top of page

სონატა მარტოსულებისთვის

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

CC4A4237.jpeg

სონატა მარტოსულებისთვის

 

ლელა ოჩიაური

კოტე მარჯანიშვილის თეატრში მისული მაყურებელი მოულოდნელ გარემოში აღმოჩნდება. დიდი დარბაზი შეცვლილია. პირველი ექვსი რიგი აღებულია, სცენა მაყურებლის სკამების დონეს უსწორდება და თუ, ვთქვათ, ადგილი მეშვიდე რიგში გაქვს, პირველში აღმოჩნდები. შემდეგ - რიგის მიხედვით. ახლოს და „თანასწორად“ სცენასთან, დისტანციის გარეშე, რაც ქმნის ახალი სივრცის ილუზიას. უცხოსა და უჩვეულოს.

„მარჯანიშვილმა“ კარის გახსნა, ამ სიახლითა და სამი ახალი სპექტაკლით „აღნიშნა“ - თემურ ჩხეიძის „იდუმალი ვარიაციებით“ (ერიკ-ემანუელ შმიტის პიესაზე), ლევან წულაძის  „დანაშაული და სასჯელით“ (ფიოდორ დოსტოევსკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით) და ლევან წულაძისა და თემო კუპრავას „კრეიცერის სონატით“ (ლევ ტოლსტოის მოთხრობის მათივე ინსცენირებით).

„კრეიცერის სონატა“ ლევ ტოლსტოის (საერთოდ, რუსულ ლიტერატურაში) ალბათ ყველაზე მოულოდნელი და რებუსებიანი ნაწარმოებია.  თითქოს მარტივი წყობი, სინამდვილეში, ურთულესი, მძიმე კონსტრუქციისა და არსის. დროიდან ამოვარდნილი და ამიტომაც, დღესაც თანადროული. ბევრი მიზეზითა და თვისებით.  რა თქმა უნდა, არ დავიწყებ ამ უცნაურზე უცნაური მოთხრობის აღწერასა და მასთან დაკავშირებული ამბების გამეორებას. არც იმას გავიხსენებ, ვინ, სად, როდის დადგა სპექტაკლი თუ ფილმი გადაიღო მისი მიხედვით. არც ბეთჰოვენის „კრეიცერის სონატას“ აღვწერ და მისი შექმნის ამბავს მოვიყვან, სამაგალითოდ. ცნობილი ისტორიებია.

„მარჯანიშვილის“ „კრეიცერის სონატას“ ინსცენირების ავტორები და რეჟისორები - ლევან წულაძე და თემო კუპრავა (რეჟისორის თანაშემწე ნინო ჟორჟოლიანი) სპექტაკლში ასევე ბევრ რებუსსა და ქარაგმას იყენებენ და ასეც აგებენ,  აწყობენ, ავითარებენ ამბავსა და მთავარ სათქმელს ფენებად ატრიალებენ.

მათი ჩანაფიქრითა და გადაწყვეტით, მოთხრობის აქცენტები გადაადგილდა, ახალი მიმართულება, დატვირთვა  შეიძინა. ტექსტზე, ფორმაზე, ჟანრზე მიჯაჭვულობისგან გათავისუფლდა. მონოლოგის წამყვანთან ანუ ვასილ პოზდნიშევთან ერთად, მისი მონათხრობის გმირებიც მოქმედ პერსონაჟებად იქცნენ, გამრავლდნენ. ხორცი შეესხათ, სახეები, თვისებები, ემოციები, სათქმელი გაუჩნდათ. ავტორი  გაქრა. 

ეს აღარაა მომხადრი ამბის მხოლოდ მთავარი გმირის ვერსია და მისი დამოკიდებულებების, ხედვის, აღქმის მისეული ინტერპრეტაცია. ის, რაც, რატომაც და როგორც  „მოხდა“, რაც  მისი პოზიცია, განსჯა, შეფასებები იყო, რეალურ მოცემულობაში გადავიდა. საზოგადოებისა თუ მისი არსის გარედან დამკვირვებლისა და პოზიციის ინდივიდუალური გამოვლინება, „შიგნით“ შევიდა, ვასილ პოზდნიშევის ისტორიის გარშემო აეწყო და  გაიხსნა და ამოიხსნა.

