როგორ ვესაუბროთ მოზარდებს ომზე?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანასტასია ჩერნეცოვა
როგორ ვესაუბროთ მოზარდებს ომზე?
XXl საუკუნეშიც კი ომი ძალზე აქტუალურ თემად რჩება. საკმარისია ჩავრთოთ ტელევიზორი ან სოციალური ქსელი და ჩვენ თვალწინ გადაიშლება ის მძიმე რეალობა, რომელიც გამეფებულია მსოფლიო მასშტაბით. ქართული თეატრი თანმდევია ირგვლივ განვითარებული მოვლენების და თითქმის ყველა თეატრში გადავაწყდებით ერთ სპექტაკლს მაინც აღნიშნულ თემატიკაზე, რა თქმა უნდა, გამონაკლისს არც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს. ზუგდიდისა და დმანისის თეატრის კოლაბორაციის ფარგლებში, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ არჩევანი შეაჩერა ფრენსის გუდრიჩისა და ალბერტ ჰაკეტის პიესაზე: „ანა ფრანკის დღიური“.
ებრაელი გოგონას ტრაგიკული ამბავი მრავალი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე შექმნილია არა ერთი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმი თუ სპექტაკლი. „ანა ფრანკის დღიურის“ ერთ-ერთი პირველი ეკრანიზაცია - ჯორჯ სტივენსის ამავე სახელწოდების, სამი ოსკარის მფლობელი კინოსურათი გახლავთ, სადაც მთავარ როლს ასრულებს - მილი პერკინსი.
ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ, ჰოლოკოსტის ყველაზე ცნობილ მსხვერპლზე, სხვადასხვა დროს ქართულ სცენაზე დადგმული სპექტაკლები, რომელი დადგმებიც თავისთავად გამოხატავდნენ, არამხოლოდ კონკრეტულ ისტორიას, არამედ აღნიშნული ეპოქების სათქმელსაც. (მაგალითად: ერისთავის თეატრში (რეჟისორი - ნუგზარ ლორთქიფანიძე); გრიბოედოვის სცენაზე (რეჟისორი - მედეა კუჭუხიძე); რუსთაველის თეატრში (რეჟისორი - გიზო ჟორდანია) და ა. შ.).
გიორგი სიხარულიძის დადგმა არა აგიტაციური, არამედ პაციფისტური ნამუშევარია, რომელიც ფაქიზად ესაუბრება მოზარდებსა და მათ მშობლებს იმაზე, თუ რაოდენ საზარელია ომი, როგორ ცვლის იგი ადამიანთა ცხოვრებას და როგორ შეუძლია პატარა გოგონას კრიტიკულ მომენტშიც კი ადამიანობის შენარჩუნება. ამასთან დაკავშირებით გონებაში ამომიტივტივდა, დათა თავაძის სპექტაკლი „ტროელი ქალები“, რომელსაც რეფრენად გასდევს კითხვა, „გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკო?“ აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ხელოვანები სკრუპულოზურად უნდა მიუდგნენ საკითხს და თავიანთი ფილმებითა თუ სპექტაკლებით (და არამხოლოდ) უპასუხონ აღნიშნულ შეკითხვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ნამუშევარი მოზარდებისთვის არის განკუთვნილი. ჩემი დაკვირვებით, რეჟისორმა ღირსეულად გაართვა თავი ჩანაფიქრს.
ახალბედა მსახიობი ანანო ლომიძე (ანა ფრანკის შემსრულებელი), თავისი ნიჭიერებით ტოლს არ უდებს მასზე გამოცდილ არტისტებს. მსახიობს სიღრმისეულად აქვს გააზრებული ანა ფრანკის ხასიათი. იგი როგორც ცელქი, ისე საკმაოდ მგრძნობიარე გოგოა, რომელიც არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ქმნის პოზიტიურ და სადღესასწაულო განწყობას. ამის თვალსაჩინო მაგალითია, ხანუქას დღესასწაულის მიზანსცენა, სადაც ანა იუმორისტულად ასაჩუქრებს თავის ოჯახის წევრებს უბრალო საჩუქრებით. ჩემთვის სასიხარულოა, რომ რეჟისორმა დაამსხვრია სტერეოტიპი და როლზე დაამტკიცა არა შავგვრემანი, არამედ ღია თმის ფერის მსახიობი. ვფიქრობ, ამით რეჟისორი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ პერსონაჟთან არა გარეგნული მსგავსება, არამედ გმირის გრძნობათა ბუნებაში ჩაწვდომაა მეტად მნიშვნელოვანი.
გიორგი სიხარულიძემ ორ მოქმედებიანი პიესა ერთ მოქმედებაში ჩაატია. ტექსტი მაქსიმალურად შეკვეცა, თუმცა ეს არ ნიშნავ იმას, რომ სათქმელი სრულყოფილად ვერ გადმოსცა. რეჟისორის გადაწყვეტით რამდენიმე მიზანსცენა დაემატა, მაგ.: სკოლობანას თამაში, დების (დის როლის მარგოს შემსრულებელი - სალომე ბუღაძე) წარმოსახვითი მანქანით გასეირნება და სხვა. აღსანიშნავია ის, რომ დადგმაში მიჩქმალულია პიტერის ხაზი. პიესისგან განსხვავებით იგი ანას არა ფიზიკური, არამედ წარმოსახვითი მეგობარია, შესაბამისად სპექტაკლში ნაკლებად ჩანს ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობა.
