სივრცე ხომ არ იწვის?!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ვალერი ოთხოზორია
სივრცე ხომ არ იწვის?!
2023 წლის 24 მარტს ილიაუნის თეატრში ფრანგი მწერლის - ამელი ნოტომის „საწვავის“ პრემიერა შედგა, ახალგაზრდა რეჟისორის - ლუკა ინწკირველის სპექტაკლით. პიესის თარგმანი ეკუთვნის ქალბატონ თამარ ხოსრუაშვილს.
ღირს, ორიოდე სიტყვა ითქვას პიესაზეც და მის ქართულ თარგმანზეც. პიესას ფრანგულად ქვია „Les Combustibles“, რაც ნიშნავს: წვადნი. სიტყვასიტყვით, პიესის სახელწოდება - „წვადნი“, ზუსტია სიუჟეტთან მიმართებით, თუმცა ქართულად ხელოვნურად ჟღერს და ალბათ, ამიტომ არჩია მთარგმნელმა - „საწვავი“, რითაც, ჩემი აზრით, სერიოზული რესურსი, მინიშნება მოაკლო პიესას.
რატომ „წვადნი“ და რატომ არა „საწვავი“? იმიტომ, რომ აქ საქმე არ ეხება საწვავს, იქნება ეს ბენზინი თუ სხვა რამ საგანი, მატერიალური; უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება ღირებულებებს, სულის ნაყოფს: ადამიანებსა და წიგნებს.
როდის შეიძლება დაიწვას წიგნი, როგორც სულიერების სიმბოლო და რესურსი, როგორც ცოდნა და გამოცდილება, როგორც ესთეტიკა და ეთიკა (და ჩაანაცვლოს წიგნის, როგორც დასავლური კულტურის მთავარი სიმბოლოს, ადგილი სიმახინჯემ და ძალმომრეობამ); და სანამდე შეიძლება დაიწვას ის, სანამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი? – „ცხოველი“, ხშირად ახსენებენ ამ სიტყვას პიესაში, მაგრამ რას ნიშნავს ის, რამდენად საპირისპიროა ცხოველი წიგნისა?... როდის შეიძლება დაიწვას წიგნები, უკანასკნელის ჩათვლით (და რას ნიშნავს პირველი და უკანასკნელი წიგნის იდეა)? და როდის შეიძლება დაიწვან ადამიანები, დაიფერფლონ საკუთარ თავში, არა სიხცით, არამედ პირიქით, სიცივით, გამყინვარებით? - აი, ის თემები და პრობლემები, რომლებიც ავითარებს პიესის სიუჟეტს.
როცა ჩვენ გვესმის „საწვავი“, ცხადია, საერთოდ არ მოგვდის მსგავსი ასოციაციები, შესაბამისად, თავიდანვე არ გვაქვს სპექტაკლის მიმართ სწორი ინტერესი; შედეგად, სპექტაკლის ამოცანა გართულებულია: მან უნდა აღუძრას მკითხველს ის, რაც თავიდანვე უნდა ჰქონოდა, სპექტაკლის დაწყებამდე. ეს იგივეა, ბალეტი აჩვენო მაყურებელს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის ბალეტი.
„წვადნი“, ამავე დროს, მნიშვნელოვანია წინასწარი თეატრალური ასოციაციების აღსაძრავად. მაყურებელს უჩნდება იდენტიფიკაცია სარა კეინის მწვავე პიესებთან - „დაწყევლილნი“, „აფეთქებულნი“ და ა.შ. წინასწარ ასოციაციურ ბმაზე და სწორ იდენტიფიკაციაზე მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სპექტაკლი შედგეს მაყურებელში; იმისთვის, რომ წარმოდგენამ მიაგნოს მაყურებლის სულში ზუსტ სიმებს და შეარხიოს. მაყურებელს არ უნდა უწევდეს ბრძოლა შეუსაბამო ნიშანთან, იქნება ეს სათაური თუ სხვა.