„ცოცხალ“ მონაწილეებად, დამკვირვებლებად და შემფასებლებად თვითონ პერსონაჟები იქცნენ. და არა, ვთქვათ, მთხრობელი, მოკლე რეპლიკებით, კომენატრებითა და კითხვებით, რომლებითაც ის  მოთხრობაში, მატარებელში, შემთხვევითი თანამგზავარს უსმენს, მის ამბავს ეხმაურება და თან მის ნაამბობს „სიტყვა-სიტყვით“ ყვება.

თავიდან თითქოს ვერ ხვდები - რას თამაშობენ სცენაზე - თამაშობენ, რომ ვითომ გადაღებაა, რომ გადაღება მთავრდება და ცხოვრება გრძელდება, რომ შემდეგ ისევ გადაღებაა, ოღონდ შეუმჩნეველი გადასვლით ერთი რეალობიდან მეორეში. შემდეგ დრო და ადგილი - ქვეყანაც კი, იცვლება და წარსულში გადავდივართ. შედეგ ისევ აწმყოში ვბრუნდებით.

დრო აჭრილია - კინოგადაღება, რითაც იწყება სპექტაკლი და შემდგომ, თითქოს ამ ფორმატში ექცევა, სპექტაკლის მსვლელობისას არაერთხელ არღვევს თავისივე საზღვრებს.

დრო და ადგილები იცვლება, როგორც მატარებლის ფანჯრიდან დანახული  და ჩავლილი  პეიზაჟები, ან დეკორაციის დიდ ფარებზე - კედლებზე - პროექცირებული ბაღის ხედები, აყვავებული, ყვავილცვენითა  და დათოვლილი. ახლო ხედით გადაღებული და გამრავლებული სახე სხვადასხვა სიბრტყეზე, ღრუბლები,  გამოსახულების წყვეტა, ხარვეზი, კვლავ დაბრუნებული სხვადასხვა გამოსახულება, სევდისა და სიმშვიდის მომგვრელი. (დავით დვალიშვილის ვიდეოინსტალაცია). დრო გადის და ყველაფერი მთავრდება. 

შრეებად განლაგებული სიბრტყეები და ხედები.  სცენის სიღრმე (ჩაკეტილი და გახსნილი), სცენის  ათვისების თავისებური მანერა. მიზანსცენების გადანაწილება და შერევა. ერთი სცენა მეორეს ცვლის. ერთი ეპოქა მეორეს. თამაშის, თხრობის ერთი ხერხი, სხვა დანარჩენს.

რასაც ვხედავთ, თითქოს ფილმია. ეს მინიშნება თუ პირობა სპექტაკლის პირველ ეპიზოდშივე აშკარაა - გადაღების მოედანი მზადაა, მსახიობები მოთხრობის პირველ სცენას გადიან, კამერა ჩართულია - „კრეიცერის სონატას“ იღებენ.  კინოგადაღება ლოგიკურად იძლევა წარსულში - მე-19 საუკუნეში გადასვლის შესაძლებლობას და თან დღევანდელობაში - გადაღების დროში გტოვებს. ცხოვრება ადვილია, როდესავ გადაღებაა, კინოა და  სინამდვილეში არ ხდება. ან, როგორც ავი სიზმარიდან  გამოღვიძება და გამოფხიზლება რომ გვიხარია, რადგან კოშმარი სიზმარი ყოფილა. აქ ასე არაა.

მთავარი მაინც ისაა, რომ თვითონ სპექტაკლია თითქოს კინოს პრინციპითა და ხერხებით დადგმული და გადაღების პროცესის ქაოსი, სხვადასხვა, თითქოს, არათანმიმდევრული ეპიზოდი, „შავად“ დამონტაჟებული და ზუსტ ლოგიკას მოკლებული, სათქმელის მეტი დაშიფვრისა და მოვლენების განვითარების მეტ თავისუფლებას იძლევა.  საზღვრები თავისუფლად ირღვევა და ერთი სიბრტყიდან თუ განზომილებიდან სხვაში გადასლა დაუბრკოლებლად ხდება.

