top of page

ვეუბნებოდი უარს მაგრამ არ ისმენდა, ვტიროდი, არ შემიძლია მეთქი

att.WtkkXokmPEbicE2KM5yb8uUtFVAx_p9tH2uUU9q4anA.jpg

ვეუბნებოდი უარს მაგრამ არ ისმენდა, ვტიროდი, არ შემიძლია მეთქი

 

რუსიკო ბოლქვაძეს ესაუბრება ზუკა ნემსაძე

 

ქართულ თეატრს არა ერთი გამორჩეული, მსახიობი ჰყავს. მათ ერთმანეთისგან სწორედაც, რომ ინდივიდუალიზმი, პროფესიონალიზმი და პროფესიისადმი სიყვარული გამოარჩევს. თუმანიშვილის თეატრის, ერთ-ერთმა გამორჩეულმა მსახიობმა, რუსიკო ბოლქვაძემ, დაბადებიდან 65 წლის და სცენაზე დგომის 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საიუბილეო სპექტაკლში, „უცნაური ქალბატონი სევიჯი“ ითამაშა, სადაც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, არაპროფესიონალებიც იდგენენ სცენაზე. თუ სხვები, საიუბილეო თარიღებს, სცენაზე სავარძლის დადგმითა და მიძღვნილი ქება დიდებით აღნიშნავენ, მსახიობმა მისი დაბადების დღე სხვებს მიუძღვნა. მაყურებელს ინკლუზიური  სპექტაკლი შესთავაზა.

 

მსახიობს, საიუბილეო თარიღზე, სპექტაკლზე და სასცენო კარიერაზე სასაუბროდ, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ვესტუმრე. ინტერვიუ კი ამ დიდებული თეატრის ფოიეში ჩავწერეთ.

 

ქალბატონო რუსუდან გილოცავთ საიუბილეო თარიღს, დაბადებიდან 65 წლის, სცენაზე დგომის 45 წელს.

 

დიახ, ასე გამოვიდა. (იღიმის) გმადლობთ

 

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც მოიცალეთ ჩვენთან საუბრისთვის.

სანამ საიუბილეო თარიღზე, ახალ სპექტაკლზე და თქვენს კარიერაზე ვისაუბრებთ, მინდა გავიხსენოთ თქვენი, ბავშვობა. გვიამბეთ პირველი „სცენის“ შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში იყო. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ოჯახის წინ შესრულებული წარმოდგენა, სკოლის ღონისძიება თუ უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფი, რომელსაც წარმოიდგენდით...

 

ყველა ბავშვს მოსწონს თეატრი და ყველა ბავშვს უყვარს თამაში, ჩვენ ხომ ყველა ვთამაშობთ, უბრალოდ მე გამიგრძელდა ეს თამაში და პროფესიად გადამექცა თორემ, არაფერი განსხვავება იქ არ იყო. ზაფხულობით წყნეთში ვისვენებდით ხოლმე, იქ ვდგამდით სპექტაკლებს, ადგილობრივი ძალებით, ბავშვები. ჩვენი პირველი მაყურებლები იყვნენ მშობლები.

მერე სკოლაში მყავდა, ძალიან კარგი ინგლისურის მასწავლებლები ლიანა მაჭარაშვილი და ჯენარო ანდღულაძე, მათ უნდა ვუმადლოდე, რადგან ინგლისურად ვდგამდით სპექტაკლებს.

 

სასკოლო პირველი როლი ხომ არ გახსოვთ?

 

ჩემი პირველი როლი, შექსპირი იყო არც მეტი არც ნაკლები, “მეთორმეტე ღამე” დავდგით და იქ ვთამაშობდი, ოლივიას. დიდი ბაფთა მეკეთა, უზარმაზარი ხავრდის კაბა მეცვა.

 ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა.  დიდი სიყვარულით სავსე გარემო იყო- მშობლები, ბებია-ბაბუა, ნათესავები, მეგობრები. დიდი ნათესაობა იყო და ძალიან დიდი სიყვარული ტრიალებდა. ამას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ბავშვი რა გარემოში იზრდება.

 

თქვენი ოჯახი როგორ უყურებდა თქვენს არტისტულ ინტერესებს? იყო თუ არა ოჯახური ტრადიციები ან ღირებულებები, რომლებმაც თქვენზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს?

 

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მაინც დიდად არ უნდოდა, ჩემს სურვილს, ჩემს პიროვნულ არჩევანს გაუწიეს ანგარიში და არანაირად ხელი არ შემიშალეს.

 

ანუ, ამ მხრივაც თავისუფალი გარემო გქონდათ...

 

კი.

 

მართლა, არტისტობის მიღმა იყო ისეთი რამ რაზეც გსურდათ სწავლა?

 

თეატრალურ ინსტიტუტის გარდა სხვა ინტერესებიც მქონდა.  არქეოლოგობაც კი მინდოდა, მაგრამ, საბოლოოდ, თეატრალურში რომ გადავწყვიტე, ჩემმა ძმამ მაინც გააპროტესტა

 

 

მაშინ, ხომ არტისტობას ცოტა სხვანაირად აღიქვამდნენ.

 

 კი, განსაკუთრებით, ბავშვობაში, თანაც, ჩემი ძმის ასაკში… თუმცა, ახლა აღიარებს, კიდევ კარგი, არ დამიჯერეო.

 

ანუ დღეს კმაყოფილია.

 

სავსებით და იწვევს ჩემს სპექტაკლებზე თავის მეგობრებს… ძალიან კმაყოფილია.

 

მიუხედავად იმისა, რომ თქვით რომ ბავშვობიდანვე დგამდით სპექტაკლებს, გქონდათ როლები, ალბათ მაინც იქნებოდა მოვლენა, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის კარი გაგეღოთ, იმ ფონზე როცა თქვით, რომ რამდენიმე პროფესია გაინტერესებდათ, მათ შორის არქეოლოგია.

 

დავაზუსტებ მაშინ, თეატრალური ინსტიტუტი იყო, ეს მერე გახდა უნივერსიტეტი, მე რომ დავასრულე დიდი ხნის შემდეგ. ორივე პროფესია მაინტერესებდა, ალბათ იმან უფრო გადაწყვიტა, რომ თეატრალურში არის დამატებითი სამი ტური. ამ ტურების გამო, გამოცდები უფრო მალე იწყებოდა. დიდი იმედი ჰქონდა ჩემს ძმას და ჩემებს, რომ მე ამ ტურებზე ვერ გავიდოდი, ჩავიჭრებოდი, ჩემს ჭიას გავახარებდი და დავწყნარდებოდი. მაგრამ, არ ჩავიჭერი. სხვათა შორის, ბეწვის ხიდზე გავიარე, ძალიან დაბალი ქულა მივიღე, მისაღებ გამოცდაზე, პროფესიაში. საერთო ქულებით, ატესტატის ნიშნით, მომიგროვდა ქულები, ასე მოვხვდი.

 

თუმცა, მაინც მოახერხეთ და შეაღეთ თეატრალურის კარი.

 

მე არ შევაღე, გაიღო თავისთავად. ეგრე უნდა ყოფილიყო რა...

 

ლილი იოსელიანი თქვენი პირველი მასწავლებელი..

 

ლილი იოსელიანი არის უდიდესი ფიგურა, ჩემს ცხოვრებაში, დიდი შთაბეჭდილება. მან განაპირობა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი თუნდაც ის რომ ამ თეატრში ვარ, ახლა სადაც ვარ (ინტერვიუ თუმანიშვილის კინო-მსახიობთან თეატრში) ჩაიწერა. ამ თეატრში მოსვლაც, ქალბატონი ლილის “ბრალია”-  რომ არა ლილი იოსელიანი, არც თუმანიშვილის ყურადღების ღირსი არ გავხდებოდი და ა.შ.

