top of page

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დღეები

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2024

სოფო ნადიბაიძე

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დღეები

 

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. დამეთანხმებით, ალბათ, რომ თავისი ეთნოკულტურით, ძველი თუ ახალი ტრადიციებითა და თვითმყოფადობით გამორჩეულ ქალაქს საკმაოდ მრავლად ჰყავს ხელოვნების მოყვარულ და დამფასებელი ადამიანები, რომელთაც, ცხადია, ესაჭიროებათ თეატრალურ კულტურასთან თანაზიარობა, ინტეგრირება. ფესტივალის სხვა , ფუნქციური ასპექტი გახლავთ ასევე ის, რომ სამოყვარულო დასებსა და სახალხო თეატრებს ეძლევათ კარგი შესაძლებლობა, რათა ამ ფესტივალის ფარგლებში ის, რაც აგრერიგად უყვართ და რასაც ხშირად მხოლოდღა ენთუზიაზმით ემსახურებიან, გახადონ ოსტატობის დახვეწა-ზრდის, წარმოჩენისა და გამოცდილების გაზიარების წყაროდ საკუთარი თავისთვისაც და დანარჩენი მონაწილეებისთვისაც.


სიხარულით მსურს გამცნოთ, რომ როგორი მშვიდი და მოწესრიგებული ქალაქიც არის სიღნაღი, ისეთივე ორგანიზებულობით გამორჩეული საერთაშორისო საფესტივალო პროცესის მონაწილე ვიყავი. სიამოვნებით ვაკვირდებოდი სხვადასხვა ქვეყნიდან - თურქეთიდან, ესპანეთიდან, ემირატებიდა და პოლონეთიდან  ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც ეცნობოდნენ ქართულ თეატრს, ხელოვნებას , ზოგადად, ხოლო სპექტაკლების მერე კი, საუბრობდნენ, მსჯელობდნენ თეატრზე, მის ბედსა და საჭირბოროტო საკითხებზე ამ ტექნოკრატიულ სამყაროში. სწორედ ამიტომაც მთელი ეს პროცესი - აზრთა, შეხედულებათა და ესთეტიკურ კონცეფციათა გაცვლა-გამოცვლა ხელოვნებისთვის უაღრესად აუცილებელ ასპექტად გვესახება.

მისასალმებელია, რომ ფესტივალზე იყო   მასტერკლასების ჩატარების საშუალებაც. ფესტივალის მეორე დღეს იყო ანტონელა კორნიჩის მასტერკლასი „ყოფნა-არყოფნა“- მონოლოგის გუნდურად წაკითხვის ტექნიკა, რომელსაც თავადაც ვესწრებოდი. უნდა აღვნიშნო, რომ პროცესი დინამიკური იყო, მსმენელი აუდიტორია შინაგანად ჩაერთო აქტიურ პროცესში, რომელიც შემოგვთავაზა კორნიჩიმ- რუმინელმა რეჟისორმა. გუნდური კითხვის ასეთი მონოლოგი, ჩანდა, ერთიან მექანიზმად, პროცესად იყო ჩაფიქრებული და, ვიტყოდი, რომ გაამართლა კიდეც, რადგან ვინც ვუსმენდით და ვუმზერდით პროცესს, მის რეალურ თანამონაწილედ ვიგრძენით თავი.

 

„დაარქვი, რაც გინდა და რეპეტიციის შემდეგ“

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) თეატრალური დასი ესტუმრა სიღნაღის თეატრს, სადაც წარმოადგინეს სპექტაკლი „დაარქვი, რაც გინდა და რეპეტიციის შემდეგ“. რეჟისორ გიორგი ტიელიძის (ინსცენირების ავტორი- ოთარ ქათამაძე) სპექტაკლში მოქმედება ვითარდება თეატრში, სადაც ინგმარ ბერგმანის ფსიქოლოგიური დრამის პერსონაჟი - ფოგლერი - დგამს სპექტაკლს, რომელშიც ტყუპი ძმის ისტორიაა მოთხრობილი. ისინი ომის საშინელმა რეალობამ მარტოობისთვის გაწირა- დედამ მიატოვა, რის შემდეგაც მთელი ძალით ცდილობენ თავის გადარჩენას, უდედოდ ზრდა-განვითარებას. ისინი სწრაფად გაზარდა მიუსაფრობამ და ცხოვრებასთან ჭიდილმა, ომმა კვალი ყველასა და ყველაფერს დაატყო - ძმებიც ჯამბაზების როლში მოგვევლინნენ სპექტაკლში. არანაკლები დატვირთვა აქვს სცენოგრაფიასაც- სცენაზე უსისტემოდ მიმოფანტულია ყველაფერი - სხვადასხვა ადამიანის ფეხსაცმელები, რომლებსაც თავისი ისტორია აქვთ ისევე, როგორც სათამაშო პატარა ჯარისკაცებსა და სხვა დეტალებს.

