top of page

შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

269628397_4576258025754977_1972422684216890251_n.jpeg

მაია კიკნაძე

შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე

 

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, რეჟისორმა გოგა თავაძემ, „ვენეციელი ვაჭრის“ პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. შექსპირის პიესის სცენურ ვერსიას, საზოგადოება ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესითა და მოლოდინით ხვდება, ამ მხრივ არც გორის თეატრის სპექტაკლი იყო გამონაკლისი. საპრემიერო ჩვენებაზე მისული მაყურებელი, დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს მორიგ პრემიერას და აპლოდისმენტით აჯილდოებდა დამდგმელ ჯგუფს (რეჟისორი-გოგა თავაძე, ტექნიკური რეჟისორი-ნინო გოქაძე, მარიამ ოლგესაშვილი, მხატვარი-ანა კალატოზიშვილი, კომპოზიტორი-დათო თავაძე, მონაწილეობენ: ომარ ბექაური, გიორგი გოგუაძე, თეკლა მარჯანიშვილი, ქეთი ლუარსაბიშვილი, მარიამ არღუთაშვილი, დაჩი ბაბუნაშვილი, ზაზა თედელური, ამირან ქაჩიბაია, კობა კოპაძე, კახა ბერიძე, ზვიად მაღალაშვილი, თორნიკე ლაზაშვილი).

 

სპექტაკლში მოქმედება ვენეციასა და ბელმონტში ვითარდება. სცენაზე წარმოდგენილი დეკორაცია- ჭერის მთელ სიგრძეზე გადაჭიმული თეთრი ტილო, რომელიც აფრის ასოციაციას იწვევს, ფართოდ გაშლილი სცენის სიღრმეში განთავსებული გემი და მარინისტული პეიზაჟები, ზღვისპირა ქალაქის ადგილმდებარეობაზე მიგვანიშნებენ.

 

„ვენეციელი ვაჭრის“ სიუჟეტი, რომელსაც კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი, ორი პერსონაჟის მდიდარი ებრაელი შაილოკისა და კეთილშობილი ქრისტიანი ვაჭრის დაპირისპირების ამბავს მოგვითხრობს. თუმცა რელიგიურ თემებს აქ მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სპექტაკლის მთავარი აქცენტი ადამიანის მორალურ მხარეზეა გადატანილი. კანონსა და მორალს შორის გაჩენილი წინააღმდეგობა საბოლოოდ სიკეთის გამარჯვებით მთავრდება. ერთის მხრივ კანონის უზნაესობის დაცვა, რასაც შაილოკი მოითხოვს, მეორეს მხრივ კი ზოგადადამიანური პრინციპები, რომლის მხარეზეც ვენეციის მოქალაქეთა უმრავლესობა დგას, სპექტაკლში მკაფიოდ არის გამოკვეთილი.

 

ვენეციელი ვაჭარი ანტონიო, მეგობრის დასახმარებლად შაილოკისაგან  3000 დუკატს სესხულობს. თავის ფინანსურ შესაძლებლობაში დარწმუნებული ანტონიო, რომელსაც გემები სავაჭროდ აქვს გაშვებული და სარფიან მოგებას ელის, ფულის სანაცვლოდ შაილოკის აბსურდულ წინადადებას თანხმდება. იმ შემთხვევაში თუ ანტონიო ვალს დროზე ვერ გადაიხდის, მევალე მას სხეულიდან ხორცს ამოაჭრის. მალე ანტონიო შეიტყობს, რომ მისი გემები დაიღუპა და ფულის გადახდას ვერ შეძლებს. პიესის მთელი ინტრიგაც სწორედ ამ ამბიდან იწყება.

 

რეჟისორმა გოგა თავაძემ სპექტაკლი საკარნავალო ფორმაზე ააგო. ერთი შეხედვით, აქ ვხვდებით კარნავალისთვის აუცილებელ დეტალებს: ბრჭყვიალა კოსტიუმებსა და ნიღბებს, თუმცა ეს მხოლოდ გარეგნული მხარეა-სტატიკური და უმოქმედო, რომელიც მხოლოდ ფონის შესაქმნელადაა გამოყენებული. ამდენად, კარნავალი ილუსტრაციულობისა და პლაკატურობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც მთლიანობაში სპექტაკლის რიტმზე პოულობს ასახვას. პირველ რიგში, ეს ეხება პირველ მოქმედებას, რომელიც ძალზე მონოტონურად მიდის. ამ თვალსაზრისით, უფრო ქმედითია მეორე მოქმედება, განსაკუთრებით კი ფინალური სცენა.