 

აი, ახლა, წლების შემდეგ, როცა უკვე ბევრი რამ გადააფასეთ სათეატრო ცხოვრებაში, ბევრი რამ შეიცვალა, რატომ იყო თქვენი აზრით ასე გამორჩეული იოსელიანი? მისი მოსწავლეები? სტუდენტები? რა პეწი ჰქონდა, მას როგორ პედაგოგს?

 

პირველყოვლისა, თუმანიშვილი და იოსელიანი, თვითონ იყვნენ შემოქმედებაში თანამოაზრეები, კურსელები, ერთი პედაგოგის აღზრდილები, ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს როგორც პიროვნულად, ასევე როგორც ხელოვანები. ლილი იოსელიანი იყო ძალიან სერიოზული ფიგურა, დიდი პედაგოგი და პიროვნება. თავის სტუდენტებს მოგვიწოდებდა, რომ თეატრი ეს არის ტრიბუნა და შენ როცა ტრიბუნაზე დგები, ვიღაცაც მიმართავ, რაღაცას ეუბნები და მოუწოდებ რაღაცისკენ, შენ. თვითონ გაქვს ამის მორალური უფლება?! შენ თვითონ ცხოვრობ ისე, რომ მერე სხვას, ჭკუა დაარიგო, მოუწოდო ან რაღაც დაანახო. ამიტომ კეთილი ინებე და მოიპოვე ეს მორალური უფლება, თუ გინდა, რომ ხელოვნებას ემსახურო. სულ ამბობდა, რომ არის ორი სიტყვა “ხელოსანი” და “ხელოვანი”. ერთ ასოშია განსხვავება, შეიძლება იყო კარგი ხელოსანი და ვერ გახდე ხელოვანი, ხელოვანი ხდები მაშინ როცა “პიროვანი” ხარ და შენი ხელობა  “პიროვნებაზეა” დაშენებული - ამას ქადაგებდა ის და თავისი ცხოვრებით იძლეოდა ამის მაგალითს. 

უნდა აღვნიშნო, რომ თავად ძალიან უკომპრომისო იყო და ამიტომაც ისე მოხდა, რომ ადრე ჩამოშორდა აქტიურ თეატრალურ ცხოვრებას და ამით ძალიან გაღარიბდა ქართული თეატრი - ლილი იოსელიანის სპექტაკლების გარეშე, მისი პიროვნული ხედვის, მისი შემოქმედებითი, უაღრესად საინტერესო აზროვნების გარეშე. მოაკლო თავისი თავი ქართული თეატრს, თავისი უკომპრომისობით.

 

შემდეგ, ხდება საინტერესო რამ : 1980 წელს, მიხეილ თუმანიშვილი გიწვევთ

კინოს სტუდიის თეატრალურ სახელოსნოში, რომელიც შემდეგ კინომსახიობთა თეატრად გადაკეთდება და დიდი რეჟისორის სახელის მატარებელი გახდება. თუმცაღა ალბათ არ იყო ადვილი, თან, თქვენ უშუალოდ მისი სტუდენტი არ ყოფილხართ.  თქვენი აზრით რატომ დაინტერესდა გენიალური რეჟისორი თქვენით?

 

მე ეს არ ვიცი.. როგორც ჩანს, ინსტიტუტშივე დამადგა თვალი.  შემოდიოდა სპექტაკლების მერე, გვილოცავდა, დერეფანში რომ მხვდებოდა- დამიჭერდა, ხელს ჩამომართმევდა „გაა მარ ჯო ბა“ -ასე მესალმებოდა… მეთამაშებოდა!

სხვათა შორის, არც თეატრალურში ჩაბარებამდე და არც დასრულების შემდეგ, აი ასეთი გეგმა, რომ  აი ეს მინდა, აი იქ წავალ, ასეთი რამ არ მქონია.