მეორე სცენაში ასახულია რეჟისორის ცხოვრება და ფსიქიკურად აშლილი მისი საყვარელი ქალი. პერსონაჟები მონდომებით ცდილობენ ურთიერთობის აღდგენას,მაგრამ ამაოა მათი მცდელობა- არ გამოდის შეკოწიწება და აღდგენა ურთიერთობისა, რადგან ვერაფერი აბათილებს ადამიანის მეხსიერებაში იმ ძალადობრივ სცენებს, თავის დროზე რომ მოუწყვია კაცს ქალის მიმართ. საგანგებოდ არ მივმართავ ახლა სპექტაკლის დეტალიზაციას, რადგან ეს ჩემი მიმოხილვის მიზანი არ გახლავთ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თემატიკა: კომუნისტური რეჟიმი, ადამიანების მიმართ გაუცხოება, უდედმამოდ დარჩენილი ბავშვები, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა - ეს დღემდე დიდი პრობლემაა ჩვენთვის. რეჟისორული გადაწყვეტა ტექსტთან თანაფარდობაშია, თუმცა, წარმოდგენაში ბევრი ფერია შემოტანილი, ბევრი ხმაურია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება გამართლება. ხმაურში ვგულისხმობ მსახიობების გადაჭარბებულ ტონალობას. გვესმის კარგად,რომ კლოუნადას თამაში რთულია, მით უფრო, თუ ეს კლოუნადა ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური დრამის სეგმენტია, ამიტომაც ექსცენტრულობა ასეთ ვითარებაში ბეწვის ხიდზე გასვლას ნიშნავს. შესაბამისად, მსახიობს უდიდესი გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს, რომ გაამართლოს რეჟისორული გადაწყვეტა. ნუ დავივიწყებთ, ჩვენ ვსაუბრობთ არა პროფესიონალ არტისტებზე, არამედ სეუ-ს დასზე, მოყვარულ მსახიობებზე. და რაოდენ სასიხარულოა, რომ მათი თანაგანცდა ორგანულია (მსახიობები: გიორგი ბეჟანიშვილი, გეგა გალოგრე, საბა მეტრეველი, ლევან ჩერქეზია, ანა კლაუ) იმდენად, რამდენადაც მათ, როგორც ჩანს, აქვთ კომპოზიციურობის შეგრძნება, ერთობლიობის განცდა, სურთ სპექტაკლის ჯეროვნად წარმოჩენა და რეჟისორის ჩანაფიქრის შესრულება. თუმცა, ობიექტურობისა გამო, უცილობლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სპექტაკლი ერთობ გადატვირთულია მუსიკით, მრავალი ხმით, ამ ბგერით სიმფონიას ერთვის მსახიობების ზოგჯერ ზედმეტი მოძრაობაც, რასაც, სასურველია, ჰქონოდა უფრო მეტი შინაგანი დატვირთვა და მონოლოგურობა, რომელთა გაუთვალისწინებლობა ქაოსურს ხდის სპექტაკლს. ცალსახად ჩანს გუნდის მუშაობა და მცდელობა, თუმცა სპექტაკლის ბევრ კომპოზიციურ მდგენელს აშკარად სჭირდება გამართვა და გამართლება. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი დაიდგა დიდი სცენისთვის, ამიტომაც არ აღმოჩნდა სიღნაღის თეატრის მცირე სცენაზე გადმოტანილი სპექტაკლი დიდად გამართლებული. ესეცაა, რომ ამდენს ფერს, რომელსაც განათების ეფექტი გვთავაზობს, თანაც, ამგვარი მუსიკალური გადაწყვეტით, პატარა სივრცე ვერ იტევს. თავიდან სპექტაკლი დაიწყო ორი ტყუპი ძმის ისტორიით, დასაწყისი ნამდვილად საინტერესო იყო, მომაგონა სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინი“, რომლის პერსონაჟები უსასრულოდ ელოდებიან რაღაცას, არსობრივად კი, ელოდებიან ღმერთს. ამ სპექტაკლში პატარა ბიჭები დედას ელოდებიან.
დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთიანობა, რაც სეუ-ს დასის მაგალითზე იგრძნობა, ნამდვილად დასაფასებელია, მოყვარულმა მსახიობებმა კარგად გამოხატეს როგორც თანაგანცდა და ურთიერთგანცდა, ისევე შემოქმედებითი ძიებისა და მუშაობის სურვილი.

 

"მეთორმეტე სახლი"

 

