რაც მომხდარა, იგივე მოხდება
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
რაც მომხდარა, იგივე მოხდება
ქართული თეატრის სცენაზე კლასიკოსი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის პროზაული ქმნილებები უფრო ხშირად იდგმება, ვიდრე მისი ადრეული პერიოდის, ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი ერთადერთი პიესა „შერცხვენილნი“, რომელიც ავტორმა 1907 წელს დაწერა. აშკარაა, რომ პიესა 1905 წლის რევოლუციური მოძრაობითა და მისი შედეგებით არის ინსპირირებული, რომელიც საზოგადოებისა და ლიდერის ურთიერთობის ურთულეს პერიპეტიებს წარმოაჩენს. პიესაში წამოჭრილი პრობლემები მარადიულია და შესაბამისად, დღესაც მნიშვნელოვანი, რომელიც ვფიქრობ, არც მომავალში დაკარგავს აქტუალობას. ერთ სოფელში მომხდარი ამბავი სცილდება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალს და ის განზოგადების საშუალებას იძლევა. ამიტომაც, რეჟისორმა ალექსანდრე ქანთარიამ სპექტაკლის დადგმისას პიესას სახელი შეუცვალა და მას „სოფელსა შინა“ უწოდა, რითაც კიდე უფრო განაზოგადა პრობლემა დროსა და სივრცეში.
პიესა დრამატურგიული სტრუქტურისა და სიუჟეტის სიცხადის თვალსაზრისით არ არის იდეალური, მაგრამ მასში არის იდეა (ვისთვის მისაღები და ვისთვისაც მიუღებელი) და მწერლის ოსტატობით აგებული დიალოგები. სწორედ დრამატურგიული ხარვეზების აღმოფხვრას შეეცადა რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, როცა პიესის სცენური ინტერპრეტაციისას მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანა: „გაასუფთავა“ ლირიკულ-სენტიმენტალური ჩანართებისგან და გააჩინა ახალი პერსონაჟი ჯიბო (მიშა ღომიძე), ფსიქიკურად არამდგრადი ახალგაზრდა ბიჭი, რომლის გულწრფელ და ყველაზე ზუსტ ნათქვამს სერიოზულად არავინ აღიქვამს. პერსონაჟები გამართული ლიტერატურული ქართული ენით საუბრობენ. ამ სტილისტიკას მკაცრად იცავენ ბათუმის თეატრის მსახიობებიც, თუმცა ტექსტი რამდენიმე შემთხვევაში, მსახიობებს პათეტიკურობისკენაც უბიძგებს (თუნდაც ელისოს (თამარ ბოლქვაძე) ბოლო მონოლოგი). მაგრამ საუბრის აღმატებული და ზეაწეული ტონალობა ისეთი ორგანული გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ პერსონაჟთა მოჭარბებული გარეგნული ემოციურობა, ლოგიკური და ორგანულიც კი ხდება კონკრეტულად ამ სპექტაკლში.
მიუხედავად იმისა, რომ სცენოგრაფი გოგლა გოგიბერიძე წარსული დროის ატმოსფეროს ქმნის სცენაზე, მსახიობები დღევანდელ ამბავს და თანამედროვეობის ქრონიკებს გვიჩვენებენ. სპექტაკლშიც, როგორც ხშირად ქუჩაში, ისმის მომიტინგეების შეძახილები: „სა-ქართ-ვე-ლო!!!“, ტრიბუნასთან მდგარი გაწონასწორებული თუ გაუწონასწორებელი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ხალხის სახელით ლაპარაკობენ და დაბნეული მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად იხრებიან ძლიერისკენ.
სცენაზე ბათუმის დრამატული თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები დგანან, რომლებიც ანსამბლურობას ქმნიან, რადგან მათი სცენაზე მუშაობის სტილისტიკა და ხერხი, რომელიც მათ რეჟისორმა შესთავაზა მუშაობისას, გაზიარებულია და სრულ ჰარმონიაშია. ერთი მხრივ, სპექტაკლში ვხედავთ სხვადასხვა ასაკის მრავალფეროვან საზოგადოებას, განსხვავებული შეხედულებებითა და მსოფლმხედველობით, ხასიათით, ხოლო მეორე მხრივ, მსახიობებს, განსხვავებული შემოქმედებითი შესაძლებლობებითა და ოსტატობის ხარისხით (ყველაზე უფრო თვალშისაცემია არა მხოლოდ სასცენო მეტყველების კულტურა, არამედ მსახიობის სცენიდან საუბრის ტექნიკა). ბევრი მათგანი უკვე არაერთხელ გვინახავს მსგავს ამპლუაში, მაგრამ სპექტაკლში მონაწილე მსახიობთაგან არიან ისეთებიც, რომლებსაც შეუძლიათ სახასიათო ტიპაჟის შექმნა. სპექტაკლში მონაწილეობენ: მამუკა მანჯგალაძე (შალვა); ავთანდილ ქარჩავა (გიორგი აბელაშვილი); ლია აბულაძე (მაიკო); ტიტე კომახიძე (ესტატე); ქეთევან ეგუტიძე (ბაბალე); თამარ ბოლქვაძე (ელენე);ლაშა კონცელიძე (ვანო); მარიამ გოგეშვილი (ტასო); ზაალ გოგუაძე (ექიმი გელაშვილი); დავით ჯაყელი (ქაიხოსრო); კახა კობალაძე (სანდრო); ნოდარ იაკობაძე (თავადი ლუარსაბიძე); სესე მიქავა (თავადი მამუკა); ლევან თედორაძე (გიგლა); გიორგი ყურავა (კოტე); დავით წერეთელი (გიგო); ჯემალ ველიაძე (მიტრო); მიშა ღომიძე (ჯიბო); თეონა შამილაძე (გლეხი ქალი); რამაზ ღორჯომელაძე (გლეხი); გიორგი ფირცხალაშვილი (გლეხი); ზურაბ გორგილაძე, თორნიკე ბარამიძე, ქეთა ბარამიძე, ანი შათირიშვილი (რაზმელები, გლეხები).
