top of page

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2024

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

448054476_382335741511366_4313515587339313888_n.jpg

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2024


სიღნაღის თეატრალურმა ფესტივალმა 2024 წელსაც წარმატებით ჩაიარა.
ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები იყვნენ  სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხელოვანები. ჩატარდა მასტერკლასები და შეხვედრები. ფესტივალის რეპერტუარი მოიცავდა რვა ქართულ და ხუთ საერთაშორისო სპექტაკლს.
აღსანიშნავია, რომ წელს სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს შეემატა ახალი სტატუსი და გრძელდება როგორც საერთაშორისო ფესტივალი.


ის კვლავ ისახავს მიზნად წაახალისოს და პოპულარიზაცია გაუწიოს სახალხო თეატრებსა და კერძო სამოყვარულო დასებს. გარდა სპექტაკლებისა, პროგრამის ფარგლებში ყოველდღიურად ჩატარდა მასტერკლასები ფესტივალზე მყოფი შემოქმედებითი ჯგუფებისათვის, ადგილობრივი დაინტერესებული პირებისათვის და არა მხოლოდ, რომლებსაც წარუძღვებიან სპეციალურად მოწვეული პროფესიონალი სტუმრები.
ამ წერილში კი მოგიყვებით სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე ნანახ რამდენიმე სპექტაკლის შესახებ:

„ფიროსმანი“
თეატრალური ღონისძიებებით ახმაურებული სიღნაღის თეატრალური ფესტივალის პირველი თეატრალური წარმოდგენა „ფიროსმანი“ გახლდათ, რომელიც „მოხეტიალე მთვარის თეატრმა“ წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისორი, ინსცენირების ავტორი და მუსიკალური გამფორმებელი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილია, რომელიც შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გვიყვება ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრების ისტორიას განსხვავებული ხედვითა და ასპექტებით. როგორც ჩანს, სპექტაკლის მიზანი სწორედ ის იყო, რომ „მოხეტიალე მთვარის თეატრს“ ფიროსმანი მაყურებლისთვის უკეთ გაეცნოთ არა მხოლოდ, როგორც მხატვარი და შემოქმედი, არამედ როგორც ადამიანი, რადგან სპექტაკლში ასახულია ფიროსმანის ცხოვრების ისეთი ფრაგმენტები, რომელიც ხაზს უსვამს მის ფასეულობებსა და ადამიანობას.
ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც დიდი გაჭირვება იყო და ადამიანებს ლუკმა პური და რძე არ ჰქონდათ შვილების გამოსაკვებად, ერთმანეთის მიმართ სიკეთე და ზრუნვა ბევრისთვის უცხო გახდა, თუმცა მცირე გამონაკლისთა შორის იყო ნიკო ფიროსმანი, რომელმაც მეწილე ვაჭრის აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად არ დაკარგა თავისი გულისხმიერება ღატაკების მიმართ, და მეტიც, მან მეწილე ვაჭართან მუშაობა აღარც გააგრძელა თავისი პრინციპებისა და ადამიანური ღირებულებების ერთგულების ნიშნად.
შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლი აგებულია ბიბლიურ მოტივებზეც, თუნდაც ერთ-ერთი სცენა, როდესაც ფიროსმანი მთელ ქონებას ღატაკებს დაურიგებს ის თავს მშვიდად და იმედიანად გრძნობს, რადგან მან ეს სიკეთე სიამოვნებით გააკეთა, ეს კი გვახსენებს ბიბლიიდან ქრისტეს სიტყვებს „მიეცი და მოგეცემა“. ასევე გვხვდება დაბადების წიგნის მოტივებზე აგებული სცენა: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა...“ და ა.შ.

