top of page

სიღნაღი 2023

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

347412417_149726571438952_2895149163473485240_n.jpeg

გიორგი ყაჯრიშვილი

სიღნაღი 2023

 

ყოველი ახალი თეატრალური ფესტივალის დაფუძნება ნიშანია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო და კერძოდ კი კულტურის სამინისტრო ქართული თეატრალური კულტურის განვითარებაზე და იმაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ასევე აქტიურად იყოს ჩართული მის ორგანიზებაზე და თუ საქართველოს ფესტივალების რუკას გადავხედავთ დედაქალაქში მხოლოდ ორიოდე თეატრალური ფესტივალია, ხოლო ყველა დანარჩენი რეგიონებშია: ქუთაისი, ოზურგეთი, ახალციხე, რუსთავი, სენაკი-ფოთის და ახლა კიდევ სიღნაღშიც. ეს ფესტივალი უკვე მეორეა, რომელიც სახალხო და სამოყვარულო თეატრებს მასპინძლობს იმერეთის თეატრალური ფესტივალის შემდეგ და უნდა ითქვას, რომ მათი ტრადიციების შესანიშნავი გამგრძელებელია. ფესტივალი ძირითადად ზეიმია, მსახიობთა, რეჟისორთა, თეატროლოგთა შეკრების ადგილი მაყურებელთა თანდასწრებითა და თანადგომით.

ასეთი ფესტივალის შექმნის იდეა თეატრალურის საზოგადოების ახლანდელი თავმჯდომარეს გიორგი გეგეჭკორს ეკუთვნის, რასაც დაემატა სიღნაღის, გურჯაანისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივა და კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სიღნაღში დაეფუძნებინა სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების თეატრალური ფესტივალი. მიუხედავად იმის, რომ აქ სიღნაღში ეს ფესტივალი პირველად ტარდება გუნდმა (თეატროლოგი ნუცა კობაიძე, რეჟისორი გიორგი კლაინი), რომელთაც ასეთი ღონისძიების ჩატარების კარგი გამოცდილება აქვს და სრული პროფესიონალიზმი შესძინა მას, ახლად დანიშნულ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელ, რეჟისორ საბა ასლამაზიშვილთან ერთად, შეძლეს ძალიან სწორი მიმართულება მიეცათ და ეს ერთკვირიანი ფესტივალი ნამდვილად გადაიქცა გამოცდილების, ცოდნის, პრაქტიკული საქმიანობის გაზიარების ადგილად, სადაც თითქმის ყველა მოწვეული თეატრების კოლექტივები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მსახიობის ოსტატობაში და სასცენო ხელოვნებაში. და რაოდენ სასიამოვნო იყო სიღნაღის თეატრის სცენაზე ერთად გვენახა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, რუსთავის, ქუთაისის, დმანისის, ამბროლაურის, ზესტაფონის, ტყიბულის, ველისციხის, საჩხერის, ჭიათურის პროფესიული და მოყვარული მსახიობები.

პირველ დღეს, მიუხედავად ძლიერი წვიმისა ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა და წარმოდგენილი იქნა უკვე საკმაოდ გახმაურებული სპექტაკლით ალექს ჩიღვინაძის „მარინა რევია“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია, მარნეულის მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი). ამ პიესის დადგმას უკვე თავისი ისტორია აქვს: პირველად იგი დაიდგა სამეფო უბნის თეატრში (რეჟისორი გურამ ღონღაძე), შემდგომ ფოთი-ქუთაისის კოპროდუქცია (რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე) და მარნეულში და მთავარი როლის მარინას შემსრულებლები მართლაც რომ ქართული თეატრის შესანიშნავი მსახიობები იყვნენ: ნინო კასრაძე, ენდი ძიძავა და მარო ჯოხაძე. მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დადგმისთვის რეჟისორმა და მხატვარმა ტატო გელიაშვილმა სცენაზე მარინა რევიას სახლი ააგეს, ყველა ოთახებით, საძინებლებით, სააბაზანო-ტუალეტით, თუმცა მოქმედება ერთ მისაღებ ოთახში მიმდინარეობს. (სხვათა შორის, ასეთი გადაწყვეტამ ნამდვილად გაამართლა, ეს სახლი მსახიობებს თან „დაჰყვებათ“, სადაც არ უნდა ითამაშონ, ორთაჭალის ყოფილი საპატიმროს თუ სიღნაღის მერიის ეზოში).