შემდეგი სპექტაკლი, რომელიც მეორე საფესტივალო დღეს ვნახეთ, იყო თურქი მსახიობის- მელეკ სეილანისა- და მისი გუნდის მონოსპექტაკლი „მეთორმეტე სახლი“- რეჟისორი გახლავთ სალიჰ უსტა. სპექტაკლი ღია ცის ქვეშ გათამაშდა, სტუმრები ღია სივრცეში ვისხედით და ვუყურებდით შუშის შენობის უკან მდგარ ქალს, რომელსაც თავისი ისტორია ჩემოდნით ჰქონდა „მოტანილი“. შიშველი, ერთი ჩემოდნის ამარა, იდგა პერსონაჟი და გვიამბობდა თავის ისტორიას დაბადებიდან. რეჟისორს ინფორმაციული ღიაობისა და დაუცველობის მეტაფორა მყიფე და გამჭვირვალე მინით ჰქონდა მინიშნებული, ქალი იუმორით საუბრობდა თავის რთულ ცხოვრებაზე, იმაზე, როგორ აკონტროლებდნენ მეზობლები, როგორ უყვარდა ერთი ბიჭი, როგორ არ გაუმართლა სიყვარულში, როგორ დააღწია თავი არამკითხე მოამბეებს და გადავიდა საცხოვრებლად მეგაპოლისში- სტამბოლში და რა გზა გაიარა სრულიად მარტომ. ეს ტექსტი დიდწილად ავტობიოგრაფიულია, ამბავია ტრაგიკული ქალისა, რომელიც საზოგადოებაში ინტეგრაციას ელტვის, ეძებს და ვერ პოულობს გამოსავალს, ჩაკეტილია საკანივით შემოზღუდულ სივრცეში და რაც უნდა ბევრი იაროს, ეს შუშა რომლის მიღმაც მოქმედება ხდება და რომლის უკანაც დგას პერსონაჟი, მუდამ შენარჩუნებული და გაუბზარავია. საინტერესო ფუნქცია დააკისრა რეჟისორმა მინას, პერსონაჟი მარკერით ხატავს შუშას და გადმოსცემს გულუბრყვილოდ იმ ტრაგიკულ ცხოვრებას, რაც ქალმა გაიარა: რომ უყვარდა და სურდა ჰყვარებოდა ვინმეს და არ გამოუვიდა, რომ უნდოდა დამოუკიდებლობა, მაგრამ ბევრი ჩასაფრებული და განმსჯელი თვალი ზვერავდა თუ უთვალთვალებდა და ამიტომაც ვერც ამ თვითმყოფადობას მიაღწია. აი, ამ ყოველივეს ხატავდა პერსონაჟი, მაგრამ მერე, მის თვალწინ, წყლით ივსებოდა შუშის „სამყარო“, მოჟონავდა წყალი და რეცხავდა, შლიდა და აცამტვერებდა ძლივს გადარჩენილ მის მოგონებებს- პერსონაჟი რჩებოდა არაფრის ამარა, ახალშობილივით სრულიად ტიტველი, რომელიც მაყურებელში აჩენდა მტკივნეულ განცდას ქალის ბედის შესახებ, რომ როგორი მარტოც მოვიდა, ისე მარტო წავა... მართალია, მისი თეთრი ფერის კოსტიუმი სიფაქიზის, უბიწოების, თითქოსდა სიწმინდის განცდას ტოვებს, მაგრამ ეს მარტოობის განცდა უფროა და მარტოდ მოსულს ამ ცივ და გაუტანელ სამყაროში, ცხოვრების გზაზე ისევ მარტოს მოუწევს სვლა. მთელი სპექტაკლის განმავლობაში მაყურებელს უნდა გასჩენოდა სწორედ სიცარიელისა და მიუსაფრობის ის განცდა, რომელიც ერთმა მსახიობმა ძალზე დამაჯერებლად და დინამიკურად წარმართა და არავის მოგვცა მოდუნების საშუალება. რთულია გაამართლო და დინამიკური გახადო მონოსპექტაკლი ისე, რომ არ მოგადუნოს და კონცენტრაციაში ხელი არ შეგეშალოს. ერთი შუშის უკან მდგარი, თურქულ ენაზე მოსაუბრე ქალბატონი ხან ხალხური სიმღერით, ხან ცეკვით, ხან ჟესტიკულაციით გვაგებინებდა ქალის ხმას, სათქმელს, რომ ქალს უწესებენ საზღვრებს: სოციუმი, ოჯახი, მამა, დედა, მეზობლები, მამის ძმები და ა.შ. და, იმავდროულად, რა უმწეო დღეშია, როგორ განიცდის, როგორ იშლება და იფერფლება ქალის ყველა მოგონება მის გონებაში, ამიტომაც რჩება სრულიად განძარცვული, ებღაუჭება შუშას და უნდა სხვებს გააგონოს თავისი ხმა, რომელიც ხან ესმით, ხან- არა... პერსონაჟი- თავისივე ცხოვრებისა და ყოფის ტუსაღი- თითქოს საკანშია გამოკეტილი, ხმის ამოღების უფლებაც არ აქვს, არადა, მასსა და საზოგადოებას (ამ შემთხვევაში- მაყურებლებს) შორის მხოლოდღა ეს ერთი შუშაა გამყოფი, რომელიც ჩვენ წინვე, ჩვენ თვალწინ ახშობდა ამ ქალის პროტესტს. აღსანიშნავია მსახიობის არტისტიზმი, რომელიც სისადავითა და, ამავე დროს, სრული გულწრფელობით, პრობლემის ჯანსაღი გააზრებით გამოირჩეოდა.

