top of page

სხეულის ენით მოთხრობილი ამბავი სიყვარულზე, ღალატზე, შურისძიებაზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

მითურისა და რეალურის ზღვარზე

მაკა ვასაძე

სხეულის ენით მოთხრობილი ამბავი სიყვარულზე, ღალატზე, შურისძიებაზე

 

საუკუნეებია მედეას მითი მეცნიერთა, მწერალთა, დრამატურგთა, კულტურის მოღვაწეთა კვლევის საგანია. მედეას მიმართ ინტერესი დღემდე და არ განელებულა. არაორდინალური, ძლიერი, ინტელექტუალი ქალის სახე მრავალი მხატვრული ნაწარმოების, სამეცნიერო სტატიის, სადოქტორო ნაშრომის, სახვითი ხელოვნების ნიმუშის, სპექტაკლის, ოპერის, ფილმის და ა. შ. ინსპირაციის წყაროა... მედეა ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი, კომპლექსური პერსონაჟია ლიტერატურის ისტორიაში, მეცნიერები თუ ხელოვანები დღემდე ცდილობენ მედეას ფენომენის ამოხსნას. სწორედ მედეა გვევლინება არაერთი დრამატურგიული ნაწარმოების მთავარ პერსონაჟად, დაწყებული ანტიკური პერიოდიდან დღევანდელ დღემდე. ალბათ, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ევრიპიდეს ტრაგედია ყველაზე სრულყოფილი და მაღალმხატვრული ნაწარმოებია.

მრავალი, ჟანრობრივად განსხვავებული, საინტერესო სპექტაკლი შეიქმნა მედეას შესახებ, ზოგი მათგანი შედევრია. ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ნიჭიერმა ქორეოგრაფმა კოტე ფურცელაძემ ქორეოდრამა „მედეა“ დადგა (ევრიპიდესა და ბერძნული მითების მიხედვით).  თუკი თვალს გადავავლებთ კოტე ფურცელაძის საავტორო დადგმებს,  ვნახავთ რომ მისი ქორეოდრამების მთავარი პერსონაჟები ძლიერი, საინტერესო, არაორდინალური ქალები არიან. გამორჩეული ქალების სხეულის ენით მოყოლილი ისტორიები ოსკარ უაილდის „სალომეას“, პროსპერ მერიმეს „კარმენის“, ანტონ ჩეხოვის „სამი დის“ მიხედვით შექმნა ქორეოგრაფმა. კოტე ფურცელაძის ქალთა სახეების გალერეას მედეას  განსხვავებული და საინტერესო ინტერპრეტაცია შეემატა.

რით განსხვავდება ფურცელაძის „მედეა“ სხვა დადგმებისგან? ამ დადგმაში კოტე ფურცელაძეს ნაკლებად აინტერესებს მითი არგონავტებისა და ოქროს საწმისის შესახებ. ქორეოდრამის რეჟისორული კონცეფცია სიყვარულის, ღალატის, შურისძიების თემებია. ფურცელაძისეული „მედეა’“ ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა. რეჟისორმა სპექტაკლში მედეას ცხოვრების სამი ეტაპი ასახა: უდარდელი, მხიარული მოზარდი, უგონოდ შეყვარებული ყმაწვილი ქალი და ბოლოს, ღალატით შეურაცხყოფილი, სასოწარკვეთილი, შურისმაძიებელი მეუღლე. რეჟისორი ქმედების, მოვლენათა რიგის განვითარებით გადმოსცემს მედეას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს, მის ურთიერთობას გარშემომყოფებთან, რაც მთავარია იასონთან. ინტელექტუალი, გონიერი, ძლიერი ქალის მთავარი მამოძრავებელი მოტივი სიყვარულია, უფრო სწორად სიყვარულით  შეპყრობა.

