„სიკვდილი მოიცდის“
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ნინო გაბედავა
„სიკვდილი მოიცდის“
„...სწავლის გარდა კიდევ იყო რაღაც, რაც ძალიან მსიამოვნებდა - წერა.
„სიკვდილი მოიცდის“ - ეს ჩემი პირველი რომანია...
მთელი ეს მტანჯველი წლები... შენთვის... დედასთვის...
ყველა რთული მომენტი...
მაგრამ წინასწარ გეტყვი, რომ კარგად მთავრდება“[1].
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თანამედროვე ეპოქაში მოღვაწე დრამატურგის, ფლორიან ზელერის ტრილოგიის („დედა“, „მამა“, „ვაჟიშვილი“) მესამე ნაწილი მერაბ ყოლბაიას რეჟისორობით წარმოადგინეს, სადაც ძირითადი პრობლემების პირველწყარო იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, მით უმეტეს ოჯახის წევრები ერთმანეთს არ იცნობენ. აქედან გამომდინარე ხდება ის, რაც დღეს აღიქმება ჩვეულებრივ მოვლენად: არაკომუნიკაბელურობა, ჩაკეტილობა, ნდობის დაკარგვა, ოჯახური სივრციდან და საერთოდ, ქვეყნიდან გაქცევა, არსებული პრობლემების გადაუჭრელობა და ამის ფონზე ფსიქიკური აშლილობა, დაძაბულობა, კომპლექსები, სუიციდის მცდელობა და ა.შ. მოკლედ, გაცოცხლებულია XXI საუკუნის სენი. რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც სულიერი კრიზისი გამეფებულა, მით უმეტეს ბოლო წლებში, პანდემიის რეალობიდან გამომდინარე, რომელიც სირთულეებით აღსავსე იყო, საზოგადოება ძირითადად გახდა კარჩაკეტილი და გულგრილი. ამასთან, ის საკითხები, რაც შემოქმედებითმა ჯგუფმა გააცოცხლა სცენაზე, ზუსტად ეხმიანება დღევანდელ რეალობას.
რა ხდება მაშინ, როდესაც პიროვნება თვლის, რომ არასწორ ადგილას/დროს ცხოვრობს, არსებობს იქ, სადაც საკუთარი მშობლებიც კი არ იღებენ მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, სადაც თავს უთვისტომოდ გრძნობს... ვგულისხმობ იმ სოციუმს, რომელმაც ნიკოლა (მსახიობი - ნიკა ჭკადუა) ვერ მიიღოო. არავინ ჰყავს თანამოაზრე ან ვინმე, ვინც თანაუგრძნობს. ერთადერთი ძვირფასი მეგობარი, რომელიც მას სიცოცხლის გაგრძელების სურვილს მაინც უღვივებს მისი დღიურია, რომელიც მაყურებლისთვის შეუმჩნეველი ნამდვილად არ არის. ნიკოლას ქმედება, რომ დაძაბულ მომენტში იღებს დღიურს და თითქოს წერს იმას, რასაც გრძნობს, მაყურებელში ინტრიგანს აჩენს: რა სურს? რისთვის გვამზადებს?
დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში ადამიანის გარკვეულ პოზიციას, ეს ხომ მნიშვნელოვნად მოქმედებს მის შინაგან ფსიქიკურ მდგომარეობაზე. თუ ის თვლის, რომ სოციუმისგან გარიყულია, რასაკვირველია, მის პიროვნულ განვითარებას მკვეთრად შეაფერხებს და შესაძლებელია სუიციდის მსხვერპლიც გახდეს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა წარმოდგენილი: საზოგადოებას, რომელიც ბრბოდ მარტივად იქცევა, სძულს განსხვავებული ინდივიდი. ნიკოლა, რომელიც ახალგაზრდა, ლაღი, სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და მიზანდასახული უნდა იყოს, უნარი არ შესწევს, რომ ყველაფერი მის სასიკეთოდ გარდაქმნას, რადგან სწორედ საზოგადოებამ, უპირველეს ყოვლისა ოჯახმა (პიერი, მამა - მსახიობი ჯანო იზორია; ანნა, დედა - მსახიობი მარინა სოლომონია), პიროვნებაში ჩაკლა სიცოცხლისუნარიანობა.
