top of page

სადღაც, ჩვენს გვერდით

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

57511601_2596037637091196_2863763985428119552_n.jpeg

გიორგი ცქიტიშვილი

 

სადღაც, ჩვენს გვერდით

 

მე თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ არსებული გარემოსათვის თვალის პირველი შევლებისთანავე, რაღაც აუხსნელი სევდა თუ ნაღველი შემომაწვა. არადა, სცენაზე განსაკუთრებული არც არაფერია. თითქოს, ფანტასმაგორიული დროის მანქანის მეშვეობით, დაახლოებით XIX საუკუნის ბოლოსა თუ XX საუკუნის დასაწყისში აღმოვჩნდით. არა, ვერ მიმიხვდით!.. პიესა, რომლის მიხედვითაც ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლი დაიდგა სულაც არ გახლავთ ისტორიული. პირიქით, ანნა პეტროვას (ბულგარეთი) დრამატული ნაწარმოები, რომელსაც „კოცნა“ ჰქვია ზედმიწევნით თანამედროვეა, დღევანდელ დღეს, შეიძლება თამამად ითქვას, ჩვენს ეპოქას ეხება. უბრალოდ, ზემოაღნიშნული ემოცია თუ განწყობა ჩემში დეკორაციამ (მხატვარი - გია გვიჩია) აღძრა. სცენაზე ვერ შეხვდებით მოცულობით კონსტრუქციას. ჩვენს წინაშეა მოხატული საქუსარი[1]. იმავე კომპოზიციის ფრაგმენტებს ვხედავთ ავანსცენის მარცხენა და მარჯვენა კუთხეებში. ესაა გამჭვირვალე ტილოს (ალბათ, უფრო მარლის, ბინტის) ფაქტურის მქონე ქსოვილზე გამოსახული ქალაქის ხედი (ნაირფრად მორთულ-მოკაზმული). თითქოს, სრული კონტრასტია ჩვენს თვალწინ გათამაშებულ ამბავსა და წარმოდგენის მხატვრულ გაფორმებას შორის. ეს ფერადოვანი, სადღესასწაულო დეკორაცია, ერთი შეხედვით, სრულ დისონანსშია იმ ცალკეულ ყოფით, პროზაულ ეპიზოდებთან, რომლებიც სპექტაკლის მთლიანობას შეადგენენ.

და მაინც, ერთგვარი ნოსტალგია აშკარად ჩნდება შენში. თანდათან, წარმოდგენის მსვლელობისას აცნობიერებ, რომ ეს ყოველივე ბავშვობის წლების გახსენებას უკავშირდება. ზუსტად ვერ ვიხსენებ (დანამდვილებით აღარ მახსოვს), მაგრამ ეს გასული საუკუნის ალბათ 60-ანი წლების მიწურულს, უფრო 70-ანი წლების დასაწყისში უნდა ყოფილიყო. მოზარდმაყურებელთა თეატრში (თუ არ ვცდები, რუსულში) ანდერსენის[2] „თოვლის დედოფალი“ ვნახე... უდაოდ იყო მასში, როგორც სადღესასწაულოდ საზეიმო განწყობა, ატმოსფერო, ისე ზღაპრულად იდუმალი, მიმზიდველი, გარკვეულწილად შიშისმომგვრელი ასპექტები... გარდასულ დღეთა გახსენების გარდა, ეს ალბათ ძველი, ოდესღაც არსებული თეატრის მონატრებაცაა. ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის, ამ ტექნიკით შესრულებულ დეკორაციას დღეს თითქმის ვეღარ შეხვდებით (საოპერო და საბალეტო დადგმებს თუ გამოვრიცხავთ)...