ძირითადი სიუჟეტის გარდა, როგორც ეს შექსპირს ახასიათებს, ერთმანეთის პარალელურად სხვადასხვა თემები ვითარდება. შექსპირის კომედიები რომანტიკული სცენების გარეშე წარმოუდგენელია. აქ სამი წყვილის სასიყვარულო ამბავია გადმოცემული, რომელიც სპექტაკლს ლირიკულ განწყობას მატებს. პორცია და ბასიანო, ნერისა და გრაციანო, ჯესიკა და ლორენცო. მათი ისტორიები სხვადასხვა ამბავს უკავშირდება. თუ ჯესიკა (ქეთი ლუარსაბიშვილი), შაილოკის ქალიშვილი, მამისაგან თავის დაღწევას ცდილობს და იძულებულია შეყვარებულთან (ზაზა თედელური) ერთად სახლიდან გაიქცეს, ბასანიოს მიზანი მდიდარი ცოლის შერთვაა, რისთვისაც „გამოცდის ჩაბარება“ უწევს. პორციას მიერ საქმროს შერჩევის ეპიზოდს, როგორც ეს პიესაშიც არის წარმოდგენილი, გამოცანები ახლავს თან. გამოცნობის სცენა სპექტაკლში საინტერესოდ არის გადაწყვეტილი, რასაც ხელი შეუწყო მსახიობ ამირან ქაჩიბაიას შესრულებამ.

 

მსახიობი ამირან ქაჩიბაია, სპექტაკლში ორ როლს ასახიერებს მაროკოსა და არაგონის პრინცებს, რომლებსაც პორციას ცოლად მოყვანა სურთ, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებლად მთავრდება. ამირან ქაჩიბაია ოსტატურად ახერხებს ერთი როლიდან მეორე როლზე გადასვლას, განსაკუთრებით საინტერესოა მისი შესრულება არაგონის როლში, რომელშიც მსახიობი სახასიათო სახეს ქმნის და სცენაზე გარკვეული მუხტი შემოაქვს. პერსონაჟს შესაფერი კოსტიუმი და გრიმი აქვს მორგებული, ის თავისი ქცევითა და მოქმედებით შუასაუკუნეების ქუჩის სანახაობის პერსონაჟს მოგვაგონებს. მისი მოძრაობა, დაშნის უაზროდ ქნევა, რითაც თავს იწონებს, უმწეო რაინდის შთაბეჭდილებას ტოვებს და მის გმირს კომიკურ იერს ანიჭებს.

 

„გამოცნობის სცენაში“ ჩართულია ბასანიოც, რომელიც გონიერების წყალობით იმარჯვებს კიდეც. ბასანიოს შემსრულებელი მსახიობი დაჩი ბაბუნაშვილი, საინტერესოდ თამაშობს აღნიშნულ ეპიზოდს, თუმცა მისი შესრულება არაერთგვაროვანია. მსახიობი თავის გმირს წარმოადგენს ანტონიოს ბედზე დამწუხრებულ ერთგულ მეგობრად, რომელსაც წესით სინდისის ქენჯნაც უნდა ჰქონდეს, თავისი მეგობრის მდგომარეობის გამო, რაც სპექტაკლში ნაკლებად იგრძნობა. ის თითქოს პასიურია და ზედაპირულად „განიცდის“ მოვლენებს. მსახიობი, შექსპირის პიესებში თამაშით, ყოველთვის დიდ გამოცდილებას იძენს, მით უფრო თუ საქმე ახალგაზრდა მსახიობის ეხება, რომელსაც პოტენციალი გააჩნია და გარკვეულ წარმატებას აღწევს.


შედარებით კომიკური სახეები წარმოგვიდგინა მარიამ არღუთაშვილმა ნერისას როლში, ქეთი ლუარსაბიშვილმა ჯესიკას როლში და ზვიად მაღალაშვილმა ლანჩელოტის როლში. ნერისა, რომელიც პორციას (თეკლა მარჯანიშვილი) ერთგული მსახური და მისი მესაიდუმლეა, პორციასთან ერთად, სპექტაკლში გარკვეულ ინტრიგას ქმნიან. ნერისა და პორცია, კაცად გადაცმულები, სასამართლოში მიდიან და ცდილობენ, საქმროების მალულად, შაილოკს მახედან ანტონიოს გამოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ეპიზოდი, თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია, ვინაიდან ამ სცენაში ხდება ე. წ. „კვანძის გახსნა,“ მსახიობთა შესრულება, სხვა სცენებთან შედარებით, უფრო სუსტია და უფერული. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა მსახიობმა, მარიამ არღუთაშვილმა, მთლიანობაში მოახერხა სახასიათო სახის შეექმნა, რაც საკმაოდ რთული იყო. ბუნებრივია, რომ მსახიობებს, სპექტაკლის შექმნის პროცესში, დიდი შრომა აქვთ გაწეული და თითოეული მათგანის მუშაობა დასაფასებელია და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი შესრულება ზოგჯერ ზედაპირულობისა და დაუკმაყოფილებლობის განცდას ბადებს. ვფიქრობ, რომ მეტი მუშაობის შემთხვევაში ამის გამოსწორება შესაძლებელია.