რეჟისორმა ქორეოდრამაში მედეას სახე სამ მსახიობს განასახიერებინა. სპექტაკლში, რომელიც ძირითადად აგებულია კერუბინის, ბახისა და მოცარტის ნაწარმოებებზე, მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება ხმაურებს, მათ შორის ზღვის ხმებს. მედეას სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხან წყნარი ზღვის ხმები და ხან კი აბობოქრებული ტალღების ხმაური ჩაესმის მაყურებელს. მანუ თავაძის მედეა ბავშვივით ლაღი, მხიარული, უდარდელია. პირველ ამბავში ხაზგასმულია მედეას ურთიერთობა მეგობრებთან და რაც მთავარია ძმასთან, კოლხეთის მეფის აიეტის ვაჟთან. ნიკა ხრიკულის აფსირტე დახვეწილი სხეულითა და გრძელი ხვეული თმით მზეჭაბუკის პროტოტიპს ქმნის. მსახიობები პლასტიკაში გადმოსცემენ და-ძმის ურთიერთობას, მათ შინაგან გრძნობებს, ემოციურ მდგომარეობას. მაყურებლის თვალწინ სხეულის ენით მოთხრობილი და-ძმური სიყვარულის და ურთიერთობის ამბავს გვიყვებიან რეჟისორი და მსახიობები. ვიზუალის უკეთ აღქმაში მუსიკა, ხმაურები, ზოგადად სცენაზე შექმნილი ატმოსფერო გეხმარება. ამავდროულად განწყობის შექმნას ხელს უწყობს მოცეკვავეებისგან შემდგარი ქორო. აუცილებლად აღსანიშნია, რომ კოტე ფურცელაძის ოსტატობის დამსახურებით, დრამატული თეატრის მსახიობები უბადლოდ ასრულებენ ქორეოგრაფიულ ამოცანებს, მათი პლასტიკა, მოძრაობა, ჟესტიკულაცია და შინაგანი გრძნობების ვიზუალური, სხეულებრივი ენით გამოხატვა-გადმოცემა მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. ეს ეხება, როგორც მთავარი როლების შემსრულებლებს, ასევე ქოროს.  

ნუცა გუცაშვილი მამაკაცისადმი სიყვარულით შეპყრობილი ქალის სახეს ქმნის. მედეას და გიგი ქარსელაძის იასონის სცენები უსაზღვრო და ვნებიანი სიყვარულის გამომხატველია. სწორედ დაუძლეველი, ყოვლის წამლეკავი ვნება აიძულებს მედეას ძმის მოკვლას.ნუცა გუჩაშვილის და გიგი ქარსელაძის ტანდემი ქალისა და მამაკაცის სიყვარულის ჰიმნია. კოტე ფურცელაძემ და მსახიობებმა ულამაზესი, ჰარმონიულად შერწყმული, პლასტიკურად დახვეწილი სცენები შექმნეს. ამ ეპიზოდებშიც მუსიკას, ხმაურებს, ქოროს დიდი დატვირთვა ენიჭება განწყობის შექმნაში.

საყვარელი ადამიანის ღალატით შეურაცხყოფილი ქალის სახეს ქმნის ანა წერეთელი. ღალატი დიდ ტკივილს აყენებს ადამიანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანი გღალატობს. ანა წერეთლის მედეასთვის იასონის ღალატი ყველაფრის დამანგრეველია. მსახიობი შეურაცხყოფილი, მაგრამ ღირსებაშენარჩუნებული, ძლიერი ქალის სახეს ქმნის. მაყურებელი გრძნობს, რომ ამ ქალის შურისძიება სასტიკი  იქნება. გიორგი ტორიაშვილი დაკუნთული, ძლიერი სხეულით მომხიბლავი მამაკაცის სახეს ქმნის. ანა წერეთლის და გიორგი ტორიაშვილის იასონისა და მედეას სცენებში, ერთდროულად გამოსჭვივის სიყვარული, ვნება, დაპირისპირება, ორი ძლიერი ადამიანის ორთაბრძოლაში მედეა იმარჯვებს. მიუხედავად მედეას შურისძიების  სისასტიკისა მედეა გამარჯვებულია. იგი ყველას მიუზღავს სამაგიეროს.

ემოციური, მრავლისმთქმელი და ულამაზესია თეკლა სულაქველიძის გლავკეს (კორინთოს მეფის, კრეონის ქალიშვილი) დაღუპვის სცენა. შავ ფერებში გადაწყვეტილ სცენის სიღრმეში გრძელი ოქროსფერი ტილო გადაიჭიმება, რომელიც მედეას მიერ მოწამლული მოსასხამის სიმბოლოა. ტილოს რხევები ერთდროულად მოგიზგიზე  ცეცხლის ალის და მღელვარე ზღვის ასოციაციას ქმნის, მასში კი თეკლა სალუქვაძის გლავკეა გამოხვეული და პლასტიკაში მომაკვდავი ადამიანის აგონიას გამოხატავს. 