დრამა ერთი ოჯახის ტრაგედიაზე მოგვითხრობს - ამბავზე თუ როგორ შეეწირა ბავშვურ თამაშს სრულიად პატარა არსების სიცოცხლე. მარინა რევია (მარო ჯოხაძე) მომცრო ტანის, ცხოვრებისგან და ციხეში ყოფნისგან გატანჯული ქალია, რომელიც სახლში დაბრუნების შემდეგაც ვერ პოვებს შვებას - შვილებს ძალიან უძნელდებათ მისი უკან მიღება, განსაკუთრებით კი ვაჟიშვილს, შოთას (ზურა ხაფთანი), რომელმაც არ იცის სიმართლე და დედა, დამნაშავედ მიაჩნია.სამივე სპექტაკლის და დასახელებულის რამდენიმე ნახვის მერე მაინც ცოტა უცნაურად მეჩვენება თათია თათარაშვილის პერსონაჟის ნათიას საქციელი, რომელმაც სიმართლე იცის, იცის ის, რომ მარიანა რევია არაა დამნაშავე საკუთარი შვილის სიკვდილში და უფრო მეტის რომ მას და მის ძმას შემთხვევით შემოაკვდათ პატარა და, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ მომენტში, მაშინ როცა გამწარებული, ნაცემი და შეურაცხყოფილი შოთა სახლიდან აგდებს დედას, აღიარებს სიმართლეს. გასაგებია, რომ ავტორი ცდილობს გაამძაფროს, მეტი დრამატიზმი შემოიტანოს ამბის თხრობაში, რათა გამოვლინდეს ყოველი პერსონაჟის ხასიათი და მათი დამოკიდებულება მომხდარ მოვლენებთან, რომ ისინი თანდათან განთავისუფლდნენ მწარე წარსულისგან და ახლებურად დაიწყონ თანაცხოვრება. გამოფხიზლება კი ყველას სჭირდება ისე, როგორც მარინა რევიას, რომელსაც ჭერიდან წვიმის დროს ჩამოსული ცივი წყალი თავზე ევლება და ფეხებამდე ასველებს. ამ ტრაგიკულ ოჯახში ერთადერთი გულუბრყვილო, კეთილი და ოდნავ ინფანტილური ნატაა (ქეთევან აბაშიძე), შოთას ახალგაზრდა მეუღლე, რომელიც ვერაფრით ხვდება თუ რატომ უკრძალავენ მას მარინასთვის თუნდაც ცოტა ხნით ბავშვის დატოვებას. პერსონაჟთა სიმცირის მიუხედავად სპექტაკლი ანსამბლურია, სადაც ყველა მსახიობის თამაში ერთნაირად მაღალ პროფესიულია, მათ შორის, ზურა ხაფთანის, რომელიც მოყვარული მსახიობია. გავისწრებ მოვლენებს და აქვე დავუმატებთ, რომ ამ სპექტაკლმა კონკურის მთავარი პრიზი დაიმსახურა.

კონკურსი ვახსენე და მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო მისი მიმდინარეობას. პროფესიული ჟიური იხილავდა წარმოდგენას, რომელიც წინასწარი შერჩევის შედეგად დაშვებული იქნა საასპარეზოდ. ამ სპექტაკლების დამდგმელ რეჟისორს სათანადო განათლება აქვს მიღებული და მცირე გამონაკლისის გარდა წარმოდგენილ პროდუქციას ნამდვილად აჩნდა ზერელობის, აჩქარებულების კვალი და რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა ჟღერდეს, ალბათ სჯობდა უფრო საინტერესო და ხარისხიანი ყოფილიყო ის რაც ჩვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში ვნახეთ  ჩემი აზრით, გამოიკვეთა შემდეგი სპექტაკლები: უკვე დასახელებული „მარინა რევია“, „ნორვეგია დღეს“ (რეჟისორი ვახტანგ ჯუღელი), „ბეთქილ“ (რეჟისორი კახა ბაკურაძე), „დარისპანის გასაჭირი“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე), „ვალი“ და „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე), „უსამშობლო კაცი“ (რეჟისორი მარიამ სიხარულიძე) და პრიზების მათ შორის განაწილდა.

 სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოება ყალიბდება ეწ. „განაწყენებულ საზოგადოებად“, სადაც ნებისმიერი ინიციატივა, კარგად განხორციელებული პროექტი ან შესრულებული მოვალეობა საკამათო ხდება და აუცილებლად ქმნის დაპირისპირებულ მხარეებს. ნაწყენთა და გაბრაზებულთა რაოდენობა აშკარად სჭარბობს. ისე კი ვინც არაფერს აკეთებს, ის არც იქცევა კრიტიკის საგნად, დარტყმას იღებს მხოლოდ ის ვინც მართლა საქმის გამკეთებელია. თავისუფალი აზრის გამოხატვის მოპოვება არ ნიშნავს ბოღმის, შურის, ქიშპობისა და მტრობის დამკვიდრებას. სიღნაღის ფესტივალის ირგვლივაც დაჩნდა მრავალი მოსაზრება და თეატრის სფეროს ბევრ წარმომადგენელსაც არასამართლიანი და უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდათ. ერთნი განაწყენდნენ რატომ არ იყვნენ მიწვეული ფესტივალზე სტუმრის სტატუსით; მეორენი იმიტომ, რომ ოცდაათი წარდგენილი პროექტიდან მხოლოდ ცამეტი სპექტაკლი აღმოჩნდა საკონკურსოდ წარდგენილი; ზოგიერთი იმიტომ, თუ რატომ იყო მხოლოდ ერთი ნომინაცია -  საუკეთესო სპექტაკლი, სიღნაღში ჩამოსულებიდან ზოგნი უკმაყოფილოები იყვნენ, ჟიურის გადაწყვეტილებით, მაგრამ კონკურსი კონკურსია და მასში ბუნებრივად იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, თუმცა ამ ფესტივალზე დამარცხებული მართლა არავინ იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მასში მონაწილეობა, იმ მასტერ-კლასებზე დასწრება, რომელიც აქ ჩატარდა პრესტიჟულიცაა და სასარგებლოც. რაც შეეხება იმას, რატომ არ გამოვლინდა მაგალითად საუკეთესო მსახიობი, მიმაჩნია რომ როდესაც ტარდება კონკურსი მოყვარულ თეატრებს შორის და მათ სპექტაკლებში მოყვარულთა გვერდით პროფესიული მსახიობები დგანან სცენაზე, მამაკაცის აქ ქალის როლისთვის დაწესებული პრიზი აშკარად დაჩაგრავს მოყვარულ მსახიობს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ პროფესიულ მსახიობს სპექტაკლებში (იმედია სწორად გამიგებენ ისინი) ამ თეატრების სპექტაკლების წარმატებისთვის და კოლეგა მოყვარული მსახიობებისთვის მათ დამხმარეს ფუნქცია ენიჭებათ.

