სანდრო ახმეტელისა და ბესო ჟღენტის კონფლიქტი
გუბაზ მეგრელიძე
სანდრო ახმეტელისა და ბესარიონ ჟღენტის კონფლიქტი
საქართველოს პოლიტსამმართველოს არქივში დაცულია 1928 წლის 30 ოქტომბრის საინტერესო ინფორმაცია რუსთაველის თეატრის შესახებ. მასში ნათქვამია: ,,ა.წ. 24 ოქტომბერს შედგა პიესიის ,,ანზორ ჩერბიშის” გენერალური რეპეტიცია. რეპეტიციაზე მოიწვიეს რიგი პასუხისმგებელი მუშაკები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტუმართა შორის იყო ,,ლეფოვეცი” ბესარიონ ჟღენტი. ახმეტელმა შეამჩნია რა ეს უკანასკნელი დაუწყო ყვირილი თეატრის დირექტორ დადიანს, შემდეგ კი ცელმს. ითხოვდა განმარტებას, თუ ვინ შემოუშვა ჟღენტი თეატრში. იმისდა მიუხედევად, რომ ჟღენტი არის გლავნისის წარმომადგენელი, რომელსაც უფლება აქვს ყველა გასინჯვას დაესწროს, როგორც თეატრალური დადგმების, ასევე კინოფილმებისაც _ ახმეტელი მოითხოვდა მის დაუყოვნებლივ თეატრიდან გაყვანას. რაზეც დადიანმა უპასუხა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ახმეტელმა მთელი დარბაზის გასაგონად დაიყვირა, რომ რეპეტიციას ხსნის. აიღო რა პალტო და ქუდი, თეატრი დემონსტრატიულად დატოვა. არ უნდოდა რა რეპეტიციის ჩაშლა, თავის უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენის მიუხედავად, დადიანი მოელაპარაკა ჟღენტს, რომ მას თეატრი დაეტოვებინა. ხანგრძლივი თხოვნებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, ახმეტელი დაბრუნდა. თეატრის დირექტორ დადიანის შეკითხვაზე ახმეტელისადმი, თუ რატომ არ სურს ჟღენტის დასწრება _ ახმეტელმა განაცხადა, რომ: ,,ჟღენტი და მისი თანამოაზრე ლეფელები1 არიან ჩვენი თეატრის მოწინააღმდეგეები. განხილვაზე მისი დაშვებით ხვალვე დაიწყებდა დადგმის გინებას.”
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ჟღენტი დისპუტებზე გამოდიოდა, სადაც რეპერტუარის საკითხებსაც ეხებოდა, რომ თეატრს მტკიცე სარეპერტუარო მიმართულება არ ჰქონდა. ამ გამოსვლების შემდეგ დაიწყო მტრობა რუსთაველის თეატრსა და ლეფელებს შორის. ამით აიხსნება ჟღენტის მიმართ ულამაზო საქციელი ჟღენტისადმი.”
ეს დაპირისპირება უფრო გამწვავდა. გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც ს. ახმეტელის რეაბლიტაცია მიმდინარეობდა ბატონი ბესო, რა თქმა უნდა ამ რეაბლიტაციის წინააღმდეგი იყო. თეატრალთა ორ ბანაკად გაყოფა და დებატები მწვავედ მიმდინარეობდა. საქართველოს თეატრალური საზოგადოების ერთერთ პლენუმზე კამათის შემდეგ, მეორე დღეს, ბატონი ბესო მივიდა ამ რეაბლიტაციის ინიციატორ, ცნობილ თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძესთან სამსახურში, ცალკე გაიხმო და უთხრა: ,,ჩემო ნინო, შენ არ იცი ვინ იყო ახმეტელი. მისგან ფიზიკური ტკივილებიც მახსოვს”. სწორედ ამ დაპირისპირების დამადასტურებელია, ბატონი ბესოს განცხადება, რომელსაც თავის დროზე საქართველოს უშიშროების არქივში მივაკვლიე. აღსანიშნავია, რომ შალვა დადიანის პიესა ,,თეთნულდის” პრემიერა რუსთაველის თეატრში 1930-31 წ.წ. სეზონის 22 მაისს გაიმართა. შ. ახმეტელის მწერლებთან კონფლიქტი შემდგომშიც გაგრძელდა სიმონ ჩიქოვანთან. საქმე მწერალთა კავშირში განიხილეს და რაიონულ სასამართლოც შემდგარა, რომლის ოქმებიც ვერ შემოინახა.
