top of page

სიყვარული, მეგობრობა, თავისუფლება თუ შურისძიება, ძალაუფლება, მონობა?

(„ათვინიერებენ მიმონოს“ თელავის თეატრის მცირე სცენაზე)

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_8143.JPG

მაკა (მარინე) ვასაძე

სიყვარული, მეგობრობა, თავისუფლება თუ შურისძიება, ძალაუფლება, მონობა?

(„ათვინიერებენ მიმონოს“ თელავის თეატრის მცირე სცენაზე)

ლაშა თაბუკაშვილის პიესები, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან იდგმება, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. დრამატურგის ათამდე დაწერილი დრამატურგიული ნაწარმოებიდან, რამდენიმე იმ პერიოდიდან დაწყებული დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ შორის, ერთ-ერთ პირველ პიესას - „ათვინიერებენ მიმინოს“ - ხშირად ახორციელებენ სხვადასხვა თაობის რეჟისორები. XXI საუკუნის 20-იან წლებში, ლაშა თაბუკაშვილის პიესებს ახალგაზრდა რეჟისორებიც ახორციელებენ თბილისსა თუ რეგიონის თეატრებში. თაბუკაშვილის დრამატურგიისადმი ასეთი ინტერესი, ვფიქრობ, თანამედროვე პრობლემების განზოგადებული ასახვაა. რეჟისორებისთვის, მითუმეტეს კარგი რეჟისორებისთვის, პოსტდრამატულ, პოსტმოდერნულ,  თუ პოსტპოსტმოდერნულ ეპოქაშიც, სხვადასხვა ფორმით, ხერხებით სპექტაკლის დადგმისას, მთავარი მაინც, თანამედროვე გლობალური პრობლემების წარმოჩენაა. ალბათ, სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა, ნიჭიერმა, რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინო“ დადგა.

საბა ასლამაზიშვილი, უკვე რამდენიმე წელია, გამოჩნდა ქართულ სათეატრო სივრცეში. დადგმული სპექტაკლებით თუ ვიმსჯელებთ, ახალგაზრდა რეჟისორი, სხვადასხვა  მიმდინარეობის დრამატურგიულ ნაწარმოებებს, სხვადასხვა ხერხითა თუ ფორმით აცოცხლებს - სათეატრო შენობებში, გარეთა სივრცეებში, არასტანდარტულ ლოკაციებზე. საბა ასლამაზიშვილი, იმ ხელოვანთა ტიპური წარმომადგენელია, რომლებიც ერთხელ მიგნებულით არ კმაყოფილდებიან, არ ჩერდებიან, მუდმივად ძიების პროცესში იმყოფებიან. იმედია, სხვა ახალგაზრდა რეჟისორთა მსგავსად, საბა არ დაიჯერებს, რომ უკვე ჩამოყალიბებული „გენიოსია“ და საკუთარი შემოქმედების კიდევ უფრო დასახვეწად, გასავითარებლად, მუდმივად იმუშავებს.

წლების განმავლობაში, ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“ სცენაზე განხორციელებისას რეჟისორებს, ინტერპრეტაცია-კონცეფციიდან გამომდინარე, შეაქვთ გარკვეული ცვლილებები. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, პიესის პირველი დამდგმელი რეჟისორის ავთო ვარსიმაშვილის მოგონებები, რომელიც მის მინიატიურა-ჩანახატების სტილში დაწერილ ორტომეულში - „კომედიანტის ნაჯღაბნი“- შეგიძლიათ ამოიკითხოთ.

საბა ასლამაზიშვილმა ლაშა თაბუკაშვილის ტექსტზე მუშაობისას, პიესა შეკვეცა, ამოაგდო რამდენიმე სცენა, ეპიზოდი, პერსონაჟთა რაოდენობა და დიალოგები შეამცირა, შეცვალა მოქმედების ადგილიც. ამ ცვლილებების მიუხედავად დრამატურგიული ნაწარმოების მთავარი სათქმელი, კი არ გაფერმკრთალდა, არამედ, თავისებურად კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა. ცვლილებები, ვფიქრობ აუცილებელი იყო. პირველ რიგში, სათამაშო სივრციდან გამომდინარე, სპექტაკლი თელავის თეატრის მცირე სცენაზე განხორციელდა. მეორეც, ვთვლი, რომ ყოველი დადგმა, აუცილებლად უნდა იყოს რეჟისორის კონცეფციის, სათქმელის გამომხატველი დროსთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, რეჟისორის, სპექტაკლის ავტორის უფლებაა, როგორც მისეული გამომსახველი ხერხების და ფორმის გამოყენება, ასევე პიესის ფაბულის, ამბის გადმოცემისას მისეული ვარიაცია-ცვლილებები. საბა ასლამაზიშვილი სწორედ ასეთ სპექტაკლებს გვთავაზობს - შექსპირის, მოლიერის, პეტერ ვაისის პიესების, კლდიაშვილის პროზის თუ თანამედროვე ქართულ დრამატურგიის მიხედვით შექმნისას.

ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“ მოქმედება სადღაც ტყის პირას არსებულ ბუნგალო-გამოქვაბულში ვითარდება, რეჟისორმა მოქმედების ადგილი ბაღისა თუ პარკის მახლობლად გადაიტანა. საბა ასლამაზიშვილმა და მხატვარმა ლიზი ჭიჭინაძემ, სცენოგრაფია პიესაში პერსონაჟთა დიალოგებში არსებული მინიშნებებით, მინიმალისტური ხერხებით შექმნეს. სცენაზე განთავსებული დეკორაცია, ტაძარში შესასვლელ ბაღის კარიბჭეს მოგაგონებს, რომლის ერთ კედელზე მცენარეები იზრდება. კარიბჭის შიგნით გრძელი მაგიდა დგას, ორივე ბოლოში მიდგმული დიდი სავარძლებით, რომლებიც ჯვრის სიმბოლოებით გვირგვინდება. დეკორაციას, უკანა კედელზე ქრისტეს ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდის, წმინდანებისა და იესოს გამოსახულების ამსახველი ფრესკები კრავს. ერთ-ერთი, თუ არ ვცდები, მარიამის მიერ ქრისტეს ფეხების (შემდგომ თავის) მირონით განბანა და თმებით გამშრალების სცენაა გამოსახული.[1]  ამ სივრცეში თამაშდება საათსა და 20 წუთის განმავლობაში დრამატული ამბავი: სიყვარულზე, ღალატზე, მეგობრობაზე, შურისძიებაზე, ღირებულებების და ფასეულობების დაკარგვაზე, მანქურთობაზე, ცვედანობაზე, უტვინო, გამოთაყვანებულ ბრბოდ, მასად ქცევაზე, ადამიანთა სურვილზე იბატონონ ყველასა და ყველაფერზე, სულიერ გარყვნილებასა და დეგრადირებაზე, დონკიხოტობაზე, ვერაგობაზე, სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ჭიდილზე, რაინდობასა და სილაჩრეზე, ფარისევლობასა და რწმენაზე, ყოველ ადამიანში სიცოცხლის გაგრძელების გადაულახავ სურვილზე, თავისუფლებასა და მონობა-მორჩილებაზე. მოკლედ ყველა იმ საჭირბოროტო საკითხებზე, პრობლემებზე, რაც ყოველთვის აწუხებდა, განსჯის საგნად ჰქონდა ქცეული  მოაზროვნე კაცობრიობის ნაწილს, და, რაც დღეს, ასე ზუსტად მიესადაგება ჩვენი ქვეყნის, მსოფლიოს დღევანდელ მდგომარეობას - პატრონისა და მონად ქცეული ადამიანის ურთიერთობა. პიესიდან გამომდინარე, საბა ასლამაზიშვილი, შემოქმედებით დასთან ერთად იკვლევს, რატომ უჩნდება ადამიანს „პატრონად“ ქცევის სურვილი, და, რატომ ემონებიან მას სხვა ადამიანები. რა არის ამის მიზეზი?

