top of page

„შვეიცარიული ფლირტი“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

თარბას შვეიცარიული ნეიტრალიტეტი

ანი ცხვედაძე

„შვეიცარიული ფლირტი“

სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას თითოეული ინდივიდი თავისებურად ახორციელებს., იქნება ეს, მწვავე სამოქალაქო პროტესტების ფონზე, თუ სხვა სახის კრიზისების დროს. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა თეატრი, რომელიც სუვერენული, გავლენებისგან თავისუფალი და ლაღი პლატფორმა უნდა იყოს ინდივიდებისთვის, რათა თითოეულმა ინდივიდმა ამ კონკრეტულ სახელოვნებო სეგმენტში დასაქმებულმა - საკუთარი <მაიდენტიფიცირებელი პოზიცია> დააფიქსიროს. ამ ყველაფრის ერთი მაგალითი იყო, 1 მაისს, რუსთაველის გამზირზე არსებული მასობრივი ახალგაზრდული პროტესტის/#არარუსულკანონს მიმდინარეობისას, პარალელურ რეჟიმში საპრემიერო სპექტაკლის ბოლოს, თეატრში ათონელზე, რეჟისორი დავით თარბა სადადგმო ჯგუფთან ერთად, სცენაზე მდგომ მსახიობებს: ნინო ბურდულსა და ზუკა პაპუაშვილს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით რომ შეუერთდა! ამ ჟესტით დეკლარირებულად გამოიხატა სამოქალაქო პოზიცია პროევროპულობასთან დაკავშირებით!.. მსახიობები ესთეტურად გაეხვიენ დროშებში, ხოლო მაყურებელი აღმაფრთოვანებელი, გულწრფელი ემოციით დაუზარებლად უკრავდა ტაშს.

მანამდე კი სცენაზე იყო: დაახლოებით საათნახევრიანი ქრონომეტრაჟის წარმოდგენა დეტექტიურ ჟანრში, რომელში გამოყენებული მუსიკაც (კომპოზიტორი: ნიკა კოხრეიძე) ჟანრობრივ დრამატურგიულ სტრუქტურასთან შესანიშნავად სინთეზირდა. თითქოს, ერთგვარი ’დინამიკური და ტონური მახვილის’ ფუნქციას ასრულებდა მუსიკა, ნინო ბურდულის ყოველი მახვილგონივრული პრეისტორიულობის თხრობის დროს და თხრობის შემდეგ. მხატვარი: ჯაბა ქურთიშვილი. ვიდეო პროექცია: ნიკოლოზ გაგლოშვილი. ფოტო: ნატა სოფრომაძე. პოსტერი: თამარ სამხარაძე.

„შვეიცარია“, ასე ჰქვია ჟოანა მიურეი სმიტის დეტექტიურ პიესას, რომლის სინოფსისი შემდეგნაირია: „თრილერის დედოფლად აღიარებული პატრიცია ჰაისმიტი შემოქმედებითი კრიზისით იტანჯება, უკვე ასაკშია და ავადაა. მან თავი შვეიცარიის ალპებში გამოიკეტა. ერთ დილას მწერალს მოსალოდნელი სტუმარი ეწვევა. სტუმარი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც მწერალთან გამომცემელმა გააგზავნა, რათა დაარწმუნოს დაწეროს მისი ყველაზე გაყიდვადი წიგნის სერიის ბოლო ნაწილი, რომლის მთავარი პერსონაჟიც რომანტიზირებული სოციოპოათი, მანიპულაციის ოსტატი და სერიული მკვლელი ტომ რიპლია. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ მომხიბვლელ სტუმარს, მწერალი შემზარავი მისიის შესასრულებლად ამზადებს.“
თარგმანი ეკუთვნის ქეთევან სამხარაძეს. ქეთევანს, როგორც რეჟისორს და როგორც რეჟისორ-დრამატურგს იცნობს სფეროთი დაინტერესებული პუბლიკა, თუმცა, აღსანიშნავია მისი მთარგმნელობითი მუშაობის მეორე პრეცედენტი, სწორედ ამ სპექტაკლში.
მისი თარგმანი, მე ვიტყოდი, ეფექტურად და ნიშანდობლივად ბასრად ხვდება ყურს, ამასთან ერთად ამახსოვრდება, რომელზეც სრულიად სამართლიანად აქცენტირებ მაყურებელი.
მცირეხნიანი, დეტექტიური, ფანტასმაგორიული ჟანრის ნაზავი, რეალობიდან ირეალურობაში მიგაქანებს ეპიზოდურად და პირუკუ!