წარმოდგენა თოჯინური სპექტაკლია. მნიშვნელოვანი და აღსანიშნია ის, რომ სპექტაკლში მონაწილე ყველა თოჯინა ძალიან ბუნებრივი და მეტყველია.
თოჯინებს კი ათამაშებენ სპექტაკლში მონაწილე მეთოჯინე-მსახიობები: ნინო კოტაშვილი, ლუკა ჭულუხაძე, ნიკალაი ამოევი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, ნანიშა მეტრეველი, ალექსანდრე კვეზერელი, გიორგი თოთაძე, ლევან ბაიდაური, ლელა ხაჩატუროვი.


მათი შესრულების ტექნიკა იმდენად ქმედითი და ორგანულია, რომ მაყურებელში ბადებს ემოციას, თითქოს თითოეული თოჯინა მართლა ცოცხალია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თოჯინების მიღმა მყოფი მსახიობები ძალიან ტექტიკურად და მოხერხებულად ათამაშებენ თოჯინებს. ამავდროულად, განათებაც მიზანმიმართულად იმდენად მუქ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომ მეთოჯინეები არც ჩანან, რაც ხელს უწყობს მაყურებელს ორიენტირი ჰქონდეს მხოლოდ თოჯინების წარმოდგენაზე, ეს კი სანახაობრივად გაცილებით ესთეტიკურს ხდის. თუმცა, მეორე მხრივ, სპექტაკლის ზოგიერთ მომენტში განათება იმდენად მწირია, რომ თოჯინების დანახვაც რთულია.

წარმოდგენა ოთხმოცდაათი წუთი მიმდინარეობს, როგორც უკვე აღვნიშნე, „ფიროსმანი“ თოჯინური სპექტაკლია, ასევე გამოყენებულია თითების თეატრის ტექნიკაც და ძალიან მრავალფეროვანია გამოყენებული სიმღერებით, გახმოვანებით, სცენოგრაფიითა (მხატვრები: ნინო კიდია და ირინე ყველიაშვილი) თუ სხვა კომპონენტებით.
შესაძლოა სპექტაკლი გათვლილია მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მაგრამ წარმოდგენა თავისი შინაარსითა თუ გამომსახველობითი ფორმებით იმდენად შინაარსიანი, აზრიანი და სანახაობრივად სასიამოვნოა, რომ, ვფიქრობ, ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.

„ჩვენი დარჩენილი ცხოვრების ყველაზე მაგარი ზაფხულის და სულელების შესახებ“

სამოყვარულო დასი ქალაქ ტერასაში 2008 წლიდან არსებობს და მიზნად ისახავს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას, ამ დრომდე უკვე არაერთი ნამუშევარი აქვთ შექმნილი სხვადასხვა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო თემაზე. როგორც სპექტაკლების ანოტაციებიდან ჩანს, ამ დასისთვის აქტუალურია ოჯახური თემები და ყოველდღიური ცხოვრებისეული ნიუანსები, ამიტომ მათი შემოქმედებითი კვლევის საკითხი სწორედ ამგვარი მასალაა. არც ფესტივალის მეხუთე დღეს წარმოდგენილი პირველი სპექტაკლი „ჩვენი დარჩენილი ცხოვრების ყველაზე მაგარი ზაფხულის და სულელების შესახებ“ არ აღმოჩნდა გამონაკლისი, რადგან სპექტაკლი ეხმიანება სწორედ დანგრეული ოჯახისგან გამოწვეულ სირთულეებს.


პიესის ავტორი, რეჟისორი, სცენოგრაფი და კომპოზიტორი ხოსე ანტონიო აგუადო გონსალესია, რომელმაც ორი მსახიობი ქალის ამბავი გააცოცხლა და შეეცადა მათი ტკივილებისა და ცხოვრებისეული კრიზისის შესახებ სცენიდან ესაუბრა. რეჟისორი იყენებს გავრცელებულ ხერხს - თეატრი თეატრში, თამაში თამაშში, რაც, თავის მხრივ, ამსუბუქებს სიუჟეტს და იმ სიმძაფრეს, რაც თან ახლავს რეჟისორის ჩანაფიქრს.
სპექტაკლში ორი მსახიობი მონაწილეობს - როზა დომენეჩი და ჯუდით კანტონი. ისინი თამაშობენ რძალ-დედამთილს, რომლებიც სხვადასხვანაირად ებრძვიან იმ აუტანელ ყოფას, რომელშიც ერთად აღმოჩნდნენ.

