top of page

„სირანო უნდა მოკვდეს“ - ახალ თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.2qSfM9k7QBK1cCIVkVq0I2C0y-UbBui2gJ1rJPpHyS8.jpg

ანი ცხვედაძე

„სირანო უნდა მოკვდეს“ - ახალ თეატრში

ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ თავისუფალი ადაპტაციის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, ქვესათაურით „სირანო უნდა მოკვდეს“ შემოგვთავაზა ახალმა თეატრმა 1 ნოემბერს თეატრში მისულ მაყურებელს. თარგმანის ავტორია - ირინა ბაგაური; პიესისა და დადგმის ავტორი - ლეონარდო მანძანი და როკო პლაჩიდი; მხატვარი - ჯუზეპე სტელატო; კოსტიუმების მხატვარი - გრაციელა პეპე, დავით გევორქოვი; მუსიკა - ალესანდრო ლევრერო, ფრანკო ვიზიოლი, ერეკლე გეწაძე; ტექნიკური რეჟისორი - ეკატერინე გაბაშვილი; განათების მხატვარი - მიხეილ ბაქრაძე, ოთარ კალანდაძე; ხმის რეჟისორი - კახა ხოშტარია, ბაჩო შუბითიძე-ხატიაშვილი;

სრულიად შესანიშნავი ცოცხალი მუსიკალური შესრულება ერეკლე გეწაძეს ეკუთვნის, რომელზეც ქვემოთ ვრცლად დავწერ.
ლეონარდო მანძანის სპექტაკლს „დიდების კედელს“ არაერთგვაროვანი რეაქციები ხვდა წილად შარშანდელ ფესტივალ GIFT-ზე, რომელიც თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გათამაშდა.

„სირანო უნდა მოკვდეს“ - თუმცა, აქ არ ელოდოთ ტრადიციული რომანტიკული პათოსის მქონე ტრივიალური სიყვარულის ისტორიის გათამაშებას, ეს არის ძირითადად მუსიკალური დივერტისმენტებით აგებული სპექტაკლი-პერფორმანსი, სადაც რეჩიტატივებს უჭირავს მუსიკალურ-ვერბალური სეგმენტის უმთავრესი ნაწილი., და სადაც, სიყვარულის ენიგმატურ ძალმომრეობას ერკინება დიდი ცხვირი და მჭევრმეტყველება, ხოლო, მეორე მხრივ კი, სილამაზე და მჭევრმეტყველების უუნარობა., კი მაგრამ, რომელს თანაუგრძნობს მშვენიერი როქსანი სიყვარულით?!.. რომელ გასკონელს _ სირანო დე ბერჟერაკს თუ კრისტიან დე ნევილიეტს?! ან იქნებ, არცერთს...(?!)
ანა წერეთლის როქსანა ერთგვარად კონფერანსიეს ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე და ამბის მთხრობელიც ხდება დროდადრო მუსიკალური სპექტაკლის მსვლელობისას.

სასიყვარულო სამკუთხედის კონფიგურაციული განსაზღვრებით, მხოლოდ სამი გმირი დგას სცენაზე და ერთმანეთთან ფიზიკურ შემხებლობაში არ არიან. მანძანის კონცეფციის მიხედვით მათი ფუნქციური და ამავდროულად, ფიგურალური (ასე საჭირო) რეკვიზიტი <მიკროფონი> მთავარი მამოძრავებელი ინსტრუმენტია, რომლითაც მოქმედებენ.
წარმოდგენის პირველი მეოთხედი, უფრო კონკრეტულად კი, პერსონაჟ-სირანოს ანუ გივიკო ბარათაშვილის მიკროფონით ნათქვამი ერთ-ერთი პირველი მონოლოგ-რეჩიტატივი მთელი კონცეპტის ერთგვარი ხერხემალი უფროა, ვიდრე ამონარიდი, ანუ შემოთავაზებული „ამბიდან“ დისტანცირებული სათქმელი. ვგულისხმობ, სირანო-ბარათაშვილის ჰიპერაქტიური დინამიკითა და პასიურ-აგრესიული, შეპარულად სკაბრეზული, შეიძლება ითქვას ობსცენური ლექსიკით „კრიტიკოსების გაკენწვლას“. “უი, შენც აქ ყოფილხარ?! მე კიდევ შენი ბანძი რეცენზიების წერის პროცესში მგონიხარ ახლა...“


ამ მონოლოგით, ან შესაძლოა, უფრო მეტად „დიალოგით“ - მშვენივრად გაეთამაშა რეჟისორი მანძანი დარბაზში იმ მომენტში მსხდომ კრიტიკოსებს ილუზორულ-ამბიციური ინსინუაციით, ძალიან ორგანულად და დემოკრატიულად რომ ახასიათებთ ხოლმე პროფესიაზე ჩაციკლულ რეჟისორებს.