ერთხელ, ძალიან კარგმა ქალბატონმა დამისვა შეკითხვა, როგორ გაიტანეო თავი, რა გააკეთე იმისთვის, რომ იმ თეატრში თავი დაგემკვიდრებინა, შენ რომ მიხვედი, იქ უკვე ძალიან ძლიერი, შეკრული გუნდი იყოო. ისე გამიკვირდა ეს შეკითხვა,რომ დამისვა - მე უნდა მეკეთებინა რამე ამისთვის?! ისიც არ მიფიქრია, რომ “თავი გამეტანა”. თამაში მინდოდა და ვთამაშობდი. დანარჩენი ყველაფერი თავისით მოვიდა. თუმანიშვილის სურვილი იყო, რომ მე აქ მოვეყვანე, არავის არ უზრუნია ამაზე, არავის დაურეკავს, არავის უთხოვია (ასეც ხდება- ხოლმე ), მიუხედავად, იმისა, რომ ბევრი საერთო ახლობელი ჰყავდა დედაჩემს და თუმანიშვილს.

 

რომ გაიგეთ, რომ თუმანიშვილმა მიგიწვიათ, რა რეაქცია გქონდათ?

 

ჩვენ დროს იყო განაწილება, პირდაპირ ანაწილებდა უმაღლესი სასწავლებელი თავის კურსდამთავრებულებს. მარტო თეატრალური არა, ყველგან ეგრე იყო, უსამსახუროდ არ რჩებოდა არავინ. წავედი მეც ასე ბეკეკასავით განაწილებაზე. სიას კითხულობდნენ. მეთქი რაც არის, არის. ყველას რაღაცა გამოუცხადეს, ზოგი იქ გაუშვეს, ზოგი აქ და ჩემზე არაფერი არ გამოაცხადეს. ვიდექი დერეფანში, გაკვირვებული და დაბნეული. მერე ვიღაც ქალი მოვიდა და მკითხა შენ აქ რას დგახარო? მე ვუთხარი, რა ვიცი არ ამომიკითხეს სიაში თქო. შენო მიშამ წაგიყვანაო. ეგრე გავიგე რა…

 

და რა ემოცია, გქონდათ?  გაგიხარდათ?

 

რა თქმა უნდა, ძალიან გამეხარდა.  ძალიანაც მინდოდა თუმანიშვილთან მუშაობა,მაგრამ გამეხარდა,რომ ეს მას უნდოდა…  ნებისმიერი ურთიერთობა, გინდა ადამიანური, გინდა სამსახურებრივი, ორმხრივ სურვილზე უნდა იყოს დამყარებული. აბა,შენ გინდა- მას არ უნდიხარ და მაინც მიდიხარ, რა პონტია?!  (იღიმის).

 

ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა მას უნდა მაგრამ ორგანიზაციაში ის არ სურთ?

           

არ უნდა მიხვიდე.

 

თუ შენ მოგწონს და გინდა?

 

დიდი ბოდიში, მაგრამ, შეიძლება იმეგობრო ადამიანთან რომელსაც არ უნდა შენთან მეგობრობა?  “მე მინდა”-თი ურთიერთობა არ გამოვა.

სხვათა შორის, ცხოვრებაში, არცერთ როლზე, გინდა კინოში, გინდა თეატრში, მე თვითონ არ მითხოვია. ეს არ არის ამპარტავნება.. რადგან თუ მას ვუნდივარ, ის აუცილებლად დამიძახებს.  

 

გაიგეთ რომ თუმანიშვილს უნდიხართ, სურს თქვენთან მუშაობა..

 

 ეს იყო მოვლენა! სულ რაღაც ორი წლის გახსნილი იყო ეს თეატრი და ყველას იზიდავდა..   დღემდე მაქვს  “ესმერალდას“  პროგრამა შენახული,  შიგნით ფოთოლი იდო…

როდესაც მითხრეს -  „მიშამ წაგიყვანა“ -   ძალიან ბედნიერი ვიყავი.