 

ამ საერთო სურათში, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით გამოირჩევა მსახიობი გიორგი გოგუაძე. საერთოდ, შაილოკის სახე შექსპირის პიესებში ერთ-ერთი საინტერესო როლია, ამიტომაც არის რომ რეჟისორები მას ყოველთვის თეატრისა და კინოს ცნობილ ვარსკვლავებს აკისრებენ ხოლმე ( პირველად პროფესიულ სცენაზე, შაილოკის როლი ითამაშა კოტე ყიფიანმა-1881წელს). შაილოკის შესრულების სირთულეს მისი უცნაური სურვილი კი არ ქმნის, არამედ როლის ხასიათი, ერთი შეხედვით კომიკური, მაგრამ ამავე დროს დრამატული. გიორგი გოგუაძის გმირიც, თავის შესრულებაში კომიკურისა და დრამატულის ნაზავს გვთავაზობს. შაილოკის არანორმალური სიყვარული ფულისადმი, მისი სიხარბე მაყურებლის შებრალებას იწვევს. როცა შეიტყობს ქალიშვილის გაპარვის ამბავს, რომელმაც ფული და ოქრო წაიღო, ლამის გიჟდება და სასოწარკვეთილებაში ვარდება. მძიმე მდგომარეობაში მყოფი შაილოკი, ერთადერთ იმედს ანტონიოს უბედურებაზე ამყარებს, რომლის ხორციც „შურისძიებას გაუძღებს.“ შურისძიების თემაზე სპექტაკლში ძირითადი აქცენტებია გადატანილი. შურისძიება ამოძრავებს შაილოკს, რომელსაც სძულს ანტონიო კომერციული ინტერესების გამო, ვინაიდან ის ფულს არ აპროცენტებს და უფრო მეტიც აბუჩად იგდებს შაილოკს მისი საქმიანობის გამო. გიორგი გოგუაძის შესრულება, მკაფიო მეტყველებითა და ბუნებრიობით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით ომარ ბექაურის მეტყველებაზე, რომელიც ოსტატურად გვიჩვენებს კეთილშობილი ანტონიოს სახეს, თუმცა მის საუბარში ყალბი ინტონაციები სჭარბობს, რაც სპექტაკლის საერთო სტილისტიკიდან ამოვარდნილია. ვფიქრობ, რომ რეჟისორს ამ კუთხით, მეტი უნდა ემუშავა მსახიობთან.

 
ანტონიოსა და შაილოკის დაპირისპირება, მეგობრობასა და მტრობას შორის დაპირისპირებაა, სადაც მეგობრობა იმარჯვებს. ეს თემა სპექტაკლში მკაფიოდ არის გამოკვეთილი, განსაკუთრებით ფინალურ სცენაში, სადაც სასამართლოს განჩინებით დამარცხებული შაილოკი ანტონიოზე შურს კი არ იძიებს, არამედ უმეგობრდება კიდეც. ეს სცენა სპექტაკლში ერთ-ერთი საინტერესოა. რეჟისორმა შაილოკი საბოლოოდ არ „გაწირა,“ პირიქით შაილოკი, ამ სცენაში მაყურებლის სიმპათიასაც კი იწვევს. თუმცა ეს უკვე კარნავალის ნაწილია, თამაშია, სადაც ყველაფერია შესაძლებელია, მათ შორის შერიგებაც კი.

 

ფინალურ ეპიზოდში, სპექტაკლის მთავარი სულისკვეთებაა გამოხატული. შურისძიება, სიხარბე, რომელიც მეგობრობას, სიყვარულს უპირისპირდება, საბოლოოდ მარცხდება. სპექტაკლი ოპტიმისტური განწყობით მთავრდება...

 

P.S ვულოცავ გორის თეატრის მსახიობებს: ქეთი ლუარსაბიშვილს და დაჩი ბაბუნაშვილს შემოქმედებითი კავშირის საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემიას და წარმატებებს ვისურვებ.

bottom of page