ცალსახად დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს და, სწორედ აღნიშნული პასაჟი იყო ცენტრალური სათქმელი წარმოდგენა-პერფორმანსის, ან გნებავთ, რაც გვინდა ვუწოდოთ, მაგალითად, მუსიკალური სპექტაკლ-კონცერტი.


სუმბურული დატვირთვით ქვეტექსტურ რეპრიზად გასდევდა სათქმელს, თითქოს რომელიმე შიდა ბაზარზე მოქმედი რეჟისორების დაბოღმილი აზრები იყო ერთდროულად აკუმულირებულ-სუბლიმირებული. (ოდნავი ირონიით) რაც, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, შინაგანად ლუზერის პოზაში მყოფი ადამიანის ლატენტურ სახეს.

მსახიობები ერთმანეთს ფიზიკურად არ ეხებიან, მაგრამ მცდელობა აქვთ დარბაზთან ყალბი ინტერაქციისა, განსაკუთრებით, ზუკა პაპუაშვილისა და ანა წერეთლის ზედაპირულ ქმედებებს პუბლიკასთან კომუნიცირების პროცესში. თუმცა, გივიკო ბარათაშვილი არ ერიდება რეაქტიულ, ან უფრო სწორია, თუ ვიტყვით, რეაქტიულთან მიახლოებულ თამამ კომუნიკაციას თავისი იარაღ-მიკროფონით რიგით მაყურებელთან. მაყურებელი უპასუხებს თავის ვერსიას და მსახიობი გივიკო კი იმეორებს მიკროფონში იმას, რაც წინასწარ აქვს ნასწავლი-რეპლიკა. ფაქტობრივად, ესეც ყალბი ინტერაქციის ერთი ნიმუშია, დიდად რომ არ წარმოადგენს ლაფსუსს მაყურებლისთვის, რომელიც დარბაზშია და პროფესიით არც კრიტიკოსია.


ღიმილისა და ხმამაღალი სიცილის მიუხედავად ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ მაყურებელი დიდად ტოლერანტული ვერ არის გულის სიღრმეში უხეში ინტერაქციული სიმულაციებისადმი, როცა კი მსგავსს ადგილი აქვს ნებისმიერ წარმოდგენაში. როცა მიზანია მაყურებლის დისკომფორტში ჩაგდება და არა ორგანულად პროვოცირებული კორელაციური იმპულსის გამოწვევა. ინტერაქტიურ შრეებს თეატრალურ ხელოვნებაში ძირფესვიანად იკვლევდნენ არტო, შეხნერი, გროტოვსკი, ჯუდით მალინა და ჯულიან ბეკი და კიდევ სხვა, რომელთა მუშაობის კვლევით-ლაბორატორიული სტილი ავტომატურად აგენერირებდა ცოცხალ ინტერაქციულ აქტებს და არა ფრიგიდულად სიმულაციურს!..
 

სპექტაკლის ანოტაციის მიხედვით, სირანო დე ბერჟერაკის გარდა, დანარჩენ ორ პერსონაჟს: კრისტიანსა და როქსანს სამი მსახიობი გაითამაშებს სხვადასხვა დღეს. 1 ნოემბრის შემადგენლობა იყო, ზუკა პაპუაშვილისა და ანა წერეთლის ტანდემი გივიკო ბარათაშვილთან. ისიც დაუფარავად უნდა ითქვას, რომ პრემიერის პირველ დღეს ვნახე სრულიად ბუნებრივად წარმოქმნილი იმპროვიზაციული მომენტებიც დარბაზთან _ შესანიშნავად რომ რესტრუქტურირდა კონცეფციასთან.

და ბოლოს, ერეკლე გეწაძის შესანიშნავი ნამოქმედარი სცენაზე: მისი უდიდებულესობა მუსიკა! საათნახევრის მანძილზე აბსოლუტურად თანაბრად ეფექტურად მჟღერი ტექნო-ვარიაციები ცალსახად ურელევანტურეს კომპონენტს ქმნის მთლიან სტრუქტურაში., მე ვიტყოდი, მუსიკა, არა მეოთხე, არამედ პირველი პერსონაჟიც კი არის, ჰიპ-ჰოპის ტემპო-რიტმზე აგებული რეჩიტატივების მელოდიურობის ფონზე.


მანიპულაციურად, სცენაზე მდგომ მსახიობებზე, მოყოლილ სასიყვარულო ამბავზე და სცენის ცენტრში წითელი ასოებით ამოტვიფრულ წანაწერზე _ <მიყვარხარ> _ არანაკლებ შესამჩნევი, მყვირალა და დომინაციურია DJ-ის ფუნქციით სცენის მეორე სართულზე მდგარი კომპოზიტორი.


მთელი სპექტაკლის მიმდინარეობის პროცესში, ის კოორდინირებას უწევს სცენაზე არსებულ კონფიგურაციას, წარმართავს ცოცხალი მუსიკალური ხმოვანებით სიუჟეტის ქრონოტოპოსს და ქმნის დაუვიწყარ ატმოსფეროს!..



ფოტო: ანუკა მაისურაძე
 

bottom of page