სუზან გლასპელის „წვრილმანები“, როგორც ფემინისტური დრამის მაგალითი
ანა კვინიკაძე
სუზან გლასპელის „წვრილმანები“, როგორც ფემინისტური დრამის მაგალითი
ქალთა მწერლობას საუკუნეების მანძილზე ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია იმ მდგომარეობის მისაღწევად რაც დღეს აქვს. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის ხმა დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად არ ისმოდა. ანტიკური საბერძნეთიდან მოყოლებული ქალებს არ ჰქონდათ სამოქალაქო საქმიანობაში ჩართვის უფლება, ხმის მიცემის უფლება, ანდერძის დაწერის უფლება, საფლავის ქვაზეც კი მამის ან ქმრის სახელიდან გამომდინარე მოიხსენიებოდნენ. ქალის, როგორც მოქალაქისა და პიროვნების ადგილი სრულიად უგულებელყოფილი იყო, თუმცა პარადოქსია, რომ სწორედ ანტიკურ საბერძნეთში, მითოლოგიასა თუ დრამატურგიაში ქალ ღვთაებათა და პერსონაჟთა როლი განსაკუთრებულია. რატომ იყო ქალის ხმა გამოგონილ სამყაროში ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ ეშინოდა საწინააღმდეგო სქესს ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გაგების?!
მე-19 საუკუნის ბოლოდან ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა შეუქცევადი ხდება. დაიწყო სუფრაჟისტთა მოძრაობა, რომელიც არა მხოლოდ ხმის მიცემის უფლებას მოითხოვდა, არამედ ხმამაღლა საუბრობდა სოციალურ უთანასწორობაზე, რომ თუ მაღალი წრის ქალებს განათლების მიღების საშუალება ჰქონდათ, დაბალ სოციალური ფენის წარმომადგენელ ქალებს ამაზე ოცნებაც კი არ შეეძლოთ. ხმის მიცემის უფლებით ქალმა პირველად 1869 წელს ისარგებლა შეერთებულ შტატებში, ვაიომინგის შტატში, ხოლო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც აღიარა ქალის ხმა იყო - ფინეთი, 1906 წელს. პირველმა მსოფლიო ომმა გენდერული თანასწორობის დამკვირდრებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. კერძოდ კი, ქალებმა საწარმოებში კაცის სამუშაო ადგილები დაიკავეს და დაკისრებულ მოვალეობას ძალიან კარგად გაართვეს თავი. ომიდან უკან დაბრუნებულ კაცებს კი სრულიად სხვა რეალობა დახვდათ. სახელმწიფოს მსგავსად მათაც დაინახეს ქალების სამუშაო პოტენციალი და ამის უგულებელყოფა შეუძლებელი გახდა. ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი დაიწყო.
სქესთა შორის უთანასწორობა გავლენას ახდენდა სამწერლობო საქმიანობაზე. პირველად ამაზე ხმამაღლა საუბარი ინგლისელმა მწერალმა ვირჯინია ვულფმა დაიწყო, როდესაც 1929 წელს ესე „საკუთარი ოთახი“ დაწერა. „ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი, თუკი ის მხატვრული ლიტერატურის შექმნას აპირებს“[1] - ვკითხულობთ ესეში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიტერატურის ფემინისტური კრიტიკა სწორედ აქედან იწყება და მას აგრძელებს სიმონ დე ბოვუარი, როდესაც წერს ნაშრომს „მეორე სქესი“. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქალის საზოგადოებრივი აქტივობა აღარავის უკვირდა, გაიზარდა როგორც მწერალ ქალთა, ისე დრამატურგთა რიცხვი.
თანამედროვე მსოფლიო თეატრში ქალთა დრამატურგიას ღირსეული ადგილი უკავია და თუკი ჩვენ მის ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ გენდერული დრამის განვითარებას უდიდესი დაბრკოლებების გადალახვა მოუწია, ისევე როგორც მთლიანად ქალთა მწერლობას. ქალი დრამატურგების რიცხვის ზრდასთან ერთად ჩვენ მივიღეთ ორიგინალური პიესების მთელი წყება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ახალი თეატრის დაბადებასთან იყო კავშირში. სწორედ, ასე იყო სუზან გლასპელის შემთხვევაშიც.
