top of page

საიქიო აღარ არსებობს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

453488471_122129969240311570_2681048314720016965_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

საიქიო აღარ არსებობს

 

„საიქიო აღარ არსებობს!“ - ამ ფრაზით იწყება და მთავრდება ზუგდიდის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი კაშიას მორიგი სპექტაკლი - დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ (ინსცენირება ალექსანდრე ქოქრაშვილის).

 

პირველი საპრემიერო ჩვენება მშობლიურ ქალაქში გაიმართა, ხოლო მეორე - ფოთში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. ორივე შემთხვევაში სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა, მეტიც დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა. რა იყო მიზეზი ასეთი ინტერესის: ცნობილი ნაწარმოები? ახალი სპექტაკლი? ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი? თუ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ფაქტორი? ვფიქრობ, ყველაფერი ერთად.

 

ქართულ თეატრის ისტორიას ახსოვს „სამანიშვილის დედინაცვალის“ არა ერთი წარმატებული სცენური ინტერპრეტაცია, მათ შორის ბოლო, გოგი მარგველაშვილის დადგმა თავისუფალ თეატრში. თითქოს აღარაფერია ახალი სათქმელი ამ ნაწარმოებით, მაგრამ გიორგი კაშიამ ზუგდიდის თეატრის ძველ და ახალ მსახიობებთან ერთად შეძლო ცნობილი, ლამის გაზეპირებული ამბავი მოეთხრო ისე, რომ თითქოს უცნობი ნაწარმოები თამაშდებოდა სცენაზე. ამ დადგმაში მთავარია როგორ ყვება კლდიაშვილის ძალიან ცნობილ სიუჟეტს რეჟისორი მსახიობებთან ერთად. გიორგი კაშია კლდიაშვილის ნაწარმოებების ცნობილი სცენური ინტერპრეტაციების დეკონსტრუქციას ახდენს. ეს ვლინდება არა მხოლოდ თხრობაში, არამედ სცენოგრაფიაშიც (მხატვარი ანანო დოლიძე). სცენის სხვადასხვა სიბრტყეზე რამდენიმე მაგიდა დგას, თეთრი სუფრით, სადად გაწყობილი, მაგიდაზე კერძები ქართული სუფრისთვის (განსაკუთრებით იმერულისთვის) უჩვეულოდ, ხალვათად აწყვია, აქ ქელეხები და ქორწილები ერთმანეთს ცვლის, მაგრამ ყველას შავი ტანისამოსი აცვია (გარდა ბეკინა სამანიშვილისა - ზურა ანთელავა, რომელიც თეთრ კოსტიუმშია გამოწყობილი).

გიორგი კაშია თხრობისას პედალირებს დეტალებზე, დეტალები კი ხასიათს ხატავს, ხასიათი ქმნის პორტრეტებს, რომელიც ადამიანების ფსიქოლოგიურ ტიპებს გვიჩვენებს. ყველაფერი, რაც უცნაურად და წარმოუდგენლად გეჩვენება სპექტაკლში, გარკვეულ ლოგიკურ კონსტრუქციაზე დგას. ზუგდიდელთა „სამანიშვილის“ პერსონაჟები არ არიან მთლად ზემო იმერლები, უფრო ქუთაისელი პერსონაჟები არიან, ხანაც მეგრელები (მეგრული ინტონაცია მაინც ჟონავს მათ დიალოგებში), ზოგჯერ პერსონაჟები სრულად „ივიწყებენ“ იმერულ კილოს და გამართული ქართულით გვესაუბრებიან. მეტყველების ეს ჰიბრიდული სტილი, ან მიზანმიმართული ხერხია, ან სულაც ბუნებრივი მოცემულობა მსახიობთათვის.