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ნევენა მიტევა (ბულგარეთი), თავის ქართულ სადადგმო ჯგუფთან (მუსიკალური გაფორმება - მერაბ ჭანიშვილი, ქორეოგრაფი - მარიკა ქვეითაია) ერთად, ცდილობს ცალკეული დაქსაქსული, დანაწევრებული, ერთი შეხედვით დამოუკიდებელი მოკლე სცენებიდან, ეპიზოდებიდან წარმოდგენის ერთიანი, მთლიანი, დასრულებული სხეული შექმნას. ამასთან, დამდგმელის ჩანაფიქრით, სანახაობას (მიუხედავად იმისა, რომ მასში საკმაოდ სერიოზული ზნეობრივი პრობლემებია წამოჭრილი) ერთგვარი მხიარული, კომიკურ-ირონიული ხასიათი უნდა ჰქონდეს. თავისთავად, ამგვარი ამოცანა უკვე განაპირობებს სპექტაკლის გრძნობათა ბუნებას; ანუ მის გარკვეულწილად ტრაგიკომედიურობას. დამეთანხმებით, არც ისე იოლი მისაღწევია ერთგვარი სიმსუბუქე, ჰაეროვნება მაშინ, როცა სერიოზულ სატკივარზე გიწევს მაყურებელთან საუბარი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ წარმოდგენის მსვლელობის მანძილზე, უმეტეს შემთხვევაში, ოზურგეთის თეატრის მსახიობთა უმრავლესობა წარმატებით ართმევდა თავს ამ ურთულეს დავალებას.

როგორც უკვე აღვნიშნე, სპექტაკლი, ერთი შეხედვით, რამდენიმე, ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი ეპიზოდისაგან (ნოველებისგან) შედგება. მხოლოდ ფინალისაკენ მიმავალნი ვხვდებით, რომ ისინი საბოლოოდ ერთმანეთს აუცილებლად დაუკავშირდებიან. წარმოდგენის ერთგვარი წამყვანის, კონფერანსიეს ფუნქცია მსახიობ კობა ახალაძეს აკისრია. იგი, ისევე როგორც სპექტაკლის სხვა მონაწილენი, წარმოდგენაში რამდენიმე როლს ანსახიერებს. ესენია: ოფიციანტი (მიმტანი), მებაღე, დიზაინერი და პირადი მცველი (ე.წ. ბოდიგარდი). მსახიობი იმ დამაკავშირებელ ფუნქციას და მისიას საკუთარ თავზე იღებს, რომლის მეშვეობითაც (დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრით) დასასრულისკენ ყველა ნოველა, როგორც აზრობრივად, ისე ემოციურად ერთ მთლიანობად უნდა იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ კ.ახალაძეს მოცემულ ვითარებაში თითქოს დიდი გასაქანი არა აქვს, ის მაინც ახერხებს ნ.მიტევას მიერ მისთვის დასახული ამოცანის შესრულებას. თანაც, ამას მსახიობი ყოველგვარი ზედმეტი და არასასურველი დაძაბულობის, გადამეტების გარეშე აღწევს. მის მიერ განსახიერებული სცენური გმირები ორგანულნი, დამაჯერებელნი არიან. კ.ახალაძე ერთი ეპიზოდიდან მეორე ეპიზოდზე, ნოველიდან ნოველაზე გადასვლისას, გარდა იმისა, რომ თავადაც სხვა მოქმედ პირად გარდაისახება, სასცენო გარემოსაც შეძლებისდაგვარად ცვლის. ვინაიდან სცენოგრაფია ხაზგასმულად მინიმალისტურია, მოხატული ქსოვილის გარდა, დროდადრო, საჭიროებისამებრ ჩნდება ან უჩინარდება რამდენიმე სკამი, მომცრო მაგიდა... რაც ყველაზე მთავარია, სამი თუ ოთხი ნაირფრად მოხატულ-შეღებილი მოზრდილი კუბი, რომელთა მეშვეობითაც (მათი გადაადგილებით) კ.ახალაძის მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს მოქმედების ერთი ადგილიდან მეორეზე გადავყავართ.