მუსიკალური თემა და საერთო მუსიკალური რიგიც იგივე პრინციპითაა აწყობილი. (მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი). მუსიკა ისევე „ჩართულია“, როგორც კინოში. სონატის ფრაგმენტები და სხვა მუსიკალური თემები, ფრაგმენტები, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა შეგრძნებითა და აზრით ავსებენ, ინფორმაციულ, ემოციურ ქმედითობასთან  ერთად, არაორდინარულ აზრობრივ დატვირთვას იძენენ.

როლებიც იცვლება. ან ერთმანეთში ირევა, იმის მიხედვით, რა ხდება, რა უნდა მოხდეს და რა უნდა ითქვას. მსახიობები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟს ასახიერებენ, ეპოქიდან ეპოქაში, ჟანრიდან ჟანრში გადადიან, სახასიათო, მკვეთრად სახასიათო, დრამატულ და ტრაგიკულ სახეებამდე. ამისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებენ, სხვადასხვაგვარად აფასებენ მოვლენებს მათივე ჩართულობითა თუ გარედან, სხვადასხვა ნიღაბსა და კოსტუმს (ეპოქისა და ხასიათის ნიშნების შემცველს - კოსტუმების მხატვარი ნინო სურგულაძე) ირგებენ. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.  სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვაგვარად მოძრაობენ, იცვლიან სახესა და პლასტიკას (ქორეოგრაფი თინათინ წულაძე).  ხან მგზავრები არიან, ხან ოჯახის წევრები, ხან ნაცნობები, ახლობლები, სტუმრები და ხან მსახიობები, რომლებიც საკუთარ თავებსაც „თამაშობენ“ და ხან - სხვებსაც.

მანანა კოზაკოვა-წულაძე, ქეთევან ცხაკაია, ბესიკ ბარათაშვილი, გიორგი (ჯაბა) კილაძე - არაერთ სპექტაკლში, არაერთ  წარმატებულ როლში გვინახავს და კარგად ვიცნობთ, „კრეიცერის სონატაში“ კიდევ სხვაგვარად და განსხვავებულად მუშაობენ,  ოსტატობის ახალი შტრიხებისა და ნიუანსების გამოყენება-გამომზეურებით, ისეთი დეტალებით, რომლებიც შეიძლება მხედველობიდან გამოგეპაროს, მაგრამ პერსონაჟების არაერთგვაროვანი სახეები კიდევ უფრო გაამდიდროს)  და მათ გვერდით, პირველად, „მარჯანიშვილის“ სცენაზე - ახალგაზრდა მარიამ ცქიფურიშვილი (რომელსაც სხვა თეატრებში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს), რომელიც ორგანულად ეწერება ამ ანსამბლურ სპექტაკლში და უფროსი თაობის არტისტებთან ერთად სპექტაკლის ტონალობასა და მოცულობითობას განსაზღვრავს.

 

მევიოლინე ტრუხაჩევსკისთან (ჯაბა კილაძე - რომელიც ჩვეული სილაღითა და ელეგანტურობით ქმნის განხეთქილების მთავარი ობიექტის სახეს) შეხვდერა, სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, როგორც ტოლსტოისთან, ლევან წულაძისა და თემო კუპრავას სპექტაკლშიც, ისეთივე საბედისწერო აღმოჩნდება და სწორედ აქ და აქედან ყველაფერს ერქმება თავისი სახელი. 

 

მთავარი დარტყმა (ასევე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ლელა მებურიშვილსა (რომლის ბუნებრივი სილამაზე და ელეგანტურობა კიდევ უფრო ხაზგასმულია კოსტუმით, ვარცხნილობითა და სხვა აქსესუარებით) და ნიკოლოზ კუჭავაზე გადადის.

ლელა მებურიშვილის გმირი - საზოგადოების ცრუ მორალის, ქმრის ახირების, ეჭვისა და უნდობლობის მსხვერპლი - თან ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალია, ბუნებრივი და ცოცხალი სურვილებით, წუხილით, ჭირვეულობით, განცდებით, მოწყენით, გულგატეხილობითა და სევდით, მარტოსულობით და თან, თითქოს არამიწიერი არსება, რომლის მომხივლელობამ განსაკუთრებულად იმოქმედა მოვლენების ტრაგიკულ განვითარებაზე.  უდანაშაულო მსხვერპლი, როგორც შეცდომა, ცოდვა და ბრალდება. 