თარგმანის პრობლემა აღნიშნულით არ სრულდება. საქმე ისაა, რომ ალაგ-ალაგ, თარგმანში გამოტოვებულია ფრაზები, იმგვარი „შემოკლებებით“, რასაც გამართლება არ აქვს. მაგალითად, პასაჟი:
დანიელი. კარგით ერთი, ეს ყველაზე შეუსაბამო არგუმენტია, რაც კი მომისმენია. (დგება და გარშემო მიმოიხედავს.) სადაა თქვენი პალტო?
პროფესორი. თქვენთვის არაფერი უთხოვიათ, დანიელ.
დანიელი. ეს სასაცილოა. სიცივისაგან გალურჯებულხართ! (ოთახში წრეს არტყამს.) რა იქნა თქვენი პალტო? (პალტოს შემოსასვლელში პოულობს და ჩამოხსნის.) აჰ! აგერ ყოფილა. მესიამოვნება, თუკი...
პროფესორი (წამოხტება და ოთახის მეორე ბოლოში გარბის; ღრიალებს.) არ ჩავიცვამ!
თარგმნილია, როგორც:
„დანიელი: ასეთი უსუსური არგუმენტი ჯერ არ მომისმენია. (დგება და ირგვლივ იყურება.) სად არის თქვენი პალტო? (პალტოს შემოსასვლელ კართან პოულობს და ხელს სტაცებს.) აჰა! ვიპოვე! ახლა კი, ნება მიბოძეთ და...
პროფესორი: (წამოხტება და ოთახის მეორე ბოლოსკენ გარბის. თან ღრიალებს.) არ ჩავიცვამ!“
ჩემთვის სრულიად გაუგებარია „შემოკლება“; რატომ ამოაგდო მთარგმნელმა საკმაოდ ძვირფასი ნუანსები, რომელთაც შეეძლოთ სცენა უფრო ცოცხალი, ოდნავ სასაცილო და მეტად შინაარსიანი გაეხადა?
სამწუხაროდ, მსგავსი მთარგმნელობითი მიდგომა შემდგომშიც გრძელდება. მაგალითად, ერთგან არ ფიგურირებს ერთი ძვირფასი სიტყვა, სახელი, რომელიც ცვლის მთლიანად პროფესორის რეპლიკის ინტონაციას, მის პათოსს.
თარგმანი:
„პროფესორი: იმ მიზნით, რომ ისინი გულდამშვიდებით დავწვათ ქალბატონის გასათბობად. სხვათა შორის, არასწორად გავთვალეთ: თუ დაგვაჯერებთ, რომ კარიერისტები ვართ და სულიერება არ გაგვაჩნია, მაშინ წიგნებს კი არ დავწვავთ - რადგან ისინი ჩვენი მდაბალი ამბიციებისთვის გვჭირდება - არამედ თქვენ დაგწვავთ. თქვენ ხომ არაფერში გვადგებით.“
ამ პასაჟში გაპარულია ორი ლაფსუსი: ერთი, სიტყვა „ქალბატონის“ ნაცვლად - „ქალიშვილი“, და მეორე, ბოლოში აკლია „მარინა“: „თქვენ ხომ არაფერში გვადგებით, მარინა.“
ეს ორი ნუანსი თითქოს არაფერი, მაგრამ სინამდვილეში მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, პროფესორი აქ, ნებსით თუ უნებლიეთ, კეკლუცობს; მეორე მხრივ, ომია, ყველაფერი იწვის და ინგრევა, და შესაძლოა სერიოზულობის სასტიკი ელფერი დაჰკრავდეს პროფესორის ამ მცირე პერფორმანსს. პროფესორი მარინას, მის სტუდენტ გოგოს, მიმართავს „ქალიშვილოთი“, რითაც ჩნდება მიმზიდველობის ფარული, თუმცა აშკარა მოტივი, და ბოლო სიტყვით - „მარინა“ (სტუდენტი გოგოს სახელი), პროფესორი მასთან უშუალო, კონკრეტულ დამოკიდებულებას ამყარებს; მას ელაპარაკება პირისპირ, პროფესორსა და მარინას შორის (პირველის მხრიდან) უშუალო დამოკიდებულების ჰანგი ჩამოკრავს სახელის წარმოთქმით. თარგმანში ეს ყოველივე გამოტოვებულია, რითაც ეს მცირე პასაჟი მშრალი და ბრტყელი ხდება.
