როგორ მოვიქცეთ, როდესაც არ გვიხდიან?!
როგორ მოვიქცეთ, როდესაც არ გვიხდიან?!
ლელა ოჩიაური
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (სათეატროდ განკუთვნილი და სათანადოდ აღჭურვილი შენობის არქონისა და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად), მორიგი პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი „არ გვიხდით?! არ გადავიხდით!“ იტალიელ დრამატურგ დარიო ფოს ამავე სახელწოდების პიესის (სხვა თარგმანით, „ვერ იხდი? ნუ გადაიხდი!“) მიხედვით, რეჟისორმა ლაშა შეროზიამ (ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა) დადგა. სპექტაკლის ტექნიკური რეჟისორია მაიკო მებონია.
„არ გვიხდით?! არ გადავიხდით“ - სოციალურ-პოლიტიკური კომედია, სატირა, ტრაგიკომედია, ფარსი, გროტესკი, აბსურდამდე მისული ფანტასმაგორიაა, რომლის სამეტყველო „ენად“ და მთავარ გამომსახველ ხერხად რეჟისორი „შავ“ იუმორს მიმართავს (როგორც დრამატურგი) და გადაჭარბების (გადაცდენის) გარეშე თავისუფლად, ლაღად, მოქნილად იყენებს.
სპექტაკლში (პიესისგან განსხვავებით) ექვსი მოქმედი პირია - ოთხი მთავარი პერსონაჟი - ორი ოჯახური წყვილი და მათი ორი ანტაგონისტი. ამბავიც მათ გარშემო და რამდენიმე ეტაპად, ეპიზოდად ვითარდება. სწორედ ისინი წარმოადგენენ და ქმნიან საზოგადოების განზოგადებულ სახეს, მის სოციალური და ზნეობრივი პრობლემების სპექტრს, მატერიალურ და აქედან გამომდინარე, შინაგან მდგომარეობას, ცხოვრების წესად ქცეულ იძულებას. საზოგადოების, რომლის წარმომადგენლებიც არსებულ და წამოჭრილ წინააღმდეგობებს თავისებურად, უჩვეულოდ და დადგენილ ნორმებს მიღმა უპირისპირდებიან.
ნინო პაჭკორია, დავით როინიშვილი (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი), თამარ აბშილავა, სანდრო გუჯაბიძე, რამინ კილასონია, ალიკა ცეკვაშვილი - რომლებზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რეჟისორის ჩანაფიქრიცა და კონცეფციაც - ზუსტად გრძნობენ ამოცანას, სპექტაკლის ჟანრსა და სარეჟისორო გადაწყვეტის ხასიათს, საერთო მოცემულობას, ატმოსფეროსა და ქმედების საერთო სტილისტიკას, რაზე დაყრდნობითაც, თვისებრივად და ბუნებით განსხვავებული პერსონაჟების ხასიათებს (ინდივიდუალურად და ანსამბლში) მოქნილი და ორგანული მეტყველებით, თავისთავადი საშემსრულებლო მანერითა და სასცენო მოძრაობით (ქორეოგრაფი ირინა კუპრავა) აწყობენ და წარმოადგენენ. მათი „ნეიტრალური“ და არაფრით „გამორჩეული“ კოსტუმები თანამედროვე და რაიმე განსაკუთრებულ სოციალურ და კლასობრივ მინიშნებას მოკლებულია.
შოთიკო ბაგალიშვილის დეკორაცია სამ რეგისტრზეა მოთავსებული. უშუალოდ მოქმედების ადგილი - მასშტაბში თეატრისთვისაც კიდევ უფრო შემცირებული და პირობითად „მონიშნული“ საცხოვრებელი, თავისი სათავსოებით, სარდაფის ღიობი, უკან, სცენის სიღრმისკენ, გარესამყაროსკენ მიმავალი კიბეები, ხაზგასმით დაბალ ჭერში ამოჭრილი ლუკები, რომლებიც სხვადასხვა „ფუნქციას“ ითავსებენ, ქმედებაში „ერთვებიან“ და რომლებსაც მსახიობები აქტიურად იყენებენ; ფიცრის თხელი კედლებით ჩაკეტილი სცენის შემაღლება, რომლის ძირითად სიბრტყეზე მსახიობები დახმარების გარეშე ვერ ან გაჭირვებით ადიან და რომელზე დგომაც წელში გამართვის შესაძლებლობასა და მოქმედების არეალს უზღუდავს. შინაგანი თუ ფიზიკური ჩაკეტილობისა და შებოჭილობის, დაბრკოლებების ჯაჭვის მეტყველი მეტაფორა. და ამავე დროს, სამოქმედოდ მთელ დარბაზში გახსნილი და გაშლილი სივრცე, რაც მოქმედ გმირებს მაყურებელთან აახლოებს და კიდეც აიგივებს, რადგან პრობლემა, რომელიც პირადად მათ, მათ ქალაქს, ქვეყანას თავს დაატყდათ, ნებისმიერი ადამიანის პირადი პრობლემა შეიძლება იყოს ან ასეთად იქცეს.