სულაც არ მინდა შემოქმედებითი გზის დასაწყისში გული ვატკინო ახალგაზრდა მსახიობს, მაგრამ ანი გოდერძიშვილს (ინფორმატორი, მეძავი) უდაოდ დასახვეწი აქვს ნამუშევარი. ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს იგი მხოლოდ ბეჯითად დასწავლილ ტექსტს წარმოთქვამს, ყოველგვარი შინაგანი მოტივაციის გარეშე; ანუ, მაყურებლისათვის გაუგებარია რა აწუხებთ, რაზე ფიქრობენ მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები. თუ პირველ შემთხვევაში (ინფორმატორი)  ა.გოდერძიშვილის ნამუშევარი, ასე თუ ისე ასატანია, მისი მეორე როლი (მეძავი) აბსოლუტურად უსახურია. აქედან გამომდინარე, ყოველგვარ ბუნებრიობას არიან ისინი მოკლებულნი. თითქოს, უსიცოცხლო მარიონეტებს ვხედავთ სცენაზე. დასახვეწია პლასტიკაც. მსახიობი უფრო მოქნილი, მოძრავი უნდა იყოს... ერთგვარი სიფრთხილე, გაუბედაობა, რომელიც თანდათან შიშში გადაიზრდება, კომიკურ ელფერს სძენს ლევან საღინაძის მიერ განსახიერებულ ბანკის მოხელეს. მართლაც სასაცილო, თანაც საცოდავი სანახავია ახალგაზრდა, რესპექტაბელური მამაკაცი, რომელიც ისტერიულად გაურბის მეძავ გოგონას. მსახიობი სხვა ნოველაში შეყვარებული კაცის როლს ასრულებს. ეს უკვე სულ სხვა პერსონაჟია და ლ.საღინაძეც ახერხებს აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის დამაჯერებლად წარმოჩენას. წინა მოქმედი პირისაგან განსხვავებით, მას, საყვარელ ქალთან ერთად, მატერიალურ პრობლემებთან ბრძოლა უწევს.

ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გახლდათ ნოველა, რომელიც ქუჩის სკვერში ვითარდება. შორენა გვეტაძე ანსახიერებს ქალს, რომელიც სახლში ბრუნდება და შემთხვევით „მანიაკს“ გადაეყრება. მსახიობი ემოციათა, განცდათა ფართო სპექტრს, მდიდარ, უხვ ფერიან პალიტრას გვთავაზობს. ჯერ ერთი, ის დაბნეული და შეშინებულია; ტირის, იხვეწება, გამოსავალს ეძებს; აქვე იკითხება ისიც, რომ მას ბოლომდე ვერ გაუგია თუ რას ითხოვენ მისგან; კიდევაა ერთი ტონალობა, რომელსაც ასევე ნათლად წარმოაჩენს მსახიობი. ესაა სირცხვილის შეგრძნება; უეცრად, აბსოლუტურად განსხვავებული რაკურსით გვიჩვენებს თავის ცონკას შ.გვეტაძე; ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ქალია, რომელსაც დუხჭირი ცხოვრების, ერთფეროვანი ყოფის, გულისგამაწვრილებელი ყოველდღიურობის გამო, ქმართან ინტიმური ცხოვრებაც ყოვლად უინტერესო გახდომია; უფრო მეტიც, ის როგორც ქალი მეუღლეს ვეღარ უწევს სრულფასოვან სექსუალურ პარტნიორობას; მოკლედ, ქმარმა ცონკას მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა... და აი, უეცრად, მოულოდნელად, დანით ხელში, სკვერის მიყრუებულ ადგილას მას ვიღაც მოძალადე ახალგაზრდა კაცი დახვდა... მშველელი არ ჩანს... დრამატურგი, დამდგმელი რეჟისორი და მსახიობი მოულოდნელ სვლას გვთავაზობენ... რაღაც უცნაური ხდება შ.გვეტაძის მიერ განსახიერებული ცონკას არსებაში... შიშის, ზიზღის, სირცხვილის მიუხედავად, უეცრად მასში იღვიძებს ახალი ემოცია; ესეიგი, ის როგორც ქალი სექსუალურად კიდევ აღელვებს ვიღაცას (თუნდაც მოძალადეს!..)... მსახიობი განცდების, შეგრძნებების, ნააზრევის ამ მრავალფეროვან ფერთა გამას, რომელიც მისი პერსონაჟის არსებაში, შინაგან სამყაროში იბადება, ძალზე ოსტატურად გადმოგვცემს. ყოველივე ზემოაღნიშნული საკმაოდ რთული მისაღწევია, მაგრამ შ.გვეტაძემ „კოცნაში“ ეს უდაოდ შეძლო. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსახიობს არც ერთ მომენტში არ ღალატობს ზომიერების გრძნობა. თუმც, მის მიერ განსახიერებული ცონკასათვის ყველაფერი „სრული ფიასკოთი“ მთავრდება... მოძალადე, მხოლოდ და მხოლოდ, მის გვერდით ყოფნით, მასთან საუბრითა და მასტურბაციით (ონანიზმით) კმაყოფილდება!..