ან კიდევ, ასეთი პასაჟი: ორიგინალში -
მარინა (დანიელის წინ დგება. ნაზად უღიმის, ნამდვილი გრძნობით, მის ღიმილში ოდნავი პაროდიაც არაა). მე ვარ საშინელი? და შენ, დანიელ? და ომი?
დანიელი. თუ მართლა იმას ფიქრობ, რაც თქვი, არ მესმის, საერთოდ, როგორ გიყვარვარ!
მარინა. მეც აღარ, მეც აღარ მესმის. (ახლოს მიდის მასთან, ანგელოზურად. შეუმჩნევლად უკან იხევს.)
დანიელი. თუ მართლა იმას ფიქრობ, რაც თქვი, შენი საქციელი უღირსია.
მარინა (კვლავაც უახლოვდება). ჩემი საქციელი უღირსია, დანიელ. (ის მის წინ დგას, გაქვავებული. დანიელი წამით შეყოყმანდება, შემდეგ მარინას მკლავებში მოიცევს უმწეო ამოოხვრით.)
თარგმანში -
„მარინა: (წამოდგება. დანიელის პრისპირ დგას და ნაზად უღიმის, სრულიად გულწრფელად): მე ვარ საშინელი? იქნებ შენ, დანიელ? ან იქნებ ომი?
დანიელი: თუ მართლა ფიქრობ იმას, რაც თქვი, არ მესმის, როგორ შეიძლება გიყვარდე!
მარინა (კიდევ უფრო უახლოვდება.): უღირსად მოვიქეცი, დანიელ. (თითქმის აეკვრება დანიელს და ასე, გაუნძრევლად დგას. დანიელი ერთი წამით შეყოყმანდება, შემდეგ ერთს უძლურად ამოიხვნეშებს და მკლავებს მოხვევს.)“
სრულიად გაუმართლებელია ასეთი „მუშაობა“ პიესაზე. ვფიქრობ, არ არსებობს საჭიროება, განვმარტო, რამდენად დამაზიანებელია ასეთი „შემოკლებები“. ნუანსები, რომლისგანაც პიესა შედგება, კუნთების როლს ასრულებს მისი ჩონჩხისთვის, წარმოიდგინეთ ჩონჩხი, რომელზეც ზოგიერთი კუნთი გამოტოვებულია: როგორ იმოძრავებს ეს ჩონჩხი, რას დაემსგავსება ის?... შემეძლო კიდევ მომეყვანა მსგავსი მაგალითები ხსენებული თარგმანიდან, მაგრამ მკითხველის მოთმინებას დავზოგავ.
ერთი სიტყვით, რეჟისორს საკმაოდ დაზიანებული ტექსტი ეჭირა ხელში, ვიდრე სპექტაკლის დადგმას დაიწყებდა, ამდენად ის ხარვეზები, რომლებიც სცენაზე გამოჩნდა, ბოლომდე მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. კარგია, თუკი რეჟისორს, ყველაფერთან ერთად, ფილოლოგიური უნარებიც აღმოაჩნდება და უცხო ენის ბრწყინვალე ცოდნაც, მაგრამ ცხადია, მსგავს იმპერატივს ვერ წავუყენებთ მას და ამაში ნურავინ დაგვძრახავს. არარეალურია, რეჟისორისგან, ზოგიერთის გამოკლებით, ენციკლოპედიური ცოდნა მოვითხოვოთ იმის გამო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი, ამ შემთხვევაში მთარგმნელი, ცოდავს და თავის საქმეს ჯეროვნად არ ასრულებს.
არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ჯოხი ქალბატონ თამარ ხოსრუაშვილზე გადავტეხე; სინამდვილეში, ეს შემთხვევა, დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთია და არა ერთადერთი, რაც აჩვენებს მთლიანად თეატრის რეპროდუქციული მექანიზმის სერიოზულ ნაკლს, როგორი ხარვეზებით მუშაობს ეს მანქანა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ტიპის კულტურისათვის, რომელიც პირდაპირ იკვებება და საზრდოობს ნათარგმნი ტექსტებით - და ეს მხოლოდ ამ ეპოქას არ ეხება, არამედ მთლიანად ჩვენი კულტურის ისტორიას, - მთარგმნელი თითქმის ავტორის თანაფარდია; გულის ტკივილით განვიცდი, როცა სატელევიზიო სიუჟეტებში მთარგმნელის სახელს არც კი ახსენებენ; თავად რეჟისორებიც, ხშირად, ივიწყებენ, რომ მთარგმნელი არსებობს. აი, ასეთი მძიმე ლაფსუსები იცის მთარგმნელის დავიწყებამ! აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, და უპირველეს ყოვლისა გავიხსენოთ! - რომ მთარგმნელია თავი და თავი, როცა ნათარგმნი ტექსტი გვიჭირავს ხელში. მთარგმნელი უნდა იქცეს ქართული კულტურის ერთ-ერთ კერპად, თუ გვინდა, რომ ხარისხი თვალსა და ხელშუა არ დავკარგოთ, შეუმჩნევლად, თითქოს არაფერი მომხდარა...
პიესის ფაბულა უდავოდ საინტერესოა: ომია, პროფესორი თავის სახლში გამოკეტილა, თავის კერძო ბიბლიოთეკაში, წიგნების გარემოცვაში, შეფარებული ჰყავს მისი ასისტენტი ბიჭი, რომელსაც სახლი დაეწვა; ცოტა ხანში, ის იფარებს სტუდენტ გოგონას, ასისტენტი ბიჭის გერლფრენდს, რომლის სახლიც ასევე იბომბება.
ცივა, გათბობა არ არის, შეშაც აღარ არის, ისინი მხოლოდ წიგნებითღა თბებიან. დარჩენილია მხოლოდ ორი სკამი (ავეჯი და მაგიდა უკვე დაწვეს), რომლებსაც ბოლოს დაწვავენ. გოგო - მარინა ითხოვს წიგნებს დაუყოვნებელ დაწვას, ვინაიდან სიცივეა, „კაცებს ნაკლებად სცივათ, ვიდრე ქალებს“. ქალები არიან მცივანები, მათ იციან, რა ფასი აქვს ნამდვილ სითბოს, სხეულის სითბოს, - ამგვარია მარინას პოზიცია. და როცა მარინას არ ანებებენ წიგნების დაწვას, ის მიიწევს სხვისი სხეულისკენ, რათა გათბეს. ასე ხდება სექსი პროფესორსა და მარინას შორის: მარინა გასათბობად ჩადის მას, პროფესორი კი - ვნების გამო.
იდეური კონფლიქტი გამოიხატება დილემით, წიგნების ინტელექტუალურ ღირებულებასა და მათი მატერიალური სითბოს ეკვივალენტს შორის, ადამიანთა ზნეობასა და მათ წმინდა სხეულებრივ მოხმარებას შორის.
ტოტალური ომი - წაგებისთვის განწირულები ვართ! - გადაფასების მექანიზმის როლს ასრულებს ამ სამი ადამიანისთვის. ისინი ცდილობენ, არ გაიყინონ, მაგრამ ამავე დროს, უწევთ არჩევანის გაკეთება წიგნების რიგითობის მიხედვით: რომელი ავტორი დაწვან პირველი, რომელი - მეორე და ა.შ.
პიესაში არ ჩანს, აქვთ თუ არა საჭმლის პრობლემა, სად არიან მათი ოჯახის წევრები. ერთგვარი ჰიპოთეტური მდგომარეობაა, ფიქციური მოცემულობა, რაც კრავს პიესას და ფოკუსში აქცევს მხოლოდ ამ სამი ადამიანის სამყაროს. თუმცა, ჩემი აზრით, დრამის ოდნავ დეზორიენტაციას იწვევს უნივერსიტეტის ადგილი, რომელიც ფუნქციონირებს და სადაც გათბობის მილები ცხელია. გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რაში დაჭირდა ავტორს უნივერსიტეტის დამატება: პერსონაჟების - დანიელისა და მარინას გასვლა-შემოსვლის გასამართლებლად? იქნებ, კვლევის აქტუალობის შესანარჩუნებლად, - მიუხედავად ომისა, ჩვენ მაინც მკვლევრები ვართ, ესე იგი აქტუალურია წიგნები და ლიტერატურა, ისინი ძველ ღირებულებას ინარჩუნებენ მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის, სწავლა-განათლება გრძელდება!