ლაშა თაბუკაშვილის პიესაში რამდენიმე მთავარი გმირია: გიო, ანი, პატრონი, იონა, მერი; მეორეხარისხოვანი პერსონაჟები: ცალთვალა ბაზიერი, პირველი ბაზიერი, ყრუ-მუნჯი ბაზიერი ქალი; მასობრივი სცენების მონაწილე ბაზიერი ქალები და კაცები. მინიმალისტური ხერხებით დადგმულ, კამერული ტიპის სპექტაკლში საბა ასლამაზიშვილმა ყველა მთავარი გმირი დატოვა, მელოტის სახეში და ყრუ-მუნჯი ბაზიერი ქალის ტიპაჟში გააერთიანა სხვა ბაზიერები. პიესაშიც და სპექტაკლშიც ორი ახალგაზრდას სიყვარულის ისტორია, მეტაფორულად გადაჯაჭვულია ბაზიერების მიერ მიმინოების მოთვინიერების მეთოდთან. ბაზიერთა პატრონი, ადამიანებს იმორჩილებს, ყურმოჭრილ, სასტიკ მონებად, მანქურთებად გარდაქმნის, მათში  სიყვარულის, სიკეთის, მეგობრობის გრძნობის აღმოფხვრით - ვითომ შელოცვით, სინამდვილეში კი სასტიკი წამების მეთოდით. რეჟისორმა არა მარტო შეკვეცა პერსონაჟთა რაოდენობა, არამედ მათ ხასიათებსა თუ ქცევაში ცვლილებიც შეიტანა. ყველაზე მეტად, ეს შეეხო თემურ ხუნაშვილის - პატრონს. მისი გმირი აღარაა მხოლოდ ერთგვარად ბოროტების მატარებელი სახე. სპექტაკლში პატრონი, რაღაც მომენტებში „საყვარელი“ მოხუციც კია, რომელიც რუდუნებით უვლის ბაღის მცენარეებს, ყველას ყურს უგდებს და ყველაფრის საქმის კურსშია. თემო ხუნაშვილის პატრონის შემოსვლა სცენაზე ღიღინით - „My Bonnie is over the ocean“ - ერთდროულად იუმორისა და სევდის მომგვრელია. სიმღერის ტექსტის მკვლევრები, მიიჩნევენ რომ ეს ლექსი შოტლანდიურია და ეძღვნება მეზღვაურ ბონის, ზოგი მიიჩნევს რომ ლამაზ უფლისწულ ჩარლზს (მე-18 ს.), დღეს კი შემსრულებლები ნებისმიერს ვინც უყვართ უძღვნიან-უმღერიან - ქალს, მამაკაცს, ბავშვს, ანუ ბონიში ნებისმიერი შეიძლება იგულისხმებოდეს. მსახიობი ქმნის ასაკში შესული, ცვედანი მამაკაცის ტიპაჟს. მისი გაბოროტების ერთ-ერთი მიზეზი, საყვარელი ქალის დაუფლების უძლურობაშია.

 

