სულ სხვა „სტუმარ-მასპინძელი“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ლაშა ჩხარტიშვილი
სულ სხვა „სტუმარ-მასპინძელი“
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე ამავე უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსელებმა, ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის ხელმძღვანელობით (ოსტატობის პედაგოგი თინათინ კორძაძე), ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ წარმოადგინეს. სპექტაკლი დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით დაიდგა. როგორც ჩანს, სტუდენტურ სპექტაკლში მონაწილე მომავალი მსახიობების ნაწილი (ყველა თუ არა) კარიერას დმანისის თეატრის დასში გააგრძელებს.
სტუდენტური სპექტაკლების დადგმისას მთავარია მაქსიმალურად წარმოჩნდეს მომავალი მსახიობების შემოქმედებითი რესურსი, სწავლისას შეძენილი ცოდნა, გამომუშავებული უნარები, და მოხდეს ამ ცოდნის გაცნობიერება. ასეთი მიზანი აღმოაჩნდა რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს, რომელმაც ერთდროულად „ორი კურდღელი დაიჭირა“. ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაგვანახა სტუდენტებთან გაწეული მუშაობის შედეგი, ხოლო მეორე მხრივ, შემოგვთავაზა ქართული კლასიკური მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშის სრულიად ახლებური და ორიგინალური გააზრება (როგორც ფორმის, ისე იდეის თვალსაზრისით).
სცენოგრაფმა თეო კუხიანიძემ უნივერსალური სივრცე შექმნა, რომელიც არაერთ დატვირთვას იძენს. სცენის შუაგულში დიდი შავი მრგვალი მაგიდაა განთავსებული, დაახლოებით ისეთი როგორიც გაეროში, ეუთოში, ან მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებში ვხვდებით ხოლმე. სცენის ცენტრში განთავსებული მონუმენტური მაგიდა, რომელიც თითქმის სცენას ავსებს, სამოქმედო სივრცეს სამ ნაწილად ჰყოფს. მაგიდის უკან მომღერალთა გუნდისთვის (ქოროსთვის) განთავსებული ამფითეატრია, ხოლო წინ ცარიელი სივრცე, სადაც მსახიობები (უფრო სწორად პერსონაჟები) აპარტეზე თავიანთ მნიშვნელოვან სათქმელს მაყურებელს ეუბნებიან. ეპიზოდების უმრავლესობა კი დიდ შავ მაგიდაზე და მის გარშემო თამაშდება. თეო კუხიანიძემ სადად და უნივერსალურად შემოსა მსახიობები, კოსტიუმებში შავი ფერი დომინირებს, თუმცა გვხდება ვერცხლისფერი და მუქი მწვანე პიჯაკები. კოსტიუმი „სტუმარ-მასპინძელში“ ერთი მხრივ თანამედროვეა, ხოლო მეორე მხრივ ეპოქის და იმ ეთნიკური ჯგუფების და ტრადიციების შესაბამისი, რომელსაც მომავალი მსახიობები განასახიერებენ.
სპექტაკლის დაწყებამდე, ტრადიციულად ვისმენთ გაფრთხილება-მოწოდებას მობილური ტელეფონების გამორთვის თაობაზე, იმ განსხვავებით, რომ აქ გვაუწყებენ სხდომის და არა სპექტაკლის დაწყებას. მოწოდება სამ - ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე ცხადდება. ზემოთ ნახსენებ მაგიდაზე სხვადასხვა სახელმწიფო დროშებია განლაგებული. დროშების გასწვრივ კი, მაგიდის გარშემო სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები, დიპლომატები, სახელმწიფო მოხელეები სხედან. სპექტაკლის ასეთი დასაწყისი, რომლის სიუჟეტი ყველამ კარგად იცის, მაყურებელს თან ამბნევს, თანაც ინტერესს უღვივებს. ირკვევა, რომ დიდ საერთაშორისო (თუ არა მსოფლიო) პოლიტიკურ ფორუმზე მორიგი კონკრეტული საკითხი განიხილება. ამჯერად, ქისტი ჯოყოლასა და ქართველი ზვიადაურის შემთხვევა/კონფლიქტი. სცენოგრაფია და რეჟისორული გადაწყვეტა სრულ ჰარმონიულობაშია ერთმანეთთან. დასაწყისში გათამაშებული პირობითი „გაეროს“ თუ „ეუთოს“ სხდომა, სპექტაკლის მსვლელობისას ისევ ჩნდება, ამჯერად სადილზე შესვენებისას, იგივე lunch break time -ის დროს, დელეგატები იგებენ ზვიადაურის გარდაცვალების ამბავს და აგრძელებენ ყავის თანხლებით ორცხობილის მირთმევას, გამოხატავენ ფიქციურ შეშფოთებას და სინანულს და არანაირ ქმედით ნაბიჯს არ დგამენ კონფლიქტის შესაჩერებლად. გიორგი სიხარულიძე ღიად ამხელს მსგავსი ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობას და იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ყველაფრის კრიტიკა შეიძლება, უფრო მეტიც, ლეგიტიმურია ყველაფერს (მოვლენებს, ინსტიტუტებს) შევხედოთ კრიტიკული თვალით.