საქ. კომუნისტური პარტიის /ბ/ ცენტრალური კომიტეტის
კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების გამგეს
ბესარიონ ჟღენტის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
როგორც საბჭოთა კულტურისა და ლიტერატურეს ერთ-ერთ აქტიურ მუშაკს, მთელ რიგ სახელოვნო და სალიტერატურო ორგანიზაციების ხელმძღვანელ ორგანოთა წევრს, მე მომიხდა აქტიური მონაწილეობა მიმეღო საქართველოში წარმოებულ თეატრალურ დისკუსიაში და საჯაროთ გამომეთქვა ჩემი შეხედულებები არსებულ მდგომარეობის შესახებ თეატრალურ ფრონტზე. ვმონაწილეობდი თითქმის ყველა თეატრალურ დისპუტში. განსახკომთან მოწვეულ თეატრალურ თათბირზე და ა/კ საოლქო კომიტეტის მიერ მოწვეულ პარტიულ-თეატრალურ თათბირზე. ყველგან ჩემი გამოსვლა ატარებდა იდეურ-პრინციპიალურ ხასიათს, არასოდეს არავითარი პირადი შეურაცყოფა არავისთვის მიმიყენებია და საკითხისადმი არავითარი მიკერძოებით, რამე პირად განწყობილებაზე დამყარებული დამოკიდებულება არ გამომიჩენია. კერძოთ, რუსთაველის თეატრის მხატვრულ პრაქტიკას მე ვაკრიტიკებდი კომუნისტური პარტიის სახელოვნო პოლიტიკის და ლენინის კულტურული რევოლუციის იდეური პოზიციებიდან.
ჩემი ასეთი მუშაობის ნიადაგზე გადამემტერა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი რეჟისორი ალ. ახმეტელი, რომელიც არ ზოგავს არავითარ საშუალებებს, რომ საჯაროთ შეურაცყოფა მომაყენოს, სახელი გამიტეხოს, ტერორის ქვეშ დამაყენოს და მაიძულოს ხელი ავიღო ლიტერატურულ-კულტურულ მუშაობაზე.
მთელ რიგ ამხანაგების /მაგ. ამხ. შურა დუდუჩავას,2 გრ. შავგულიძის,3 ვასო თანიაშვილის და სხვ./ დასწრებით რეჟ. ახმეტელს ჩემს მიერ ყოველგვარი საბაბის მიუცემლად, როცა მე ქუჩაში დაუნახივარ არაერთხელ მოუყენებია ჩემთვის უხეში შეურაცყოფა, უშვერი ლანძღვა-გინებით და მუქარით. რასაკვირველია მე არასოდეს არავითარი პასუხი არ გამიცია ასეთი ხულიგნური მოქმედებისათვის და ყოველთვის ვერიდებოდი საკითხის გამწვავებას და ჩვენს შორის არსებული პრინციპიალური დავის პირად მტრობამდე დაყვანას.
მაგრამ რეჟ. ახმეტელის მოქმედება ჩემს მიმართ სცილდება ყოველგვარ საზღვრებს. იგი გადადის უკვე აშკარა ბანდიტურ თავდასხმის ფორმებზე, ფაშისტურ ტერორის მეთოდზე. ამის კონკრეტულ გამონათქვამებს ადგილი ჰქონდა გ.წ. 24 დეკემბერს.
მე, როგორც მთავარ სარეპერტუარო კომიტეტის წევრი შევდიოდი რუსთაველის თეატრში ახალი დადგმის ,,თეთნულდის” სანახავად, ვინაიდან მოქმედება დაწყებული იყო ვიცდიდი ფოიეში /შესასვლელთან/, სადაც არავინ არ იყო გარდა ორიოდე დაგვიანებულ მაყურებლისა და თეატრის ბუფეტის თანამშრომლებისა. ამ დროს თავის კაბინეტისაკენ მიმავალმა ახმეტელმა დაჟინებით წინადადება მომცა შევყოლოდი კაბინეტში, სადაც ჩამიკეტა კარები და ფიზიკური ძალდატანებით დამსვა სავარძელში და დამიწყო უშვერი, ქუჩური სიტყვებით ლანძღვა-გინება და სიკვდილის მუქარა. მის ღრიალზე თეატრის ზოგიერთმა თანამშრომლებმა სცადს შემოსვლა, მაგრამ ახმეტელმა მკაცრად უბრძანა მათ არ შემოსულიყვნენ და კარი არავის გაუღო. იგი მანჯღრევდა, მაგინებდა უკანასკნელ სიტყვებით და რევოლვერზე ხელმოკიდებული მემუქრებოდა სიკვდილს.