თაბუკაშვილის პიესაში პატრონის ცვედანობა მხოლოდ მინიშნებითაა, სპექტაკლში კი წინა პლანზე წამოიწევა. თუკი პიესაში პატრონის გაბოროტების, სხვებზე ძალაუფლების მოპოვების სურვილის, მთავარი მიზეზი ეჭვიანობაა -  მეგობრის იონას მიერ მერის, „კახპას“ თავდავიწყებული შეყვარება. სპექტაკლში ეჭვიანობა და შურიანობაა, მეგობრისთვის შეყვარებული ქალის წართმევა და რაც მთავარია - ცვედანობაა. თემურ ხუნაშვილის პატრონი ყველას უმტკიცებს, რომ სიყვარული არ არსებობს, რომ ეს მოგონილი გრძნობაა, რომ ძალაუფლება და სხვაზე ბატონობაა, მთავარია. მაგრამ ბოლოს, მის გმირსაც უჩნდება სიყვარულის, სიცოცხლის გაგრძელების მოთხოვნილება და შავთვალა გიოს (დაუმორჩილებელ მიმინოს) შეიყვარებს, თავის შვილად მიიღებს. ბექა სონღულაშვილის იონას სახემაც განიცადა მცირეოდენი ცვლილება. უპირველეს ყოვლისა მისი გმირი აღარ არის პათეტიკური. იგი, საყვარელი ქალის და მეგობრის ღალატის მსხვერპლია. უსახლკაროს, გალოთებულს და „გაბომჟებულს“, გულმოკლულს, ერთადერთი მიზანი აცოცხლებს, ყოფილი მეგობრის - პატრონის დამარცხება. ბექა სონღულაშვილის იონა გმირი არაა, უფრო მეტიც დასცინის დრომოჭმულ გმირობის ინსტიტუტს, მსუბუქი მოძრაობებით, ზოგჯერ წაცეკვებით, ზოგჯერ იუმორნარევი სევდით, ძერწავს თავის პერსონაჟს. იგი ერთადერთია ვინც გიოს და ანის, ძალით დაშორებული შეყვარებული წყვილის, გულშემატკივარია. სწორედ ის ეხმარება მათ გაქცევაში, თუმცა არ გამოსდის. მართალია იონა გმირი არაა, მაგრამ არც ყურმოჭრილ მონად ქცევა ძალუძს. იონაც პატრონივით შურისმაძიებელია, თუკი მთელი სპექტაკლის განმავლობაში პატრონი რამდენჯერმე უმეორებს, შენი მხარში ნასროლი დღემდე მტკივაო, იონა გამუდმებით უპასუხებს, რომ მაშინ სხვაგან უნდა მოერტყა და მოეკლა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საბა ასლამაზიშვილმა პრინციპში იონაც და პატრონიც, ორივე მსხვერპლად აქცია. ორი მამაკაცი, რომელთა მეგობრობისა და ურთიერთსიყვარულის დაშლის მიზეზად, ქალი - მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გვევლინება. პატრონის მიერ გიოსა და ანის „მოთვინიერების“ შემდეგ იონას სხვა გზა არ დარჩენია - თვითმკვლელობის გარდა. მეგობარ-პატრონზე ჩაფიქრებული შურისძიება - იონას არ გამოუვიდა და ჩვეული სიმსუბუქითა და იუმორით, მელოტთან თამაშ-თამაშით, იკლავს თავს. მანანა აბრამიშვილის მერი, ერთი შეხედვით, ძლიერი ქალია, თუმცა ისიც მსხვერპლია. მოქმედების მსვლელობისას რეჟისორი და მსახიობი თანდათანობით ძერწავენ მამაკაცების მსხვერპლი ქალის სახეს. ორივემ იონამაც და პატრონმაც მერი საკუთარი ეგოისტური გრძნობების მსხვერპლად აქციეს. ორივეს თითქოს უყვარდა, მაგრამ იონამ ვერ დაიცვა პატრონისგან, პატრონსაც უყვარდა, მაგრამ ცვედანობიდან გამომდინარე ვერ დაუფლების გამო, მერიშიც აღმოფხვრა სიყვარულის გრძნობა, თუ ზოგადად რწმენა სიყვარულის არსებობაში.

რეჟისორის ჩანაფიქრით, ლაშა წიფლაშვილის - გიო და ნინო დვალიშვილის - ანი, ძალით დაშორებული შეყვარებული წყვილი, მაყურებელთა შორის სხედან და დარბაზიდან ადიან სცენაზე. ამ ხერხით, საბა ასლამაზიშვილმა მიგვანიშნა, რომ ისინი ჩვენი თანამედროვე სოციუმის წევრები არიან. გიო და ანი ოჯახის და საზოგადოების მსხვერპლებად გამოსახეს რეჟისორმა და მსახიობებმა. ლაშა წიფლაშვილსაც და ნინო დვალიშვილსაც რეჟისორმა მინიმუმამდე შეუმცირა დიალოგები თუ მონოლოგები, სპექტაკლიდან ამოიღო სპექტაკლის კონცეფციის შეუსაბამო სასიყვარულო რომანტიკული ეპიზოდები. მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენები დაუტოვა გასათამაშებლად. ანის ტიპაჟი რეჟისორმა და მსახიობმა ძირითადად პლასტიკურ მოძრაობებში გადაწყვიტეს. გიოს სიყვარულის გულიდან ამოგლეჯა სურს და ამ მიზეზით თანხმდება ბაზიერობას, მაგრამ მას, როგორც შავთვალა მიმინოებს, ბოლომდე ვერ იმორჩილებენ. მათ კლავენ. ლაშა წიფლაშვილის გიოს ფინალური ტექსტიც შეკვეცილია, დატოვებულია მთავარი მესიჯები, რითაც დაუმორჩილებელი გიოს მოტივაცია-ქმედება უფრო დამაჯერებელია. პრინციპში, იონას თვითმკვლელობის გაგების შემდეგ, გიო მიზანმიმართულად აკვლევინებს თავს ბაზიერებს. გიო ერთადერთია, ვინც პატრონის შექმნილ არაადამიანურ, მახინჯი ფორმის „იმპერიას“ შეებრძოლება და ანგრევს კიდეც. გიო რაც, მთავარია პატრონს ამარცხებს, პატრონს გასტეხს სულიერად, ვინაიდან თავს შეაყვარებს. ამიტომაცაა, რომ თემო ხუნაშვილის პატრონი ეხვეწება ბაზიერებს - შვილი არ მომიკლათო, მაგრამ უკვე გვიანია, გიო მოკლულია, რაც დათესა იმავე მოიმკა. გულმოკლულ, დაჩაჩანაკებულ, დაბეჩავებულ პატრონს კი ისღა დარჩენია წაილუღლუღოს: ახლა უკვე გვიანია, დასაწყისში უნდა მომეკალი. უნდა მოეკლა მანამ, სანამ შეიყვარებდა!