კიდევ ერთი ნუანსი, რაც უნდა ითქვას: ავტორების სახელები ფიქტიურია პიესაში - ბლატეკი, ობერნახი, ესპერანდიო და სხვა (ფიქტიურია, ასევე, ნაწარმოების სახელწოდებანი, მაგალითად, „ობსერვატორიის მეჯლისი“). ისინი არ აღძრავენ კონკრეტული, ნამდვილი ავტორების გვარების უშუალო ასოციაციას. შედეგად, მაყურებელს გაუჭირდება გულთან ახლოს მიიტანოს წიგნების დაწვის პროცესი, მხოლოდ შეეძლება ჩათვალოს, რომ დიდი ავტორებია, პერსონაჟებისთვის ძვირფასი, რომელთა დაწვაც მათ ეძნელებათ. რეჟისორს შეეძლო გადაეჭრა ეს პრობლემა და ჩაესვა დიდ ფრანგ მწერალთა გვარები, გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით. ერთი სიტყვით, პიესის ინტერპრეტაცია, ყველაფერთან ერთად, საჭიროებდა ამ ამოცანის გადაჭრასაც: კონკრეტულსა და აბსტრაქტულს, რეალურსა და ფიქტიურს შორის იდეალური ბალანსი, რათა დრამამ მაყურებლის გულში ფესვები ღრმად გაიდგას.
ლუკა ინწკირველი გულმოდგინედ მიუდგა სპექტაკლის დადგმის ამოცანას. მან გამოიყენა მთელი სცენის სივრცე, მეორე სართულის ჩათვლით; სცენა ერთგვარ „დუპლექსს“ წარმოადგენს. სამი პერსონაჟის - პროფესორი - გიორგი ჯიქია, დანიელი - გიორგი ტაბიძე, მარინა - ანიკო შურღაია, - მოძრაობა აღიქმება, როგორც მოძრავი სამკუთხედი დიდ ოთხკუთხედში, რაც ესთეტიკური სიმეტრიის სასიამოვნო განცდას აღძრავს. „სამკუთხედი“ მოძრაობს ვერტიკალურად ორგანზომილებიან ოთხკუთხედში, შემდეგ სივრცულ კუბში ცურავს სხვადასხვანაირად. მაგრამ ეს არქიტექტურულ-სიმეტრიული ჩონჩხი, აბსტრაქტული არმატურა არ არის რეალიზებული შესატყვისი ფერწერით, როგორც რენესანსის მხატვრების შემთხვევაში.
თბილი ფერი - ალისფერ-ვარდისფერი, რომელიც სცენაზე იჭრება, რამპასთან ახლოს მყოფი ღუმლიდან ამოდის. ასევე, ეფექტურია განათების კაშკაში დაბომბვის დროს, სადაც მკვეთრი შუქი და სიბნელე ერთმანეთს ენაცვლება და აქაც, ფერწერის სინემატოგრაფიულ განცდას აღძრავს.
შუქისა და ხმაურის შეხამება ზუსტია, რასაც ვერ ვიტყვით მუსიკაზე. მუსიკის ადგილი და როლი, ვფიქრობ, ბოლომდე არ არის გარკვეული. იგივე ითქმის მუსიკის ჟანრსა და ტონალობაზე. მუსიკა - კომპოზიტორი - ერეკლე გეწაძე - იმდენად ჭარბადაა, ადგილ-ადგილ პარალელურად ვითარდება და ხელს უშლის მოქმედებას. ზოგჯერ, მოქმედება სრულდება და პერსონაჟები არ ინძრევიან, მუსიკის დასრულებას ელიან. ჟანრობრივად, წმინდა ჟღერადობით (ბგერების ბუნება და სიხშირე), მუსიკა მერყეობს როკსა და უხეშ ესტრადას შორის. სპექტაკლის შუაში კლასიკური ჰანგების შემოსვლა უჩვეულო კონტრასტს აღძრავს, რაც ვერ ღრმავდება და ზედაპირზევე შრება.