მეუბნებოდა, თითქოს მე ვიყო უმთავრესი მიზეზი მისი და კოტე მარჯანიშვილის ბრძოლის, თითქოს მე მას სისტემატიურად ვაბეზღებდე სახ. პოლიტ-სამმართველოში, თითქოს მე ინტრიგებს ვეწეოდე რუსთაველის თეატრის და პირადათ მის წინააღმდეგ. როცა მე ასეთ ყოვლად მოჭორილ ამბებზე ვუპასუხე, რომ მე მხოლოდ იდეური კრიტიკის იარაღით გამოვდიოდი და არასოდეს არავითარი ინტრიგები არ მომიწყვია და არ გავრეულვარ მისსა და მარჯანიშვილის ურთიერთობაში, ახმეტელი გალომებული მომვარდა, დამადგა თავზე რევოლვერით და მაიძულა დამეწერა ხელწერილი, რომ მე არასოდეს დავწერ და არაფერს ვიტყვი რუსთაველის თეატრის შესახებ. ამით არ დაკმაყოფილდა და მაიძულა დამეწერა ფართე ხელწერილი, რომ თითქოს მე, ამხ. ამაღლობელთან4 ერთად ვეწეოდი სისტემატიურ ინტრიგებს რუსთაველის თეატრის და მისი ხელმძღვანელის _ ახმეტელის წინააღმდეგ და რომ ამიერიდან ამას აღარ ჩავიდენდი. რევოლვერით ხელში, იგი მიკარნახებდა ტექსტს რუსულად და თვალს ადევნებდა თუ რამდენათ სწორად ვწერდი მის ნაკარნახევს, დამაწერია თარიღი და ხელისმოწერა უნდოდა, ან რაში გამოაგდებოდა ის ,,ხელწერილები” _ არ ვიცი.
ამის შედმეგ დამიწყო მუქარა, რომ იგი მომკლავს, თუ მე რაიმე დამიწერია ან მითქვამს რუსთაველის თეატრზე, რომ მას შეუძლია გამაქროს ორ დღეში ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებსო, რომ მისი მსახიობები მე ,,დამგლეჯენ” ისე, რომ ამისათვის პასუხს არავინ აგებს. მიმტკიცებდა, რომ იგი გარდა რეჟისორისა არის კიდევ სხვა რაღაც, რომელსაც ჩემი მოსპობა შეუძლია, რომ ტფილისს არ დავიწყებია მისი ამბები _ რეჟისორობამდე. მემურებოდა, რომ მე ვერ მიხსნის მისგან ვერავითარი პოლიტსამმართველო და ვერავითარი ხელისუფლება, რომ მას არაფრის ეშინია და მისახელებდა ფაქტს, რომ პოლიტსამმართველოში სიკვდილის დასჯის მოლოდინში იგი ვაჟკაცურად და გმირულად იყო.
დასასრულს გამაფრთხილა, რომ თუ ამ შემთხვევას ვინმე გაიგებდა, მე აღარ ვიცოცხლებდი რამდენიმე საათსაც კი. თანაც დასძინა, რომ იგი ყოველთვის პირველი გაიგებს, თუ მის შესახებ ვინმემ სადმე რამე განცხადება შეიტანა. საბუთად ასახელებდა, რომ მას ხელთ აქვს ამაღლობელის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილი ყველა განცხადებები და საბუთები ცენტრ. საკონტროლო კომისიაში და სხვა ორგანოებში.
ასეთი მუქარით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფით და გინებით დაამთავრა მან ჩემთან ,,მოლაპარაკება”. კიდევ გამაფრთხილა, რომ არავის გაეგო ამის შესახებ, თუ მინდოდა რამდენიმე საათს მაინც სიცოცხლე და გამიღო დაკეტილი კაბინეტი, სადაც შევიდნენ თეატრის დირექტორი _ გრ. ალავიძე, რეჟ. კ. პატარიძე5 და სხ. მე კი წამოვედი.