შორენა გვეტაძის მეორე როლი ამ სპექტაკლში შეყვარებული ქალია, რომელიც ლ.საღინაძის შეყვარებული კაცის პარტნიორია ზემოთ უკვე ნახსენებ ნოველაში. ამ წყვილის ერთობლივ ცხოვრებაშიც არ არის ყველაფერი რიგზე; საყოფაცხოვრებო, წვრილმან თუ მატერიალურ-ეკონომიკურ პრობლემებში ისინიც ყელამდე ჩაფლულან და გამოსავალი, ე.წ. იმედის მომცემი სინათლე გვირაბის ბოლოს, თითქოს აქაც არსად მოჩანს... სამაგიეროდ უცხოელი (როგორც პიესის მიხედვითაა, გერმანელი) ქალი (თამარ მდინარაძე) აქტიურად ეძებს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მას სექსუალურ პარტნიორობას გაუწევს. ესაა შუა ხნის ქალბატონი, რომლის მეუღლეც იმპოტენტად ქცეულა... მართალია იგი მატერიალურად საკმაოდ უზრუნველყოფილია; ამ მხრივ ცოლს მართლაც არაფერს აკლებს... თუმც, ბუნებრივია ეს სულაც არ გახლავთ საკმარისი... ამიტომ, გერმანელი ქალის რჩეული ერთი „გაუთლელი ტეტია,“ ტაქსის მძღოლი (ვახტანგ ჩხარტიშვილი) გამხდარა. თ.მდინარაძის შესრულებით, ქალი ორმხრივ ცეცხლშია მოქცეული. ერთი მხრივ, მას სინდისი ქენჯნის, საკუთარი საქციელის ცხვენია... მაგრამ, მსახიობი იმასაც გვიჩვენებს, რომ მის მიერ განსახიერებულ სცენურ გმირს საკმაოდ ძლიერი, ყოვლად ბუნებრივი მოთხოვნილებები გააჩნია... არის ამ ქალის ცხოვრებაში ტრაგიკომიკურობის ერთგვარი სინთეზი და თ.მდინარაძე გუმანით, უტყუარი ალღოთი გრძნობს ყოველივე ამას. იგი ოსტატურად ძერწავს მოქმედი პირის დამაჯერებელ პორტრეტს. ამ შემთხვევაში, ცრემლი და სიცილი ძალზე ორგანულად თანაარსებობს. საბოლოოდ კი მსახიობის მიერ განსახიერებული გერმანელი ქალი მაყურებელში თანაგრძნობას უფრო იწვევს, ვიდრე გაკიცხვის სურვილს.