 

გიორგი კაშიამ „სამანიშვილის დედინაცვალი“ გაიაზრა არა როგორც ტრაგი-კომედია, არამედ ტრაგიკული ფარსი. ამიტომაც იყენებს ის კარიკატურისთვის დამახასიათებელ ხერხებს და გროტესტულ ნიღბებს. როგორც ჩანს, ფარსული ბუფონადის ჟანრში ზუგდიდის თეატრის მსახიობებმა უფრო ორგანულად და თავისუფლად იგრძნეს თავი. განსაკუთრებული ორგანულობით, სცენური გულწრფელობით და ბუნებრიობით სპექტაკლში გამოირჩევა გოგი გუგუჩია გამოირჩევა, რომელიც სიზუსტით ხატავს პლატონ სამანიშვილს. ამიტომაც იქცა ის სპექტაკლის მრავალფეროვან ტიპაჟთა შორის უპირობო ლიდერად. ზოგადად, სპექტაკლი ანსამბლურობით გამოირჩევა. თეატრის ყველა თაობა შეთამაშებულია ერთმანეთთან სცენაზე და ისინი სცენური პარტნიორობის კარგ ნიმუშს გვიჩვენებენ. სპექტაკლი არა მხოლოდ რეჟისორულადაა ორიგინალურად გააზრებული, არამედ მსახიობების მიერ შექმნილი საინტერესო და მომხიბვლელი სახასიათო ტიპაჟებით გამოირჩევა. ამ მხრივ, აღსანიშნავია მზევინარ ჩარგაზია (დარიკო), რომელიც კომიკურად მოთქვამს და ტრაგიკულად იქცევა. დარიკო საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი ქალია, ხოლო საზოგადოებისთვის (მათ შორის, ოჯახის წევრებისთვის) ის პოზიციონირებს როგორც ახლობლებზე მზრუნველი, მათი ბედის მოზიარე. მსგავს ტიპაჟებს ხშირად ვხვდებით ჩვენს გარშემო. მზევინარ ჩარგაზია კონტრასტულ მხატვრულ სახეს ქმნის, რაც იმ დეტალშიც ვლინდება, როცა ღვთისმოსავი ქალი ენაბილწ მოუბრად გადაიქცევა. საინტერესო სახე-ტიპაჟია ანდრია შამუგია (კირილე მიმინოშვილი). მსახიობმა ამ როლით ახლებურად წარმოაჩინა მისი რესურსი და სულ სხვა ამპლუაში მოგვევლინა. მართალია, ის უტრირებს ემოციებს და გრძნობებს, მაგრამ სცენაზე შექმნილი მოცემულობა მის „გადათამაშებებს“ იტანს.

 

სპექტაკლში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და საინტერესოდ შექმნილ პერსონაჟს გვთავაზობს დავით ჩოგოვაძე (არისტო). მსახიობი ჩვენი დროის ხელმოცარულ, შეფარულ გამომძალველ ახალგაზრდა კაცს ხატავს ოსტატურად, ორგანულად და ზედმიწევნით ზუსტად. გამორჩეულია დავით ჩოგოვაძის ყველა ეპიზოდი, მათ შორის, პლატონ სამანიშვილთან (გოგი გუგუჩიასთან). მსახიობები ამ ეპიზოდში გვაჯერებენ, რომ მსუბუქ ავტომობილში სხედან და თან მათთვის საჭირბოროტო საკითხებს წყვეტენ. ამ ეპიზოდს თავისი მინიდრამატურგია აქვს და ამ დრამატურგიას სიუჟეტურ-ემოციური განვითარებით, თავისი კულმინაციითა და შედეგით ოსტატურად ქმნიან მსახიობები.

 

სიუჟეტი წარმოდგენაში ბეკინა სამანიშვილის (ზურაბ ანთელავა) და ელენეს (მარინა დარასელია) გარშემო ვითარდება. ორივე მსახიობს კარგად იცნობს მაყურებელი როგორც სცენიდან, ასევე ეკრანიდან (მათ შორის, ტელესერიალებიდან). ამიტომ ჩნდება საშიშროება შექმნილ სახეთა აჩრდილების გამოვლენის, რამაც ამ დადგმაშიც იჩინა თავი. ზურაბ ანთელავა მოჭარბებული ემოციურობით ცდილობს გაწონასწორებული ბეკინას სახის დახატვას, თუმცა მსახიობი ყველაზე ორგანული ქცევებში და მოქმედებაშია, ისე როგორც ფინალურ ეპიზოდში, ზედმიწევნით სიზუსტით რომ ქმნის დამბლადაცემული კაცის ტიპაჟს. მარინა დარასელია სახასიათო როლს ძერწავს. მისი ელენე მოკრძალებული და კოხტა ქალია, რომელიც გლოვასაც იხდენს და ლხინსაც.