სპექტაკლის დასაწყისში ორივე პერსონაჟი თავისთვისაა და თითქოს ერთმანეთს ვერც ამჩნევენ. პირველი სცენა პერსონაჟების გაცნობის ილუსტრირებას ჰგავს. ჩანს, რომ რძალი მხატვარი და ფოტოგრაფია, დედამთილი კი სცენაზე ჩემოდნით შემოდის და ისე იქცევა, როგორც საკუთარ სახლში. ისინი უპირველესად, არავერბალური ენით ქმნიან გარკვეულ ეჭვებს და ნელ-ნელა ცხადი ხდება - რეალურად პერსონაჟებს ერთმანეთის მიმართ არც სიყვარული ამოძრავებთ და არც სიძულვილი, მათ შორის არის რაღაც სხვა, რაც შეიძლება მათთვის გაცილებით ღრმა და საშიში იყოს.


მთელი სპექტაკლის განმავლობაში დედამთილი რძალს რამდენჯერმე ეკითხება თავისი შვილის - მატეუს შესახებ, სად არის ის - გაიქცა თუ დაიკარგა, ამის გარკვევა კი მისთვის შეუძლებელია და სპექტაკლი ისე სრულდება, რომ დაწყებული ამოცანები და გახსნილი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება.


უდავოა, რომ პერსონაჟები განიცდიან და ებრძვიან სიცარიელეს, რომელიც ერთს ქმრის, მეორეს კი შვილის წასვლამ დაუტოვა. ერთი შვილს ეძებს, მეორე კი ცდილობს ქმრის დაკარგვით გაჩენილი სიცარიელე ამოავსოს, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა სპექტაკლის აზრი და სათქმელი ბუნდოვანი რჩება.


დარბაზში შესვლისთანავე ყველაზე მეტად ყურადღებას სცენოგრაფია იპყრობს, ეს განცდა მაყურებელს სპექტაკლის დასრულებამდე მიჰყვება. სცენა გადატვირთულია რეკვიზიტებით, ფერადი კოსტიუმებით, რასაც ემატება ფერადი განათება. საკიდზე ვხედავთ ცისფერ პიჯაკებს, რომლებზეც თეთრი ღრუბლებია დახატული, მათ ზემოთ კი ჩამოკიდებულია ქუდი. ეს ყოველივე რენე მაგრიტის სურათებს მოგვაგონებს, სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში კი თავადაც ახსენებენ მხატვარს, შეიძლება ცოტა ბუნდოვანია ამ გადაწყვეტის სათქმელი, მაგრამ სანახაობრივად სპექტაკლის მრავალფეროვნებას უწყობს ხელს.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სპექტაკლს ჰყავს ძალიან მცირე შემოქმედებითი ჯგუფი და ფაქტობრივად ერთი ადამიანი ითავსებს სხვადასხვა ფუნქციას - ეს უდავოდ დასაფასებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ისინი სამოყვარულო, დამოუკიდებელი თეატრალური დასის წევრები არიან და პირველ რიგში ენთუზიაზმი და თეატრისადმი სიყვარული ამოძრავებთ.

„ჰეი შენ!“

„ჰეი შენ!“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ფესტივალის მეხუთე დღეს წარადგინა პოლონეთის დამოუკიდებელმა თეატრმა „კივილი“ („კრზიკ“). ეს დასი 2002 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად მუშაობს, როგორც თეატრალური კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია.