ვაჟა-ფშაველას პოემის სიუჟეტის მიმდინარეობას ზემოთ ნახსენები lunch break წყვეტს, შემდეგ კი ყველაფერი ავტორის ორიგინალური ტექსტის შესაბამისად გრძელდება. გიორგი სიხარულიძემ მოძებნა ორიგინალური ფორმა და თხრობის მანერა, სადაც ხმები, მოძრაობები, ტექსტი, მუსიკალური ფონი, ვოკალი, სასცენო მოძრაობა და მოქმედება, სტუდენტ-მსახიობთა სასცენო მეტყველების კულტურა ორგანულად და ორიგინალურად ერწყმის ერთმანეთს. სპექტაკლში თითოეულ კომპონენტს მნიშვნელოვანი და წამყვანი როლი აკისრია. აშკარაა, რომ პედაგოგებმა მონდომებით და დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს სტუდენტებთან. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სპექტაკლის მუსიკალურ-ხმოვანი პარტიტურა, სადაც მუსიკა ხან ჩანაწერში, ხან ცოცხალ შესრულებაში, ხან ტექსტებში და ხანაც მსახიობთა მიერ შეთხზულ-შექმნილ ხმაურებში გვესმის. მუსიკალური გამფორმებლების გიორგი სიხარულიძის, ლანა გუნაშვილის და ანა მურღულიას ზუსტად შერჩეულმა მუსიკამ მეტწილად განაპირობა სპექტაკლის ატმოსფეროს, ტემპო-რიტმის, ხასიათის შექმნა. ქისტურ-ხევსურულ იშვიათ ფოლკლორულ ნიმუშებს ოსტატურად, მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ ახალბედა მსახიობები.
„თეატრალურისა“ და დმანისის თეატრის „სტუმარ-მასპინძელის“ ერთ-ერთი ღირსება ანსამბლურობაცაა, სადაც ჯგუფის წევრები აცნობიერებს და იაზრებს სცენური პარტნიორობის უპირატესობას. პაპუნა ირემაძემ, გიგა აბულაძემ, ელენე ქურთიშვილმა, ანუკი შარიამ, ნიკა ჯაფარიძემ, ლუკა ხეჩუმაშვილმა, ნიკა ნიკურაძემ, ნინა ყიფშიძემ, ლაშა ქვაცაბაიამ, ლაშა მორჩილაძემ, გიორგი გელაშვილმა, ანდრია ზაქარაიამ, თამარ ყალიბეგაშვილმა, ელენე თავართქილაძემ, ბარბარე ჩალაძემ, ნიკა თეთრაძემ და ლუკა ჩიბუხაიამ ერთად და ცალ-ცალკე მეტ-ნაკლები უპირატესობით აჩვენეს მათი შესაძლებლობები: დახვეწილი სასცენო მეტყველების კულტურა, გარდასახვის უნარი, გამართული და ლოგიკას დაქვემდებარებული სცენური ქმედება, მუსიკალობა, პლასტიკურობა, ორგანიზებულობა, სცენური პარტნიორობა. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ დმანისის თეატრის მსახიობები: დავით ჩოგოვაძე და გიორგი გიორგიძე.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში იგრძნობა სტუდენტი-მსახიობების ენერგეტიკისა და პროფესიონალურობის უპირატესობა (თითოეული მონაწილის შემოქმედებითი შესაძლებლობების მაქსიმალური წარმოჩენის ხარჯზე), არანაკლებ დომინანტურია რეჟისურა, გიორგი სიხარულიძისა და თინათინ კორძაძის მიგნებული ფორმა, ნაწარმოებში დასმული პრობლემის წარმოჩენის ხედვა, რეჟისორული გადაწყვეტა, პოემაში წამოჭრილი საკითხების მასშტაბური და ღრმა გააზრება.