მეორე დღეს ეს ფაქტი უკვე იცოდა მთელმა ქალაქმა, მაგრამ ეს არავის გააკვირებდა და არც არავის ამისათვის არავითარი ყურადღება არ მიუქცევია. ალბათ თვითონვე და მისი თანამშრომლები ავრცელებდნენ ხმებს და ,,ტრაბახობდნენ” ასეთი ,,გმირობით”.
ახმეტელი არ მალავს, რომ იგი აპირებდა ჩემს მოკვლას, ოფიციალურ პასუხისმგებელ ამხანაგების საშუალებით მას არაერთხელ შემოუთვლია ჩემთვის, რომ მომკლავს, თუ რაისმე დავწერ ან ვიტყვი ამ თეატრის შესახებ. მაგალითად ასე განუცხადა მან ხელოვნების განყოფილების ყოფ. გამგეს ამხ. ს. თოხაძეს და ეხლაც ამხ. შავგულიძეს.
მოგახსენებთ რა ყოველივე ამის შესახებ, გთხოვთ სათანადო ღონისძიებათა მიღებას, რათა დაცული ვიქნე ასეთი ბანდიტური ტერორისაგან რეჟისორ ახმეტელის და მისი თანამშრომლების მხრივ, რადგან ეს არის აშკარა ფაშისტური შებრძოლება და თავდასხმა საბჭოთა მწერლობასა და კრიტიკაზე. აქ არ სდგას მარტო ჩემი პირადი საკითხი. ვფიქრობ, რომ პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფოში ასეთი თავხედური და კაბალური მოქმედების უფლება არავის არ უნდა ქონდეს.
მე მოკლებული ვარ საშუალებას ჩვეულებრივი, საყოველთაო წესით დავიცვა თავი, რადგან ახმეტელს, როგორც ა/კ ცაკის წევრს ვერ შეეხება ვერც მილიცია და ვერც სასამართლო უზენაესი ორგანოების ნებართვის გარეშე.
ამიტომ იძულებული ვარ მოგმართოთ თქვენ სათანადო დასკვნებისა და ღონისძიებებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ბანდიტიზმს ლეგალობა მიეცემა და არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც შეუძლებელი გახდება რაიმე იდეური-პრინციპიალური მუშაობა.
შენიშვნები:
1.`ფუტურისტ-ლეფელები” _ XX ს. 20-იანი წლების ქართველ მწერალთა ჯგუფი. 1923 წ. ჩამოყალიბდა ჯგუფი `ლეფი” Леф (Левый фронт, მარცხენა ფრონტი). იტალიური და რუსული ლეგის გავლენით (რუსულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა პოეტი ვლ. მაიაკოვსკი). საქართველოს ჯგუფში შედიოდნენ: შალვა ალხაზიშვილი, აკაკი ბელიაშვილი, დავით გაჩეჩილაძე, პავლე ნოზაძე, ბესარიონ ჟღენტი, ნიკოლოზ ჩაჩავა, სიმონ ჩიქოვანი, ჟ. ღოღობერიძე და სხვები.
2. ალექსანდრე (შუარა) იოსების ძე დუდუჩავა (1901-1937). ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი. სამხატვრო აკადემიის რექტორი (1927-1930), ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, საქ. სახალხო კომისართა საბჭოს ხელოვნების განყოფილების უფროსის მოადგილე, კონსერვატორიის დირექტორი (1932).
3. გრიგოლ დავითის ძე შავგულიძე (1907-1938). განსახკომის ხელოვნებისა და ლიტერატურის სექციის გამგე (1931-1932), კონსერვატორიის დირექტორი (1932-1934), ხელოვნების მუშაკთა ცენტრალური პროფკავშირის თავმჯდომარე (1934-1938).
4. სერგო ამაღლობელი (1898-1938). კრიტიკოსი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე. რუსთაველის თეატრის დირექტორი (1925), სახკინმრეწვის დირექტორი (1926-1927), 1928 წ. მოსკოვში მოღვაწეობდა.
5. კუკური პატარიძე (1900-1982) რუსთაველის თეატრის რეჟისორი.