top of page

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

 

 

„1945“-ასე ქვია ნიკოლოზ საბაშვილის ახალ სპექტაკლს, რომლის საპრემიერო ჩვენებები მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შედგა. წარმოდგენა თავისი ფორმით და შინაარსით ექსპერიმენტულია. ჩვენში ეს ფორმა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულად ითვლება, თორემ ევროპულ თეატრში, უკვე კარგად აღიარებული, აპრობირებული და ლამის თანამედროვე ევროპული თეატრის მემკვიდრეობადქცეული კლასიკური ფორმაა.

სპექტაკლი პერფორმანსის ტიპის პრელუდიით იწყება. დაახლოებით ისეთით, როგორც მაკა ნაცვლიშვილის „საპნის ოპუსი“ რუსთაველის თეატრის მე-5 სარეპეტიციოში, მიშა ჩარკვიანის მიერ დადგმული დათო გაბუნიას იგივე პიესა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო სახელოსნოში. მსგავსი პროლოგით შეიძლება ბევრი სპექტაკლი გვინახავს საქართველოში, მაგრამ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლს არაფერი აქვს საერთო მსგავსად დაწყებულ სპექტაკლებთან გარდა თემისა და პრობლემისა - თუ რა შედეგი მოაქვს ძალადობას. ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ, მაყურებელი თავის კუთვნილ ადგილებზე სხდებიან და იწყება ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, რიგითი გერმანული ოჯახის ისტორია, რომელიც შემზარავ ამბად გადაიქცევა. 

ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი, ორიგინალური და მრავალფეროვანი ხერხებით მოყოლილი ისტორიაა ერთ უწყინარ ბიჭზე, რომელიც საზოგადოებამ და გარშემომყოფებმა მსოფლიო მასშტაბის მონსტრად, დიქტატორად გადააქიეს. ნიკოლოზ საბაშვილი ბუნებრივად ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც ინტერაქტივი ნამდვილი ინტერაქტივია, ამაში ხელს რეჟისორს ის ინტიმური სივრცეც უწყობს, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზშია, მაგრამ მთავარი მაინც სპექტაკლის ავტორის მიერ შემოთავაზებული ფორმა და მსახიობთა თამაშის ხერხია, რომელშიც მაყურებელი უნებლიეთ გათამაშებული ისტორიის უშუალო თვითმხილველი და თანამონაწილე ხდება.

სპექტაკლის მომხიბვლელ ფორმასთან და საინტერესოდ გამოყენებულ ხერხებთან ერთად, გაცილებით მნიშვნელოვანია ისტორია, რომელსაც რეჟისორი გვიამობს. ადოლფ ჰიტლერის ბავშვობის, ყრმობისა და მოწიფულობის მაგალითზე რეჟისორი გვიჩვენებს უმანკო ადამიანის მეტამორფოზის პროცესს სასტიკ და მოძალადე ადამიანად გადაქცევამდე, მაგრამ მთავარი პროცესი კი არა, ის მიზეზია, რომელსაც თვალწინ გვიშლის რეჟისორი მსახიობებთან ერთად სპექტაკლში.

პატარა ადოლფი ოჯახში მარიონეტია, რომელიც ხშირად არის ოჯახის წევრების მიერ  ძალადობის მსხვერპლი. მშობლების ძალადობა ბავშვის ფსიქოლოგიაზე შემზარავ დაღს ასმევს, რომელიც სამუდამოდ ილექება მის გონებაში. სპექტაკლი იმითაც არის საინტერესო, რომ რეჟისორი იცავს დრამატული მოვლნების რიგს და ეპიზოდთა თანმიმდევრობით ამზადებს ნიადაგს მძაფრი კულმინაციისთვის. რეჟისორი ცდილობს დაგვანახოს ადამიანთა ორი მხარე, ორი პოლუსი, მათი შეპირისპირება კი იწვევს კონფლიქტს. რეჟისორი არ ცდილობს რომელიმეს გამართლებას, ის უბრალოდ გვიჩვნებს იმ მოტივებს, რამაც უბიძგა თითოეულ პერსონაჟს ძალადობისაკენ და ასკვნის, რომ ძალადობა შობს ძალადობას და ძალადობის მსხვერპლი ყოველთვის იქცევა ორმაგ მოძალადეთ. ნიკა საბაშვილის სპექტაკლი დიდი გაკვეთილია მშობლებისთვის, რომელიც მათ შვილებთან ურთიერთობას შეასწავლის. მანკიერი აღზრდის მეთოდოლოგიის ჩვენებით, ნიკა საბაშვილი ცდილობს პასუხი გაეცეს კითხვას, რამ და ვინ შვა ტირანი, რომელზედაც პასუხი სწორედ სცენაზე გათამაშებულ ისტორიებშია. ძალადობის მსხვერპლი, რომელიც გაუცხოვდება საზოგადოებასთან, საზოგადოებისვე ხელშეწყობით იქცევა ყველაზე დიდ ტირანად, რომელიც ხურდასავით უბრუნებს მთელ საზოგადოებას ჩადენილ ბოროტებას. სპექტაკლში თითქმის ყველა კითხვას გაეცა პასუხი: მათ შორის, რა განაპირობებდა ჰიტლერის ანტისემიტურ მისწრაფებებს. მისი ურთიერთობა დედის საყვარელთან და შეყვარებულის ქორწილი ებრაელ ბიჭთან სამუდამოდ აძულებს მას ამ ეროვნების ადამიანებს.

