სამი ნოველა და სამი თხრობის ხერხი
სამი ნოველა და სამი თხრობის ხერხი
ავტორი: ლაშა ჩხარტიშვილი
ფოფო: ნიკა ქორბუდიანი
თბილისის მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარ პროგრამაში კიდევ ერთი ინკლუზიური წარმოდგენა მოხვდა. თანამედროვე ცეკვის კომპანია „ქენდუკო“ ამჯერადაც თბილისში ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობითა და მონაწილეობით ჩამოვიდა პროგრამის „ბრიტანული სეზონი საქართველოში“ ფარგლებში.
„ქენდუკო“ რამდენჯერმე უკვე იყო თბილისში, ქართველი მაყურებელი, მეტადრე ინკლუზიური ხელოვნებითა და თანამედროვე ცეკვით დაინტერესებულები, კარგად იცნობენ ამ კომპანიას, მის შესაძლებლობებს, ხელწერას და მსახიობებსაც კი.
ამჯერად, დასი განსხვევებული წარმოდგენით, მათთვის უჩვეულო ხელწერითა და ფორმით წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე. ერთმა საფესტივალო საღამომ, გააერთიანა „ქენდუკოს“ სამი სხვადასხვა ნოველა: „არგონავტები“, „სახეში“ და „მოდი ვისაუბროთ ამაზე...“
პირველი სიახლე, რაც „ქენდუკოს“ შემოქმედებით ცხოვრებაში მოხდა, იყო ის, რომ მათ გაარღვიეს ის საზღვრები, რომელსაც თავად მკაცრად იცავდნენ. ძიებებმა ისინი ვერბალურ ხელოვნებასთან მიიყავნეს, რამაც მათ შემთხვევაში გაამართლა კიდეც. მეორე სიურპირიზი ის იყო, რომ მათ ძალები ფიზიკურ თეატრშიც მოსინჯეს და მესამე, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი: მათ ლაღად და თავისუფლად, თვითიუმორითა და თვითირონიით ისაუბრეს საკუთარ თავზე.
„ქენდუკოს“ მსახიობებმა არგონავტების ცნობილი და მრავალგზის დამუშავებულ-ინტერპრეტირებული მითი, სულ სხვა ასპექტებით, ფორმითა და პარალელებით მოგვიყვეს. სინამდვილეში მათ არგონავტებზე კი არა, იაზონის გმირობაზე, მედეასა და ბერძენი უფლისწულის სიყვარულისა და ღალატის ისტორიაზე მოგვითხრეს მსოფლიო თანამედროვე (XX საუკუნის) პოლიტიკის კონტექსტში. მედეას მითი მათ „საბჭოთა თვითფრინავის ანტისაბჭოთა ბიჭებისა“ და აშშ-ში სტუდენტთა დემონსტრაციის დარბევის ამბების პარალელურად მოგვითხრეს. ეს ბოლო ორი ისტორია, რომელთანაც არც ისე დიდი დისტანცია გვაკავშრებს, მითად იქცა. ძნელია დაადგინო რა იყო სინამდვილე და რა არის გამოგონილი, შეთხზული ხალხის მიერ. კონცეფციის ავტორებმა და რეჟისორებმა ენ დიუკმა, ჯემიმა ჰოადლიმ, ველო ბრაინმა, კოპანია „არგონავტებთან“ ერთად, XX საუკუნის ორი გახმაურებული საერთაშორისო სკანდალი, რომელიც მითად იქცა, ანტიკური ეპოქის მედეას მითთან ერთად ერთ სიბრტყეზე დაალაგეს. თუმცა ლოგიკური კავშირები მათ შორის არც ისე თვალსაჩინო იყო, როგორც თავად შემოთავაზებული თამაშის ხერხი.
