top of page

„სათბური“ ღია სივრცეში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

327032283_1340520799825348_2352900003697881446_n.jpeg

ვალერი ოთხოზორია

„სათბური“ ღია სივრცეში

 

ვაგრძელებთ კვლევას ადგილი-პროდუქტის პრინციპზე დაყრდნობით. ადგილში მოიაზრება სივრცე, შენობა, გარემო, არქიტექტურულ-ინფორმაციული ველი თავისი პოლიტიკით. პოლიტიკაში უნდა მოვიაზროთ ინგილისური სიტყვა „politics“-ით (მრავლობითში) შემოფარგლული ძალაუფლებითი ურთიერთობების კომპლექსი.

რაც შეეხება პროდუქტს, აქ იგულისხმება ნაწარმი, ამ შემთხვევაში სახელოვნებო ნამუშევარი, კონკრეტულ სივრცეში შექმნილი, როგორც კონკრეტული გარემოს ანარეკლი. ანარეკლი არ უნდა გავიგოთ, როგორც პასიური პროცესი: არსებულის ასლი. პირიქით, არეკვლაში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება პოლიტიკურ-კრეატული აქტი, რომელიც არათუ ინერტულად, ინდიფერენტულად არ ირეკლავს, არამედ ირეკლავს ახლებურად, რეპროდუქტიულად (სიტყვასიტყვით - ხელახლა პროდუქტულად, ახლებური პროდუქტულობით) და ამგვარად ამტკიცებს თავად გარემოს (სივრცის, ადგილის) ძალაუფლებას.

კიდევ ერთხელ, ვიწროდ არ უნდა გავიგოთ ძალაუფლებისა და პოლიტიკის ცნებები. ძალაუფლების ქვეშ, ცხადია, იგულისხმება საზოგადოებრივი პოლიტიკა, რომელიც უმეტესწილად დაფარულია და ზედაპირზე ჩნდება გარკვეული ნიშნების, მინიშნებების, ფრაგმენტებისა და ალგორითმების სახით, რომელის მიემართება პერცეფციას (აღქმა) და მასზე ზემოქმედებს. ხელოვნების მიზანი, ალბათ, როგორც არაფერი სხვის, უპირველეს ყოვლისა, აღქმაზე ზემოქმედება, მისი შეცვლაა; ესაა ერთადერთი საშუალება თავად ხელოვნების თვითშეცვლისთვის, ხოლო ამგვარი განახლების გარეშე ის კვდება (აწმყოს აღქმაში); ამდენად, ხელოვნების მიზანი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თვითგანგრძობაა, უწყვეტი თვითგაცოცხლება, რისთვისაც ის უპირველეს იარაღად იყენებს აღმქმელის აღქმასთან ფუნდამენტურ ურთიერთმიმართებას. ეს უწყვეტი პროცესია და ამიტომაც ხელოვნება მუდამ განიცდის ტრანსფორმაციას მასზე მიმართულ აღქმასთან მიმართებით, ისევე, როგორც აღქმა განუწყვეტლივ ეპასუხება მას საკუთარი ვარიაციებით და ახალი ფორმებით.

 

„ღია სივრცე“: იდეოლოგია, მდებარეობა, სივრცის არქიტექტურულ-ინფორმაციული ველი.

თბილისის ფარგლებში არსებობს გამორჩეული სახელოვნებო სივრცე, სახელწოდებით - „ღია სივრცე“. ის მდებარეობს თბილისის ცენტრიდან საკმაოდ შორს, ცენტრიდან იქ მოსახვედრად გჭირდება 20-45 წუთი (ქუჩების გადატვირთულობის მიხედვით); ყოფილი ელექტროძრავების ქარხანაში, შენობის მეოთხე სართულზე, ერთ-ერთ ფლიგელში. ამჟამად, ქარხნის შენობა, რომელიც უზარმაზარია, პრაქტიკულად ცარიელი და გაურემონტებელია. ეზოში ავტომობილების პროფილაქტიკაა, მეორადი ავტომობილების ნაწილები და მაზუთი თვალში გხვდება. სანამ უშუალოდ ღია სივრცეში მოხვდები, გადიხარ ამ ადგილს - ეზოს, ადიხარ ძველი კიბით, გაივლი ძველ დერეფანს, სადაც უფანჯრო განაჭრევებიდან ჰაერი გირტყამს (განსაკუთრებით ზამთარში).  