მოვედი და მოვედი.

 

ჩვენ არა ერთ გზის მოგვისმენია, სათეატრო სივრცეში სკანდალური ამბები, კოლეგებთან დაკავშირებით, ხელის შემშლელი ფაქტორები, დამოკიდებულებები, გახსოვთ ისეთი რამ რაც დღემდე გულს გტკენთ და თქვენ მეხსიერებაში შავ ლაქად დარჩა?

 

მახსოვს, მაგრამ არ გეტყვით. მორჩა, ეგ არის პასუხი.

 

თუმცა ყოფილა?

 

როგორ შეიძლება რომ არ იყოს?! იმიტომ კი არა, რომ ვინმე ცუდია და კარგია. თქვენ, მეგობართან, ოჯახში, კონფლიქტი ან გაუგებრობა არ გქონიათ?! შეუძლებელია, რომ არ გქონოდათ. უბრალოდ ადამიანები სხვადასხვანაირები არიან, ყველას თავისი სიმართლე აქვს. მე, რომ მგონია რომ მართალი ვარ, ის ფიქრობს რომ თავადაა მართალი. რა თქმა უნდა, იყო, ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, რომ აპაპაა, არ ყოფილა-მეთქი.

 

ანუ, ეს ამ კედლებში დარჩა და არ გასულა..

 

დიახ.

 

იყო თუ არა როლი, რომელიც თავიდან არ მიგიჩნევიათ „თქვენად“, მაგრამ საბოლოოდ სრულიად შეცვალეთ მისდამი დამოკიდებულება?

 

კი, კი რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად არის ეგრე. “ ზაფხულის ღამის სიზმარზე” ძალიან ვიწვალე, ელენეზე. გადასარევი როლია, ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ძალით მათამაშა. მთავარი როლია კაცო, ერთ-ერთი სერიოზული როლია, ვიღაცისთვის საოცნებო როლიც შეიძლება იყოს. არ გამომდიოდა, ვერ გავუგე ამ გოგოს რა უნდა, ამ ელენეს. ისე დამეხმარა თვითონ ბატონი მიშა, იმდენი რამე მოიმოქმედა, რომ მეთამაშა.  მერე, ნინელიმ კაბა მიპოვა კინოსტუდიის გარდერობში და რომ ჩავიცვი, საბოლოოდ, იმ კაბამ გამაკეთებინა ის როლი.  ბოლო-ბოლო, ძალიან შემიყვარდა.. დღემდე მიყვარს.

 

შეიძლება ერთ-ერთ მთავარ როლზე, გეთქვათ უარი?

 

მეთქვა რა, ვეუბნებოდი უარს მაგრამ არაო, არ ისმენდა. ვტიროდი, არ შემიძლია მეთქი ვეუბნებოდი, არ გამომდის.  ნუ, არაო!

 

თქვენთან არა ერთ რეჟისორს, არა ერთ თეატრს უთანამშრომლია, ხშირად ხარ ახალ სპექტაკლებში, დღემდე ასეა.

 

კი, საბედნიეროდ, თუმცა მანამდე დიდი პაუზა იყო.

 

რამ გამოიწვია ეს პაუზა?!

 

არ ვიცი, ეგ კითხეთ რეჟისორებს.

 

თუმცა ნებისმიერ მსახიობს აქვს კინოში თამაშის სურვილი.

 

კინოში თამაში იყო ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. ეს იყო კინოსტუდიასთან არსებული თეატრი, ჩვენ ყველას კინომსახიობები გვერქვა და კინოში უნდა გვეთამაშა.  სერიოზული კინო ინდუსტრია იყო, ფილმებს ვახმოვანებდით, დუბლიაჟის სტუდიაში დავრბოდით, გადაღებებზე.  ვერ ვიტყვი,რომ კინოში რამე სერიოზული გამიკეთებია, თუმცა, ყველა ჩემი პერსონაჟი ძალიან მიყვარს

 

სხვა რეჟისორებს რაც შეეხება..