სპექტაკლში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქორეოგრაფიულად გადაწყვეტილი ადოლჰფის შეყვარებულის ებრაული ქორწილის სცენა, რომელიც, როგორც სპექტაკლის პროგრამიდან ვიგებთ, წარმოდგენის ერთ-ერთ მთავარ გმირს, მსახიობ ანა სანაიას დაუდგამს. ქორწილის ეპიზოდი მხოლოდ იმით არ არის გამორჩეული, რომ  შთამბეჭდავია, ამაღლევებელია და უბრალოდ, საცქერლად ეფექტურია, არამედ იმით, რომ გაააზრებულია, სპექტაკლის ორგანული ნაწილია და არა დამოუკიდებელი ქორეოგრაფიული ნომერი, ეს ეპიზოდი სპექტაკლში დადგმული ცეკვა კი არ არის, არამედ ცეკვის საშუალებით გადმოცემული ებრაული ქორწილის ამბავი გაბედნიერებული წყვილის ამაღლებული გრძნობებითა და იმედგაცრუებული ჰიტლერის განცდებით. 

ნიკოლოზ საბაშვილი ოსტატურად, ლოგიკურად და ორიგინალურად იყენებს იმ ხერხებს, რომელსაც კარგად იცნობს სათეატრო გამოცდილება დაწყებული ჩრდილების ეფექტით, დამთავრებული ხელების მტევნების ფუნქციონალური გამოყენებითა და საგნების თეატრის მეთოდოლოგიის ჭარბი ათვისებით (როცა უბრალო რეკვიზიტი მნიშვნელოვან პერსონაჟად და მეტაფორად გადაიქცევა). ასეთი ეპიზოდები მულტიპლიკაციურ ჟანრს უახლოვდება, რაც ძნელი მისაღწევია და ამავდროულად ეფექტურიც. ნიკა საბაშვილი არ ერიდება კინოხერხების გამოყენებასაც, როცა კადრებივით გაიელვებს ჰიტლერის ფიქრებში ბავშვობის ეპიზოდები და როცა დეკორაცია, ტყვეებით სავსე ვაგონად გადაიქცევა და მაყურებელთან ერთად სადღაც მიექანება. ვაგონის ფანჯრებიდან ვხედავთ ხედებს, პეიზაჟს, ჩვენს წინ ჩაიქროლებენ ხეებიც კი. ეს ყველაფერი სპექტაკლში ცოცხლად ხდება და არა ვიდეო კადრების გამოყენებით. ნიკა საბაშვილი პრინციპულად უარს ამბობს მულტიმედიურ ხერხზე და ამ ეფექტის მიღწევას ცოცხალი არტისტებით და რეკვიზიტებით ახერხებს.  სპექტაკლში ისმის გერმანული ტექსტი, მაგრამ მას ფუნქციონალური დატვირთვა არ აქვს, რადგან ამ სპექტაკლში მთავარი ამბავი და მოქმედებაა, რომელსაც მსახიობები ღრმა და ამავდროულად ლაღი შინაგანი განცდებით გადმოსცემენ. პირველ მოქმედებაში მაყურებელი მოვლენათა ეპიცენტრშია, მოქმედებები ოთხივე მხარეს ვითარდება. სცენური სივრცე მხატვარმა ბარბარა ასლამაზიშვილმა ორიგინალურად გადაწყვიტა და გარკვეულ კონცეფციას დაუქვემდებარა. მუქ ტონებში გადაწყვეტილი დეკორაცია სწორედ იმ ატმოსფეროს გამოხატავს, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა პატარა ჰიტლერი. ამ ნაცრისფერმა და შავბნელმა გარემომ ასახვა ჰპოვა ჰიტლერის ფსიქიკაზე და მის ჩამოყალიბებაზე. მძაფრი, ოდნავ ირონიულიც კი არის თამაზ იმნაძის მიერ შერჩეული მუსიკა, რომელიც საინტერესოდ ქმნიდა ემოციურ ფონს სპექტაკლში. ირონიულს ვამბობ იმიტომ, რომ სპექტაკლში ხშირად ჟღერს ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ცნობილი თემა მეოთხე ნაწილიდან, რომელიც დღეს ევროკავშირის ჰიმნია. შილერის „ოდა სიხარულისაკენ“ თავისუფლების, ბედნიერების გამომხატველია, ამიტომ კონცეპტუალურად ძნელია დაუკავშირო ბეთჰოვენის უკანაკსნელი სიმფონიის ეს თემა სპექტაკლში გათამაშებულ მოვლენებს. ეს კონტრასტი ზოგჯერ საინტერესოც კი არის. უცნაური იყო, რომ სპექტაკლში არ ჟღერდა ჰიტლერის ფავორიტი კომპოზიტორის ვაგნერის არც ერთი მუსიკალური სტრიქონი. 