სივრცე დაარსდა სამი ახალგაზრდა არტისტის - ანა გურგენიძის, დავით ხორბალაძისა და მიხეილ ჩარკვიანის მიერ, 2016 წელს, ხოლო 2018 წელს სწორედ ამ ადგილას დაიდო ბინა. ეს არის მულტიმედიური ხელოვნების სივრცე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა გამომსახველობით ფორმას. სივრცის იდეოლოგია (პოლიტიკა) გულისხმობს დამოუკიდებლობას სახელმწიფოს სახსრებისგან. ამგვარი, ადგილმდებარეობით პერიფერიული, მაგრამ არა მნიშვნელობით, ცენტრის დაფუძნების ერთ-ერთი მიზანი თავისუფალი სადისკუსიო გარემოს მოწყობაცაა.

ამ ეტაპზევე ჩანს, როგორ დიალექტიკურად ურთიერთდაპირისპირებულია სივრცის პოლიტიკა და მისი ყოფის ობიექტურობა. ურბანულად, ეს არის აშკარად ჩაკეტილი ადგილი, მოწყვეტილი ურთიერთობათა უშუალო ინტენსივობას; და სწორედ ამ ადგილზე ხდება სივრცის გახსნა, ღიაობის მცდელობა. ეს არის სწორი პოლიტიკა, სწორი სტრატეგიული აქტი: ჩაკეტილი ადგილმდებარეობა კიდევ უფრო ღიას ქმნის, უფრო ამძაფრებს, ესე იგი აძლიერებს სივრცის ძალაუფლებას სწორედ ამ ადგილზე ყოფნით. რამდენადაც მყიფეა მისი რეალური ძალაუფლება, იმდენადვე მტკიცეა მისი სიმბოლური ძალაუფლება; იმდენადვე მტკიცდება ის, როგორც სახელოვნებო ადგილი, რამდენადაც ხელოვნება, არსებითად, სიმბოლური ძალაუფლების ფორმაა. ხელოვნება მუდამ ზემოქმედებს სიმბოლურად, აღქმაზე ზემოქმედების გზით.

ეს იყო ობიექტურობის პირველი შრე, რომელიც განვიხილეთ. მეორე შრეს ეკუთვნის ის ინფორმაციული ველი, რომლითაც აქ დაფუძნებული სივრცე ივსება. სივრცე იმდენად ღიაა, რამდენადაც ცარიელია, და იმდენად ცარიელია, რამდენადაც სავსეა ინფორმაციული ველით. ინფორმაციულ ველში ვგულისხმობთ იმ საკომუნიკაციო-გამომსხაველობით ენას, რომელიც არსებობს კონკრეტულ ქმნილებათა (ნაწარმთა და წარმოდგენათა) მიღმა, რომელიც ქმნის ბადეს, კონტექსტს და ველს, გაცილებით ფართოს, ლაბილურსა და კომპლექსურს, ვიდრე კონკრეტული შექმნილი ნიმუშია, გამოსაფენად გამიზნული.

ეს ენა ნაზავია ამ სივრცეში და მასთან დაკავშირებით ცოცხალი მეტყველების, სხეულის ენის, სიმბოლური და წარმოსახვითი ნიშნების, რომლებსაც მეტყველი ადგილზე ყოფნა გულისხმობს. ამ ენის ძირფესვიანი კვლევა მოითხოვს ცალკე სრულფასოვანი კვლევის ჩატარებას, რომელიც დღეისთვის არ არსებობს. ჩვენ შემოვიფარგლებით უშუალოდ იმ ნიშანთა და თავისებურებათა აღნიშვნით, რაც უშუალო გამოცდილებიდან მოგვეცა, რაც პირწმინდად სუბიექტურია და სრულ სურათს ვერ მოგვცემს. თუმცა, მაინც ვიმედოვნებთ, იმდენად არ ავცდებით ობიექტურობას, რომ ჰიპოთეზათა სანდოობის მინიმალური სტანდარტი დაირღვეს.