ინდივიდს დაკარგული აქვს იმედი, ხალისი... უბრალოდ, რწმენის გარეშე არსებობს. ამ ტკივილის „გაცოცხლება“ კი, იტვირთა მსახიობმა ნიკა ჭკადუამ. ვთვლი, რომ მისი სამსახიობო ოსტატობა აღსანიშნია, თუ როგორ გარდაისახება, როგორ ავითარებს და ეტაპობრივად, როგორ განიცდის მეტამორფოზს. მისი არაორდინალური მიმიკა და ჟესტიკულაცია პერსონაჟის რთულ ფსიქიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს. არტისტი კი ისე განიცდის როლს, რომ ცრემლებსაც კი ვერ იკავებს. მისი განცდა, ტკივილი და ემოცია ბუნდოვანი ნამდვილად არ არის. ამას ხომ დიდი უნარი სჭირდება, ისე გააცოცხლო პერსონაჟი, რომ მაყურებელზე მოახდინო ემოციური ზეგავლენა ყოველგვარი უტრირების გარეშე, რაც ბევრისთვის მიუღწეველია.
ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც სავსეა კლასიკური პრობლემებით. ერთი შეხედვით, შემოქმედებითი ჯგუფი, რიგითი ოჯახის ბანალურ ამბავს გვიამბობს, მაგრამ, საკითხავია, როგორ არის მოწოდებული. განცდა დამრჩა, თითქოს სარეჟისორო გადაწყვეტა აცდენილი იყო ეპოქასაც, ანუ არ არსებობს დროის კონკრეტიკა. დიახ, პიესაც ასეთია, თუმცა მასში, ნათელია, როდის და სად ხდება მოქმედება, რაც სცენოგრაფიული თვალსაზრისით აბსოლუტურად ბუნდოვანი და შეუსაბამო იყო. სცენა ისეა მოწყობილი, რომ მაყურებელი ორ სახლში მიმდინარე მოქმედების მომსწრეა: მარჯვნივ ანნას სახლია, რომელიც შემოიფარგლება: მაგიდით, რამდენიმე სკამით, ასევე გრამოფონით, სადაც ნიკოლა დღიურს ინახავს, ხოლო სცენის მარცხენა მხარეს კი პიეროს სახლი - დივნით, მაგიდით და სავარძლით. სცენის სიღრმეში კი კედლის თაროებზე განთავსებულია დოკუმენტები, შემდეგ ირკვევა, რომ ეს საავადმყოფოს სივრცეს ეკუთვნის. სცენის მხატვრობა რეალისტურია. განათება ხან მწვანე, ხან ვარდისფერ, ხან კი ლურჯ ფერებში იცვლება. რაც შეეხება მუსიკალურ გაფორმებას, ის, ამავე სპექტაკლის რეჟისორს მერაბ ყოლბაიას ეკუთვნის. ვფიქრობ, რომ ლაკონიური მხატვრობით, მუსიკალური გაფორმებით, ბუტაფორიითა თუ განათებით უფრო შეძლებდნენ საკითხის მიზანმიმართულად მოწოდებას, და თუ სახელოვნებო სივრცე თანხმდება იმაზე, რომ თეატრი სინთეზური სასცენო ხელოვნებაა, სადაც უშუალო კავშირია მაყურებელსა და შემსრულებლებს შორის, საჭიროა ამბის განვითარების, სიუჟეტური ქარგის სრულყოფა.
მიუხედავად ამისა, საზოგადოება სცენაზე მაინც ხედავს აქტუალურ გადაუჭრელ პრობლემებს, კონფლიქტს, პერსონაჟთა ფსიქიკურ აშლილობას და, რეალურად, მაყურებელიც განიცდის კათარზისს. ნიკოლას მიერ დაწერილ რომანში კი „სიკვდილი მოიცდის“, გაფიქრებინებს, თითქოს ის სცენარია აღბეჭდილი, როგორი ცხოვრებაც მას უნდოდა, აქ ხომ ყველაფერი კარგად მთავრდება.
[1] ფლორიან ზელერი „ვაჟიშვილი“. მთარგმნელი: ნანა სამჭკუაშვილი.