ეს მომენტი, კი ცხადია არ ჩნდება მომენტალურად, სპონტანურად. ეს არის მუშაობის, ძალდაუტანებელი მუშაობის რეზულტატი... ჩემი დაკვირვებით, სპექტაკლი, მიუხედავად ჟანრული თავისებური სიმძიმისა, გვეუბნება, რამენაირად გვახვედრებს, რომ სცენაზე „სპარტანული“ სამუშაოს შიშნარევი ანარეკლი არ თამაშდება!..

ცალკე ხაზგასასმელია ორი მსახიობის ერთმანეთისგან ანტიპოდური გმირის მოქმედება სცენაზე; ნინო ბურდულისა და ზუკა პაპუაშვილის რბილი ქიშპობით გამოხატული ‘ფლირტი’, რომელიც ბოლოს ფატალურად სრულდება... სპექტაკლს წარმართავს ორი მოქმედი პერსონაჟი, რომელთა ასაკი და გამოცდილება არაერთგვაროვანია, და ეს ძალიან ბუნებრივია/დემოკრატიული. ორივე მსახიობი ინდივიდუალურ ფსიქო-ტიპაჟს ქმნის, როგორც საკუთარი სუვერენულობის ხმამაღალ მანიფესტაციას!..

ნინო ბურდულს სულაც არ სჭირდება ვინმე კრიტიკოსისგან ნასროლი პანეგირიკი, რადგან მის მიერ შექმნილი თითოეული როლი თეატრსა და კინოში პროფესიონალიზმზე მკაფიო პასუხია.
თარბას ამ კონკრეტულ სპექტაკლში, ბურდულის დიდხნიან გამოცდილებას ეპაექრება პროფესიულად ნორჩი, თუმცა, არადებიუტანტი ზუკა პაპუაშვილი, და ამას მშვენივრად ახორციელებს. დიახ, მშვენივრად!


ზუკა პაპუაშვილის გმირი არ იჩქმალება ნინო ბურდულის გვერდით, არამედ თანასწორუფლებიანად თანაარსებობს, არტიკულირებს, მოქმედებს და კლავს კიდეც. უმთავრესად, ნინო ბურდულის მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია, რომ „არ ჭამს“ პარტნიორს... აძლევს თავისუფალი მოქმედებისთვის მთელ არეალს, სასცენო სივრცეს. ეს არის დიდებული თვითნაბადი პროცესი, პარტნიორთან მუშაობის პროცესი., ვთქვათ, პროტაგონისტის ანტაგონისტთან მუშაობისა, ან ანტაგონისტთან პროტაგონისტის!..
დღემდე არაერთი თეატრის რეპერტუარშია სპექტაკლები, სადაც ცხადად ვხედავთ, რომ ერთი მსახიობის ენერგეტიკა, სამწუხაროდ ჭამს მეორე უსუსტესი მსახიობის უკიდურესად ‘მშრალ’ ენერგეტიკას. ჭამს როგორც ბუკვალურად, ისე ფიგურალურად! პროფესიონალი მსახიობის გვერდით სუსტი მსახიობი ნიველირდება, სამარცხვინოდ ჩანს წარმოდგენაში და ზოგჯერ გვებრალება კიდეც.

ზუკა პაპუაშვილის მიმზიდველი სხეული, ხმა, კინეტიკური ნიუანსები უმარტივებს ნინო ბურდულს როგორც ოსტატს, ჰარმონიულად დაუთმოს სივრცე ნორჩ მსახიობს პაექრობისთვის.,
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ <სინორჩე> სულაც არ გულისხმობს ჩემს მიერ <ეიჯისტურ კალამბურს>, არამედ, როგორც ეპითეტია. ვფიქრობ, რომ <ახალგაზრდობა> ნებისმიერი ქმნადობის პროცესში, სწორედ პრეფერენციაა და არა დამაკნინებელი ფაქტორი!..

bottom of page