როგორ ვექცევით მამებს, რომლებიც აყროლებენ დედამიწას?
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
როგორ ვექცევით მამას, რომლებიც აყროლებენ დედამიწას?
გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი აგრძელებს დისკუსიას შვილებისა და მშობლების ურთიერთობების თემაზე. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა, ამჯერად, მაყურებელს ტრილოგიის მეორე ნაწილი ფლორიან ზელერის „მამა“ (ფრანგულიდან თარგმნა ნანა სამჭკუაშვილმა) შესთავაზა. ამავე ავტორის „ვაჟიშვილი“ ტრილოგიის პირველი ნაწილი იყო. გორის თეატრში ფლორიან ზელერის „ვაჟიშვილი“ ამ ავტორის პირველი სცენური ინტერპრეტაცია იყო ქართულ თეატრში, რომელმაც ერისთავის თეატრს მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. სპექტაკლში მონაწილე ორი მსახიობი ქეთი ლუარსაბიშვილი და დაჩი ბაბუნაშვილი წლის საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ (საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონკურსის ფარგლებში). დავით ჩხარტიშვილის „ვაჟიშვილი“ კონსტრუქციულად სწორად აწყობილი, საშემსრულებლო თვალსაზრისით ზუსტად გააზრებული ნამუშევარია, სადაც ემოცია არის, მაგრამ ზომიერად. სადაც თამაშდება მძაფრი სცენები სიყალბისა და პათეტიკის გარეშე, და რაც მთავარია მაყურებლამდე მოდის პიესაში დასმული პრობლემების არსი. მის სიმწვავეს კი შეიგრძნობს მაყურებელი. ტრილოგიის მეორე ნაწილი „მამა“, ასევე პირველად განხორციელებული ქართული თეატრის სცენაზე, იგივე რეჟისორის ნამუშევარია შეცვლილი სამსახიობო გუნდით, გარდა ერთისა: გიორგი გოგუაძისა, რომელიც ორივე სპექტაკლში მამის როლს ასრულებს. ცალსახად განსხვავდება ამ ორი პიესის მამის პერსონაჟები და რადიკალურად განსხვავებულ სახეებს ქმნის გიორგი გოგუაძე ორივე სპექტაკლში.
ამ შემთხვევაში არ შევეცდები 2020 წელს ეკრანებზე გამოსული ფილმის „მამა“ (დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარი), რომლის რეჟისორიც თავად პიესის ავტორი ფლორიან ზელერია, შედარებას. მხოლოდ იმაზე მოგითხრობთ, რაც გორის ერისთავის თეატრის სცენაზე ნახა მაყურებელმა. ერთი რამ კი ცხადია, „ვაჟიშვილს“ და „მამას“ ერთმანეთთან ფორმის, გადაწყვეტის, რეჟისორული ხელწერის თვალსაზრისით, ბევრი საერთო აქვთ და ამაში არც არაფერია უცნაური, ვინაიდან რეჟისორმა ეს დადგმები ტრილოგიის ნაწილებად ჩაიფიქრა.
მაყურებელი სცენაზე სამი მხრიდან არის განთავსებული და საკმაოდ ახლო დისტანციით ადევნებს თვალს ერთ კონკრეტულ ოჯახში შექმნილ სიტუაციას.