სპექტაკლს ყველაზე მეტად ინტიმურობა აკლია, მიუხედავად იმისა, სიუჟეტი, სწორედ, ინტიმურობაზეა აგებული. რეჟისორის მთავარი შეცდომა, ჩემი აზრით, სივრცის გადაწყვეტაშია: მან სივრცე უსაზომოდ გაშალა მაშინ, როცა ვფიქრობ, უნდა შეემცირებინა, შეემჭიდროვებინა. პერსონაჟების ღია მოძრაობა, ხშირი ასვლა-ჩასვლა, გასვლა-შემოსვლა წყვეტს იმ კონფლიქტურ კვანძებს, რომლებიც უნდა მოკრებილიყო ერთ ადგილზე, შენარჩუნებულიყო, მაგალითად, ღუმლის პირისპირ; მაყურებელს ვერ უნდა ამოესუნთქა და ვერც მსახიობებს - პერსონაჟებს, ერთმანეთის სიახლოვეში.
არ იგრძნობა მთავარი: გამყინვარება, სიცივის ატმოსფერო. არ ეტყობათ არც მსახიობებს და არც სივრცეს. სივრცე განძარცვული უფროა, ვიდრე გათოშილი. სპექტაკლის ხანგრძლივობა - საათზე მეტი, იწვევს სიცივის ასოციაციის გადასვლას მაყურებლის სხეულზე (ყურებისას პიჯაკს მჭიდროდ ვიკრავდი, თითქოს მციოდა), რაც სცენას აკლია, ის მაყურებლის სხეულში გროვდება.
ამას უნდა დაბრალდეს ის დისონანსი, რაც მსახიობების თამაშში ვლინდება. პროფესორი უფრო მეტად ემსახურება სივრცეს, ვიდრე შინაგან მოტივებს. ის დანიელს ხშირად მიმართავს „შვილოთი“, მაგრამ ეს ვერ აჩენს ოიდიპალურ სამკუთხედს სამ პერსონას შორის. მარინას მეტყველება უფრო რეალისტურია, როცა დანიელი ტონირებულად საუბრობს. ისინი „სწორად“ ასრულებენ დაგეგმილ მიზანსცენებს, მაგრამ მათ შორის რეალური წვა არ ხდება. მთავარი მიზეზი ისაა, რომ უსაზომო სივრცე არ იწვის.
რეჟისორი თავიდანვე აცდა ინტიმურობის კონსტრუირების გზას. დიდი სივრცე და აგრესიული მუსიკა მათ სიცარიელისკენ უფრო მიაქანებდა, ვიდრე განწირული სისავსისკენ. მიუხედავად ამისა, ლუკა ინწკირველი ცდილობს, მათემატიკური სიზუსტით ამოხსნას პიესის ნაწილები და ანატომიურად სწორად შეაერთოს ისინი. ამისთვის ის იყენებს გარკვეულ დამატებებს. დანიელი სპექტაკლში ნარკოდამოკიდებულია, თუმცა, გაუგებარია, როგორ შოულობს ნარკოტიკს (ცხადია, ეს შეუძლებელი არ ჩანს, თუნდაც ომის დროს). ნარკოტიკი და სასოწარკვეთა დანიელის სქესობრივ იმპოტენციას იწვევს, რის გამოც მარინა პროფესორზე ორიენტირდება. მარინა თავიდანვე ამბობს, რომ „ცხოველია“, მაგრამ სპექტაკლის ბოლომდე არ ჩნდება მასში მხეცი, რომელსაც უნდა შეერყია დანიელისა და პროფესორის ჩუმი იდილია. სიმხეცე მხოლოდ მარინას მოტივებსა და საქციელში ვლინდება: ის ბუქქილერი ხდება, წიგნების სერიული მკვლელი, მწველი, და ბოლო წიგნის დაწვას თავადაც ეწირება, როგორც საფუძველგამოცლილი - თავს იკლავს (სპექტაკლი შთამბეჭდავად სრულდება: მარინას გვამს პროფესორი აგიზგიზებულ ღუმეში, რომელშიც ბოლო წიგნიც დაიწვა, ჩაგდებას უპირებს, და შუქი ქრება...). სპექტაკლში ჩნდება იარაღი, ჯერ დანიელი უმიზნებს პისტოლეტს პროფესორს, მაგრამ მარინას შემოვარდნა განმუხტავს სიტუაციას, თუკი ამას განმუხტვა ქვია; რადგან იმავე იარაღით მალევე მარინა იკლავს თავს.