სპექტაკლში მნიშვნელოვან მხატვრულ სახეებს ქმნიან მსახიობები. მათი სამუშაო ამ კონკრეტულ დადგმაში რთულია, თუნდაც იმის გამო, რომ მათ მხოლოდ მოქმედებით (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე უმნიშვნეო ფრაზას), ერთმანეთთან დამოკიდებულებითა და  შინაგანი განცდით უწევდათ თავიანთი გმირების დახატვა. საინტერესოდ იმუშავა ანი სანაიამ, რომელიც სპექტაკლში ერთდროულად ორ როლს ასრულებს: - ჰიტლერის დედის და შეყვარებულის (რეჟისორი ამით ხაზს ჰიტლერის კიდევ ერთ კომპლექსზე მიუთითებს). მარტივი ამოცანის წინაშე არ იდგა ანა სანაია. მის მიერ დახატული დედა, ერთდროულად ტრაგიკულიცაა და ლაღიც. მსახიობი წარმატებით ართმევს თავს მასზე დაკისრებულ ამოცანას და მაყურებელს თანაგრძნობის განცდას აღუძრავს. ის თითკრიტიკულიცაა, ცდილობს აღუდგეს ძალადობას წინ, მაგრამ უძლურია და ეს შეუძლებელია, რადგან მასშიც შეინიშნება ძალადობის ნიშნები. ადოლფის ბავშვობას ლუკა ქაჩიაბაია ასრულებს, რომელიც ისეთივე ლაღია, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ მასშიც არის დიდი ტრაგიზმი, რომელიც ეტაპობრივად ილექება მის მეხსიერებაში და ახალგაზრდობაში მწვავედ იჩენს თავს. ახალგაზრდა ჰიტლერს პაატა ქვლივიძე გვიხატავს. მსახიობი ირონია შერეული შურისმაძიებელ, დაუნდობელ და აუღელვებელ ტირანს გვიხატავს, რომელიც საბოლოოდ გაუცხოებულია იმ სოციუმთან, რომლის დაჩოქებასაც ახლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ცდილობს. პაატა ქვლივიძის გმირი კარიკატურულ მხატვრულ სახეს უახლოვდება, რომელიზ ზუსტი მიგნებაა მსახიობის მიერ პერსონაჟის უკეთ დასახატად. მსახიობი ახერხებს მაყურებელს კარგად დაანახოს შეცნობამდე მისი შინაგანი მდგომარეობა და გარკვეული აგრესიაც გამოიწვიოს მასში. ამ შემთხვევაში მიზანი მიღწეულია. საინტერესო ტიპაჟებია სპექტაკლში ადოლფის მამა (ლევან კაციაშვილი) და ჰიტლერის შეყვარებულის საქმრო (გიორგი ჯიქურიძე), რომლებიც პერსონაჟებს დამაჯერებლად აცოცხლებენ. ამ ანსამბლში ორგანულად ჩაეწერა კახა ბერიძე, რომელიც ერთდროულად ჰიტლერის დედის საყვარელს და ჰიტლერის შეყვარებულის მამამთილს განსახიერებს. მსახიობები ფართო გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით ხატავენ გმირთა ისტორიებს ისე, რომ მაყურებელსაც განაცდევინონ მათი ტკივილი და გაუზიარონ სიხარული.

„1945“ ნიკა საბაშვილის ის სპექტაკლია, რომელიც მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს სხვა ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევრებს მომავალ „დურუჯზე“, ხოლო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამაში „Georgian ShowCase“ მას ჩემი რეკომენდაცია იმიტომ ექნება, რომ მას მოხსნილი აქვს ენობრივი ბარიერი; ეხება გლობალურ, აქტუალურ და ყველასთვის ნაცნობ თემებს და  წარმოადგენს ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის კრეატიულ და ორიგინალურ ნამუშევარს.

988886_1564067070508381_5049256180813785
bottom of page