სპექტაკლში ქოროს უდიდესი დატვირთვა ენიჭება, შეიძლება ითქვას, რომ ქორო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. სწორედ ქორო ქმნის მოვლენათა განვითარების ნათელ სურათს.  აღსანიშნია, რომ მთავარი როლების შემსრულებლები ქოროშიც მონაწილეობენ. გივიკო ბარათაშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ნათია ბუნტური, ანა გვანცელაძე, ნიკა გოგიძე, ნუცა გუჩაშვილი, ანა ეზიაშვილი, მანუ თავაძე, ნატაშკა იაშვილი, ლევან კახელი, ზუკა პაპუაშვილი, თეკლა სულაქველიძე, გიორგი ტორიაშვილი, გიგი ქარსელაძე, ლალიკო ღერკენაშვილი, ბარბარე ჩიქოვანი, ანა წერეთელი, ნიკა ხრიკული  ანსამბლური, სინქრონული კორდებალეტის მონაწილეები არიან.

 

გემოვნებით შერჩეულ მუსიკალური პარტიტურა ქორეოდრამის ფსიქო-ემოციურ მუხტს ქმნის. ასევე სპექტაკლის კონცეფციის თანხვედრია გიორგი უსტიაშვილის სცენოგრაფია. შავ ფერში გადაწყვეტილი სცენა  თითქმის ცარიელია. სცენის შუაში ჩამოკიდებული გამჭვირვალე ფარდა განათების მეშვეობით სხვადასხვა ფერად იღებება და პერსონაჟები ერთი ადგილიდან მეორეში გადაჰყავს. სცენოგრაფია სხვასთან ერთად სპექტაკლის კომპოზიციის სრულყოფის შემქმნელიცაა. სცენოგრაფიასთან ერთად მხატვრული განათებაც უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. ის გამოკვეთს მთავარ მოვლენებს, აქცენტებს, პერსონაჟთა ქმედების კულმინაციურ მომენტებს. ანანო მოსიძის კოსტიუმები პერსონაჟთა ხასიათს, მათ შინაგან განწყობას უსვამს ხაზს. მსუბუქი, ცეკვისთვის, მოძრაობისთვის მოხერხებული, დახვეწილი კოსტიუმები მართალია რაღაც დეტალებით მიანიშნებს, მაგრამ აქცენტირებულად ხაზს არ უსვამს ეპოქას. ტანს ზევით შიშველი მამაკაცებს, გრძელი ქვედაბოლოები აცვიათ, თითქოს რეჟისორი და მხატვარი მამაკაცის სხეულის სილამაზეს და სიძლიერეს უსვამენ ხაზს, რაშიც მსახიობთა სხეულებიც უწყობთ ხელს. ქალებს მსუბუქი, ფერადოვანი კაბები აცვიათ, ერთდროულად სიმშვენიერისა და სიძლიერის გამომხატველი.

კოტე ფურცელაძემ არავერბალური თეატრის თითქმის ყველა მიმდინარეობა გამოიყენა მოდერნისტული ბალეტიდან თანამედროვე ცეკვამდე და ჰარმონიულად გააერთიანა „მედეაში“. სპექტაკლში რამდენიმე ძალიან ეფექტური სცენაა, რომლებიც იქმნება ქორეოგრაფიული, რეჟისორული გადაწყვეტით,  სცენოგრაფიით, განათებით და მსახიობთა შესრულებით. კოტე ფურცელაძის „მედეა“ სხეულის ენით მოთხრობილი ამბავია ძლიერ ქალზე, ვნებიან სიყვარულზე, ღალატზე, შურისძიებაზე.  რეჟისორმა და ქორეოგრაფმა თავის ქალთა გალერეას კიდევ ერთი ძალიან ძლიერი და საინტერესო ქალის სახე შემატა.

ფოტოები გიორგი ინდუაშვილი

bottom of page