„არგონავტებში“ გაჩნდა სიტყვა, როლები და დრამატული თეატრის მსახიობები. „კონდაკომ“ ამ სამ ნოველაში წარმოგვიდგინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ფართო სპექტრი და მათი შემოქმედებითი კოლაბორაცია, რაც იმდენად ორგანული, ბუნებრივი და მართალი იყო, რომ უკიდურესი პირობითობის მიუხედავად, მაყურებელზე მაინც ცოცხალი ხელოვნების ეფექტით გამოწვეულ შთაბეჭდილებას ახდენდა. ჩვენ ვხედავდით და ვუცქერდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსახიობებს სცენაზე, თუნდაც იაზონს, ან მედეას, რომლებიც სავსებით ამართლებდნენ თავის მისიას და რაც მთავარია, არაფერს იტყუებოდნენ. განსაკუთრებით, უშუალობით გამოირჩეოდა იაზონის როლის შემსრულებელი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა ითამაშოს შეყვარებული უფლისწულის როლი და გამოხატოს ეს სიყვარული, ამისთვის მან მისი ლეკვი გაიხსენა, რომელიც მას სახლში ელოდება და შედეგად მივიღეთ ყველაზე გულწრფელი ემოცია, მიმიკა, რომელიც იაზონის როლის შესრულებისას მედეასადმი სიყვარულის გამოსახატად გამოადგა. ეს ხერხი, მეთოდოლოგიური რანგის ხერხია თანამედროვე სათეატრო ხელოვნებაში (როგორც შესრულების, ისე ფორმის თვალსაზრისით).
„კანდოკომ“ არა მხოლოდ გააფართოვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ფართო სპექტრის არეალი, არამედ ეროვნულობის საზღვრები. ზოგადად, თანამედროვე ცეკვის ეს კომპანია შლის და არღვევს ხოლმე ყოველგვარ საზღვარს, შეზღუდულ და შეუზღუდავ შესაძლებლობების მქონე პირთა შორის, ეროვნებათა, სექსუალურ ორიენტაციათა და რელიგიათა და ა.შ. აფართოებს სივრცეს და ათანაბრებს ყველას ამ სივრცეში.
„არგონავტებში“, როგორც დრამატულ წარმოდგენაში, მოხდა განსხვავებული შესაძლებლობების მსახიობთა სრული და ჰარმონიული, ლოგიკური ადაპტაცია. დარჩა შთაბეჭდილება, რომ სპექტაკლი კი არ შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, არამედ პირიქით, მივიღეთ მრავალი ასპექტით ორიგინალური სპექტაკლი, ორიგინალური ტექსტითა და სამი მითის ორიგინალური ინტერპრეტაციით შეზღუდული შესაძლებლობების (და არა მარტო) მსახიობთა მონაწილეობით.
მეორე ნოველა სახელად „სახეში“ მთლიანად ფიზიკური თეატრის ხერხებს ეფუძნება. არავერბალურ ნოველაში მსახიობები პლასტიკის საშუალებით გადმოსცემენ სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას, ურთიერთობას, გაბრაზებასა და სიხარულს, სიყვარულსა და მხარდაჭერას, ქმნიან ჰარმონიულ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს, რომლებიც სამყაროს ჰარმონიულობადაც აღიქმება, მოწესრიგებულ ქაოსს და სამყაროს მრავალფეროვნებას.
„მოდი ვისაუბროთ ამაზე“ ინტერაქტიული წარმოდგენაა, სადაც მსახიობები გვაცნობენ ერთმანეთს სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა საშუალებებით, ისინი ქმნიან უნივერსალურ წარმოდგენას და დემონსტრირებენ კომპლექსებისგან გათავისუფლებას, რომელიც მაყურებელსაც გადასწვდება და უხერხულობისგანაც ათავისუფლებს მას. ისინი ამკვიდრებენ სამყაროს და ადამიანთა შორის თანასწორობის პრინციპს. მათი მონოლოგ-დიალოგები და ცეკვა სწორედ ამის დასტურია, სადაც სწორედ თანასწორობაა განმსაზღვრელი შედეგის. ამ სამ ნოველაში სხეული არის მთავარი მთხრობელი, მაშინაც კი, როცა მიზანსცენა ვერბალური კომპონენტით იტვირთება, ვინაიდან მოძრაობა ყველაზე უკეთ გამოხატავს სათქმელს.
ჩვენ ვნახეთ სამი ნოველა, შესანიშნავი არტისტული ანსამბლით, შესაშური პარტნიორობის დემონსტრირებით და თავისუფალი არტისტები, რომლებიც დაცლილები არიან ყოველგვარი კომპლექსებისგან. ისინი ახმოვანებენ მაყურებელთა ფიქრებს და შეხედულებებს მათ მიმართ და არღვევენ საზღვარს მაყურებელსა და მათ შორის. ისინი საუბრობენ საკუთარ თავზე და აღებენ ფართოდ კარს მაყურებელთან ურთიერთობისთვის.