 

საინტერესო და ორიგინალურ სახე-ტიპაჟებს ქმნიან მსახიობები:  სალომე ბუღაძე (მელანო), რეზო ჯოჯუა (ივანე), კობა მატკავა (სერაპიონი), გიგა აბულაძე (დათიკო), ლევან მამასახლისი (ვალალო), ირაკლი ჯიშკარიანი (კოსტაია), მერაბ კაკალია (შაფათაძე), ზურაბ ლაშხია (ონისიმე), გიორგი ქობალია (ონისიმე), ლანა ფიფია (სალომე), ნოდიკო ბერულავა, გაბრიელ ჩარგაზია, გიორგი კიტია, ნიკოლოზ იოსავა (პლატონ სამანიშვილის შვილები).

 

გიორგი კაშია ავლენს ფანტაზიის უნარს, თხზავს სიტუაციებს, მოცემულობებს, ქმნის ნარატივს, შლის მათ დეტალებად, რომელიც ამბის თხრობას უწყობს ხელს, გვიჩვენებს სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ და გვიტოვებს არჩევანის უფლებას, როგორ სჯობს ცხოვრება. მის დადგმაში არ არიან კეთილი და ბოროტი პერსონაჟები, ამ სპექტაკლში ყველას თავისი სიმართლე და მოტივი აქვს, ყველა ჩადენილი ცოდვისთვის აგებს პასუხს. გიორგი კაშია ხატავს სამყაროს მერკანტილური ადამიანებით, რომელშიც ჩვეულებრივი მოვლენაა ფარისევლობა. რეჟისორი აშარჟებს თაობებს შორის დაპირისპირებებს, ქართულ სუფრას, რომელიც ხასიათდება დაუსრულებელი სადღეგრძელოებით, პათეტიკურად წარმოთქმული ლექსებითა და მოჩვენებითობით. გიორგი კაშია გვიჩვენებს სამყაროს კანონებს, რომელსაც არ და ვერ არღვევს ადამიანები. გამეფებულ უადამიანობაში, გამოკრთის ადამიანობა, რეჟისორი უკიდურესი დაუნდობლობიდან შესაშურ ჰუმანურობამდე გვიჩვენებს მაგალითებს და გვიტოვებს იმედს, რომ სანამ სიკეთის ნაპერწკალი არსებობს, კაცობრიობაც იარსებებს.

 

ზუგდიდის თეატრის „სამანიშვილის დედინაცვალი“ ჩვენი დროის ამბებს ხატავს კეთილი იუმორითა და მკაცრი რეალობით, ტრაგიკული ფინალით, თუმცა ოპტიმისტური და ჰუმანური მრავალწერტილით.

​​

ერთი კი არის: სპექტაკლს რამდენიმე ფინალი აქვს, უფრო სწორად წარმოდგენა მრავალწერტილით მთავრდება. რამდენჯერმე ჩნდება განცდა, რომ სპექტაკლი დამთავრდა, შუქი ქრება, მაგრამ ისევ ინთება და სულ სხვა სიუჟეტური ხაზი ვითარდება. ვერ ვიტყვი რომ ამ ფინალურ სცენებს აზრობრივი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ეს ხერხი ანაწევრებს სიუჟეტის განვითარების მთლიანობას, ჩეხავს და დინამიკას უკარგავს მოქმედებათა ერთობლიობას.

გიორგი კაშიას სპექტაკლი ბევრ რამეზე საუბრის საშუალებას იძლევა, სპექტაკლში არაერთი სცენა/გადაწყვეტა გამახსოვრდება, რაც გაფიქრებს, დარბაზიდან გამოსულს მოგყვება და მოსვენებას არ გაძლევს. ამიტომაც, სჯობს, სპექტაკლი ნახოთ და ისიამოვნოთ, ან იტიროთ, ან იცინოთ, ან იფიქროთ...

bottom of page