ცხადია სპექტაკლი არ არის უნაკლო და იდეალური, ისე როგორც ამ მიმოხილვას არ აქვს პრეტენზია ყოვლისმომცველობის და ობიექტურობის. მხოლოდ ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ. ჩემთვის, პირადად, „სტუმარ-მასპინძელში“ გაუგებარი და ამოუხსნელი დარჩა ადამიანი-ძაღლის ეპიზოდი, რომელსაც დავით ჩოგოვაძე ასრულებს. ის მხოლოდ პროლოგსა და ეპილოგში ჩნდება. მისი ფუნქცია და მეტაფორული დატვირთვა გაუგებარია და არ იკითხება სპექტაკლში, ამიტომაც ტოვებს „ზედმეტის“, ფუჭიმრავალსიტყვაობის, ფსევდომეტაფორულობის შთაბეჭდილებას. ეპილოგში სცენის შუაგულში ისევ გამოჩენილი ძაღლი (?), რომელიც პოემის სამ გმირს ფარავს, დორბლიანობს და ისტერიულად ყეფს, თითქოს გახსენებს ანდაზას „ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის“, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი და ამოუხსნელი რჩება მისი დატვირთვა სპექტაკლში.
ბუნდოვანია და სიცხადე აკლია აღაზას წარმოსახვა-მოჩვენების ეპიზოდს, რომელიც უსიტყვოდ, მხოლოდ მოქმედებით სრულდება. ამ მოქმედების შინაარსი ბუნდოვანია, ისე როგორც გამოყენებული გამომსახველობითი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის უპირობო ლიდერი ჯოყოლას როლის შემსრულებელი პაპუნა ურუშაძეა, მასაც აქვს ერთი „წუნი“. როცა ჯოყოლა იგებს, რომ მისი სტუმარი ზვიადაურია და არა ვინმე ნინუა, მსახიობი არ აფასებს ამ მოვლენას, ჩვეულებრივად იღებს ამ ინფორმაციას, მას არც დაბნეულობა ეტყობა, არც სინანული, არც გაბრაზება და ისე წარმოთქვამს პოემის საკვანძო ფრაზას - „დღეს სტუმარია ის ჩემი, თუ ზღვა ემართოს სისხლისა“... ამიტომ, არ ჩანს რა ათქმევინებს ჯოყოლას ამ სიტყვებს. პაპუნა ირემაძეზე შემთხვევით არ მითქვამს, რომ მის მიერ შესრულებული ჯოყოლა მას დადგმის უპირობო ლიდერად აქცევს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს გარდასახვის უბადლო უნართან ერთად, მისი ფაქტურა, თითოეული აზრობრივი მოძრაობა, ბუნებრივი მიმიკა, ზუსტი შეფასებები და რეაქციები მოვლენებზე, სცენური პარტნიორობის და ნაწარმოების ატმოსფეროს ზუსტი შეგრძნება, ირონია და თვითირონია, ზომიერი ემოციურობა და მისი მართვის უნარი.
სხვათა შორის, ემოციურობის ზუსტ ზღვარს იცავს ნინა ყიფშიძე (ზვიადაურის დედა), რაც არ არის მარტივი, მეტ ადრე გამოუცდელი მსახიობისთვის, ამიტომაც არის მისი ღრიალი, მოთქმა-გოდება, დატირება დაცლილი ყალბი ჟღერადობისგან, პათეტიკურობისგან. მისი განცდა არის გულწრფელი, მართალი, ამიტომაც ახდენს ემოციურ ზეგავლენას მაყურებელზე, რომელიც შემზარავიცაა, შემაძრწუნებელიც. დატირების ეპიზოდს მსახიობი ხან ვოკალურად, ხანაც რეჩიტატივით ასრულებს. ამ შეკივლება-შეცხადებაში ნინა ყიფშიძის, ამ მომცრო ტანის გოგონას დიდი და ძლიერი შინაგანი ძალა და ემოცია გამოხეთქავს. მისი გამორჩეული ვოკალური მონაცემები და ხმის ტემბრი გუნდშიც კი გამოყოფს მას. ქალ მსახიობთა შორის გამორჩეულია აღაზას როლის შემსრულებელი ელენე ქურთიშვილი. ახალგაზრდა მსახიობი აღაზას წარმოაჩენს ჭკვიან, მოაზროვნე, ემპათიურ ადამიანად. მსახიობის თითოეულ წარმოთქმულ სიტყვაში, სახის გამომეტყველებაში, მოძრაობაში ჩანს მისი დამოკიდებულება პერსონაჟებისადმი, მოვლენებისადმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ეპიზოდები მეუღლესთან, სადაც ორჭოფობს როგორ გაუზიაროს ინფორმაცია ზვიადაურის დატირების შესახებ. ეს ერთადერთი მომენტია, როცა ელენე ქურთიშვილის აღაზა თავდაჯერებულობას კარგავს, რაც ლოგიკურია, რადგან მასში, როგორც ქალში, მისგან დამოუკიდებლად, წამიერად ემპათიასთან ერთად, ჩნდება ვნება ზვიადაურის მიმართ. ეს კარგად ჩანს ახალგაზრდა ლამაზი მსახიობის ზუსტი მიზნობრიობით წარმოთქმულ ტექსტში - „ნეტავი იმას, ვინაცა მაგის მკლავზედა წვებოდა“...