თეო კუხიანიძის სცენოგრაფიაში დომინირებს ხის კედელი, რომელიც გარე და შიდა სამყაროს ერთგვარი გამყოფია. საკმარისია გავიხსენოთ ფინალური სცენა, სადაც კედელი წინ მიიწევს და იქმნება კლაუსტროფობიური გარემო. ჩემი აზრით, აღნიშნული მიზანსცენა წარმოადგენს მეტაფორას. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, გარე ანუ ნაცისტური სამყარო ნელ-ნელა, ფსიქოლოგიური წნეხითა და აუტანელი სიმძიმილით შთანთქავს დროებით თავშესაფარში მყოფ ებრაულ ოჯახს. ხანუქას დღესასწაულის ეპიზოდში პერსონაჟები კედელთან ისე არიან მიკრულები, თითქოს დახვრეტას უპირებენ მათ, სავარაუდოდ, მსგავსი გადაწყვეტით რეჟისორი გვამზადებს პერსონაჟთა ფატალური დასასრულისთვის, თანაც პარალელურად ჟღერს ჯუზეპე ვერდის ოპერა „ნაბუკოდან“ ცნობილი „ებრაელთა ქორო“. ვფიქრობ, მუსიკალურმა გამფორმებელმა ანა მურღულიამ, აღნიშნული მუსიკალური ნაწარმოები ორგანულად და სიმბოლურად შეუსაბამა კონკრეტულ მიზანსცენას, რადგან ვერდის ოპერა ბაბილონელთა მიერ ებრაელების დატყვევებაზეა.
სპექტაკლის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი, ემოციური და მეტად დრამატული მიზანსცენაა ბატონი ვანდაანის, მსახიობ - გოგი გუგუჩიას შესრულებული, პურის მოპარვის ეპიზოდი. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი მეორე ხარისხოვან როლს ასრულებს, ის მაინც ახერხებს თავისი პერსონაჟის ნაღვლიანი ბუნების გადმოცემას და მაყურებელში ემპათიის გამოწვევას. ქურდობის მიზანსცენას თან სდევს მარი სამუელესენის „Timelapse”, რომელიც რეჟისორის გადაწყვეტას ორგანულად არ ერწყმის, რადგან შერჩეული კომპოზიცია თითქოს „კივის“. მაყურებლის პოზიციიდან შეიძლება ითქვას, რომ სრულიად იხშობა უსიამოვნო ხმები, რომელიც კომპოზიციას გასდევს და ვიზუალური აქტი გადმოდის წინა პლანზე. ვფიქრობ, მუსიკის გამფორმებელმა ანა მურღულიამ, აღნიშნული კომპოზიციით ხელოვნურად შექმნა მუსიკალური ფონი, რადგან რეჟისორის ჩანაფიქრი თავისი ემოციური ასპექტებით მეტად წარმოჩენილიყო. აღსანიშნავია, რომ გოგი გუგუჩია ვანდაანის როლის შესრულებისთვის, თეატრალური საზოგადოების ყოველწლიურ კონკურსში, საუკეთესო ეპიზოდური როლის შემსრულებლის ჯილდო მიიღო.
ასევე აღსანიშნავია ქალბატონი ვანდაანის ქურქთან გამოთხოვების მიზანსცენა, რომელსაც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი თეა ცინცაძე ასრულებს. უფრო რომ დავკონკრეტდე და მკითხველისთვის გასაგები იყოს რაზე ვსაუბრობ, მაგალითისთვის მოვიყვან ქურქის გაყიდვის მიზანსცენას, სადაც ბატონი ვანდაანი კრალერს, მსახიობ - ზურა ლაშხიას სთხოვს, რომ საჭმლის სანაცვლოდ ქურქი წაიღოს. არსებულ მიზანსცენაში შესანიშნავად ასრულებს როლს არტისტი თეა ცინცაძე, რომელიც ქურქს საოცრად ემოციურად ეთხოვება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ხმით ტირილი უწევს მიზანსცენა დაცლილია ყოველგვარი პათეტიკისგან. ქურქი თითქოს სიმბოლური მეტაფორა ხდება ძველ ცხოვრებასთან გამოთხოვების, რაც ძალიან მტკივნეულია მისთვის, რადგანაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მამის ნაჩუქარია. ისიც (ქალბატონი ვანდაანი), როგორც მისი სცენური პარტნიორი (ბატონი ვანდაანი), მაყურებელზე ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენენ.
საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ გიორგი სიხარულიძემ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გვიჩვენა ანსამბლური და სინთეზური დადგმა, რომლის დინამიკურობაც გარკვეულმა სცენებმა მეტად განაპირობა. განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ სპექტაკლი ყოველგვარი პოლიტიკური პროპაგანდის გარეშე, ფაქიზად ესაუბრა მოზარდებს იმაზე თუ რა არის გლოვა, ომი და რაოდენ საზარელია მისგან გამოწვეული შედეგები.
სტატიაში გამოყენებულია ფოტოსურათები ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის Facebook გვერდიდან