ღია სივრცის უშუალო ტერიტორია წარმოადგენს გრძელ დერეფანს დიდი დარბაზებით, ტუალეტითა და პატარა ბარით, აგრეთვე სამუშაო ოთახით, რომელსაც შეგვიძლია კაბინეტი ვუწოდოთ. თვალშისაცემია სივრცის არაფორმალურობა: ცოტა კარი, ბევრი სივრცე, დიდი ფანჯრები, რომლებსაც საჭიროებისამებრ ბრეზენტით ფარავენ. პრეზენტაბელურობის თვალსაზრისით, სივრცე გავს ახალი რეტრო-სტილის ბარებსა და შეკრების ადგილებს თბილისის ცენტრში, მაგალითად განთქმული „ჩაის სახლის“ ინტერიერს, ისეთს, ადრე რომ იყო (ახლანდელ „ჩაის სახლებს“ ხელოვნური რეტრო-ნიშნები სულ უფრო და უფრო აკლდება). თავად დარბაზები, სადაც სახელოვნებო ღონისძიება იმართება, თეთრი, მაღალჭერიანი და ვრცელია.

მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცე სადიკუსიო ადგილადაც იყო ჩაფიქრებული და გამოცხადებული, ის დისკუსიების ცენტრად ვერ შედგა. არ იგრძნობა იქ ისეთი ინტენსივობა, არც დისკუსიის და არც სახელოვნებო წარმოების თვალსაზრისით. ცენტრი არ ჩერდება, ის აწარმოებს, მაგრამ ერთგვარი ნელი დინამიკით. ეს მომენტი ფუნდამენტურად განსაზღვრავს ღია სივრცის მთლიან ატმოსფეროს, რომელიც საციერელესთან წილნაყარი ღიაობის მელანქოლიურობის ტოლია. ამ სივრცის განწყოფით-აფექტური ბაზისი მელანქოლიაა (რეალური სიცარიელე ბადებს აქტორში სიმეტრიულ მელანქოლიას), რომელიც ასე ღიად იქ არ ჩანს. მაგრამ მძლავრად იჩენს თავს იქაურ ნამუშევრებში. სულ სხვა წონა და ექო აქვს იქაურ ნამუშევართა იმიჯებს, ხმებსა და ნიშანთა ბადეს.

ჩვენ უშუალოდ შევეხებით ღია სივრცის ბოლო დროის ნაწარმს - „სათბური“ და ნაწილობრივ - ნინო ბაგრატიონის გამოფენას „შემოდი ჩემს ბაღში“, ღია სივრცის პოლიტიკის ნაწილში.

 

„სათბური“

მულტიმედიური წარმოდგენა, სპექტაკლი - „სათბური“ შექმნეს არტისტებმა, რომლებიც ამ სპექტაკლის მსახიობებიც არიან: გვანცა ენუქიძე, თამარა ჩუმაშვილი, მაშო მაყაშვილი. სცენოგრაფია და კოსტუმები ეკუთვნის ნინო გოდერიძეს, ვიდეო - ანა გზირიშვილს, ხმის ინჟინერია გიორგი გოდერიძე.

სპექტაკლი შეიქმნა რეჟისორისა და დრამატურგის გარეშე, რაც ეტყობა კიდეც მის სტრუქტურას, თხრობას და ზოგადად, საკომუნიკაციო ენას მაყურებელთან და სპექტაკლის ენას თავის თავთან. ერთი მხრივ, ეს არის მაყურებლის გასაგონად შექმნილი თხრობა, მის დასანახად მოწყობილი სცენა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ინტროსპექტული სპექტაკლია, თავად ავტორ-მსახიობებისთვის განკუთვნილი. მაყურებელი წარმოდგენას უყურებს ამ ორი თვალით და მათ შორის ნაპრალში შეიგრძნობს ამოუთქმელს და შეუძლებელს, რაც თავად სპექტაკლის ბირთვია და რეპრეზენტირდება მისი მთავარი იმიჯით, ფიგურით, რომელიც სცენის ბოლოში დგას: მანათობელი (მოძრავი ბუტკოთი) ყაყაჩოს მსგავსი რაღაც, რომლის ღეროც აშკარად სპერმატოზოიდის ფორმას იმეორებს. 