ყურადღებას იქცევს გიგა აბულაძის მიერ შესრულებული ზვიადაური. მსახიობი ცდილობს გაექცეს ერთფეროვნებას და გმირის ხასიათს სხვადასხვა ელფერი შესძინოს. ერთი და იმავე ფრაზას - „ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა“ ის სხვადასხვა დამოკიდებულებით, განწყობით და შინაარსობრივი დატვირთვით წარმოთქვამს. ის ხან გაბრაზებულია, ხანაც თავმოყვარეობა და ღირსება შელახული. სახასიათო ტიპაჟს ქმნის ნიკა ჯაფარიძე (მუსა), ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც საზოგადოების სახელით საუბრობს და წმიდა ტრადიციების დაცვას ცდილობს, დაუნდობელია და შეუვალი. შექმნილ სიტუაციაში ხასიათის ცალსახობა პერსონაჟის შეზღუდულ ჰუმანურობაზე და აზროვნების სივიწროვეზე მიუთითებს, რომლის ანალოგები ჩვენს რეალობაშიც დღეს მრავლად არიან. არანაკლებ დასამახსოვრებელ პერსონაჟს ქმნის ლაშა მორჩილაძე (ლაქარდიანი), რომელიც ჯოყოლას ოჯახში დასაზვერად ცეკვა-სიმღერით შედის. მისი მოქნილობა, გამჭრიახობა და ცბიერება შეფარულია, რომელსაც მსახიობი თავისი ოსტატობით გამოაცნობინებს მაყურებელს. საინტერესო და სახასიათო პერსონაჟებს ქმნიან ლუკა ხეჩუმაშვილი (მოლა), ნიკა ნიკურაძე (უხუცესი), ლაშა ქვაცაბაია (ებარი), გიორგი გელაშვილი (ბაბურაული).
„თავს ნუ იკლავო, აბა თუ ერთმაც ურჩია“ - აღაზას მიმართ ავტორის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები არაერთხელ ჟღერს სპექტაკლში, რითაც დადგმის ავტორები ხაზს უსვამენ კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად არის წამოჭრილი პოემაში. ეს არის საზოგადოების გულგრილობა. დღესაც, ამ პოლარიზებულ საზოგადოებაში გულგრილობა ყველაზე დიდი სენია.
P.S.
ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში, აფიშასა და პროგრამებში ხშირად შეხვდებით ჩამონათვალში „დამდგმელ რეჟისორს“ და „რეჟისორს“. ჯერ ერთი სულ მიკვირს როგორ შეიძლება ერთ სპექტაკლს ორი რეჟისორი დგამდეს. როგორ ახერხებს ორი განსხვავებული ხელოვანი ერთი სპექტაკლის შექმნას. ეს რომ შეუძლებელია, თავადაც კარგად იციან დადგმის ავტორებმაც, ვინაიდან ფუნქციები მათ შორის ყოველთვის გადანაწილებულია. ერთი მუშაობს მსახიობებთან ტექსტზე, კონკრეტულ მიზანსცენებზე, ე.წ. „შავ სამუშაოს“ ატარებს, ხოლო მეორე მუშაობს კონცეფციაზე, დადგმის გადაწყვეტაზე და ხელმძღვანელობს სპექტაკლის მომზადების პროცესს. ამიტომაც ასეთ რეჟისორს თეატრები აფიშებსა და პროგრამებში დამდგმელ რეჟისორად მოიხსენიებენ, რაც რუსული კალკია და საერთოდ არ გამოხატავს იმას, რასაც მივაწერთ. რეჟისორი რომ ისედაც დამდგმელია, ამას დამატებითი ზედსართავი სახელის დართვა არ სჭირდება. ამიტომ, უმჯობესია და უფრო სწორია ასეთ შემთხვევაში დაიწეროს დამდგმელი რეჟისორის ნაცვლად - კონცეფცია და დადგმის ხელმძღვანელი და ხოლო მეორე რეჟისორად, უბრალოდ - რეჟისორი.
ფოტო: ზაქარია ჭელიძე