top of page

შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

481706140_620380410699064_8879096652836365862_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია

 

ოკუპაციის დღეს, ორიგინალურად, მოკრძალებულად და გულწრფელი ემოციით გამოეხმაურა მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული სათეატრო დასი, რომელსაც ბოლო წლებია სათავეში უდგას ტატო გელიაშვილი. მას კარგად იცნობენ სათეატრო სფეროში, როგორც რეჟისორს, მსახიობს, სცენოგრაფს, ქორეოგრაფს - მოკლედ არტისტს, რომელიც ყველაფერს გემოვნებით, საქმისადმი სიყვარულით, პროფესიონალიზმით, მკვეთრად გამოხატული სამოქალაქო პოზიციით და რუდუნებით ქმნის თავის თანამოაზრეებთან ერთად.

 

ამჯერადაც, ტატო გელიაშვილმა მარნეულის კულტურის ცენტრი აქცია ნამდვილ სათეატრო სივრცედ, რომელიც ღიად საუბრობს წარსულზე, როგორც დღევანდელობაზე. ეს არის სწორედ პერფორმანსის სახელწოდებით „ძახილი“ მთავარი ხიბლი. პერფორმანსი, რომლის ფოკუსშიც მიხეილ ჯავახიშვილია და რომელიც სულ 30 წუთი გრძელდება, იწყება მარნეულის კულტურის ცენტრის ფოიედან. ჩაბნელებულ ფოიეში, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვართ მუზეუმში და ვათვალიერებთ მულტიმედიურ გამოფენას - საბჭოთა საკლასო ოთახი, მერხებთან მსხდარი მოსწავლეები, აქვე დგას მასწავლებელი (მარიამ ჭოხონელიძე) ხელში მიხეილ ჯავახიშვილის წიგნით და ვუცქერთ დაფას, რომელზედაც ცარცითაა დაწერილი მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები: „შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი... შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი... მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს...“ შორიდან ისმის გაბმულად, უწყვეტად გრუხუნის მსგავსი ხმები, რომელსაც პერიოდულობით წვეთების ხმა ანაცვლებს. ვინ იცის ეს წვეთები წვიმისაა თუ გაბზარული სახურავის, საიდანაც წყალი ჟონავს. მარიამ ჭოხონელიძეს - პედაგოგს - მკაცრი გამომეტყველება აქვს, ცვილის ფიგურასავით გაქვავებულა და გარინდულა, ისე როგორც მოსწავლეები. თითქოს დრო გაჩერდა და ჩვენ, თანამედროვე მაყურებელი წარსულში ვმოგზაურობთ. აღნიშნული მულტიმედიური გამოფენა ერთგვარი პროლოგია წარმოდგენის „ძახილი“, რომელსაც მაყურებელი უკვე დარბაზში ნახავს.

 

მაყურებელი სცენაზეა განთავსებული, სახით დარბაზისკენ. დარბაზში ბნელა, მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილის (ზურაბ ხაფთანი) სილუეტს ვხედავთ, რომლის სახასიათო და მკრთალ სახეს პროჟექტორი ანათებს. ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენის ფოკუსში მიხეილ ჯავახიშვილი შემთხვევით არ მოექცა. გარდა იმისა, რომ ის საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი იყო, მარნეული დიდი მწერლის მშობლიური მხარეა, ის მარნეულის სოფელ წერაქვში დაიბადა. ამიტომაც აქცენტი მიხეილ ჯავახიშვილზე, როგორც ამ კუთხის გამოჩენილ შვილზე ლოგიკურია და ზუსტი.

 

ეტაპობრივად მარნეულის თეატრის მსახიობები ქეთი აბაშიძე, ზურა ხაფთანი, თათია თათარაშვილი და მარიამ ჭოხონელიძე აცოცხლებენ წარსულს, ოკუპაციის პერიოდს, მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებისა და სიცოცხლის ბოლო ეტაპის მძაფრ ეპიზოდებს, მის ტექსტებსა და წერილებს (ტექსტზე იმუშავა თეატრმცოდნე ელენე შალუტაშვილმა). მსახიობები მკაცრად შემოსაზღვრულ ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, ისინი ქმნიან ერთიან მექანიზმს, სადაც ყველაფერი (მოძრაობა, ხმის გრადაცია, ინტონაცია) ერთ ტემპო-რიტმს ექვემდებარება. ყველაფერი ერთდროულად მექანიკურიცაა და ბუნებრივი, სინქრონულიც და ასინქრონულიც. მთლიანობაში კი იქმნება ჰარმონია მსახიობებს, მუსიკასა და სივრცეს შორის, რომელშიც ორგანულად ეწერებიან პერფორმანსში მონაწილე მოსწავლეები.

 

წარმოდგენაში მონაწილე მსახიობები - ქეთი აბაშიძე, თათია თათარაშვილი და მარიამ ჭოხონელიძე არ განასახიერებდნენ რომელიმე კონკრეტულ პერსონაჟებს (თუ არ ჩავთვლით ზურა ხაფთანს, რომელიც პერიოდულად მიხეილ ჯავახიშვილს მოგვაგონებდა). ისინი წარსულის აჩრდილები იყვნენ, რომლებიც კონკრეტული მიზნით გაცოცხლდნენ - გამოგვაფხიზლონ და მოგვამზადონ მოსალოდნელი საფრთხეების ასარიდებლად. ისინი გვახსენებენ რა არის სამშობლო და როგორ ეხება თითოეულ მოქალაქეს მისი ბედისწერა. წარმოდგენის დასასრულს მაყურებელი ისევ ფოიეში ბრუნდება - გასვლამდე კიდევ ერთ და ამჯერად სხვა გამოფენაზე მოხვდება მაყურებელი - საკლასო ოთახის (რომელიც დასაწყისში ვნახეთ) მერხები და სკამები ბარიკადებადაა ქცეული, ერთმანეთზე შეყრილი და მოფენილი მიხაკებით. გორაკად ქცეული ბარიკადები ერთგვარი ქანდაკებაა - სკულპტურაა მიძღვნილი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნისადმი. ვიზუალურად ის თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ნიმუშს ჰგავს კონკრეტული კონცეფციით, რომელიც დამთვალიერებლისთვის საკუთარი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

 

ტატო გელიაშვილი საავტორო პერფორმანსით „ძახილი“ არა მხოლოდ წარსულს გვახსენებს, არამედ მოგვითხრობს ამბავს დღევანდელობის კონტექსტში, რომელიც გაფრთხილებასავით ჟღერს, რომელიც განგაშის ზარს ჰგავს, ამფითეატრში შეფენილი მსახიობები კი, რომლებიც წარსულიდან გაცოცხლებულ პერსონაჟებს განასახიერებენ, მკვეთრად და გასაგებად გვახსენებენ წარსულს, მიგვითითებენ დღევანდელობაზე და გვაფრთხილებენ მოსალოდნელ მომავალს. „ფხიზლად უნდა ვიყოთ!“ - გაისმის კიდეც დარბაზში რამდენჯერმე. დიახ, მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ეს ყოფილა ქართველთა ბედისწერა.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თეატრალურმა დასმა, რომელსაც სათეატრო სფეროს წარმომადგენლები საინტერესო პროექტებით იცნობენ, დღესაც მორიგი საინტერესო, დახვეწილი, გააზრებული, პათეტიკისგან დაცლილი სათეატრო პროექტი შემოგვთავაზა, რომელიც აერთიანებდა არა მხოლოდ თეატრს, როგორც ხელოვნებას, არამედ ვიზუალურ არტსაც.

bottom of page