ვიზუალურად შთამბეჭდავია ღუმელი და წიგნების დაწვა (მხატვარი - თეო კუხიანიძე); მარინას გვამი სწორედ ამ ღუმელში ვარდება. ღუმელი არა მხოლოდ უბრალო ღუმელია, არამედ ერთგვარი შავი ხვრელი, რომელიც ითრევს და ფერფლავს ყველაფერს ღირებულს, იმედის მომცემს, ძვირფასს.
ნარკოტიკის მოტივს, რომელიც სწორი მიგნება მგონია, უნდა გაეღრმავებინა დანიელის - გიორგი ტაბიძის პერსონაჟი, ლირიკული და განწირული უნდა გაეხადა, მებრძოლი საკუთარ უმწეობასთან, მაგრამ ასე არ ხდება; ძირითადად, მას აღებინებს.
პროფესორის - გიორგი ჯიქია, პიროვნების გამოცვლა დადებითიდან უარყოფითად, საჭიროებდა მეტ დრამატულობას, მეტ შინაგან პროცესს, თუმცა, მისი თამაში ბრტყელია.
მარინა - ანიკო შურღაია ცდილობს სპექტაკლს ცეცხლი არ მოაკლოს, მაგრამ სპექტაკლი განწირულია სიცივისთვის, სიბრტყისთვის და სიცარიელისთვის. ამ გაფანტულობის ცქერისას, შესაძლოა დაგებადოს ღუმელში მყოფი სამი ადამიანის ხატი, ახლობლების, რომლებიც იწვიან და რაც უფრო იწვიან, იწვიან სიცივით. მაგრამ ეს ხატი, ცხადია, მაყურებლის წარმოსახვითი კომპენსაციაა იმ დანაკლისისა, რაც სპექტაკლს ახასიათებს.
მიუხედავად ყველაფრისა, ვერ ვიტყვი, რომ რეჟისორის მცდელობა ჩავარდა. მან ბევრი იშრომა და ეს არ უნდა დავუკარგოთ. ზოგჯერ, ფუფუნებაა ის, როცა შენი შეცდომები ამდენად სააშკარაოზე გამოდის და სხვას შეუძლია ისინი მიგანიშნოს. როცა მოსიარულე ადამიანს ვხედავთ, მხოლოდ მის გარეგნობას ვაფასებთ და გვავიწყდება, რამხელა შრომა გასწია ბუნებამ, რომ ის ფეხზე დაეყენებინა, რათა ეარა. შემდეგ, როცა მას მანქანა ეჯახება და იმტვრევა, მწოლიარეს რომ ვხედავთ, მაშინ ვაცნობიერებთ, რამდენი რამ მოაკლდა მას. და თუკი ის ისევ შეძლებს ფეხზე დგომას და გავლას, სწორედ მაშინ გვეუფლება საოცარი აღფრთოვანება.
პიესის სცენაზე გადატანა სწორედ ამას ჰგავს: დამტვრეული ადამიანი ფეხზე დააყენო, რათა გაიაროს. ესაა დაშლილი ნაწილების, ძვლებისა და კუნთების სწორად აწყობა და სწორედ იმგვარი ორგანიზმის შექმნა, რომლის ბუნებაც პიესის სათქმელს იტყვის, მაყურებელს აგრძნობინებს სულს, რომელიც ტექსტით მხოლოდ ნაკარნახევია. ლუკა ინწკირველის ანატომიურმა მოდელმა ძლიერი ნაბიჯების გადადგმა შეძლო და სირბილიც, მაგრამ ამ ორგანიზმის ბუნება ოდნავ აცდა თავის იდეალს. ვიმედოვნებ, მომავალში ეს ორი რამ რეჟისორის წყალობით ერთმანეთს დაემთხვევა და მსახიობებიც უფრო მეტად გამობრწყინდებიან.