სპექტაკლზე „ჰეი შენ!“ ორმა რეჟისორმა იმუშავა - მარეკ კოსციოლეკიმ და ანია გინიევსკამ. 
ისინი იყენებენ სიჩუმეს, როგორც ინსტრუმენტს, რათა ხაზი გაესვას ვერბალური და არავერბალური ენით რთული და ღრმა ემოციებისა და შინაგანი მდგომარეობის გამოხატვას.
სიჩუმე ამ წარმოდგენის შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი იარაღია, რომელსაც ავსებს ქმედითობა და სხეულის ენა. გარდა ამისა, სპექტაკლის განმავლობაში ისინი ხატავენ დიდ ტილოზე და ეს კიდევ ერთ გამომსახველობით ენად იქცევა.


წარმოდგენაში ორი მსახიობი მონაწილეობს: ალექსანდრა ჩუბინსკა და ნიკოლა პალეი. ისინი სცენიდან საკუთარ თავთან და ერთმანეთთან ურთიერთობაზე საუბრობენ, იკვლევენ საკუთარი თავის ძიების პროცესს და ერთმანეთთან ურთიერთობაშიც კი თითქოს საკუთარ თავს ეძებენ. მთლიანობაში მათი მიზანია იკვლიონ და გადმოსცენ ადამიანის ღრმა და ინტიმური, იდუმალი ადამიანური ურთიერთობების სირთულეები.
მსახიობები სპექტაკლს ორ ენაზე თამაშობენ, ინგლისურად და პოლონურად, შეიძლება მაყურებლისთვის გასაგებია ის, თუ რაზე საუბრობენ, მაგრამ ორი ენის გამოყენების დატვირთვა ბუნდოვანია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ორ ქალს შორის დუმილი და სხვადასხვა ენაზე საუბარი კომუნიკაციის მძლავრ ფორმად იქცევა, რაც სიტყვების მიღმა ღრმა კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა.

სპექტაკლი ძალიან დინამიკურად ვითარდება და  მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ირკვევა პერსონაჟების ვინაობა, ეს ადამიანური ურთიერთშემცვლელი ბუნების სიმბოლოა. ასევე თვალსაჩინოა იდენტობისა და ურთიერთკავშირის შერწყმა, საკუთარი „მე“-სა და ეგოს იმ დონემდე დაყვანა, რომ სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში ვხედავთ ორივე პერსონაჟის ეგოისტურ გამოვლინებას, რაც მიგვანიშნებს რეჟისორის ჩანაფიქრზე, რომ თითოეული ადამიანის იდენტობა აგებულია ურთიერთქმედებებისა და ურთიერთობების მეშვეობით.


„მედეა“
ასევე აღსანიშნია, რომ  წლევანდელი ფესტივალი ტარდება არა მხოლოდ სიღნაღის თეატრში, არამედ გურჯაანისა და ყვარლის კულტურის ცენტრებშიც. მეექვსე დღეს ფესტივალმა ყვარელში გადაინაცვლა, სადაც ა. (ა) ი. პ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრთან არსებულმა თეატრმა წარადგინა სპექტაკლი „მედეა“. 


სპექტაკლი რეჟისორმა რაჟდენ კერვალიშვილმა დადგა ჟან ანუის პიესის მიხედვით და ინსცენირებაც მასვე ეკუთვნის.
როგორც ვიცით, მითი მედეას შესახებ ბევრჯერ გაცოცხლებულა ქართულ სცენაზე და თეატრის მოყვარულ საზოგადოებას ამ უძველესი მითის არაერთი საინტერესო, ერთმანეთისაგან განსხვავებული ვერსია აქვს ნანახი.


რეჟისორმა რაჟდენ კერვალიშვილმა პიესა რადიკალურად შეცვალა, დაამონტაჟა და წარმოადგინა, როგორც მონო სპექტაკლი. შესაბამისად, სპექტაკლში ერთი მსახიობი მონაწილეობს - მადონა შუბითიძე, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში იხარჯება როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად და ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მონო სპექტაკლის თამაში მსახიობისთვის ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა, მიუხედავად ამისა, ერთი საათისა და ოცდაათი წუთის განმავლობაში მსახიობი ტემპს არ აგდებს და სპექტაკლის ბოლო აკორდამდე ვხედავთ პერსონაჟის ემოციურ პალიტრას.