 

არ შეიძლება, რომ არ ვახსენო მარიონეტების თეატრი, სადაც უდიდესი ბედნიერება განმიცდია, პირადად  რეზოს გაბრიაძესთან მუშაობით, თავისუფალ თეატრში, ქუთაისში, არაჩვეულებრივ პიროვნებასთან, პაატა მილორავასთან, ძალიან საინტერესო კინორეჟისორი იყო თვითონ. „გოდოს მოლოდინი“ დადგა. არ შემიძლია არ ვახსენო სატელევიზიო პროექტები,  თინა ჭაბუკიანი, არაჩვეულებრივი ქალბატონი და რეჟისორი, რომლის წყალობითაც სატელევიზიო ზღაპრები გადავიღეთ. ახალგაზრდებში ჩემი პოპულარობა ამ ზღაპრების  და თინას წყალობაა.

 

დღემდე აქტუალურია ეს ვიდეოები სოციალურ ქსელებში.

 

ვერ წარმოიდგენთ… ის ბავშვები გაიზარდნენ  და ძალიან სახალისოა, უცებ ქუჩაში, უზარმაზარი კაცი  რომ შეგხვდება და გეტყვის, თქვენს ზღაპრებზე გავიზარდეო.. ან ტაქსის მძღოლი ხმაზე რომ გიცნობს და თავის ბავშვობის შთაბეჭდილებების მოყოლას რომ იწყებს ..  ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება.

 

მღერიან და ხუმრობენ კინოსა და თეატრის მსახიობები, ამ პროექტშიც აქტიურად იყავით დაკავებული.

 

კი, კი.. ჯემალ და გია ბაღაშვილების საოცარი კონცერტები, რომლითაც იმ საშინელ 90-იანებში ყველა ერთად, ჩვენც და მაყურებელიც გადავრჩით. მართლა ზეიმებს აწყობდნენ, ეს ნიჭიერი ადამიანები.

 

არის თუ არა რაიმე რუტინა ან რიტუალი, რაც გეხმარებათ?

 

ჩვენ თეატრში გვაქვს რიტუალი, რაც თუმანიშვილის დადგენილია, ამას ვასრულებთ, სპექტაკლების წინ ფოიეში. ერთად ვიკრიბებით ყველა, წრეში ერთად ვდგებით და ყურადღებას ვიკრებთ. გუნდურ საქმიანობაში ასეთი მომენტი აუცილებელია, რომ ბევრი ადამიანი ერთ ტალღაზე დადგეს.  ეს არის საერთო რიტუალი რაც ყველას ეხება.

 

ანუ პერსონალური რიტუალიც გაქვთ...

 

კი. მაქვს თუმანიშვილის ზარი, რომელსაც დავაწკარუნებ ხოლმე გასვლის წინ, კიდევ მაქვს პატარა სასტვენი რომელსაც აქვს პატარა ჩიტის ფორმა, ხოდა, ვუსტვენ ხოლმე (იღიმის). იმ სასტვენს კუდი მოტყდა და ეს ბოლო პრემიერები არ მისტვენია. ისე ვუსტვენ უკვე მე თვითონ, სასტვენის გარეშე. (იღიმის)

 

თქვენ არა მხოლოდ მსახიობი, არამედ რეჟისორი ხართ, აქტიურად დგამთ.

 

კი, ასე გამოვიდა.

 

აგერ უკვე, 12 წელს მეტია „ზვავი“ რეპერტუარიდან არ ჩამოსულა.

 

კი, ასეა.

 

თქვენ თამაშობთ კიდეც.

 

მომიწია თამაში, კი, სპექტაკლის წინ, ქალბატონმა ლიამ (კაპანაძე) ტრავმა მიიღო, აბა რა გვექნა?! მაყურებელი უკვე დარბაზში იყო, შევხტი და ვითამაშე, დასტვენის გარეშე, ზარის დაწკარუნებაც ვერ მოვასწარი, ისე გიჟივით შევვარდი.