თუ ვახტანგ ჩხარტიშვილის ტაქსის მძღოლი თავისი საქციელით, მანერებით ჩვენში მის მიმართ უფრო უარყოფით დამოკიდებულებას აღძრავს, სულ სხვანაირადაა საქმე, როდესაც მის მიერ განსახიერებულ ყოფილ პატიმარს ვუყურებთ. თავდაპირველად, ის მანიაკად წარმოგვიდგება, რომელიც ქუჩის სკვერში დაუცველ ქალს თავს ესხმის... მაგრამ, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში არცთუ იშვიათად ხდება, აქაც ერთგვარი პარადოქსი მოულოდნელად იჩენს თავს. მსახიობი აშკარად გვარწმუნებს იმაში, რომ ეს ახალგაზრდა კაცი თავადაა აბსოლუტურად დაუცველი... თანაც, უკიდურესად უბედური და მარტოსულია... მოკლე, მკაცრი რეპლიკებითა და ხისტი, მკვეთრი, ტეხილი პლასტიკით გამოირჩევა ბიზნესმენი (ზაზა ჯინჭარაძე). მსახიობი თანამედროვე, ზედმიწევნით საქმიანი ადამიანის, ჩვენი რეალური ცხოვრებიდან ძალიან ნაცნობი ტიპაჟის სახეს ქმნის. ის, უკვე კარგა ხანია საზოგადოების გარკვეულ სოციალურ ფენად თუ კლასად ჩამოყალიბებული ერთგვარი ტიპის კრებითი სახეა. ეს, უხეშად რომ ვთქვათ, ფულიანი კაცია!.. უფრო სწორად, მსახიობის მიერ დამაჯერებლად დახატული მისი პორტრეტია... როგორც ყოველთვის, მას ზედმეტი დრო არა აქვს. ამიტომ, მობილური ტელეფონით გაუთავებელ, უსასრულო საქმიან მოლაპარაკებას აწარმოებს თავის ერთ-ერთ (ან მორიგ) პარტნიორთან; პარალელურად კი მეძავ გოგონას (ა.გოდერძიშვილი) მოკლე ბრძანებებს აძლევს მრისხანე ტონით - „დაჯექი, ადექი!.. გაიხადე!..“ და ა.შ. მსახიობი გვიჩვენებს, რომ ამ კაცს ყველაფერი წუთობრივად აქვს თავის ყოველდღიურ განრიგში გაწერილი... საქმე, უპირველეს ყოვლისა და მასთან ერთად, გართობა, სიამოვნების მიღება... თუმცა, ზ.ჯინჭარაძე თავისი სცენური გმირისადმი საკმაოდ ირონიულადაა (მე ვიტყოდი, სარკასტულად!..) განწყობილი. მსახიობი ნათლად გვიჩვენებს, რომ მის მიერ განსახიერებული ბიზნესმენი, მიუხედავად გარეგნული აქტიურობისა და დაუდგრომლობისა, საბოლოოდ მაინც განუკურნებელი იმპოტენტია... სწორედ აქედან გამომდინარეა მისი ბრაზი, აგრესია, სიმკაცრე მეძავი გოგონასადმი. ესაა არსებული რეალობის გამო, საკუთარ თავზე და მთელ სამყაროზე განრისხებული, გულმოსული, გაბოროტებული არასრულფასოვანი მამაკაცის ბუნებრივი რეაქცია. ამიტომაა ზ.ჯინჭარაძის მიერ განსახიერებული სცენური გმირის საქციელი აბსოლუტურად მოტივირებული და აქედან გამომდინარე, დამაჯერებელი, უტყუარი, ორგანული. კომიკურია ეპიზოდის ფინალი - „ჩაიცვი!..“, გაისმის მისი მოულოდნელი ბრძანება.

სპექტაკლის ფინალურ ეპიზოდში სცენაზე მოხუცი წყვილია, ბებია (თ.მდინარაძე) და ბაბუა (ზ.ჯინჭარაძე). ისინი შვილებზე, სიძეზე, რძალზე, შვილიშვილზე საუბრობენ. შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათი შთამომავლების ცხოვრებაში ყველაფერი მთლად წესრიგში ვერ არის... თანდათან ვაცნობიერებთ - რაც მთელი წარმოდგენის მანძილზე პატარ-პატარა ნოველები ვიხილეთ, საბოლოოდ სწორედ ამ ორს უკავშირდება, მათ კალთაში იყრის თავს... ის მოქმედი პირები, ვისი ცხოვრების მოკლე ეპიზოდებმაც ჩვენს თვალწინ კინოფირივით ჩაიქროლა, ამ ორი მოხუცის ახლობლები (შვილები, შვილიშვილი, სიძე, რძალი) არიან... არადა, იმით რაც ვნახეთ, ჩვენ თავად დავრწმუნდით - თანამედროვე საზოგადოების უდიდესი ნაწილის პირადი ცხოვრება, რბილად, რომ ვთქვათ, სულაც არ არის უღრუბლო, უდარდელი, იდეალური. აქ საქმე მხოლოდ მატერიალურ პრობლემებსა თუ ეკონომიკურ სიდუხჭირეში როდია. ადამიანებს სულიერად, ზნეობრივად, მორალურადაც არანაკლებ უჭირთ. დანჯღრეული, აუწყობელი მუსიკალური ინსტრუმენტივით დაშლილია მათი ცხოვრება... და ყველაფერი ეს ცხრა მთას იქით, გამოგონილ, შეთხზულ, ზღაპრულ სამყაროში კი არა, აგერ აქვე, სადღაც, ჩვენს გვერდით ხდება...