რეჟისორი და მსახიობი მედეას ასახავს არა მხოლოდ როგორც შურისმაძიებელ ქალს, არამედ როგორც კომპლექსურ პერსონაჟს, რომელსაც ამოძრავებს სიყვარული, ღალატი და სასოწარკვეთა. მათი ეს მიზანი და ჩანაფიქრი უდავოდ ჩანს. მედეა გაბოროტების პირას მყოფი ქალია, თუმცა ის ღალატმა, შეუმდგარმა სიყვარულმა და შვილების სიკვდილმა აქცია ასეთად.


საგულისხმოა რეჟისორის შემდეგი გადაწყვეტაც, რომ მსახიობი მედეას როლის გარდა, მთხრობელიცაა. ბუნდოვანია თუ რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა პიესის ამგვარი ინტერპრეტირება, შეიძლება დავუშვათ, რომ მათ სურდათ მხოლოდ მედეას პერსპექტივიდან გაეცოცხლებინათ ამბავი, მაგრამ ანუი სწორედ არა მხოლოდ მედეას ქმედებებითა და მონოლოგებით, არამედ სხვა პერსონაჟებთან ურთიერთობით იკვლევს იმ რთულად ამოსახსნელ თემებს, როგორიცაა შურისძიების დაუოკებელი სურვილი, ვნება, სასოწარკვეთა და რთული არჩევანის წინაშე მარტო აღმოჩენა.
მადონა შუბითიძის მედეა გამოსახულია, როგორც ტრაგიკული ფიგურა, რომელიც ებრძვის თავის კონფლიქტურ ემოციებს, მოქცეულია იასონის სიყვარულსა და შურისძიების სურვილს შორის.


სპექტაკლში ყურადღებას იქცევს მარიამ კალატოზიშვილის სცენოგრაფია, რომელსაც მოცული აქვს მთელი სცენა და წარმოდგენის კონცეფციასთან იდეურ თანხვედრაშია. მართალია, მსახიობი სივრცის მაქსიმალურად ათვისებას ცდილობს, მაგრამ თვალშისაცემია, რომ სცენოგრაფია ფაქტობრივად აბსტრაქტულია და ნაკლებად ქმედითი.
ფაქტია, რომ მითი მედეაზე კვლავ თანამედროვე რეჟისორებისა და მსახიობების ინტერესის და შემოქმედებითი ძიებების საგანია, ამდენად, ორმაგად დასაფასებელია, რომ ლაგოდეხის თეატრიც სცენიდან ასეთ მარადიულ თემებზე საუბარს ცდილობს.

„უშბა და თეთრნულდი“

მაყურებელს, ვინც 2023 წელსაც სტუმრობდა ფესტივალს, ახსოვს ამავე თეატრის წარმოდგენილი სპექტაკლი „ბეთქილი“, რომელმაც დიდი მოწონებაც დაიმსახურა, როგორც ერთ-ერთმა გამორჩეულმა სპექტაკლმა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ წლევანდელი მათი სტუმრობა დიდ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული. მოლოდინები გაუმართლდა  თუ არა მაყურებელს ალბათ ძალზე სუბიექტურია, მაგრამ ცხადია, რომ სპექტაკლს დასრულებისთანავე მოჰყვა მქუხარე ტაში და შეძახილები.