სპექტაკლში ათზე მეტი სხვადასხვა თაობის და ხასიათის მოქმედი პირია, მაგრამ ყველაზე მეტად, პირადად მე, ეპიზოდური როლების შემსრულებლები - ჯიბო (მიშა ღომიძე), გლეხი ქალი (თეონა შამილაძე), ტასო (მარიამ გოგეშვილი) და ესტატე (ტიტე კომახიძე) დამამახსოვრდა, რომლებმაც შექმნეს ორიგინალური სცენური ტიპაჟები, სახასიათო პერსონაჟები.
სპექტაკლში ძალიან საინტერესო, დაძაბული და დრამატული დიალოგი იმართება მთავარ გმირ შალვას (მამუკა მანჯგალაძე) და სანდროს (კახა კობალაძე) შორის:
-
იმედი გაქვს, რომ ეს ხალხი არ გიღალატებს?
-
არ მიღალატებს!
-
და მაგ იმედით გინდა, რომ მტერს დახვდე? ...იმას კი გეტყვი, რომ ტყუილ უბრალოდ იღუპავ თავს, სოფელსა შინა იყო და სოფელმან იგი ვერ იცნო... ამის მეტს არაფერს გეტყვი...“ მსახიობები ამ ეპიზოდში განსაკუთრებით უშუალოები, გულწრფელები და შესაბამისად დამაჯერებელნი არიან.
სპექტაკლის, როგორც მხატვრული პროდუქტის შეფუთვაში, მნიშვნელოვანი წვლილი სცენოგრაფიას, მუსიკასა და მოძრაობას მიუძღვის. გოგლა გოგობერიძეს კონცეპტუალური სცენოგრაფია სპექტაკლს მეტ ესთეტიკურობას და პოეტურობას სძენს. სცენაზე სოფლის პანორამა იშლება, ზამთრის ცივი პეიზაჟით, კარალიოკით დახუნძლული ხეებით, ძველი ავეჯით, რომელიც საფლავის ლოდებად ქცეულა და ზამთრისთვის მომარაგებული შეშით, რომელიც სპექტაკლის განმავლობაში თამაშდება და მეტაფორულ დატვირთვას იძენს, ისე როგორც კარალიოკის ხე, რომლისგანაც გადამწიფებული ნაყოფი მიწაზე ცვივა. ატმოსფეროს შექმნაში განსაკუთრებულ როლს ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის ორიგინალური მუსიკაც თამაშობს, რომელიც მხოლოდ ფონი კი არ არის მოქმედების, არამედ სიუჟეტის ერთ-ერთი წარმმართველიცაა ატმოსფეროს შესაქმნელად. საგრძნობლად უმუშავია ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძეს, რომელიც ბათუმის თეატრის დასს კარგად იცნობს და მსახიობებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მსახიობთა ყველა ქმედება და მოძრაობა ზუსტია, ლოგიკური და დახვეწილი, რომელიც პერსონაჟის ხასიათის შემადგენელ ნაწილად და მთავარ პრეზენტატორად გვევლინება.
სპექტაკლში წარმოჩენილია ჩვენი საზოგადოების ფართო პალიტრა: ადამიანები განსხვავებული შეხედულებებით, გულწრფელობითა და ფარისევლობით, ეგოიზმითა და უმადურობით, იდეებისა და ერთმანეთისადმი ღალატით, სასოწარკვეთითა და იმედგაცრუებით, გმირებითა და ფსევდო გმირებით, ღირსებებითა და ადამიანური სისუსტეებით. დიახ, ასეთია ჩვენი, საზოგადოება (და არა მხოლოდ ჩვენი), რომელსაც ადამიანები ქმნიან, რაც იყო, ყოველთვის იქნება და რაც მომხდარა, ისიც ყოველთვის მოხდება. ხელოვნების მიზანი კი სწორედ ისაა, რომ მაყურებელს სარკეში ჩაახედოს და დააფიქროს იმაზე, თუ რისთვის ღირს ცხოვრება და არა იმაზე თუ როგორ. არჩევანი ისევ ჩვენზეა და საბედნიეროდ, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია ამ არჩევანს გვიტოვებს და თავზე არ გვახვევს ერთ რომელიმე დომინანტ იდეას.
ალექსანდრე ქანთარიას „სოფელსა შინა“ პირველი შეხვედრაა ბათუმის თეატრის დასთან არა მხოლოდ როგორც რეჟისორის, არამედ როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის. ეს პიესაც რეჟისორმა, როგორც ჩანს, არა მხოლოდ მისთვის აქტუალური თემის გამო შეარჩია, არამედ მსახიობთა შემოქმედებითი რესურსის გასაცნობადაც. ვფიქრობ, მომდევნო დადგმებში მათი შემოქმედებითი კოლაბორაცია არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ განვითარების ახალ საფეხურზეც ავა.
ფოტო: თორნიკე თავაძე