ამერიკელი დრამატურგი, ნოველისტი და მსახიობი სუზან გლასპელი აღიარებულია როგორც პიონერი ფემინისტი მწერალი და პირველი მნიშვნელოვანი ამერიკელი ქალი დრამატურგი. მას ამერიკული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. სუზან გლასპელმა მეუღლესთან - ჯორჯ კუკთან ერთად დააარსა ერთ-ერთი პირველი ამერიკული თანამედროვე თეატრალური კომპანია, ცნობილი როგორც - „პროვინსთაუნის მსახიობები“ /Provincetown Players/. მათ მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლებმა წაახალისა პირველი ექსპერიმენტული დრამის შექმნა შეერთებულ შტატებში. ისინი უთმობდნენ სივრცეს ახალგაზრდა დრამატურგებს და ეს ერთგვარი რეაქცია იყო ბროდვეის ჰეგემონიაზე, რაც მცირე თეატრების როლს თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში თვალსაჩინოს ხდიდა. დღეს მასაჩუსეტსის შტატის (პლიმუტელმა პილიგრიმებმა დააარსეს 1620 წ.) ქალაქი პროვინსთაუნი სამართლიანად მიიჩნევა თანამედროვე ამერიკული დრამის დაბადების ადგილად. სუზან გლასპელის პიესები, ისევე როგორც მთლიანად მისი შემოქმედება, ეხება სოციალურად აქტუალურ საკითხებს და მათ შორის გენდერის თემასაც.
სუზან გლასპელის ერთმოქმედებიანი პიესა „წვრილმანები“, რომელიც პირველად 1916 წლის 8 აგვისტოს წარმოადგინეს პროვინსთაუნის მსახიობებმა მასაჩუსეტსის შტატში, ადრეული ფემინისტური დრამის მაგალითად მიიჩნევა. პიესა სწორედ მაშინ დაიწერა, როდესაც მსოფლიოში პირველი ფემინისტური ტალღა აგორდა და ფემინიზმის თემაც მეტაფორულად მთელ პიესას გასდევს თან.
პიესა ფერმაში მდგარი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოს აღწერით იწყება. ავტორი, ინტერიერს წარმოადგენს პირქუშ და ბნელ ადგილად, ყველაფერი არეული და დაუსუფთავებელია, არც ერთი ნივთი თავის ადგილას არ დევს. პირველი პერსონაჟი რომელსაც რემარკაშივე ვეცნობით, არის შერიფი ჰენრი პიტერსი, რომელსაც მოჰყვება ოლქის რწმუნებული ჯორჯ ჰენდერსონი, მეზობელი ფერმერი ლევის ჰეილი, როგორც მოწმე და ორი ქალბატონი - მისის პიტერსი, შერიფის ცოლი და მისის ჰეილი, ფერმერის ცოლი. პიესა არის მისტერ რაიტის მკვლელობის გამოძიების შესახებ, ხოლო ერთადერთი ეჭვმიტანილი კი მისი ცოლი - ქალბატონი მინი ფოსტერ რაიტი გახლავთ. გამოძიება საკმაოდ ზერელედ და გულგრილად მიმდინარეობს, რადგან ფაქტობრივად ყველა გარემოება მისის რაიტის წინააღმდეგ არის მიმართული და თითქოს ყველაფერი ისედაც ცხადია, გარდა მოტივისა. შერიფი ოლქის რწმუნებულთან და ერთადერთ მოწმესთან - მეზობელ ფერმერთან ერთად განიხილავს წინა ღამით მომხდარ მკვლელობას. ცოლი დანაშაულს აღიარებს, ქმარი საწოლში თოკით არის მოკლული, თუმცა ვერაფრით ხვდებიან მოტივს. რატომ უნდა მოეკლა მისის რაიტს მისტერ რაიტი?! როდესაც მამაკაცები გვამის დასათვალიერებლად მეორე სართულზე ადიან, საქმეში აქამდე სახლის კართან ატუზული ორი ქალბატონი ერთვება, რომლებიც აქამდე აზრის გამოთქმას ვერ ბედავდნენ. ისინი სამზარეულოს დათვალიერებას იწყებენ და აქ უკვე კარგად იკვეთება სოლიდარობა საკუთარი სქესის მიმართ. ისინი ცდილობენ გაიგონ თუ რა პრობლემა და გასაჭირი შეიძლება ჰქონოდა ქალს. თუ კაცები პირდაპირ და გადაჭრით ამტყუნებდნენ მისის რაიტს ქმრის მკვლელობისა და დაულაგებელი სახლის გამოც კი, მისის ჰეილი და პიტერსი იწყებენ ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზებზე ფიქრს. ქალები საბოლოოდ მიდიან იმ აზრამდე, რომ მისის რაიტს, ახალგაზრდობაში სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ქალს, როგორ გამოეცალა სიცოცხლის წყურვილი გათხოვების შემდეგ. როგორც უკვე აღვნიშნე, პიესა მეტაფორებით არის დატვირთული. ერთ-ერთი მთავარი მეტაფორა კი გახლავთ ჩიტის ცარიელი გალია. ისინი პოულობენ მას და იწყებენ მსჯელობას თუ სად უნდა წასულიყო ჩიტი, რომელიც ამ გალიაში ცხოვრობდა და რომელიც, ალბათ, მისის რაიტს ძალიან უყვარდა. ცოტა ხნის შემდეგ, ისინი კისერმოგრეხილ იადონს პოულობენ და საქმესაც ხსნიან. მკვლელობის მოტივი ნათელია. ცოლმა ზუსტად იგივე მეთოდით მოკლა ქმარი, როგორც ქმარმა მას იადონი მოუკლა. ამ იადონში, იგი გალიაში მყოფ საკუთარ თავს და მის დაკარგულ თავისუფლებას ხედავდა. ავტორს, პიესის სათაურად „წვრილმანები“ შემთხვევით არ შეურჩევია. პიესაში კაცები რამდენჯერმე მიმართავენ ქალებს, რომ ისინი წვრილმანების გამო ღელავენ. თუმცა, სწორედ ეს „წვრილმანები“ გახდა ქმრის მკვლელობის მიზეზიც. პიესის ბოლოს მამაკაცებისთვის მკვლელობის მოტივი უცნობი დარჩა. ამ ჟესტით ქალები პატრიარქალური აზროვნების წინააღმდეგ აჯანყდნენ, მართალია მცირე ფორმით - საიდუმლოს შენახვით, მაგრამ ეს ნამდვილად აღმოჩნდა გამბედაობის აქტი იმ რეალობაში, სადაც ისინი „წვრილმანები“ იყვნენ.
1931 წელს სუზან გლასპელმა მიიღო პულიტცერის პრემია დრამატურგიაში პიესისთვის - „ელისონის სახლი“. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ჯილდოსა და აღიარებისა, გლასპელის როლი თანამედროვე ამერიკული თეატრისა და დრამის განვითარებაში არც ისე კარგად არის შესწავლილი. ფემინისტურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ უმაღლესი შეფასება მისცა მას, როგორც ფემინისტური პერსპექტივის შემომტანს ამერიკულ დრამაში.
გამოყენებული ლიტერატურის სია:
1. Trifles. Susan Glaspell. New York: Frank Shay, 1916
2. https://americanliterature.com/author/susan-glaspell
3. ვულფი ვ., საკუთარი ოთახი, მთარგმნელი: სამნიაშვილი ლელა
[1] ვულფი ვ., საკუთარი ოთახი, მთარგმნელი: სამნიაშვილი ლ.