მესტიის თეატრის წარმოდგენილი სპექტაკლი მითოლოგიური დრამაა, რომელიც თოჯინების მეშვეობით არის გაცოცხლებული. მათ მიღმა კი თერთმეტი მსახიობი დგას.  „უშბა და თეთნულდი“ სვანურ ლეგენდაზეა დაფუძნებული, რომლის თანახმადაც უშბა ყოფილა ღარიბი ოჯახის ვაჟიშვილი, რომელსაც შეჰყვარებია მდიდარი ოჯახის ქალიშვილი, სახელად თეთნულდი. სიყვარული კი ორმხრივი აღმოჩნდა. ეს ამბავი თეთნულდის ოჯახს რომ გაუგია, აუკრძალავთ უშბასთან ურთიერთობა. თეთნულდს კი ღმერთისთვის უთხოვია დახმარება, რომ თუ მათ სიყვარულს მომავალი არ უწერია ერთმანეთის ყურებაში მაინც ხელი არავინ შეგვიშალოსო... კავკასიონის ქედზე კი ორი მწვერვალი სწორედ ისე დგას, რომ ერთმანეთს შესცქერიან და ეს ორი მწვერვალი უშბა და თეთნულდია.
ამ ყოველივეს თოჯინურ სპექტაკლში ასახვა, რასაკვირველია, ძალიან რთულია, მით უფრო, მაშინ, როდესაც თოჯინებს მიღმა არ დგანან სპეციალისტი მსახიობები. სპექტაკლი არ არის ვერბალური, არ საუბრობენ მსახიობები, მაგრამ ჟღერს ჩაწერილი ხმა, სადაც იგრძნობა  სვანური ხასიათი და დიალექტი. ეს დეტალი კი სპექტაკლს იდენტობას სძენს და სახასიათოს ხდის, რაც მაყურებელს დადებითად განაწყობს.

საგულისხმოა, ისიც, რომ წარმოდგენის კულმინაციურ სცენაში მსახიობი მარიამ ნავერიანი, მზის როლის შემსრულებელი, არავერბალურად, უსიტყვოდ აცოცხლებს თავის პერსონაჟს. ეს გადაწყვეტა სპექტაკლს მეტად მრავალფეროვანს ხდის, რადგან შემოქმედებითი ჯგუფი ამბავს ჰყვება არა მხოლოდ თოჯინების მეშვეობით, არამედ მსახიობის ოსტატობითაც.
თოჯინური წარმოდგენა  „უშბა და თეთნულდი“ სანახაობრივად ესთეტიკური და აღსაქმელად მარტივია. სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარი ღირსება კი სწორედ ისაა, რომ წარმოდგენა არ არის განკუთვნილი მხოლოდ ბავშვებისათვის ან მოზარდებისათვის, არამედ პირიქით, ყველა ასაკის მაყურებელს შეუძლია ისიამოვნოს.
ამდენად, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წარმოდგენილი სპექტაკლი “უშბა და თეთნულდი“ თავისი შინაარსით, მსახიობების ანსამბლურობითა და ესთეტიკური გამომსახველობითი ფორმებით ნამდვილად ანგრევს სტერეოტიპს, რომ თოჯინების დახმარებით მოყოლილი ამბავი მხოლოდ ბავშვებისთვისაა.

„ვალენტინის ბაღი“

სიღნაღის თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამიდან ბოლო წარმოდგენა ესპანელების თეატრალურ კომპანიას ეკუთვნით. ფესტივალის მეშვიდე დღის საღამოს „ტრანვიას თეატრის“ სპექტაკლი ვიხილეთ.
ესპანური თეატრალური დასი „ტრანვიას თეატრი“ 1987 წელს დაფუძნდა ქალაქ ზარაგოზაში და დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში მათი დადგმული სპექტაკლებისა და პერფორმანსების რაოდენობა იზრდება და როგორც მათ შესახებ ინფორმაცია იუწყება, საკმაოდ ბევრი ნამუშევარი აქვთ (50-ზე მეტი სპექტაკლი და 3000-ზე მეტი პერფორმანსი). როგორც თავიანთ ქვეყანაში ასევე მის საზღვრებს მიღმა.
აღსანიშნავია, რომ ისინი საქართველოს პირველად არ სტუმრობენ და სხვა თეატრალურ ფესტივალებზეც მიუღიათ მონაწილეობა. მაგალითად, გასულ წელს ისინი იყვნენ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები, სადაც წარმოადგინეს ქრისტინა იანეზის სპექტაკლი „მოგზაურობა პანიკიაზე“.