მოვლენათა ეპიცენტრში ცხადია მამა დგას, რომელსაც გიორგი გოგუაძე ასრულებს. მსახიობი სწორად იყენებს გრიმს და წარმოგვიჩენს არა უკიდურესად მოხუც ადამიანს, არამედ ხანშიშესულ კაცს, რომელსაც თმაში არა მხოლოდ ჭაღარა შეეპარა, არამედ სახე ლაქებით აუჭრელდა, მაგრამ ის ფიზიკურად მხნედ და ენერგიულად გამოიყურება. გიორგი გოგუაძე ქმნის თავნება, ეგოისტი, ბავშვივით ცელქი, ჭირვეული მოხუცის მხატვრულ სახეს. მას ეტყობა, რომ საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება გამოიარა. ამაზე მეტყველებს მისი ფერადი ფეხსაცმელები გარდერობიდან, რომელიც როგორც ლაიტმოტივი ხშირად ჩნდება სპექტაკლის მსვლელობისას. მაგრამ როგორია ის ერთადერთ ქალიშვილთან დამოკიდებულებაში? გიორგი გოგუაძის მიერ შექმნილი პიერი, დასაწყისში უხეშ და ეგოისტ მამად გვევლინება, რომელსაც მისი კეთილდღეობისა და კომფორტისთვის არ სურს ქალიშვილის გაშვება და არ აინტერესებს მისი გამოისობით, როგორ უნგრევს ცხოვრებას მის ქალიშვილს.
გიორგი გოგუაძე ოსტატი მსახიობია, რომელმაც წარმატებით შექმნა მამის სახე „ვაჟიშვილში“. პიესაში „მამა“ მას მხცოვანი და ფსიქიკურად დაავადებული კაცის ტიპაჟის შექმნა მოუწია. მსახიობი ოსტატურად ქმნის ალცჰაიმერით დაავადებულ პერსონაჟს, რომელიც ხშირად წონასწორობას კარავს. სიბრალულს იწვევს მის მიერ წაკითხული მონოლოგი, სადაც ის აცნობიერებს მის მდგომარეობას და ის არ არის გაბოროტებული, თუმცა ძალიან გაეგოისტებულია, შეფარული და საშიში მოძალადეა. ისიც, მისი ქალიშვილის მსგავსად, დილემის წინაშე დგას, მას სიცოცხლე სურს, მაგრამ იცის რომ სიკვდილი მისთვის ერთადერთი ხსნაა. გიორგი გოგუაძე ტექნიკურად და პროფესიულად თითქოს ყველაფერს ზედმიწევნით კარგად ასრულებს, მაგრამ მაინც ჩნდება სიცარიელის განცდა მაყურებელში. იგრძნობა თანაგანცდის დეფიციტი მაყურებელში. მსახიობს, ვფიქრობ, ჯერ გათავისებული არ აქვს გმირის ხასიათი, რომ მისმა შესრულებამ ემოცია (რაიმე სახის) და თანაგანცდა გამოიწვიოს მაყურებელში.
დავით ჩხარტიშვილი გვიჩვენებს თითქმის გამოუვალ მოცემულობას, რომელშიც არავინაა დამნაშავე, არც მამა, რომელიც დაავადებულია და არც ქალიშვილი, რომელსაც ენგრევა პირადი ცხოვრება მამის ავადმყოფობის გამო. ამ მდგომარეობაში თითოეული პერსონაჟი მოძალადედ იქცევა და ეს ძალადობა ერთმანეთზე მათ პიროვნებებს ანგრევს.