მოხატულ დეკორაციაში კი სადღესასწაულო ფერები ჭარბობს. თითქოს, უტოპიური ქალაქია ჩვენს თვალწინ; სადაც ყველას უხარია ცხოვრება; ყოველი რიგითი, მორიგი დღის გათენება მათთვის უდიდესი სიხარულის მომტანია (ალბათ, ასეც უნდა იყოს!..)... თანდათან, თვალი ეჩვევა გამოსახულებას. მოგვიანებით ხვდები - ტილოზე, მარლაზე თუ ბინტზე ნახატის ერთი ფენა მეორეს პირდაპირ ზემოდან ადევს; ერთი გამოსახულება მეორეზე დაუტანიათ... ეს ხერხი გარკვეულ ბუნდოვანებას, გაორებას იწვევს. ყოველივე ეს კი თვალს ატყუებს. როგორც ხდება ხოლმე, გარეგნული ბზინვარებისა თუ ბრწყინვალების მიღმა, ყოველთვის რაღაც სხვაა მიმალული. ესეც ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი პარადოქსი!..

მოულოდნელად, მოხუც ცოლ-ქმარს, თითქოს ახალგაზრდობა ახსენდება. აი, ის დრო, როცა ბიჭი გოგოს ეარშიყებოდა; როცა ორივეს გრძნობა წრფელი გახლდათ; როცა ორივეს სხეული ვნების მხურვალე ალმურში იყო გახვეული... უდაოდ არის ყოველივე ამაში რომანტიკა, ამაღლებული განწყობა. ამასთან, ოდესღაც არსებულის მტკივნეული მონატრება... წყვილი ცეკვას იწყებს. რაღაც უცნაურია ეს ვალსი. მსახიობები ისე მოძრაობენ, როგორც მათი სცენური გმირები, ასაკოვანი ადამიანები. მოხუცებს ლაღი, მსუბუქი მოძრაობა უდავოდ უჭირთ. ზ.ჯინჭარაძის მიერ განსახიერებული ბაბუა ცდილობს პროთეზით გამოვსებულ პირს თავი მოუყაროს, რათა ოდესღაც მომხიბვლელ თავის გულისსწორს ცეცხლოვანი ამბორი აჩუქოს. თ.მდინარაძის ბებია ასაკს მთლად ვერ ამარცხებს, მაგრამ მთელი არსებით ცდილობს კეკლუცად იფარფატოს... თბილი, კეთილი ღიმილი გამოსჭვივის მაყურებელთა დარბაზში. მოხუცი წყვილის ვალსით მთავრდება წარმოდგენა და ისევ ნოსტალგია გეუფლება. გენატრება ქალისა და კაცის აი ასეთი ჰარმონიული ურთიერთლტოლვა... ჩვენს დროში, უმეტესად მხოლოდ გარდასულ დღეთა მოგონებებშიღა რომაა შემორჩენილი...

 

[1] ესაა თეატრალური დეკორაციის ნაწილი, უკანა, ე.წ. ფონის შემქმნელი ფარდა. ძველად, როგორც წესი, ეს გახლდათ ტილო, რომელზეც პერსპექტივის პრინციპის გათვალისწინებით, დახატული იყო მოქმედების ადგილი (მაგალითად, სასახლე, ტყე, ბრძოლის ველი და ა.შ.). შესაბამისად, სპექტაკლის მსვლელობისას, მისი შეცვლით სწრაფად იცვლებოდა მოქმედების ადგილი. წარმოდგენის მხატვრული გადაწყვეტიდან გამომდინარე, იგი შეიძლებოდა ყოფილიყო აბსოლუტურად შავი (მასალა - ხავერდი).

[2] ჰანს ქრისტიან ანდერსენი (1805-1875 წ.წ.), დანიელი საბავშვო (და არა მარტო) მწერალი. არაერთი მისი ნაწარმოები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

bottom of page