„სათბური“ არის სპექტაკლი ქალურობის შესახებ, არა ქალურობის მეტაფიზიკა, არამედ მისი ყველაზე უბრალო ყოველდღიურობა; ის ადგილი, სადაც ქალი მხოლოდ ქალია, დაცლილი კოკეტურობისგან და ქალურობის მაპრივილეგირებელი ძალაუფლებისგან. ჩვენ გვესმის საკუთარი ბინის სივიწროვეში მყოფი უბრალო ქალების ლაპარაკი, რომლებიც საუბრობენ ისეთ ბანალურ და რუტინულ თემაზე (სრულიად ბანალური დაჟინებით), როგორიცაა ბინის მიშენება, ბავშვის მიყვანა სკოლაში და გამოყვანა იქიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ. ესაა რუტინაში ჩაკეტილი ქალების უფერული კოშმარი (ასეთ დღეში, ცხადია, ჩვენს ქვეყანაში ქალთა დიდი ნაწილია), რომელშიც კონტრაპუნქტულად იჭრება ზღაპრული ქალის - ანანას მოტივები. ზებუნებრივი ანანას ფონზე, „დასწავლილი ზრუნვის კომპლექსისაგან“ პყრობილი ქალები პრეზენტირდებიან ბამბის ველზე, მსახიობები, რომლებიც ტანტრუმში ვარდებიან ანანას იდეალსა და ქალის რეალურ პერსპექტივას შორის ჩაკარგულნი. არ არსებობს მდგომარეობის შეცვლის რესურსი, ცვლილების შეუძლებლობის ტანჯვას წარმოადგენს თავად ეს სპექტაკლი.

„სათბური“ ტრავმული სპექტაკლია. ტრავმულია იმიტომ, რომ იკეტება ანანასა და კორპუსის ქალის დიქოტომიაში, არსსა და ჯერარსს შორის ნახტომისთვის უსაზომოდ დიდ სივრცეში. ის არ არის რეფლექსური სპექტაკლი, რომელიც რაღაცის გაცნობიერებას, მარტივ მამრავლებად დაშლას და მრავალმხრივ ანალიზს გვთავაზობს; „სათბური“ გვაგდებს ქალურობის ტრავმის ჭაობში, სადაც აუცილებლად გავისვრებით ქალურობის ლიკვიდურობით, ამ სიტყვის ორმაგი აზრით: ქალი, როგორც თხევადი, მსხლტომი, მოუხელთებელი, გამორჩეული მოქნილობითა და ტაქტიკურობით (ქალურობის ძალაუფლება); და ქალი, როგორც ადვილად წვდომადი, ექსპლუატაციისა და ჩაგვრის ობიექტი, ნელი თუ სწრაფი ლიკვიდაციის მსხვერპლი (ქალურობის ვიქტიმურობა). აუცილებლად გავისვრებით სითხეში (მენსტრუალური სითხე? პლაცენტა? სისხლი?) და დაგვჭირდება ბამბა, მთელს სცენაზე რომაა მოფენილი.    

უნდა ვისაუბროთ ყაყაჩოზე და მის ღეროზე, რადგან ეს იმიჯი არის ის, რაც კრავს (ხურავს) და ხსნის მთელს სპექტაკლს, მის ნარატივს; და მასზე ჩემზე ბევრად მეტს გვეტყვის სლოვაკი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი, ვისაც ეკუთვნის, ყაყაჩოზე არა, მაგრამ ტიტაზე, ასეთი კომენტარი:

 

„ტიტების მიმართ ჩემი დამოკიდებულება არსებითად ლინჩიანურია. ჩემი აზრით, ისინი ამაზრზენია. უბრალოდ წარმოიდგინეთ. ეს ხომ ერთგვარი, როგორ ვთქვა, კბილებიანი ვაგინაა, კბილებიანი ვაგინა, შთანთქმით რომ გემუქრება? ჩემი აზრით, ეს ყვავილი ძალიან ამაზრზენი რამეა. იციან, განა, ადამიანებმა, რამდენად საშინელ ყვავილებთან აქვთ საქმე? ჩემი აზრით, ეს ღია მიწვევაა ყველანაირი მწერისა და ფუტკრისა, „მოდი და ჩამეხვიე“, ასე არაა? ვფიქრობ, ბავშვებს მათთან მიკარება უნდა აუკრძალონ.“

 

ჟიჟეკის სარკასტული კომენტარი, ვფიქრობ, სრული სერიოზულობით ეხმიანება იმ ფიგურის აურას, „სათბურიდან“ რომ გამოსჭვიოდა. ამბივალენტური ყაყაჩო: ერთი მხრივ, გამხსნელი და დამხურველი სიცოცხლის ადგილისა და მეორე მხრივ, მიმღები და მშთანმთქმელი მანქანა, მიღებული ან დაძალებული ტრავმებად რომ რჩება (ტრავმული ჩემოდანი). სადაც მთავრდება სპერმატოზოიდი (ღერო), იწყება ბუტკო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა ხდება ფესვებში: ფესვები მღერიან ბამბის ველზე სამი შესანიშნავი მომღერალ-მსახიობის სახით.