ფესტივალზე რამდენიმე სიახლეც დაინერგა, მაგალითად, მისი მიმდინარეობის პერიოდში ორი ახალგაზრდა თეატროლოგი ანასტასია ჩერენცოვა და ანა (ალექსანდრა) სულამანიძე წერდნენ შეფასებებსა და რეცენზიებს, რომელიც იმავე დღეს ქვეყნდებოდა. ეს მართლაც პროფესიული და უდავოდ საინტერესო მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: sighnaghitheatrefestival.blogspot.com და რასაკვირველია მასტერკლასები, რომელიც ახალი არაა (ფოთის რეგიონული ფესტივალი ხშირად ატარებდა და წელსაც ჩატარდება), მაგრამ სხვაგან თუ ეს პროფესიული მსახიობებისთვის იყო განკუთვნილი, ამ ფესტივალზე ის მოყვარულ მსახიობთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას მიეძღვნა. აქ სხვებთან ერთად განსაკუთრებით აქტიურობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე) მსახიობები. ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის და მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული ახალგაზრდა თეატრ-სტუდია „მართვეს“ კოპროდუქცია იგორ ბაუერსიმას ვირტუალური დრამაში „ნორვეგია დღეს“ (რეჟისორი ვახტანგ ჯუღელი) ერთი პროფესიონალი ნინიკო აბესაძე (ზესტაფონის თეატრი) და მეორე - მოყვარული ნიკოლოზ ქლიბაძე მსახიობი მონაწილეობს და უნდა უნდა ითქვას, რომ როგორც ბევრ სხვა, აქ ნაჩვენებს წარმოდგენაში მოყვარული მსახიობები ღირსეულ პარტნიორობას უწევენ პროფესიონალ კოლეგებს. მხატვარმა ხატია დავითაშვილმა სცენაზე შექმნა ერთი მხრივ ვირტუალური გარემო, რომელიც სულ მალე ჩვენს თვალწინ რეალურ სივრცედ გადაიქცევა, სადაც ინტერნეტის ჩატში გაცნობილი ახალგაზრდები აღმოჩნდებიან ერთნაირი მისწრაფებით - თვითმკვლელობით დაასრულონ ცხოვრება, თუმცა თუ ვირტუალური სამყაროში ეს თითქოს ადვილად ეჩვენებოდათ გამოუვალი მდგომარეობათა გამო, რეალურ სივრცეში შეხვედრა ორივე მათგანს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს.

ფესტივალზე ერთადერთი არავერბალური წარმოდგენა იყო მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სპექტაკლი ევა მარგიანის „ბეთქილ“ (რეჟისორი და მხატვარი კახა ბაკურაძე), რომელიც მოძრაობის თეატრის დახმარებით განხორციელდა (კომპოზიტორი სანდრო ნიკოლაძე, ქორეოგრაფი გიორგი მერლანი). კახა ბაკურაძის ხელოვნება რასაც იგი თავის მოძრაობის თეატრში ქმნის ყოველთვის იწვევს ინტერესს. მისი მაღალი პროფესიონალიზმი ხელოვნების ამ მიმართულებაში დიდი ხანია ცნობილია. ნაჩვენ წარმოდგენაში არ არის სიტყვა, მაგრამ პლასტიკა, უზუსტეს მოძრაობათა მთელი კასკადი, ცეკვა და თანდართული მუსიკალური გაფორმება უფრო მეტს მეტყველებს ვიდრე რაიმე ტექსტი რომ ყოფილიყო. მსახიობებმა მაყურებლამდე მიიტანეს ახალგაზრდა სვანი ბეთქილის და ნადირობის ქალღმერთი დალის გულისამაჩუყებელი და სასიყვარულო ამბავი. უნდა ითქვას რომ ეს წარმოდგენა ერთ-ერთი საუკეთესო იყო უკეთესთა შორის და სამწუხაროდ მხოლოდ რამდენიმე ქულა დააკლდა გამარჯვებისათვის. ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრის და საჩხერის თეატრის „პაოლო“ კოპროდუქცია დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე) ძალიან ფერადოვანი და ხატოვანია (სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე): მარჯვნივ კედელზე ორი ქალიშვილს პორტრეტია, იმ ეპოქის კოსტიუმებსა და ვარცხნილობაში, მარცხნივ კი მხატვრული კოლაჟი ახელილი თვალით, რომელიც შორიდან აკვირდება ყველას - სცენაზე მდგომებს და მაყურებელთა დარბაზში მსხდომებს. „დარისპანია გასაჭირი“ ამ სეზონის ლიდერ დადგმად გვევლინება. რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ პიესაში რამდენიმე აქცენტს გაუსვა ხაზი: ოსიკოს, სასურველ სასიძოს მხოლოდ ერთი პატარა რეპლიკა დაუტოვა „აქვთ რამე?“, რითაც მიანიშნა ამ ფარისეველი, ყალბი ადამიანის ბუნებაზე, რომელიც ცდილობას კარგად, კარგ მზითევზე გაყიდოს საკუთარი თავი და როგორც კი გაიგებს რომ დარისპანის ქალიშვილის მზითევი არ აქვს, უმალვე ცრუობს - აცხადებს რომ დანიშნული ჰყავს. და მეორე -  დარისპანის (გიორგი მეტონიძე) გასაჭირს სპექტაკლის ფინალში დასასრული აქვს და არა იმიტომ რომ მან კაროჟნა გაათხოვა, არამედ უბრალოდ კარში გასვლისას კვდება. ამით რეჟისორმა ერთგვარად შეცვალა ავტორისეული კონცეფცია გამოუვალი მდგომარეობის შესახებ, რის გადაჭრასაც შეალია სიცოცხლე მთავარმა გმირმა. აქ არ შეიძლება არ ითქვას სიღნაღის მაყურებელზე, მათ თეატრის სიყვარულზე და ერთგულებაზე. ამ სპექტაკლის მიმდინარეობის დროს ამინდი ძალიან გაფუჭდა, ამოვარდა ქარიშხალი და ფინალისკენ თეატრის შენობაში სინათლე გამოირთო, წამებში დარბაზი ისევ განათდა - მაყურებელმა საკუთარი მობილური ტელეფონებით გაანათა სცენა და ამ სინათლეზე დაასრულეს წარმოდგენა მსახიობებმა.

რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახ დმანისის თეატრის მსახიობებთან ერთად ფესტივალზე ორი სპექტაკლი წარმოადგინა; გურამ ბათიაშვილის „ვალი“ (ვანის კარლო საკანდელიძის სახ. სახალხო თეატრთან და რეჯინალ როუზის „თორმეტი განრისხებული მამაკაცია“ სამტრედიის დრამატულ თეატრთან ერთად. ( ამ უკანასკნელმა ჟიურის მესამე პრემია დაიმსახურა). ორივე სპექტაკლის მხატვარი თეო კუხიანიძე. უნდა ითქვას რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული ნაწარმოებები ერთ სტილში და თითქმის ერთი თეატრალური ხერხითაა რეჟისორის მიერ გადაწყვეტილი, თანაც მსახიობთა უმეტესი ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნე დმანისის თეატრის მსახიობები არიან; მსახიობთა ავანსცენაზე თამაში და განლაგება, კინემატოგრაფიული ტერმინი რომ გამოვიყენო ახლო პლანით შემსრულებელთა წინ წამოწევა და თითქმის ერთნაირი რიტმი. რასაკვირველია ეს ყველაფერი არ აკნინებს ამ სპექტაკლთა ღირსებას, პირიქით გვიჩვენებს თუ როგორ წარმატებით მუშაობს ახალგაზრდა მსახიობთა დიდი ჯგუფი სხვადასხვა მასალაზე - ქართულ დრამატურგიაზე, როგორ აყალიბებს ქართულ-ებრაულ ხასიათებს და უცხოურ პიესაზე. ეს თეატრი ხომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

და ბოლოს ორიოდე სიტყვა მეორე პრემიის ლაურეატზე მარიამ სიხარულიძის „უსამშობლო კაცზე“ (რეჟისორი მარიამ სიხარულიძე). ეს ახალგაზრდა რეჟისორის უკვე მესამე სპექტაკლია, რომელიც მან ედუარდ ევერტ ჰეილს ნოველიდან გადმოაქართულა და ქართულ რეალობაში გადმოიტანა: ქართული ტრადიციები წინ წამოწევით და დღევანდელ ყოფასთან დაპირისპირებით მან შექმნა პოლიტიკური პამფლეტი, სადაც ახალგაზრდა კაცი (საბა ნუცუბიძე) ვერ პოულობს საკუთარ ადგილს დღევანდელ საზოგადოებაში და იძულებულია ხდება უსამშობლო კაცად გადაიქცეს. ანსამბლურობამ, ფოლკლორულობამ, მუსიკალურმა გაფორმებამ (მარიამ სიხარულიძე, მაია დონაძე) ქორეოგრაფიამ (სოლომონ ბოცვაძე) და მთლიანად ტყიბულის მუნიციპალური თეატრის მსახიობებმა შექმნეს სინთეზური წარმოდგენა დასაფიქრებელი საჭირბოროტო საკითხებზე, თემებზე, საიდანაც გამოსავალი არ იკვეთება. ფესტივალი შედგა, წარმატებით ჩატარდა და მჯერა რომ მას დიდი მომავალი აქვს წინ.

ფოტო: ბექა ცირეკიძე

bottom of page