრძნობა მაინც არ დაუკარგავს.
დუტა სხირტლაძე რუსი, საბჭოთა პოლკოვნიკი ვოლკოვის ექსცენტრიკულ სახეს ქმნის. განათლებული, ხელოვნების მცოდნე ადამიანია. დებორას მსგავსად მასაც „ზევიდან“ აქვს დავალება მიღებული. დებორას დავალებაა ფურტვანგლერის დაჭერა ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ვოლკოვის კი ცნობილი დირიჟორის „ხელში ჩაგდება“, „რათა საბჭოთა რუსეთმა დაუბრუნოს გერმანულ კულტურას ის რაც საუკეთესოა“. დუტა სხირტლაძის ვოლკოვი, როხროხა, ენაკვიმატი, რაღაც თვალსაზრისით გულწრფელი ადამიანია, მან ზუსტად იცის რას ნიშნავს დიქტატორულ სახელმწიფოში ხელოვანის ცხოვრება. აკი ეუბნება კიდეც დებორას: „ნურასდროს ნუ ილაპარაკებთ იმაზე, რის აზრზეც არა ხართ, დებორა! ის აღმოჩნდა ქვეყანაში სადაც დიქტატორმა დაიპყრო ყველაფერი. დიქტატურის დროს ხელოვნება ეკუთვნის პარტიას. თუ გინდა იყო დირიჟორი შენ გჭირდება ორკესტრი და ორკესტრს მიიღებ მაშინ თუ გაქვს კავშირი ძალაუფლებასთან, პარტიასთან. უნდა შეერწყა იმ ძალას და ისწავლო კომპრომისებზე წასვლა“.
ლევან ბერიკაშვილის ფურტვანგლერი დახვეწილი, თავისი ნიჭის ფასის მცოდნე, ინტელიგენტია. მისი პლასტიკა, ჟესტიკულაცია, მეტყველების მანერა ძუნწი და მოზომილია. დასაწყისში, მიუხედავად დამცირებისა არ გამოდის წყობიდან, ფინალისკენ კი როდესაც თავისი ქმედებების სისწორეში ეჭვი შეეპარება, ემოციებს ვეღარ მოთოკავს. მან პასუხი უნდა აგოს გაკეთებულ არჩევანზე და დაარწმუნოს დებორა, რომ ის არ იყო მშიშარა, ლაჩარი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ემსახურებოდა ეშმაკს, რომ ხელოვნება და მუსიკა მისთვის არასდროს ყოფილა თავშესაფარი. იგი მუსიკოსია და სჯერა მუსიკის, ხელოვანია და სჯერა ხელოვნების, ხელოვნება მისთვის რელიგიაა. იგი მრავალი წლის მანძილზე ამტკიცებდა, რომ ხელოვნება და პოლიტიკა აბსოლუტურად უნდა გაიმიჯნოს. პოლიტიკა მას გულწრფელად არ აინტერესებდა, არასდროს კითხულობდა გაზეთებს, მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა, რადგან, სჯეროდა, რომ მუსიკის საშუალებით შეეძლო რაღაც მნიშვნელოვანი შეენარჩუნებინა, თავისუფლება და სამართალი. მრავალ ებრაელს დაეხმარა ნაცისტებისგან თავის დაღწევაში, რაც ბარბარას მიერ დებორასთან მიტანილი მადლიერი ებრაელების წერილებიც მოწმობს. მაგრამ ახლა, ფურტვანგლერმა საკუთარ ტყავზე გამოცადა, რომ მათი გამიჯვნა არ შეიძლება.
ლევან წულაძის კონცეფციით ვერ განსაზღვრავ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვინ არის მართალი - ყველას თავისი სიმართლე აქვს. დებორას მიაჩნია, რომ არ შეიძლება იმ მხეცებთან თანამშრომლობა, რომლებიც ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ, ცოცხლად წვავდნენ, გაზით გუდავდნენ... რომ არ შეიძლება შეგუება და დიქტატორული რეჟიმის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. ფურტვანგლერს თავის სიმართლე აქვს, იგი ხელოვნების ძალით ანიჭებდა ადამიანებს თავისუფლების განცდას და მომავლის იმედს უნერგავდა.
და, მაინც, რაზეა „დირიჟორი“, რისი თქმა უნდათ ჩვენთვის რეჟისორს, სპექტაკლის შემქმნელებს? ალბათ, იმის რომ თავისუფლების, დემოკრატიის სახელით არ შეიძლება განსხვავებული აზრის უგულებელყოფა, რომ არ არის სხვაობა ფაშისტებსა და განმათავისუფლებლებს შორის, თუკი ისინი თავს სიმართლის, ჭეშმარიტების უკანასკნელ ბასტიონად ჩათვლიან. სანამ ერთი ადამიანი მეორეს არ მისცემს უფლებას იყოს განსხვავებული, მაშინ დიქტატურა, ფაშიზმი დაუსრულებელი იქნება და დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე საუბარი, ცარიელ სიტყვებად დარჩება.