დათა ხუნაშვილის მელოტის პერსონაჟში საბა ასლამაზიშვილმა სხვა ბაზიერთა ტიპაჟებიც გააერთიანა. რეჟისორმა და მსახიობმა, ტვინგამორეცხილ, დამორჩილებულ ბაზიერთა კრებითი სახე შექმნეს. დათა ხუნაშვილის მელოტი სიბრალულის გრძნობას იწვევს მაყურებელში და თან,  მსახიობი ისე გამოსახავს პერსონაჟის ხასიათს, ქცევებს, რომ  მის მიმართ სიმპათიითაც კი განაწყობს. ეთერ ბაბილაშვილის მუნჯი ბაზიერი ქალის ტიპაჟიც რეჟისორმა სხვა ქალი ბაზიერები გააერთიანა. მუნჯი ბაზიერი, რა თქმა უნდა, ვერ მეტყველებს და ეთერ ბაბილაშვილი, რეჟისორის მიცემულ ამოცანას, განსასახიერებელ პერსონაჟს პლასტიკით, ჟესტიკულაციით, დამახასიათებელი მოძრაობებით, სამეტყველო აპარატიდან გამოცემული უცნაური ღმუილის ხმებით და ამასთანავე, პერსონაჟისადმი გაუცხოებით, იუმორით აცოცხლებს სცენაზე. წარმოდგენის ყურებისას გრძნობ, რომ ახალგაზრდა რეჟისორი კარგად ფლობს მსახიობებთან მუშაობის ტექნიკას.

 საბა ასლამაზიშვილმა მუსიკალურადაც თავად გააფორმა სპექტაკლი. რეჟისორმა ჯგუფი „რეგიონის“ მელოდიები გამოიყენა, რომლებიც ზუსტად ესადაგება, სევდანარევი იუმორით გადმოცემული ამბის ატმოსფეროს. შემოქმედებითი ჯგუფის მიერ, სცენაზე გათამაშებული ადამიანთა ყოფის მძიმე ისტორია, მუსიკის მეშვეობით უფრო მსუბუქად აღსაქმელია მაყურებლისთვის. იუმორი მინიშნებებით, ამ სპექტაკლში რეჟისორის ერთ-ერთი ხერხია. მაგალითად, პატრონის ფეხის ნაბანი წყლით ბაზიერად კურთხევის რიტუალი, შელოცვის რიტუალი სახარებისეული სიუჟეტების ამსახველ ფრესკებთან და სხვ.

თელავის თეატრში საბა ასლამაზიშვილის, შემოქმედებითი დასის თუ ტექნიკური პერსონალის მიერ ლაშა თაბუკაშვილის - „ათვინიერებენ მიმინოს“ - კიდევ ერთი ორიგინალური, თვითმყოფადი ინტერპრეტაცია-კონცეფციის მქონე ვარიაცია შეიქმნა, საქართველოს რეგიონული თეატრის რეპერტუარში კი ახალი საინტერესო სპექტაკლი გაჩნდა.

 

 

 

[1]„როცა უფალი იჯდა მაგიდასთან, ერთმა ქალმა, რომელსაც თავისი ცოდვების გამო ქალაქში ყველა იცნობდა, მოიტანა მირონით სავსე ჭურჭელი, ჩაიმუხლა უფლის ფეხებთან, ტიროდა და ცრემლებით ასველებდა უფალს, უსვამდა მირონს, თმებით უმშრალებდა და ეამბორებოდა.“  მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით, საღამო სვიმონ კეთროვანის სახლში, მათე 26, 6-13. https://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/26_6-13.htm

bottom of page