სათბურის იმიჯ-ფიგურა ისევე, როგორც სხვა წარმოდგენების იმიჯ-ფიგურები კონსტრუირებულია ღია სივრცის სურვილის არქიტექტონიკით, ესე იგი მისი დანაკლისის ხორცშესხმით. ეს მართლაც ვამპირული იმიჯებია და მის საჭვრეტად, მათში „ჩასავარდნად“ ვამპირი-მაყურებლები დადიან. მე ვარ ერთ-ერთი ასეთი ვამპირი-მაყურებელი ღია სივრცის იმიჯ-მანქანების და იმიჯ-ფიგურების.

ღია სივრცის სპექტაკლების შექმნისა და წარმოდგენის პროცესი, მართლაც, მიწიდან ყვავილების ამოსვლასავით სიზანტისა და სიბილწის (მალფუჭებადობის საკუთარი მდგრადობის გამჭო) ნატურალისტურ განცდებს აღძრავს. ესაა ნელი, მტკივნეული, ღრმა და გადაუხარშავი პროცესი, უაღრესად ავთენტური, კომპლექსური და გარკვეულწილად მოუშორებელი, რაღაც აზრით საძაგელიც კი, როგორც სლავოი ჟიჟეკისათვის (ლინჩიანურად) - ტიტები.     

 

პოლიტიკა

ღია სივრცის სიმბოლური გავლენა გაპირობებულია პოლიტიკით, მის საქმიანობას რომ მსჭვალავს, რაც მიზნად ისახავს თავისუფლების - როგორც „ალტერნატიულის“: შეზღუდულის, დამცრობილის, შევიწროებულის, უარყოფილის, განდევნილის, ექსპლუატირებულის, ჩაგრულის, ... - ხორცშესხმას სახელოვნებო სხეულში. ამდენად, მისი პოლიტიკური ბრძოლის არტისტული ველი ფანტასმაგორიაა, როგორც იმიჯებისა და ფიგურების ავტონომიური ფორმაციის, როგორც ტრანსფორმაციის, სათბური. ამდენად, სპექტაკლის სათაური „სათბური“ მშვენივრად ესადაგება თავად ღია სივრცის ნამდვილ ფუნქციას, ნამდვილ როლს. ის არის სათბური პროცესების გამოთავისუფლებისთვის, რათა დაუბრკოლებლად, შეუბოჭავად გაიფურჩქნონ (სათბურში).

ხელოვნება, როგორც ხელოვნება, საოცრად ავთენტური და ღრმაა ღია სივრცეში, მაგრამ ამავე დროს - პოლიტიკური. პოლიტიკაა ნინო ბაგრატიონის, როგორც ქალის, გამოფენა „შემოდი ჩემს ბაღში“, სადაც მე შევედი... მაგრამ ვერ მოვხვდი მასში. რატომ? - მაწუხებს შეკითხვა. მაწუხებს იმიტომ, რომ „ბაღის“ ჩემეული შეფასება ძალადობრივი ხომ არ არის? რომ ვერ განვიცადე ის, რაც მინდოდა, რომ განმეცადა, ჩემს პრობლემას ხომ არ აჩვენებს უფრო მეტად, ვიდრე „ბაღისას“? მეტიც: ყველა დამთვალიერებელი ჩემნაირად რომ გრძნობდეს თავს, იმედგაცრუებულად „ბაღით“, ამით შეგვეძლება კი, ვთქვათ, რომ „ბაღი“ ვერ ბაღობს; რომ მას აკლია რაღაც?... ღია სივრცე არ არის უბრალო სივრცე. ესაა სივრცე, რომელიც დილემაში გაგდებს. რომელიც გბორკავს მსჯელობაში და გართმევს დარწმუნებულობას საკუთარ აზრში. მეორე მხრივ, მსგავსი ადგილი ამღვრვევს იმ გამჭვირვალობას, ოფიციალურ ხელოვნებაში რომაა, დადგენილი - კარგის და ცუდის, სწორის და არასწორის, ღირებულის და უნიჭოს - კატეგორიებით. რას ეხება საქმე ღია სივრცეში, როგორც „ბაღში“: ხელოვნებას, როგორც ამაღლებულს, შეცნობად სტრუქტურას გარკვეული კონვენციური სიმეტრიით, თუ სულ სხვა რამეს? რას ქვია ხელოვნება? ეს კითხვა ისე ბუნდოვანი არსადაა თბილისის მასშტაბით, ვიდრე ამ ადგილას, ღია სივრცეში. ბუნდოვანი, ამ სიტყვის ორმაგი აზრით: გაურკვეველი და საეჭვო.