 

ინტერვიუ მოლოცვით დავიწყე და..

 

შენ გეჩქარებოდა, როგორც მახსოვს, 7-ის ნახევარია უკვე.

 

ისე საინტერესოდ მიდის ჩვენი ინტერვიუ, მაინც მოვასწრებ. თქვენთან, როგორც არტისტთან და არა მხოლოდ, ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, იმიტომ, რომ 45 წლიანი სასცენო მოღვაწეობა შესაძლებლობას იძლევა, დაუსრულებლად ვისაუბროთ თქვენზე, თქვენს შემოქმედებაზე, თუმცაღა ინტერვიუს ფორმატი, არ იძლევა დაუსრულებლად საუბრის შესაძლებლობას.

პირდაპირ გკითხავთ ხარ თუ არა უცნაური ქალბატონო სევიჯი?

 

აღმოჩნდა რომ ვარ, ერთ რაღაცაში არ ვემთხვევით- მილიონერი არ ვარ. ამ პიესას რომ ვუყურებ, რთულია მილიონერობა, კიდევ კარგი, რომ ამდენი ფული არ მაქვს. მაგრამ, იმხელა სიყვარული ტრიალებს, რომ ყველა მილიონზე უფრო მეტია ეს. ამ სპექტაკლზე, აი ამ ჩვენ პატარა დასში შიგნით, მაყურებელში - დიდი სიყვარულია. ამ თეატრში, წარმატება და მქუხარე ტაში ბევრი მახსოვს, საბედნიეროდ, როცა მეც ვიდექი სცენაზე და ჩემ გარეშეც აქ სპექტაკლები იდგმებოდა ერთი, მეორეზე უკეთესი. აი, ასე ერთდროულად რომ ბედნიერებისგან ცრემლები ჰქონდეს ადამიანს და ტიროდეს, “პატარა ქალაქზე” მახსოვს ეგეთი. ეს არანაირად არ არის ჩემი დამსახურება, ეს იმ გადასარევი ადამიანების დამსახურებაა.

 

თუმცა თქვენ შეგეძლოთ, თქვენი კოლეგების მსგავსად, სცენაზე აგეტანათ ტახტი, მიგეღოთ ყვავილები, უამრავი საჩუქარი, პრემია, მოგესმინათ საქები სიტყვები, მაგრამ აირჩიეთ, რომ 65 წლის იუბილე ასე გაგეკეთებინათ.

 

კი.

 

თქვენ კიდე არჩიეთ, რომ სპექტაკლი დაგედგათ და ეს დღე მხოლოდ თქვენი არ ყოფილიყო.

 

ნუ, კაი. ვგულისხმობ, რომ თავად სპექტაკლის წარმატება არ არის დამსახურება. კი სპექტაკლი, რომ შემდგარიყო კი, მე გავაკეთე ყველაფერი და ეს ჩემი იდეა იყო. სპექტაკლი, რომ ასეთი გამოვიდა, რეჟისორის, მხატვრის, კოლეგების, პროფესიონალი მსახიობების დამსახურებაა. მაგრამ მთავარი,  ის ოთხი არაპროფესიონალი ადამიანია. ისინი ისეთ როლებსა და მხატვრულ სახეებს ქმნიან, რომ აი ეს ცრემლი და ბედნიერების ოვაცია, მათი დამსახურებაა.

 

მიუხედავად ბევრი წარმატებისა, საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებისა, თქვენ ამ წლების განმავლობაში, ალბათ მოისმენდით კრიტიკასაც.

 

კი.

 

მე ვგულისხმობ კრიტიკოსებს.

 

ნეტა მომესმინა, სამწუხაროდ არ მომისმენია. სულ მინდა, რომ მოვისმინო. ერთი კრიტიკა მოვისმინე, მაგრამ ის კრიტიკა კი არ იყო, ის იყო კირკიტა, კირკიტი ვიდრე კრიტიკა.