წლევანდელ სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალზე კი ითამაშეს ამავე რეჟისორის სპექტაკლი „ვალენტინის ბაღი“, სადაც სამი მსახიობი მონაწილეობს დანიელ მარტოსი, ხავიერ ანოსი და იესუს სესმა. ისინი არიან უსახელო პერსონაჟები, რომლებიც ცხოვრობენ მათთვის  განსაკუთრებულ და უცხო გარემოში. მათ სამყაროში კი არსებობენ მხოლოდ ორნი, თუმცა თითქოს მათ აქვთ მესამე პერსონაჟის თანდასწრება, რომელიც მათთან ძალიან იშვიათად ჩნდება. შეიძლება ის გამოჩნდეს, როგორც სიჩუმე ან ხმა, ასევე გამოყენებულია ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ნაჩვენებია პროექტორის მეშვეობით.
პერსონაჟები უმოქმედობას ებრძვიან. ელოდებიან, რომ რაღაც უნდა მოხდეს, მაგრამ მათ თავს არაფერი არ ხდება. პერსონაჟები მიჰყვებიან დინებას და მათი უმოქმედობის დასასრული არ ჩანს. ერთ-ერთი მათგანის პერსონაჟის გადადგმული ნაბიჯი კი შესაძლოა აღმოჩნდეს გადამწყვეტი არსებული რეალობის დასასრულებლად.


სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პერსონაჟები ტრაგიკულ გმირებადაც კი მოგვეჩვენოს. ამავდროულად აბსურდის ჟანრის ელემენტებსაც ვხედავთ. სპექტაკლი აერთიანებს აბსურდის თეატრის ცნობებს და ნაწილობრივ მდუმარე კინოს ელემენტებსაც. თანამედროვე სპექტაკლი „ვალენტინის ბაღი“ აჩენს კითხვებს იმ რეალობის შესახებ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სპექტაკლი თავისი მოტივებით სემუელ ბეკეტის პიესას „გოდოს მოლოდინში“ წააგავს, რაც ვლინდება შინაარსში, კოსტიუმებსა თუ პერსონაჟების ხასიათებში.


აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სცენაზე მდგომი ორივე მსახიობი ქმნის სახასიათო პერსონაჟს და აშკარაა, რომ თითოეულს თავის როლზე გააზრებით აქვს ნამუშევარი. ორივე მათგანი მართლაც მთელი სპექტაკლის წამყვანი ძალაა და თავიანთი შესრულებით ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. მეტიც, ისინი თავიანთი სამსახიობო ოსტატობითა და შესაძლებლობებით არ ჩამოუვარდებიან პროფესიონალ მსახიობებს.

წარმოდგენა აგებულია რთული და მჭიდრო დიალოგებით.  მსახიობები, რასაკვირველია, თავიანთ ენაზე თამაშობენ და მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს შეუძლია ტიტრებს ადევნოს თვალი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ოდნავ ბუნდოვანი და გაუგებარი რჩება სცენიდან გადმოცემული ამბავი. თუ სპექტაკლი დიალოგებთან ერთად, უფრო მეტად ქმედითობას შეითავსებს, გაცილებით მარტივი აღსაქმელი იქნება მაყურებლისათვის.

„ბაკულას ღორები“
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ბოლო სპექტაკლი ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა წარმოადგინა.
ბორჯომის სახალხო თეატრის მსახიობები უკვე მეორე წელია სიღნაღის თეატრალური ფესტივალის მონაწილეები არიან. გასულ წელს მათ წარმოადგინეს სპექტაკლი „ხედი სასტუმრო საქართველოდან“.
წელს კი ყველასათვის ნაცნობი დრამატურგისა და პიესის თანამედროვე ინტერპრეტაცია შესთავაზეს მაყურებელს. ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“ გააცოცხლა სცენაზე.