 

"ორკესტრი"

 

მესამე საფესტივალო დღეს ვიხილეთ დრამატურგ ჟან ანუის პიესა „ორკესტრი“, რომელიც გურჯაანის კულტურის სახლში წარმოადგინა თეატრალურმა კომპანია „ლაბორატორიამ“. როგორც მსახიობებთან საუბრისას გავიგეთ, „ლაბორატორია“ დასმა საგანგებოდ დაირქვა, ვინაიდან მათი შემოქმედება არის ექსპერიმენტული, ახლის ძიებასა და აღმოჩენასთან დაკავშირებული, ხოლო დასის წევრები კი თეატრის მოყვარული ენთუზიასტები არიან, ანუ საერთო ინტერესებით შეკავშირებული ადამიანები, რომელთა შემოქმედებითი კვლევა-ძიება და ესთეტიკა მკვეთრი დინამიკურობით ხასიათდება.

გურჯაანის კულტურის სახლში სწორედ ამ მოყვარულ მსახიობთა კოლექტივმა გაითამაშა ჟან ანუის „ორკესტრი“ (რეჟისორი გრიშო ჟორდანია). სპექტაკლში ორკესტრის წევრ ქალებსა და ერთ მამაკაცზეა საუბარი, მათ ემოციებზე, ვნებებზე, მათ ფარისევლობასა და ურთიერთდაპირისპირებულობა-კონკურენციაზე. რეჟისორმა ერთ სივრცეში მოაქცია მსახიობები, ამისთვის შემოსაზღვრა სცენა- შეგნებულად შემოგვთავაზა ჩაკეტილი სივრცის იმიტაცია და ერთ სივრცეში გაათამაშა ყოველგვარი ბუნებრივი ემოცია, რასაც კი თითოეული ინდივიდი შეიძლება ამჟღავნებდეს. მსახიობები (ხატია შიომღვდლიშვილი, გვანცა კალანდია, დეა შუკაკიძე, ანანო ქარუმიძე, გუგა ვასაძე, კაწია წიწილაშვილი, ელენე მანჯგალაძე, ლევან ყიფიანი) განიცდიან, ფიქრობენ და, ეჭვგარეშეა, რომ რეჟისორის ჩანაფიქრს ზედმიწევნითაც კი ასრულებენ. თითოეული სცენა ნამდვილად მცდელობაა ორიგინალურობისა, ამ ლოგიკით- ექსპერიმენტიც კი ემოციათა სამყაროში. თუმცა, ერთიცაა, სპექტაკლი თუ ჟანრობრივად ტრაგიკომედიაა, შესაბამისი გამომსახველობითი ფორმებიც ხომ უნდა არსებობდეს?! თანაგრძნობას ხომ უნდა იწვევდეს მაყურებელში მათი ბობოქრობა პროტესტის მიმართ?! მოგეხსენებათ, ტრაგიკომედია ურთულესი დრამატული ჟანრია. თვალნათლად იგრძნობოდა, რომ მსახიობები ათოსნების გულმოდგინებით ზედმიწევნით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ როლებს, თუმცაღა რამდენად გამართლებულია ეს ყბადაღებული „ათოსნობა“, ამაზე ხომ ყველას, ცხადია, ჩვენი აზრი გვაქვს... აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სპექტაკლის ერთი სცენიდან მეორე სცენაზე გადასასვლელი პაუზები ერთობ ხანგრძლივად აღიქმებოდა, სრულიად უფუნქციო იყო და დაუტვირთავი, დინამიკას აკლდა ტემპორიტმი, რეჟისურაც- მწირი და სადა. ვფიქრობთ, ალბათ, შეგნებულად იყო აქცენტები მეტწილად პერსონაჟთა ურთიერთობებზე გადატანილი. მკვეთრი კოსტიუმები პომპეზურად მოგვეჩვენა. სასურველი და საუკეთესოც იქნებოდა, რომ ის გამოხატავდეს სათქმელს ან ინდივიდს, მსახიობს, მაგრამ, ჩვენი აზრით, მხოლოდ კოსტიუმი და სპექტაკლში შემოჭრილი მუსიკა არ კმარა საიმისოდ, რომ დინამიკა და შინაგანი ტემპორიტმი დომინირებდეს. ამიტომაც მუსიკა და კოსტიუმი არ უნდა იყოს წინა პლანზე საგანგებოდ გამოკვეთილი და არც კოსტიუმის ჩვენება უნდა ხდებოდეს საპოდიუმე სივრცის დარად. მაყურებლებს, და უპირატესად კი, თეატრის მკვლევრებს, უფრო მეტად გვაინტერესებს, ამ სიჩუმის მიღმა რა ხდება სცენაზე, პერსონაჟთა ფსიქიკაში, რა ფსიქოლოგიური და იდეური დატვირთვა აქვს უსიტყვო სპექტაკლს. მესმის, რთულია ასეთი სპექტაკლის გამართლება, საცდურია, რომ ის კომედიური არ გამოვიდეს. ასე რომ, ბეწვის ხიდზე გავლას ნიშნავს სცენაზე დაუბრება, ოდენ მოქმედებით ოპერირება. ამას ძალზე სერიოზული და მრავალმხრივი გამოცდილება სჭირდება, თუმც, აქვე აღვნიშნოთ, რომ რეჟისორისმიერი ფორმობრივი გადაწყვეტა, ცხადია, თავისთავად საინტერესოა. სარეჟისორო ხორცშესხმისას თითოეული ქმედება გამოწვლილვით უნდა იყოს გააზრებული, ყოველი ნაბიჯი ისე უნდა გადადგას მსახიობმა, რომ ადეკვატური იყოს იმ მოცემულობისა, რომელშიც იმყოფება. სპექტაკლში ხომ აუდიტორიასთან უნდა დაამყარონ კომუნიკაცია მსახიობებმა, ამდენად მათ აქაც ბეწვის ხიდზე უწევთ გავლა, რადგან არ არის იოლი, ბუნებრივი და ძალდაუტანებელი კომუნიკაცია დაამყაროს მაყურებელმა მსახიობთან. თუ ვერ მართლდება ეს ამოცანა, ჯობია, რომ იმ ჩაკეტილ სივრცეში დარჩეს, რომლის შექმნაც ჰქონდა გადაწყვეტილი რეჟისორს და როგორმე რამდენიმე მსახიობს მაინც შეაქმნევინო ჩაკეტილობის სივრცე. ცხადია, აღმოფხვრა მსგავსი ხარვეზებისა, რომლებიც სპექტაკლს აქვს, დროისა და გამოცდილების ამბავია. ვიმედოვნოთ, რომ კვლავაც მონდომებით გაგრძელდება ამ დასის მუშაობა და შემოქმედებითი კვლევა-ძიება. მით უფრო, რომ ამის სურვილს თავადაც გულწრფელად გამოხატავენ. წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა, ექსპერიმენტულ თეატრალურ კოლექტივს, რომელსაც მკვეთრად ემჩნევა მოწადინება და გუნდური მუშაობის უნარი. იმედი გვაქვს, მათი მცდელობები კიდევ მრავალგზის გამოიღებს კეთილ ნაყოფს.