 

შეფასების სისტემა

მაქვს თუ არა უფლება ვთქვა, რომ „სათბურს“, რომელიც შესანიშნავი სპექტაკლია შესანიშნავი მუსიკითა და სიმღერებით, აკლია სიმღერები, და თხრობითი ტექსტი მასში ზომაზე მეტია? „სათბურს“, რომელიც შესანიშნავი სპექტაკლია, უკეთესი იქნებოდა, ჰქონოდა უფრო აწყობილი სტრუქტურა, დრამატურგია და რეჟისურა? იქნება კი, სამართლიანი, მას ჩემი აღქმის შედეგად ნაკლები მივაწერო?

აქ, ჩვენ ვდგებით მეორე საკითხის წინაშეც: როგორ უნდა შეფასდეს ე.წ. ალტერნატიული ნაწარმოებები მეტ-ნაკლებად კლასიკურ ნამუშევართა გვერდით? როგორი უნდა იყოს შეფასების საერთო სისტემა, რომელიც სამართლიანობის ფარგლებს დაიცავს? სხვანაირად, როცა არჩევენ საუკეთესო ნაწარმოებს, როგორ უნდა მოხერხდეს ისე, რომ ალტერნატიული ქმნილება აპრიორი არ დაიჩაგროს, ან პირიქით, პრივილეგირებული არ აღმოჩნდეს? უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური სივრცის მიხედვით, პრივილეგიის არანაკლები საფრთხე არსებობს, ვიდრე ჩაგვრისა. არსებობს საფრთხე, ქალის ან სხვა ნიშნით პრივილეგიის მინიჭებისა, გარკვეული წრეების მხრიდან.

ორივე პრობლემის გადაჭრის ამოცანა აწევს ე.წ. კომპეტენტურ სფეროს, ექსპერტულ შრეს, რომელიც განზე უნდა იდგეს პოლიტიკებისგან. სფერო, რომელმაც უნდა დაიცვას თავად სახელოვნებო პროცესი. მაგრამ როგორ უნდა განიმარტოს ეს უკანასკნელი, როცა უკიდურესად განსხვავებულთა ერთ სივრცეში შერჩევა გვევალება?

პრაქტიკულ დონეზე, ჩემი აზრით, არც ამდენად დრამატულადაა საქმე. მე მგონია, რომ ალტერნატიული ნაწარმოები, პრინციპში, არც იმდენად ალტერნატიულია, რომ ექსპერტმა თავი და ბოლო ვერ გაუგოს და ვერ მიუსადაგოს უზოგადეს შეფასებათა სისტემას. ვფიქრობ, არ არის მართებული, რადგან ნაწარმოები ალტერნატიულია, მისი ნაკლებისა და ღირსებების გამოკვეთაზე უარი ვთქვათ და ისეთი მივიღოთ, როგორიც არის, ყოველგვარ სრულყოფილების ჰორიზონტს მიღმა მყოფად. ამგვარად მიღება საერთოდ გამორიცხავს ექსპერტის კომპეტენციის საჭიროებას და აგრეთვე, გარედან აღმქმელის აღქმას ტოტალობად აქცევს, რითაც პრაქტიკულად რეფერენტის გარეშე ტოვებს მას, იმ მესამე პუნქტის გარეშე (ექსპერტის შეფასება), რომელსაც მასში ეჭვისა და ცნობისმოყვარეობის იმპულსი უნდა შეენარჩუნებინა ტკბობის პროცესშიც და მას შემდეგაც. მიუხედავად ჩემს პოზიციაში დარწმუნებულობისა, მაინც ვგრძნობ, რომ საკმარისად ვერ ვაკავშირებ ხელოვნების ორივე მხარეს (სინამდვილეში რომ გაცილებით მეტია), ვგრძნობ, რომ არ მყოფნის რაღაც ორივე მხარეს, და ეს რაღაც არცერთ მხარეს იოლად მოსაპოვებელი არაა.

bottom of page