„ბაკულას ღორები“ მოგვითხრობს იმერეთში მცხოვრები გაღატაკებული აზნაურების ყოფას. გაჭირვების ჟამს ადამიანების რეალური სახე ხომ ყველაზე კარგად ჩანს. გალაქტიონ ხოსოლიანის ოჯახიც სწორედ თავიანთი გადაწყვეტილების მსხვერპლია, როდესაც თავიანთი ყოფის გამოსასწორებლად თანამდებობის მქონე ნათესავს სთხოვეს დახმარება, ყველაფერი გაწყვიტეს, ყველა პირუტყვი, რაც კი შვილების გამოსაკვებად ჰყავდათ. „დიდებულ სუფრაზე“ ბიძაშვილი შაშა და მისი უფროსი ჩინოსანი - ვასილ ივანიჩი დაპატიჟეს, თუმცა ამაოდ, ბაკულას ღორები სწორედ ამ დღეს არ გამოჩნდნენ. ამიტომ, ხოსოლიანის ოჯახს იმედი დაეკარგა, რომ თანამდებობის მქონე პირების დაპატიჟებით მეზობელ ბაკულას შეაშინებდა.
ამ ყოველივეს ლუკა ინწკირველი თანამედროვე სათეატრო ხერხებით გვიყვება.
სპექტაკლში შვიდი მსახიობი მონაწილეობს ( ამირან ქაჩიბაია, თამარ გელაშვილი, მარიამ ლომიძე, მანუჩარ გოგოლაური, ბაქარ ლომიძე, სალომე მიქელაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე ) და თითოეული მათგანი სახასიათო გმირს ქმნის. ერთ-ერთ პერსონაჟს - პეპელას, რომელსაც მსახიობი მარიამ ლომიძე ასრულებს, შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლის წამყვანი როლი უჭირავს. მისი შექმნილი პერსონაჟი მართლაც განსხვავებული, ინდივიდუალური და დასამახსოვრებელია.


სპექტაკლში ასევე ყურადსაღებია მუსიკალური გაფორმება, რომელიც სცენებს შორის გადასვლებს ელფერს მატებს და ამით რეჟისორი თავს არიდებს ხარვეზებს, რომლის საშიშროების წინაშეც ხშირად ხვდებიან რეჟისორები.
ასევე საგულისხმოა რეჟისორის ფინალური სცენის გადაწყვეტა, როდესაც დამწუხრებულ, იმედგაცრუებულ ცოლ-ქმართან მიდიან სხვა პერსონაჟები, ისე თითქოს პანაშვიდი იყოს. ვფიქრობ, სცენაზე აბსოლუტურად გამართლებულია ტექსტის ამგვარი გააზრება, მაგრამ ამავდროულად მსგავსი მიზანსცენა შაბლონურადაც კი მიმაჩნია, რადგან დავით კლდიაშვილის პიესებისა თუ მოთხრობის ინტერპრეტაციებში მრავლად გვხვდება მსგავსი გადაწყვეტა, ამიტომ კარგი იქნება თუ რეჟისორები თანამედროვე სპექტაკლის დადგმისას თავს აარიდებენ მსგავს შაბლონებს. მუშაობის პროცესში ძიება და სიახლის აღმოჩენა საბოლოო შედეგს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება  და მასზე დადებითად აისახება.

ფესტივალის მერვე დღეს 11 ივნისს 2024 წლის სიღნაღის თეატრალური ფესტივალი დასრულდა. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებულები:

I ადგილი - მოხეტიალე მთვარის თეატრი - „ფიროსმანი“
II ადგილი - მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი - „უშბა და თეთრნულდი“
III ადგილი - მელეკ სეილანი და მისი გუნდი -„მეთორმეტე სახლი“

 

bottom of page