 

"ფუტურო ადამიანები"

 

მესამე საფესტივალო დღეს გურჯაანის სახალხო თეატრში ასევე წარდგა პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი სპექტაკლით „ფუტურო ადამიანები“ (რეჟისორი და ინსცენირების ავტორი- გიორგი მეტონიძე). სპექტაკლი უსიტყვოა. საზოგადოდ, ერთობ რთულია, რომ არავერბალური სპექტაკლის დინამიკური და არაფრაგმენტული იყოს. ხომ ნათელია, რომ სასცენო მოძრაობით გამოიხატება, რეალიზდება მოქმედება, რომელსაც დრამატურგიული ტექსტი გვთავაზობს. განსახილველ სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი მეტონიძე, ბუბა სავანელი, მარიამ ტაბატაძე, ცოტნე ჭუმბურიძე, საბა მაჭარაშვილი, ლიზი ლომიძე, ნინი მარგველაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ბადრი ბერიძე, დარეჯან ჯოხაძე, ელგა გუგუნავა. „ფუტურო ადამიანები“ თომას ელიოტის ლექსია. „ფუტურო“, ცხადია, აღნიშნავს გამოფიტულ, სიმკვრივეს მოკლებულ, რაღაც უსახოს, უფეროსა და უვნებოს, რაც რეჟისორმა გამოხატა თუნდაც დაფლეთილი კოსტიუმების შერჩევით. სცენაზე ბევრი რამაა შეგნებულად იმიტირებული: ტყის იმიტაცია, ხერხების იმიტაცია, შუა სცენაზე მიმოფანტული მსახიობები, უსახო/უსახური კაცის განსახიერება... ეფექტურია გადასვლები, განათება, მუსიკა სინქრონიზებული და გამართლებულია. ასეთ არავერბალურ სპექტაკლში სინქრონი მასობრივ სცენებში აუცილებელია, რასაც ნამდვილად ვხედავთ, თუმცა მეტი მოქნილობაც სასურველი იქნებოდა- რამდენიმე მსახიობს უფრო მეტი პლასტიკურობა წაადგებოდა. მართალია, კონკრეტიკა ჩემი ამჟამინდელი მიმოხილვის საგანი არც არის, ოდენღა ზოგადი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ მსგავსი ფორმა, რომელიც რეჟისორმა შეარჩია- მიკროფონი სცენაზე ან სკამები, რომლებიც განალაგა მსახიობებისთვის, ცხადია, არაა სცენოგრაფიული ნოვაცია, ის ბევრ სპექტაკლში გვინახავს, მაგალითად, გამახსენდა მაგი მარენის სპექტაკლი, რომელიც ქორეოგრაფმა ბეკეტისეული კონცეპტუალური ხედვით დადგა. რეჟისორ გიორგი მეტონიძესაც აქვს ბეკეტისეული აბსურდის ელემენტები. ასევე გავიხსენოთ პინა ბაუშის- გერმანელი ქორეოგრაფის- სასცენო მოძრაობებიც... აღარ ჩამოვთვლი იმ შემოქმედებს, რომლებსაც მსგავსად აქვთ დადგმული ამ სტილის ნამუშევრები. ჩემი თვალთახედვით, აქ უფრო მნიშვნელოვანია პიესის/დრამატურგის სათქმელის არსობრივი, კონცეპტუალური გადაწყვეტა.