პოლიციის, მისი სპეციალური დანაყოფისა თუ შეიძლება, რომელიღაც სხვა სადამსჯელო დაჯგუფების (რაზე მინიშნებაც შავი ტყავის ლაბადები, ჩექმები და აღკაზმულობაა) მხრიდან მოქალაქეების თვალთვალი, ჩხრეკა და დევნა, დაგებული მახეები (რომელშიც შემდეგ თავადვე ეხვევიან) უფრო მეტი და მასშტაბური დევნის სახედ იქცევა, ისევე, როგორც მარკეტის „ძარცვა“, რასაც ქალაქის მთელი მოსახლეობა ეწევა და რასაც ყველა ერთმანეთს უმალავს, რადგან მიუღებელია როგორც კანონის, ასევე მორალისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე.
სწორედ ინტერესების, სინამდვილის, აწმყოს შერყეული ნიადაგისა და უპერსპექტივო მომავლის წინაშე აღმოჩენილი პერსონაჟები ურთიერთგამომდინარე, დომინოს პრინციპით აწყობილი მოვლენების რთულ მწყობრში აღმოჩნდებიან. სწორედ ასეთი წყობა და სისტემა განსაზღვრავს სპექტაკლის ხასიათსა და კომპოზიციურ აგებულებას.
მოვლენები, რომლებიც ამბავსა და მოქმედებას ავსებენ და რომლებიც სოციალური პრობლემების (ხელფასების გადაუხდელობის, ეკონომიკური კრიზისის, ფასების ზრდისა და ნორმალურ პირობებში ცხოვრების იმედს სრულად გამორიცხავენ) და მათ ფონზე საზოგადოების პორტრეტად წარმოდგებიან, სწრაფი, დინამიკური (ჟანრის კანონებიდან და სპექტაკლის სტრუქტურიდან გამომდინარე) ტემპო-რიტმით მისდევენ და ცვლიან ერთმანეთს, რიტმული, მხიარული და ენერგიით აქტიურად დამუხტული მუსიკის (მუსიკალური გამფორმებელი ლაშა შეროზია) თანხლებით, რომელიც მსახიობების მოძრაობას, ქმედებასა და პლასტიკასაც განაპირობებს. ფინალამდე და მის შემდეგაც, პოსტფინალურ ბოლო აკორდებამდე.
ლაშა შეროზიას სპექტაკლი მაყურებელს აცინებს და ამხიარულებს. განტვირთვისა და რეალობიდან (ცოტა ხნით მაინც) გასვლისა და მყუდროდ თავშეფარების შესაძლებლობას აძლევს. მეორე მხრივ, მხიარულებისა და იუმორის, კომიკური სიტუაციების, ექსცენტრიკის, გაშარჟებული სიტუაციებისა და ურთიერთობების მიღმა აშკარად ჩანს სერიოზულ საკითხებზე დიალოგის სურვილიცა და მოთხოვნილებაც. შემოქმედებითი ჯგუფის პროტესტიც, პოზიციაც და კრიტიკაც ფარისევლობის (რელიგიურ-სარწმუნოებრივი, ზნეობრივი თუ სახელისუფლებო) საზოგადოების ინტერესებთან დაპირისპირების, სოციალური თუ პოლიტიკური უსამართლობის წინააღმდეგ, რომლებთან ბრძოლას ადამიანები თავისებური ფორმითა და გზებით ცდილობენ და ახერხებენ.
საპრემიერო სპექტაკლის ბოლოს, მაყურებლის წინაშე თავის დასაკრავად, მსახიობებთან ერთად გასულმა ლაშა შეროზიამ, უკრაინაში მიმდინარე, რუსეთის საომარი აგრესიის წინააღმდეგ პროტესტისა და უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, სცენაზე უკრაინის დროშა გამოიტანა. და ამით, ფოთის თეატრსა და ფოთელ მაყურებელთან ერთად თანადგომა გამოუცხადა გმირ ერს, რომელსაც დღეს უმძიმესი პერიოდი აქვს.
სპექტაკლზე გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა კი, უკრაინელი ხალხის დახმარების საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.