top of page

„სადა ხარ, ჩემო სულიკო?“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

367519604_624230509838738_521317724307916285_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

„სადა ხარ, ჩემო სულიკო?“

 

ამბობენ საქართველოს ისტორია მეფეების ისტორიააო. სრულად ვერ ვეთანხმები ამ აზრს. ისტორიას მათთან ერთად ქმნიდნენ უბრალო ადამიანები, ჩვეულებრივი მოკვდავნიც: მაია წყნეთელი და თინა წავკისელი, ცოტნე დადიანი და არსენა მარაბდელი, მარო მაყაშვილი და ვარინკა წერეთელი. მათი ლეგენდად ქცეული ცხოვრება წერილებში, მოთხრობებში და სასცენო ნაწარმოებსა და კინოფილმებშია ასახული. ნინია სადღობელაშვილის „სულიკო“ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ახლახან შეიქმნა და უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე გათამაშდა ამ თეატრის და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობთა შესრულებით - ცხრაწყაროსთან ვარინკა მაჭავარიანის შემდგომ წერეთლის მშობლიურ სოფელთან. შექმნის იდეა რეჟისორი ვატო ჯუღელი ეკუთვნის. ეს ნინია სადღობელაშვილის და რეჟისორ გიორგი სიხარულიძის კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარია უკვე განხორციელებული „ხალდეს“ შემდეგ და აქაც მთავარი პერსონაჟი ქალია - ვარინკა წერეთელი. სპექტაკლი ნახევრად ნათელ-ბნელში მიმდინარეობს. სცენა ორ ნაწილადაა გაყოფილი (სცენოგრაფია თეო კუხიანიძე). წინა პლანზე თითქმის ავანსცენაზე რკინიგზის ლიანდაგია, რომელიც ბუნებრივად ყოფს ქალაქ ზესტაფონს და ცხრაწყაროს, იქ სადაც ვარინკას მშობლიური სახლი მდებარეობდა. რკინიგზის ურიკაზე რკინიგზელები: დათია (გიორგი გლოველი), გიგო (ბადრი ტაბატაძე) და სტუმრები ილიკო (გიორგი გიორგაძე) და ნოე (კონსტანტინე ფოცხვერაშვილი) ვახშმობენ. ნოეს ვარინკას შემოქმედებითი პორტრეტის შექმნა განუზრახავს და თავისთავად ამ სუფრაზე მასზე ჩამოვარდება საუბარი. უკანა პლანზე კი, ხელმარჯვნივ, ალბათ საკუთარი სახლის აივანზე ვარინკა (ანა ბერელაშვილი) ზის, რომელიც დროდადრო ერთვება საკუთარი პორტრეტის შექმნაში.

იმ უმცირესი მასალით (ისტორიული წყარო ნოდარ თურმანიძეს ეკუთვნის), რაც მის შესახებაა შემორჩენილი, თვითმხილველთა მოგონებასთან ერთად, ნინია სადღობელაშვილი ქმნის ოდნავ ნაღვლიან, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურ დრამატულ თხზულებას იმდროინდელი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაზე, რომელიც 1874 წლიდან იწყება და ამ შესანიშნავი, ლეგენდარული ქალბატონის გარდაცვალებისას სრულდება. რეჟისორი გიორგი სიხარულიძე ჩვეული ოსტატობით წარმოგვიდგენს ამ პიროვნების ცხოვრებისეულ პერიპეტიებს, მის თვითმყოფად ნიჭს და მოქალაქეობრივ პოზიციას. სპექტაკლში ორი ვარინკაა - ანა ბერელაშვილი და მისი ორეული - ანა ბანძელაძე, ეს გაორებული მისი ხასიათის თვისებაზე მიგვანიშნებს: მასში ერთდროულად არსებობდა უდიდესი, თვითმყოფადი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი და ასევე თვითკრიტიკით აღჭურვილი მეორე „მე“. მათი ერთდროული სცენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვარინკას სიდიადეს, კაცთმოყვარეობას, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნელობას და უდიდეს შინაგან კულტურას.

ამ როლის ორივე შემსრულებელს სრულად აქვს გააზრებული, რომ ზესტაფონის მაყურებლის წინაშე უნდა წარმოედგინათ მათი კუთხის სიამაყე, მათი კუმირი, მრავალი სიმღერების, მათ შორის „მუხამბაზის“ და საქვეყნოდ ცნობილი „სულიკოს“ ავტორი, ამიტომ სპექტაკლის ფინალში დათიას (გიორგი გლოველი) მოწოდებით, მთელი დარბაზი მსახიობებთან ერთად მღეროდა სულიკოს, მღეროდა ავტორის სიყვარულით, პატივისცემით და ამ სიმღერით ემშვიდობებოდა მას.

 მოქეიფენი ხელახლა და ხელახლა უბრუნდებიან ვარინკას ცხოვრების სხვადასხვა დეტალებს, რაღაც კარგად ახსოვთ, რაღაც ნაკლებად. ეს კი ხშირად მათ შორის კამათს იწვევს. განსაკუთრებით აქტიურობს გიგო (ბადრი ტაბატაძე), ხოლო დათიას განსაკუთრებით არ მოსწონს ახალგაზრდა ჟურნალისტის ოდნავ ირონიული გამონათქვამი ვარინკასა და აკაკი წერეთლის ურთიერთობის შესახებ, იმდენად რომ არ აპატიებს ჩამოსულ სტუმარს და ღვინოსაც კი შეასხამს სახეში. დათია (გიორგი გლოველი) ღირსეული ვაჟკაცია, პატრიოტი და თავის კუთხის და მისი ტრადიციების დამცველი, ღრმად მორწმუნე, აღდგომის კვერცხებს რომ სთავაზობს სტუმრებს. სწორედ ის, ნამდვილი წინამძღოლი წარმოთქვამს გამოსამშვიდობებელ სიტყვას და იხსენებს გულისამაჩუყებელ ამბავს ვარიკას ბეჭდის შესახებ. სცენის მეორე პლანზე კი ჩვენს წინაშე ცოცხალი სურათებივით ცოცხლდება ბარბარე მაჭავარიანის დაბადება, მისი მშობლების გვიტიას (ნანუკა ისიანი) და სპირიდონის (თემურ კიკნაველიძე) განცდები შვილის აღზრდის შესახებ - მისი პირველი ნაბიჯები და წარმატება სკოლაში, შემდგომ მუსიკით დაინტერესება და ფილიმონ ქორიძის მეუღლესთან ზინაიდა ვორობეცთან სწავლა, ქორწინება სერგო წერეთელთან (ზურაბ აბესაძე). ვარინკას პედაგოგობა სკოლაში და მეგობრებთან ტასოსთან (ანანო ლომიძე) და ანიკო (ნანუკი მაკრახიძე), შვილის დაბადება და მასზე ზრუნვა. აქვე ჩვენს წინაშე იქმნება სიმღერა სულიკო, როგორც ზეციდან მოვლენილი ჰანგები, ასე შორიდან რომ ჩაესმის კომპოზიტორს. ვერც პოლიტიკური რეალიები ასცდა ცხრაწყაროს და ვარინკას ოჯახს. 1906 წლის აჯანყების ჩახშობის გამოძახილი მათ თავზეც გადაივლის და აქაც ვარინკა თავის სიმაღლეზეა.

 

მომხდურ გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის (თემურ ქველიაშვილი) თავის ადგილს მიუჩენს და ადვილად ჩამოაცილებს საზოგადოებას. თითქოსდა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აცდენილი ვარინკა წერეთელი მაინც რჩება იმ ეპოქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად. მსახიობები ნანუკა ისიანი - გვიტია, მოსე - დავით ჩოგოვაძე ფიზიკური მსგავსების გარდა ზუსტად გადმოსცემენ პერსონაჟთა ხასიათს და მათ გრძნობათა ბუნებას, მათ დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენებთან. ეს განსაკუთრებით ვლინდება სპექტაკლის ერთ-ერთ ფინალურ სცენაში - შვილის გარდაცვალების ამბის შეტყობინებისას.  მოსე - დავით ჩოგოვაძე წინა პლანზეა, ხელში პატარა ჩემოდნით, რომელშიაც ვარინკას შვილის ნივთები ინახება - მხოლოდ რამდენიმე სიტყვით, უფრო მდუმარებით და სევით ცდილობს შეატყობინოს დედას ეს ტრაგიკული ცნობა.

bottom of page