სპექტაკლი მნახველის ცნობიერებაში დასაბამისეული საწყისების აქტუალიზებას ახდენს- „ფუტუროებად“ ვიბადებით და მერე ვივსებით და ვმდიდრდებით პიროვნული იმპულსებით... ალბათ, საწყისებთან მიახლება სურდა რეჟისორსაც, არარსებობიდან არსებობამდე ტრანსფორმაციის ჩვენება, ამოსვლა და გამოღწევა სტაგნაციისა და უმოძრაობის, არარად ყოფნის ჩიხიდან... საამისოდ, ვფიქრობთ, შეგნებულადაა წარმოდგენილი მსახიობების განსხეულებად კაცის ფიტულები. ისინი თითქოს მიღმური სამყაროდან არიან წარმოგზავნილნი დაბადებიდან სიკვდილამდე. სცენაზე ვერ ვხდებით კონკრეტულ, რეალურ გმირს, არ არსებობს ეს ფორმობრივი გრადაცია თუ ტრანსფორმაცია. რეჟისორს სურდა, რომ პერსონაჟებს აუდიტორიასთან დიალოგი გაშუალებულად, მიკროფონის საშუალებით დაემყარებინათ. სპექტაკლში, ერთი მხრივ, მან სათქმელს ფორმა შესძინა და მიმართა მაყურებელს, მაგრამ, მეორე მხრივ, თითქოსდა იმ დინამიკურობიდან ამოაგდო კიდეც, რაც, საზოგადოდ, ეფექტურია სცენაზე, ანუ რაც მოძრაობით მიიღწევა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სპექტაკლისათვის ზედმეტ დანამატად მოგვეჩვენა. მუსიკალური გაფორმება ფრიად სასიამოვნო შტრიხი იყო, მუსიკა- ახალი ფერის შემომტანი. თავად მსახიობები სცენაზე ასრულებდნენ საგალობლებს, რომლებიც საწყისთან, ღმერთთან, ზეციურ სამყაროსთან მიმაახლოებლად აღიქმებოდა და ზემოთ მითითებულ, განსახოვნების კონცეპტუალურ ჯაჭვს კრავდა. სცენაზე ყველა მოქმედება სამყაროსთან კავშირის, კაცის მიწასა და ცასთან ერთობის, უნივერსუმის მიმნიშნებლად წარმოჩნდა. ჩვენი აზრით, წარმოდგენილი სცენური მოძრაობით გამოხატა სწორედ რეჟისორმა შემოქმედის საუკეთესო ქმნილების- ადამიანის- ზემსწრაფი ლტოლვაცა და სამყაროს ერთიანობის იდეაც. ვფიქრობთ, ამ იდეის შემოთავაზება და ამგვარი ინტერპრეტაცია კარგი სახელოვნებო ჩანაფიქრია თავისთავად. ასე რომ, საჩხერის თეატრს მხოლოდ წარმატებებსა და მეტ აქტიურობას ვუსურვებთ შემოქმედებითი ცხოვრების რთულ და მნიშვნელოვან გზაზე.

 

"რომ შევქმნათ რაიმე დიადი"