ურთულესი მხატვრული სახეა პიესაში ანა. ამ როლს ბათუმის დრამატული თეატრიდან მოწვეული მსახიობი ანიკო ცეცხლაძე ასრულებს. მისი ვიზუალი და ფაქტურა ეფექტურია, მომხიბვლელი და მაყურებელს დადებითად განაწყობს მის მიმართ. დასაწყისში, ჯერ კიდევ ვხედავთ ქალს, რომელიც მამის ავადმყოფობას განიცდის და მაქსიმალურად ცდილობს მას დაეხმაროს. ემოციურად ამაღელვებელი სცენაა, როცა მას მამა ვეღარ ცნობს. მსახიობი შინაგანი განცდით ახერხებს მაყურებელმა იგრძნოს, როგორც ჩაწყდა სადღაც გულის სიღრმეში რაღაც მას. გაშეშებული და სევდიანი მისჩერებია ანიკო ცეცხლაძის გმირი ავადმყოფ მამას, მაგრამ მომდევნო ეპიზოდებში ანიკო ცეცხლაძის გმირი მოთმინებას კარგავს და ის ხისტ, ცივ და მამასთან გაუცხოებულ ქალად გადაიქცევა. ცხადია, მას აქვს ამის მიზეზი (და ალბათ, გამართლებაც). ანა სპექტაკლის დასრულებამდე კარგავს სათნოებას მამის მიმართ, მაშინაც კი, როცა მათ გულახდილი და ტკბილი საუბრები აქვთ. ეს სცენები მაყურებელში ემოციას არ იწვევს, მათ (პერსონაჟებს) და მათ (მაყურებელსა და პერსონაჟებს) შორის სრული სიცივე, ხელოვნურობა ისადგურებს, რითაც სცენაზე გათამაშებული მოვლენები, მაყურებლისგან თითქოს სადღაც შორს, ხილული კედლის მიღმა, ვითარდება, საიდანაც თითქოს არც ხმა ისმის და ვერც ემოცია აღწევს. საინტერესო, დაძაბული, დრამატული და მოულოდნელი დასასრულით გათამაშებულია მამისა და ქალიშვილის მამა-შვილური ცალმხრივი დიალოგი, როცა მაყურებელს ანიკო ცეცხლაძის მონოლოგი მამაზე ჩანაწერში ესმის. სცენაზე კი მამა-შვილი თამაშობენ, ერთობიან, წარსულს იხსენებენ. ამ მონოლოგს თავისი დინამიკა და კულმინაცია აქვს, როცა სასოწარკვეთილი ანა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავარდეს. ამ დროს, (წარმოსახვაში) ანი ცეცხლაძე დანას კისერში გამოუსმევს პიერს. ამ ეპიზოდში კულმინაციას აღწევს ანიკო ცეცხლაძის პერსონაჟის მოთმინება, ის კარგავს ადამიანობას და იქცევა მოძალადედ. თუმცა სპექტაკლში ნაჩვენები არ არის ეს გზა, პროცესი და ეს კონკრეტული ეპიზოდიც მაყურებელზე ემოციურ გავლენას ვერ ახდენს. ვფიქრობ, რეჟისორს დამდგმელ ჯგუფთან ერთად, კიდე აქვს სამუშაო „ტექნიკურობის“ „ბუნებრიობაში“ გადასასვლელად.
სოსო მგალობლიშვილი სპექტაკლში ანდრეს როლს ასახიერებს. მსახიობს, სხვა მისი კოლეგების მსგავსად, რთული ამოცანა აკისრია, რომელმაც უნდა აჩვენოს ადამიანი იმ სიტუაციაში, როცა საყვარელი ქალის მამა, მათ ურთიერთობას კატასტროფულ საფრთხეს უქმნის. მსახიობი წარმოგვიდგენს გმირს, რომელიც ცდილობს იყოს თავაზიანი, მომთმენი, კომპრომისებზე წამსვლელი, ნამდვილი ინტელიგენტი და ის ამ თვისებებს (ყოველ შემთხვევაში, სახეს მაინც) ბოლომდე ინარჩუნებს. გაცილებით აგრესიულია მამის გონებაში წარმოსახვითი ანდრე, რომელსაც ზაზა ცარულაშვილი ასრულებს. მსახიობი მხოლოდ გარეგნულად ქმნის ინტელიგენტი სიძის სახეს, რეალურად კი ის მამის ახალ კოშმარად იქცევა, რომელიც გამანადგურებელ კითხვას უსვამს პიერს - „კიდევ დიდხანს აპირებთ დედამიწის აყროლებას?!“.
