3+3 „სიზმარს მოვუყვები მთვარეს“
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ნუცა კობაიძე
3 + 3
„სიზმარს მოვუყვები მთვარეს“
სანამ სპექტაკლზე გადავიდოდე, არ შემიძლია არ აღვნიშნო რეაბილიტირებული ოზურგეთის თეატრი, რომელიც დღეს უკვე ევროპის სტანდარტებს აკმაყოფილებს თავისი ინფრასტრუქტურით. პანდემიისა და რემონტის მიუხედავად, დასი არ გაჩერებულა, მოამზადა 7 პრემიერა. სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ, მოიწვია არაერთი რეჟისორი თუ მსახიობი იმისათვის, რომ მრავალფეროვანი რეპერტუარით გაეხსნა სეზონი. აღსანიშნია ისიც, რომ ახალი სივრცე სამხატვრო ხელმძღვანელმა თავისი სპექტაკლით კი არა, არამედ მოწვეული რეჟისორის წარმოდგენით საზეიმოდ გახსნა. სწორედ ამ სპექტაკლს განვიხილავთ თქვენთან ერთად.
როცა სრულ ინფორმაციას მხოლოდ ერთი ადამიანი ფლობს, მას უკვე დიდი ძალაუფლება აქვს და შეუძლია ისე მომართოს ცხოვრება, როგორც სურს. ასეთი პერსონაჟი რეჟისორ იოანე ხუციშვილს „3+3“-ში (ოზურგეთის თეატრში დადგმული სპექტაკლი) და „ალტონელ განდეგილებში “(თავისუფალ თეატრში დადგმული სპექტაკლი) ჰყავს. რა აქვთ საერთო ჯოჯის (შორენა გვეტაძე „3+3“) და ლენის (ნუცა სულაბერიძე „ალტონელი განდეგილები“) ? ორივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის და არის, ორივეს ავადმყოფური ლტოლვა აქვს სუსტზე ბატონობისკენ, რაც, თუნდაც, ზედმეტ ყურადღებასა და ზრუნვაში გამოიხატება. ეს, თითქოს კეთილშობილების ნიღაბს ამოფარებული ბოროტება სასიკვდილოდ სწირავს ოჯახის წევრებს. ორივე სპექტაკლის ფინალში ორი გარდაცვლილია - მშობელი და შვილი. თუმცა „სამს პლიუს სამში“ პიესის დასასრული სხვანაირია, რეჟისორი ცვლის ფინალს, ამძაფრებს სიუჟეტს, ტრაგედია აჰყავს უმაღლეს მწვერვალამდე და დედასთან ერთად ღუპავს შვილსაც.
რა იგულისხმება, როცა ვამბობთ: ინფორმაციის ფლობით ძალაუფლებას? - ლენი („ალტონელი განდეგილები“) ოთახში გამოკეტილ ძმასთან არავის უშვებს და ოჯახის წევრებთან ცვლის ისეთ ინფორმაციებს, რაზეც წვდომა არ აქვთ. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მისი ძმა ჩაკეტილი ოთახიდან არასდროს გამოვიდეს, მხოლოდ მას უნდა ეკუთვნოდეს ფრანცი (ძმა - გიორგი ზანგური). დაახლოებით იგივე სიუჟეტი ვითარდება სპქტაკლში „3+3“ ჯოჯი თავის ქმარს (ვახო ჩხარტიშვილი), რომელიც მისი ყოფილი სიძეა, უყვება ბაუკის (ჯოჯის და - თამარ მდინარაძე) უმძიმესი ავადმყოფობის შესახებ, იმისთვის რომ არასდროს გაუჩნდეს მიტოვებული ცოლის ნახვის სურვილი და ამით საფრთხე არ შეუქმნას მათ უღელს.