 

ვისი „კირკიტი“ იყო?

 

რა მნიშვნელობა აქვს, ღმერთო ჩემო. აი, რომ გიკირკიტებს. გამაკრიტიკე რა, მართლა მითხარი რა, ისეთი რამ, რომ მოგისმინო, ჭკუაში დამიჯდეს. დიდად, მაინც არ იღლებიან ახლა არც ჩემი ქებით და არც კრიტიკით. გამაკრიტიკონ მაინც, არ მინდა ეს ქება. აუცილებელია მოისმინო განსხვავებული აზრი, ჯანსაღი.

 

რა დარჩება ისტორიას, რუსიკო ბოლქვაძის...

 

აჰ, ამაზე არ ვფიქრობ, არც მიფიქრია, ამაზე არც უნდა იფიქრო.

 

თავად, ისტორია რას შეინახავს.

 

აუფ, ეგ რა ვიცი?!

 

ხომ, მაგრამ არტისტები ამაყები არიან...

 

თქვენ ახლა, იმასავით მეკითხებით, თავის გატანა როგორ მოახერხეო.

არც მიფიქრია, რომ თავი უნდა გამეტანა.

 

ანუ მსახიობობა ადვილია?!

 

არა, არ არის ადვილი, ძალიან ძნელია, მე ახლა კი არ მიკვირს იმ ადამიანმა ეს შეკითხვა რატომ დამისვა. მე არ მიფიქრია ამაზე, რომ თავი უნდა გავიტანო. მე მომიყვანა იმ გენიოსმა და ვიყავი ბედნიერი. მაძლევდა როლს და ვთამაშობდი.

 

გითქვამთ უარი, ბატონი მიშასთვის?

 

ვაიმე, ათჯერ.

 

რატომ?

 

მრცხვენოდა, რომ მე მაძლევდა და არ მინდა თქო რა, იმდენად, რომ ერთხელ მითხრა, რომ შენ თუ არ გინდა ჩემთან მუშაობა რას მოდიოდიო. მოკლედ მე ამაზე არ ვფიქრობ, ეს იფიქროს თავად იმ დრომ, რომელიც გადაწყვეტს რა დატოვოს და რა არა, ან საერთოდ დატოვოს თუ არა რამე.

 

ერთი საინტერესო ფაქტი იყო პრემიერაზე, 101 წლის დედა იჯდა დარბაზში, თქვენ კი მისი ტანსაცმელი გეცვათ სცენაზე. რა შეგრძნებაა? რას გეუბნებათ ხოლმე სპექტაკლების შემდეგ?

 

რა ვიცი კაცო, კარგი იყო, კარგი იყო (დედის ხმით). ძალიან მომეწონა, ასე მითხრა. აი, კრიტიკოსი ვინ არის, მაკრიტიკებს ხოლმე, რაღაც მოსწონს რაღაცა არა, კომპლიმენტებს იშვიათად მეუბნება, მაგრამ ბოლო სპექტაკლიდან კმაყოფილი წავიდა.

 

რას ეტყვით მაყურებელს, რომელიც 45 წელია მოგყვებათ?

 

მაყურებელს, ვეტყვი ძალიან დიდი მადლობას, ძალიან, ძალიან დიიიიდი მადლობა.

 

გთხოვთ, ინტერვიუს ბოლოს დაასრულოთ, შემდეგი წინადადება,

 

მე, რუსიკო ბოლქვაძე, 65 წლის ......

 

და, რა?

 

დაასრულეთ წინადადება, რისი თქმა გსურთ?

 

მე, რუსიკო ბოლქვაძე, 65 წლის, ვამბობ რომ ასაკი არ არსებობს.

 

ნამდვილად იდეალურად გამოიყურებით.

 

მადლობა.

 

დიდი, მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის..

bottom of page