და ბოლოს, ვფიქრობ, რეჟისორმა მომავალში მეტი უნდა იმუშაოს ინტერპრეტაციის საკითხზე, რომელსაც შეგვიძლია ადაპტაციაც ვუწოდოთ ფართო გაგებით. საწვავი შესაძლოა ინტერპრეტირებულიყო სამი ვარიანტიდან, როგორც -
-
პოლიტიკური ქვეტექსტი;
-
ეგზისტენციალური დრამა;
-
ოიდიპალურ-კულტურული სამკუთხედი.
პიესა დაიწერა 1994 წელს, არ ვიცი, ავტორი კონკრეტულად რომელიმე ომს გულისხმობდა თუ არა, მაგრამ დღეს „ყამირი ნიადაგია“ - მომიტევეთ სიშავისთვის!... - პოლიტიკური კონტექსტის საპოვნელად. კულტურულად, სწორედ, რუსეთზე მეტად, ალბათ, არცერთ ერს, არცერთ ქვეყანას არ შეესაბამება ასე ავთენტურად ამელი ნოტომის ეს დრამა. რუსეთი სწორედ ის სივრცეა, სადაც ბომბები და წიგნები, როგორც არსად, ურთიერთწინააღმდეგობაში მოდიან, სადაც ომი და ლიტერატურა ამდენად კონტრასტშია ერთმანეთთან. ასე რომ, რეჟისორს გზა ხსნილი ჰქონდა რუსი ავტორებისკენ, თუნდაც ფრანგი პერსონაჟები დაეტოვებინა. მეტიც, რეჟისორს გზა ხსნილი ჰქონდა რუსი პერსონაჟებისკენაც... გზა ხსნილი ჰქონდა უფრო ღრმა ადაპტაციისკენ!
მოკლედ შევაჯამოთ, ვინ არიან პერსონაჟები და რისთვის იბრძვიან:
მარინა - იცის, რომ მისი შეყვარებული ორგულია (ყოველ წელს ახალი გერლფრენდი ჰყავდა), მის მიმართ ნდობა არ აქვს; გათოშილია და მხოლოდ სითბოს ეძებს. ის თავიდანვე დამანგრეველ ელემენტად ჩნდება პიესაში, ნატაშასი არ იყოს, ჩეხოვის „სამი დადან“.
დანიელი - მექალთანე მკვლევარი, რომელიც პროფესორის და წიგნების მორჩილია.
პროფესორი - ავტორიტეტული მკვლევარი, რომელიც სინამდვილეში მალავს თავის ქვენაგრძნობებს, მალავს თავის ამორალობას.
მთელი რუსეთი პრაქტიკულად პატარა ხელისგულზეა. დრამა შთამბეჭდავი გამოვიდოდა. ქართველი მაყურებელი უფრო იგრძნობდა კონფლიქტის ჭეშმარიტებას, მით უმეტეს ამ სახელებთან ერთად: დოსტოევსკი, ჩეხოვი, ტოლსტოი, გოგოლი... რეჟისორი ხელახლა „გადაწერდა“ ამელი ნოტომის პიესას, გადაასხვაფერებდა, გაამდიდრებდა კომიკური და ლიტერატურული რეპლიკებით.
დანარჩენი ორ ვერსიიდან რომელიმეს რეალიზების შემთხვევაშიც, სპექტაკლი არსებითად გადარჩებოდა. მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით ამ ორის ნაზავი გვაქვს ფრაგმენტული სახით, დამსხვრეული კვერცხის ნაჭუჭივით. ერთი სიტყვით, მეტი ყურადღება ჭირდება სამაგიდო მუშაობას, ტექსტის დამუშავებას, რომელიც მხოლოდ წაკითხვას არ გულისხმობს. მეტი თეორიაა საჭირო, მაგრამ ჩვენთან „თეორია“, უფრო მეტად, თეატრის ზოგად თეორიად, ანუ თეატრის კონცეფციად (არტოს თეორია, გროტოვსკის თეორია...) ესმით... თეორია, თავის არსში, რეალობის ნიშნების წაკითხვაა. მხოლოდ ასე შეიძლება შედგეს დაწერილის რეკონსტრუქცია (მინდოდა დერიდას ტერმინი გამომეყენებინა „რეკონსტრუქციის“ ნაცვლად, მაგრამ მომერიდა...).