სახასიათო პერსონაჟია ლიზა. ნათია ტატულაშვილი იმ ემიგრანტ ქალს გვაგონებს, რომელიც ნებისმიერ სამუშაოზე თანახმაა. მას არ ეშინია მოსალოდნელი სირთულეების და პრობლემების. მართალია, ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერც მსახიობს მოაქვს ჩვენამდე რას გრძნობს ის როცა მარტოა და რამდენად რთული სამუშაოს შესრულება უწევს, მაგრამ ვხედავთ როგორ იქცევა ის პაციენტთან - ცალსახად პოზიტიურად, მხიარულად, ენთუზიაზმით. მხატვრული სახის ასეთი გადაწყვეტა პერსონაჟს სქემატურს და ბრტყელს ხდის.
დავით ჩხარტიშვილმა სცენური სამყაროს ვიზუალურად შექმნაზე მხატვარ თამარ ჭავჭანიძესთან ერთად იმუშავა. სცენა მაქსიმალურად განტვირთულია ყოფითი დეკორაციისგან. აქ ყველაფერი (ოთახები, ავეჯი) მაყურებლის წარმოსახვაში ცოცხლობს. სცენაზე ვხედავთ ჩამოკიდებულ სამ ერთნაირ მონუმენტურ მამაკაცის პიჟამოს და სარკისებურ, პრიალა იატაკს, რომელიც მხოლოდ ჩრდილებს ირეკლავს, როგორც მრუდე სარკე და არა გამოსახულებას. ეტაპობრივად, იატაკი პერსონაჟებს ფეხქვეშ ეცლებათ და ის მონუმენტურ ბრტყელ კედლად იქცევა, რომელიც შედარებით მცირე ზომის კვადრატებისგან შედგება. ნახევრად აწეულ კედელში მაყურებლის ჩრდილები ირეკლება, ფინალში კი მთელი სამყარო. კედლადქცეული იატაკის ადგილას ქვიშიანი და ასევე კვადრატებიანი განათებული იატაკი რჩება. ეს სივრცე ფინალში კლინიკად იქცევა. სადაც ყველაფერი (კედელი თუ იატაკი) კვადრატებად არის დანაწევრებული. დეკორაცია ქმედითია და დინამიკური. მეტაფორული დატვირთვის გარდა, მას პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ვინაიდან კედელსაც და ჩამოკიდებულ დიდ პიჟამებს პერსონაჟები ხშირად იყენებენ, მათ შორის, ალცჰაიმერით დაავადებული პიერის ქალიშვილი ანა (ანიკო ცეცხლაძე) და ანდრე (სოსო მგალობლიშვილი), მათ შორის, წარმოსახვითი ანდრეც (ზაზა ცარულაშვილი). ისინი ცდილობენ მოირგონ მამის ტანსაცმელი, როგორც მეტაფორა მამის ადგილზე ყოფნის, მის სულში და შინაგან სამყაროში წვდომის ხერხი, იქიდან შეხედონ სამყაროს, მაგრამ მსგავსი მცდელობები ვერც პრობლემას ჭრის და ვერც სიტუაციას ცვლის. მონუმენტური მამის პიჟამები პერიოდულად წყდება და ძირს ეცემა. თითოეული დაცემის დროს, მეტაფორულად კვდება მამა მათში და თავად პიერში პიერიც.
დავით ჩხარტიშვილის „მამა“ შვილებსა და მშობლებს ბევრ პრობლემაზე დააფიქრებს. რეჟისორი თითქოს არც გამოხატავს თავის პოზიციას მკვეთრად, თუ რომელია უფრო მეტი მოძალადე, დამნაშავე თუ უღირსი ადამიანი მშობლებსა და შვილებს შორის. ის გვიჩვენებს მოცემულობას, ქმნის სიტუაციას, რომელსაც პერსონაჟებთან ერთად, მაყურებელიც კი ჩიხში შეჰყავს. ამიტომაც საზოგადოების თითოეულ წევრის, მისი სინდისის და ჰუმანურობის ხარისხზეა დამოკიდებული არჩევანი, რომლის გაკეთებაც, მსგავს სიტუაციაში, მაინც ყველას მოუწევს.
ფოტოები ლევან ახალკაცის