სუსტზე გამარჯვების სურვილი, მხოლოდ დაჩაგრული ადამიანის კომპლექსია. პიესის ახალ ვერსიაში, რომელიც დრამატურგთან (მანანა დოიაშვილი) ერთან რეჟისორმა შეცვალა, ამოღებულია ფრაზა, საიდანაც იშიფრება ჯოჯის ტრავმა - “იცი დედა მახსენდება, რომელიც მე არასოდეს მომფერებია“ და ანაცვლებს წინადადებით - „ნუ მეფერები ასე, დედა მახსენდება“ რაც ცვლის ტექსტის შინაარსს. პირველ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს პასუხი კითხვაზე - რატომ ერჩის შენიღბულად ჯოჯი საკუთარ დას, ხოლო მეორე ვერსიით, ჯოჯის, უბრალოდ ტკივილს აყენებს იმის გახსენება, თუ როგორ ეფერებოდა მას დედა. თუმცა, არ გამორიცხავს ადაპტირებული ტექსტი პირველწყაროში მოცემულ შინაარსს.
ცისფერი ფარდა, რომელიც პერიოდულად იხსნება და იხურება, ხან ღიად გვაჩვენებს რა ხდება ოჯახში, ხან გარედან გვაყურებინებს განვითარებულ მოვლენებს. ცხოვრებაც ხომ ასეა, ყველამ ყველაფერი ვიცით, რაც არ უნდა დაფარულად, ოჯახის შიგნით ვითარდებოდეს მოვლენები. მნიშვნელოვანია ოთახის ინტერიერი, სადაც არაფერია ვიწრო ლაბირინთივით გაყვანილი გზის გარდა. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასეთ ოთახში გადაადგილდებოდეს ეტლით ადამიანი, მას თითქმის არ აქვს მოტრიალების საშუალება, უნდა იაროს ან წინ, ან უკუსვლით. ეს ის შემთხვევაა, როცა რეჟისორი და მხატვარი (თეო კუხიანიძე) ჰარმონიულად მუშაობს სპექტაკლის შექმნაზე, ამას ემატება მუსიკალური გაფორმება (გიორგი ჯიქია) და... აი ისიც, ჩვენ წინაშეა გამართული, დახვეწილი, გემოვნებიანი წარმოდგენა.
მთვარე ლაიტმოტივად გასდევს პიესას. მასთანაა დაკავშირებული საკრალური ციფრი - შვიდი, მითოლოგიით მნათობი გამოხატავდა მასში არსებულ შვიდ სულს. პიესაშიც 7 პერსონაჟია, აქედან ორი გარდაცვლილი - ბაუკის და ჯოჯის დედა და დორეს (ჩეტის საქმრო - ნიკა ძნელაძე) ბავშვობის მეგობარი ჩესა. მათმა არსებობამ ტრაგიკული როლი ითამაშა და კვანძი შეკრა ნაწარმოებში. დორეს უყვარდება ჩეტი (ბაუკის ქალიშვილი - ციცი ბუცხრიკიძე), რომელიც აგონებს თავის გარდაცვლილ მეგობარს სუნით, წითელი ტუჩებითა თუ თმის ფაქტურით. დედის ალერსს მოკლებულ ჯოჯის კი კულმინაციამდე მიჰყავს დრამა.
მთვარე - „ღამის დედოფალი“, მუდმივ გარდაქმნაში მყოფი, თუმცა მის არსში უცვლელი, არ ათბობს, მაგრამ ანათებს. ის ბაუკის ერთადერთი მესაიდუმლეა, წელს ქვემოთ მოწყვეილი ქალის ერთადერთი მეგობარი, რომელსაც ოჯახის წევრები მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. დახეული კაბა, დახეული სურათები, გატეხილი ფაიფურის ძაღლი - ყველაფერი მის სომნამბულიზმს ბრალდება. მთვარეულ ადამიანს არ ახსოვს რას აკეთებს, ამ დროს ტვინი აღვიძებს ორგანიზმს და მას ყველაფრის გაკეთების უნარი შესწევს, ძილის მდგომარეობა კი გრძელდება; ხოლო დილით, როცა იღვიძებს გონება, აღარაფერი ახსოვს. მთვარეს დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქიკაზე, სწორედ ამიტომ სჯერათ, რომ მთვარის გარკვეული აქტივობების დროს ადამიანები ძილში „ფხიზლდებიან“. ასე დაბრალდება ბაუკის მთვარეულობა და შვილის მკვლელობა, რასაც ქალი თვითმკვლელობამდე მიჰყავს.