მეოთხე საფესტივალო დღეს მაყურებელმა იხილა ნამუშევარი დამოუკიდებელი თეატრალური ჯგუფისა, რომელსაც არაბი არტისტები წარმოადგენენ სპექტაკლით „რომ შევქმნათ რაიმე დიადი”. ორიოდე სიტყვით გაგაცნობთ მათ ესთეტიკურ კონცეფციას- მათი სურვილია შექმნან ისეთი სივრცე, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ღიად გამოხატონ და აუდიტორიას ესაუბრონ თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებსა და საკუთარ თავზე ყოველგვარი პირობითობისა და დისკრიმინაციის გარეშე... რეალურად, სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილი მათი სპექტაკლი, როგორი დეფინიციაც არ უნდა მოვუძებნოთ მათს სახელოვნებო მცდელობას- იქნება ეს ექსპერიმენტი ან, თუნდაც, უბრალოდ, სათქმელი თუ პოზიციის დეკლარირება- არის დასახელებულ სოციალურ თუ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე ორიენტირებული დასის რეფლექსია. ისინი, შეიძლება ითქვას, შიშველი ხელებით, ყოველგვარი დამხმარე ინსტრუმენტის გარეშე, საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც სოციუმისთვის ჩვეული საწუხარია- მუდმივი ჩაგვრა და გამუდმებით პიროვნული მოსაზრების, ინდივიდუალიზმის უგულებელყოფა, პერმანენტული დავა და ჭიდილი პირველობისთვის და კიდევ სხვა უამრავი მტკივნეული უსამართლობა და უთანასწორობა, ჩვენს ეპოქას რომ მძაფრად ახასიათებს...ამ ტკივილსა და არაადეკვატურობაზე ოთხი მსახიობი მოგვითხრობს (სალიმა დჰაბი, ომარ აჰმედი, არვა ჰეზაჯი, მოჰამედ აიდაშთი ). რეჟისორი გახლავთ ფადი გერგესი, რომელმაც გადაწყვიტა ეთნიკური სივრცის გაფართოება და ამიტომაც სპექტაკლში სხვადასხვა ეროვნების ხალხი წარმოაჩინა. ამით მიანიშნა, რომ ეს პრობლემები საზღვრებს მიღმაა, ანუ უსაზღვროა, არც დასაბამი უჩანს და არც ბოლო, არც გეოგრაფიას დაგიდევთ და არც ლინგვისტურ, კულტურულ თუ მსოფლმხედველობით განსხვავებას- საზოგადოდაა გამეფებული და ამიტომაცაა ის მულტინაციონალური და საყოველთაო- საყოველთაო უბედურებაა დისკრიმინაცია და ის, რომ სხვა გზა არ გაქვს, უნდა შეეგუო მეტ-ნაკლებად და ისე იცხოვრო ამ სამყაროში, გაძაბუნებს, ფსიქოლოგიურად გაუძლურებს... უძლურების ამ ყოვლისმომცველ განცდას პროტესტის გრძნობა, სამწუხაროდ, ვერ ჯაბნის...ესაა სწორედ გამოხატული მსახიობთა ქმედებით.


აღვნიშნავთ კმაყოფილებით, რომ სპექტაკლი ცოცხალი მუსიკით იყო გაფორმებული და ეს მუსიკა ნამდვილად იყო დასამახსოვრებელი, მსახიობები განიცდიდნენ და იაზრებდნენ ზემოხსენებულ პრობლემებს, მათი თამაში, ყოველი მოქმედება იყო ბუნებრივი და ძალდაუტანებელი, არახელოვნური და არამანერული, თუმცა, ვფიქრობთ, რაღაც მომენტში თითქოს აკლდა განვითარება, მრავალფეროვნება. დრამატურგიულ ქსოვილს აკლდა ერთგვარად კულმინაციაც, რადგან ანტიკური რიტორიკის მსგავსად, თავიდანვე მთავარი თეზით, ძირითადი, კონცეპტუალური სათქმელით დაიწყო სპექტაკლი და აღმავალი დინამიზმი ინსცენირების პროცესიდან იმთავითვე გამოირიცხა. დიახ, მართალია, მძაფრი იყო მათი სათქმელი, მაგრამ რადგანაც ექსპერიმენტატორები არიან, იკვლევენ კიდეც სოციუმში არსებულ თემებს. ამდენად, მათი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ, ფაქტობრივად, კვლევა ეწარმოებინათ. შესაძლოა, მსგავსი ფორმა სათქმელის გადმოსაცემად ახალი არ არის და არც განსხვავებული ინტერპრეტაციით მოტანილი მაყურებლამდე, მაგრამ ვფიქრობთ, როდესაც სცენიდან საუბრობ სოციუმის პრობლემებზე და აუდიტორიასთან გაქვს კონტაქტი, მაყურებელი უნდა აიყოლიო კიდეც უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ ეს ვიხილეთ; საჭიროა მეტი კომუნიკაცია აუდიტორიასთან, უფრო მეტად უნდა დააფიქრო და თანაგანცდით ჩართო ის პროცესში. ცხადია, გასაგები იყო სათქმელი, მათი მცდელობაც ნამდვილად დასაფასებელი გახლდათ, მაგრამ როცა აუდიტორიასთან გიწევს სახელოვნებო კომუნიკაცია, უფრო სწორი იქნება აუდიტორიაზევე გადაიტანო აქცენტი, პირუკუ შემთხვევაში- მხოლოდ სცენაზე, ეულად და მაყურებლის გარეშე იკვლევ საჭირბოროტო რეალობას. მთავარია, არ დაიკარგოს, არ გაწყდეს ის ძაფი, ის ბმა, რაც მაყურებელსა და მსახიობს შორის უნდა იგრძნობოდეს. შემოქმედებითი ჯგუფის შრომა კი, სასურველია, იყოს ორმხრივი, ურთიერთსასიკეთო პროცესი. იმედი გვაქვს, დასი აუცილებლად გააგრძელებს ამ თემების კვლევას, რასაც დღევანდელ სოციალურ ვითარებაში ადამიანის არსებობის წახნაგები ჰქვია და მას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.
წარმატებებს ვუსურვებთ ანსამბლ „ავარიულ გასასვლელს” საშემსრულებლო ხელოვნების გზაზე.