ნიკოლოზ კუჭავას ვასილ პოზდნიშევი ყველა თვალსაზრისით, მთავარი პერსონაჟია. ყველაფერი, რაც ხდება, მისგან მომდინარეობს. მისი მონათხრობია, მისი მოგონებაა, მისი წარმოსახვაა, მისგან მართულია, მისი გადაწყვეტილებაა, მისი ნამოქმედარია. არაერთგვაროვანი ურთიერთობებით, სიყვარულიდან, ვერგაგებიდან, ეგოიზმიდან, უნდობლობიდან დაუნდობლობამდე.  გამანადგურებელ ეჭვიანობამდე. და ეს ახალგაზრდა მსახიობი (რომლის დიაპაზონიცა და მასშტაბიც როლიდან როლში თვალსაჩინოდ იზრდება)  ქმნის საკუთარ თავში დაურწმუნებელი,  არასრულფასოვნების კომპლექსის ტყვეობაში მყოფი, სამყაროს მიმართ სკეპტიციზმითა და აგრესიით განწყობილი,  ფსიქიკური ავადობის ზღვრამდე მისული, არა უბირი და თითქოს არაშავბნელად მოაზროვნე (რომელიც მკვლელი ხდება), თანამედროვე ახალგაზრდა კაცის კრებით სახეს. იმ პრობლემებით, რომლებიც აწუხებს, იმ უსიყვარულობით, რომელიც უიმედობასა და ურწმუნოებას  ბადებს,  იმ სისასტიკით, როგორც მას ცხოვრება ექცევა, იმ მარტოობით, რომელზეც საკუთარი თავი თვითონ გასწირა.

წლების წინ, როდესაც ლევან წულაძემ ანტონ ჩეხოვის „ქალი ძაღლით“ დადგა და მოქმედება იალტიდან პეტერბურგში და ბოლოს  რუსეთის პროვინციაში გადაიტანა,  მე-19 საუკუნის ქალაქ ს-ში, ჩვენც გავიარეთ ეს ადგილები და ბოლოს იმ თეატრის ფოიეში აღმოვჩნდით, სადაც ორის შეხვედრას ვერავინ და სინამდვილეში, მთელი დარბაზი ხედავდა. ახლაც ასე მოხდა. ყველგან ვიყავი - ფეშენებელურ მამულში თუ ბინაში, გადასაღებ მოედანზეც, მატარებლის ვაგონშიც,  ამერიკის სასტუმროს ნომერშიც,  რუსეთის ღრმა პროვინციაშიც და მკვლელობის ადგილას.

სურათებად მახსენდება სცენები, პერსონაჟები, ცალკეული  ფრაზები. ამბის მონაკვეთები. სულ „უმნიშვნელო“ გამოხედვაც კი. ან ჟესტი. კოსტუმები. ნივთები. სცენის კუთხეები, რომლებშიც მოქმედება იშლება და სხვადასხვა დროსა და ადგილზე გადადის. ასე მგონია, რაღაც რეალურად მოხდა. ჩემ სიახლოვეს. რადგან ეს ყველაფერი დღეს მართლა რეალურად  ხდება. ყოველ ნაბიჯზე. ბევრგან. ჩვენთანაც. დღესაც, როგორც საუკუნეზე მეტი ხნის წინ,  აქვს გამანადგურებელი ძალა, ყველაფრის მოსპობა რომ შეუძლია.

და მაინც, „რაზეა“ ლევან წულაძისა და თემურ კუპრავას „კრეიცერის სონატა“ - არჩევანზე, სიყვარულზე, უსიყვარულობაზე, ძალადობაზე, ფემიციდზე, ღალატზე, ერთგულებაზე, თავისუფლებაზე, კარჩაკეტილობაზე, თვითიზოლაციაზე, საზოგადოებისგან გარიყულობაზე, ადამიანების ბუნების არაერთგვაროვნებაზე, სურვილებზე, სწრაფვებზე, შეცდომებზე, სინანულზე, ეჭვზე, უნდობლობაზე - ყოველგვარი შეღავათისა და შებრალების გარეშე? თანაგრძნობაზე? პატიებაზე? მარტოობის გაუსაძლის გრძნობაზე? დანაშაულზე და სასჯელზე? დანაშაულზე და დაუსჯელობაზე? არჩევანი ჩვენზეა.

bottom of page