არქაული გადმოცემის თანახმად, მთვარე ერთიანი, ორსქესიანი და სამსახოვანია, რომელიც ერთ არსში წარმოადგენს დედას, ჩვილს და ახალგაზრდა ყმაწვილს („მთვარე და მისი ოკულტური მნიშვნელობა“). იმის ნაცვლდ, რომ ახალნამშობიარები ქალის გვერდით ყოფილიყო ჩვილი, ბავშვი მამას ეწვა, დედობას დეიდა ჯოჯი უწევდა, ხოლო დაინვალიდებული ქალი სამშობიაროში დარჩა. აქედან დაიწყო ეჭვიანობა და ქალიშვილის შეზიზღება - „დავრჩით მე და მთვარე. ისიც ჩემსავით ცაზე ერთსა და იმავე ადგილას დაჭედებული. ჩეტი გაიზარდა შენი ხასიათით და ჩემი გარეგნობით. დღისით ვერ ვიტანდი ბავშვს. ღამე კი მიყვარდა. მიყვარდა.. მიყვარდა სიგიჟემდე და მეცოდებოდა იმიტომ, რომ არსებობდა ადამიანი, რომლის შეცოდებაც მეც შემეძლო და ეს მაწყნარებდა.“
კიდევ ერთი პარალელი „ალტონელ განდეგილებთან“ - ინცესტი. იქ თუ პირდაპირ ვაწყდებით და-ძმის სექსუალურ ურთიერთობას და მამის ლტოლვას ქალიშვილის მიმართ, აქ ვხედავთ, როგორ აიძულებს დედა თავის შვილს, რომ მის ნაცვლად ჩაჯდეს ეტლში და თავი მოაწონოს საკუთარ მამას. ბაუკი თანახმაა დარჩენილი ცხოვრება გაატაროს შეკეტილ ოთახში და ჭუჭრუტანიდან უყუროს ჩეტის და გვეძის ურთიერთობას, ოღონდ მის სახლში, მის სიახლოვეს ხდებოდეს ეს.
ფინალი - „ჰეფი ენდი“- ჯოჯი გვეძის თმობს, ბედნიერი ბაუკი თავის შვილს უხმობს, ამ დროს გათამაშების მიხედვით ჩეტი „გარდაცვლილი“ შემოჰყავთ, მის მკვლელობას აბრალებენ მთვარეულ დედას (იმის გარკვევა, თუ ვინ არის მკვლელი, ჩემი აზრით, ცოტა ზედმეტია, საპნის ოპერის სიუჟეტს ჰგავს). „ჰეფი ენდი“ იცვლება, ფარდის მიღმა მოსჩანს ჩამომხრჩვალი ბაუკი, შემზარავ სანახაობას კიდევ უფრო ამძაფრებს ეტლი, ქალი ეტლიანად კიდია და ქანაობს. ჯოჯი, გვეძი და დორე ბედნიერები არიან, მოიშორეს დიდი პრობლემა, მაგრამ ჩეტი აღარ დგება, ის სამუდამო ძილს მიეცა...
არტემიდა - მთვარის ღვთაება, რომელსაც ადამიანებს წირავდნენ მსხვერპლად.
რეჟისორმა იოანე ხუციშვილმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა ფინალში და ლოგიკურად დაასრულა პიესა. ყველაზე დიდი მსხვერპლი უმწეო გოგონაა, რომელსაც ყველაფერი წაართვეს, მარიონეტად აქციეს. ის არც დედას უყვარდა, არც დეიდას, არც საქმროს და არც მამას.
ისევე როგორც „ალტონელ განდეგილებში“ (ნუცა სულაბერიძე და ნატალია ყულოშვილი) „სამს პლიუს სამშიც“ არ შემიძლია არ გამოვყო ორი ქალი: თამარ მდინარაძე და ციცი ბუცხრიკიძე, მათ შექმნეს ფსიქოლოგიურ დრამას მორგებული შთამბეჭდავი სახეები. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სპექტაკლი შეემატა ოზურგეთის თეატრის რეპერტუარს, ვანო ხუციშვილის და მანანა დოიაშვილის ერთობლივი პროექტით.