 

„გაფრენა”

 

მეოთხე საფესტივალო დღეს მეორე სპექტაკლიც ვიხილეთ- თეატრ “არტ-დრონის” ნამუშევარი, რომელსაც „გაფრენა“ ჰქვია. რეჟისორი და ინსცენირების ავტორი გახლავთ ლუკა მონავარდისაშვილი. სპექტაკლში ორი პერსონაჟია- ორი და, უფროსი და უმცროსი (მსახიობები- მონიკა მუშკუდიანი, ფოტინე ჩილაჩავა).


ერთი შშმ პირია, მეორე და კი მისი მოვლითაა მთლიანად მოცული- თავისი დის ცხოვრებით ცხოვრობს, მისთვის ზღაპრული სამყარო აქვს გამოგონებული და იქ აცხოვრებს თავის საყვარელ და საბრალო დას. ეს ფანტასმაგორიული სამყარო მტკივნეულიც არის და, იმავდროულად, ყოველგვარი ემოციით, მათ შორის, სიხარულითა და ბედნიერებით გამსჭვალულიც. სპექტაკლის წარმმართველი ხაზია ორი დის ემოციური მდგომარეობის გამოხატვა. ზოგადად, ამ თეატრის შესახებ აღვნიშნავთ, რომ ის ქმნის ალტერნატიულ სივრცეს, სადაც ყველას აქვს საშუალება შეისწავლოს სამსახიობო და სარეჟისორო საქმე. თეატრში ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობაა შექმნილი თანამედროვე ეპოქაზე შექმნილი პიესების პოპულარიზაციის კუთხითაც. დასის მესვეურთ სურთ და ცდილობენ კიდეც, რომ მათი თეატრალური ხელწერა თვითმყოფადი იყოს. ამ სპექტაკლში მსახიობთა ემოციები ბუნებრივ ნამდვილად იყო, ორივე და ერთმანეთს თანაგანიცდიდა. ოღონდ დავამატებდი, რომ ზოგჯერ ემოციური დიაპაზონი მაქსიმალურად დაძაბული იყო, გნებავთ, გადაჭარბებულიც. ეს გადაჭარბება ქმედების, საუბრის, ყვირილის თუ ტირილის სცენებში, ცხადია, რაც არ უნდა ბუნებრივი ყოფილიყო და ხშირად რეალობასთან მიახლოებულიც, მანერულად აღიქმება. სახელოვნებო სივრცეში ერთი და იგივე ემოციაც კი, გამოხატვისას უნდა ვარირებდეს, განსხვავდებოდეს, მეტ ფსიქოლოგიზმს იტევდეს. სპექტაკლში კი ბევრი ყვირილი და ტირილი მოვისმინეთ, რადგან რეჟისორს, ეტყობა, სურდა, რეალობასთან ზედმიწევნით მიახლოებული ყოფილიყო გამოხატვის ფორმებიც, თუმცა ეს ზოგჯერ ძალიან მოჭარბებულად აღიქმებოდა და მაყურებელში აჩენდა ერთფეროვნებით მოყირჭების განცდას. ვფიქრობთ, მეტი ფერი, მეტი ძიება და მიგნება წინ ელის ახალგაზრდა კოლექტივს, ვიმედოვნებთ რომ დასი აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას და კვლევას სოციალური თემებისა, რომელთა ცხად ინტერესსაც ის აშკარად ამჟღავნებს.

ზოგადად კი, ვიტყოდით, რომ ფესტივალზე წარმოდგენილი ყველა სპექტაკლი გულწრფელობით ხასიათდებოდა და მონაწილენიც ენთუზიაზმით მუშაობდნენ, რაც რეალურად, ცხადია, დადებითი მოვლენაა და გვიჩენს მოლოდინს, რომ ეს კოლექტივები შემდგომშიც დინამიკურად განვითარდებიან და მონო თუ კამერული სპექტაკლის დადგმის ან სათქმელის სწორად გამოხატვის პრინციპებს თანდათან დახვეწენ. უმეტესობა მათგანი ახალგაზრდა შემოქმედები არიან, რომლებიც ცდილობენ, არ ნებდებიან და სიამოვნებას იღებენ თავიანთი თეატრალური მცდელობებით. ფესტივალიც, რასაკვირველია, ხელს უწყობს მათ, რომ თავიანთი სათქმელი თქვან, გაიზარდონ შემოქმედებითად და დაოსტატდნენ, მათი უმეტესობა ხომ არაპროფესიონალი, მოყვარული მსახიობები არიან, რომელთაც არ გაუვლიათ პროფესიული სწავლება და ი საკუთრივ პრაქტიკით იღებენ გამოცდილებას. ეს სპექტაკლიც- „გაფრენა“ არის სწორედ დასტური იმისა, თუ რაოდენ სიამოვნებთ მათ მუშაობის პროცესი და როგორ მიელტვიან სათქმელის გამოხატვას.

 

ფესტივალის პერიოდში ვსაუბრობდით იმაზეც, თუ როგორი აუცილებელია სამოყვარულო და სახალხო თეატრების არსებობას შეეწყოს ხელი. ამის შესახებ ამ ფესტივალმა ნამდვილად ისაუბრა. მეტიც, მთელი ქალაქიც ამაზე საუბრობდა...

bottom of page