სხვების ცხოვრება
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
შალვა ამირიძე
სხვების ცხოვრება
ყველაზე დიდი ბოროტების, ავტორიტარული რეჟიმის უკან ყოველთვის დგას ისეთი ძალა, რომელიც პირდაპირ ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში, თავისუფალი აზრის გამოხატვაში და ზოგადად პიროვნულ თავისუფლებაში, რისი არსებობაც ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენს სისტემისთვის. ასეთ დროს მათი მთავარი იარაღი კი არის ე.წ “მოსმენა”, არაკანონიერი გზით მოპოვებული კომპრომატების მეშვეობით, პიროვნების დამორჩილების მცდელობა და საზოგადოებაში შიშის ჩანერგვა. სწორედ ამ თემას ეხმაურება თავისუფალი თეატრის სპექტაკლი ,,სხვების ცხოვრება”, სადაც ასახულია საბჭოთა რეჟიმის, კონკრეტულად კგბ-ს მუშაობის სტილი და პრინციპები. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიცაა საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თემა მაინც არ კარგავს აქტუალურობას, რადგან ამგვარი პრობლემების წინაშე ქართული საზოგადოება პერიოდულად ისევ აღმოჩნდება ხოლმე. აწმყო ყოველთვის იმეორებს წარსულს, თუ მომავლისკენ მიმავალ გზაზე, ინტელიგენცია არ დგას და ამგვარი სისტემის პირველი სამიზნე სწორედ რომ ისინი არიან.
სპექტაკლი დაკითხვის სცენით იწყება, სცენა ჩაბნელებულია ისმის მხოლოდ გამომძიებლის და ეჭვმიტანილის დიალოგი, რომელიც გაჯერებულია მუქარის შემცველი ტექსტებით და რეჟიმისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური ტერორით. სცენა ნათდება, ვხედავთ მთავარი გმირის საცხოვრებელ სახლს, რომელიც შემდგომ ყველა იმ ლოკაციას აერთიანებს სადაც ესა თუ ის მოქმედება ხდება, იქნება ეს დაკითხვისთვის განკუთვნილი განყოფილება, ქუჩა, თეატრი თუ პირადი ავტომობილი. სცენის მხატვრობის ხარჯზე, კი მაყურებლისთვის ნათელი ხდება, რომ არ არსებობს არანაირი ხილული თუ უხილავი კედელი სახელმწიფოსა და ინდივიდებს შორის.
სპექტაკლში ცეკას მდივანი რომელსაც სლავა ნათენაძე განასახიერებს და კგბ-ს მაღალჩინოსანი-შაკო მირიანაშვილი , ჭეშმარიტი სახეები არიან იმ მახინჯი სისტემის რომელსაც მხსვერპლად ეწირებიან ადამიანები, რომელთა საზრუნავს არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა, არამედ სამშობლოს ბედი წარმოადგენს, ასეთი პერსონაჟები არიან: გიორგი ავალიშვილი (მამუკა მუმლაძე) და ირაკლი გაბრიჩიძე (ლაშა გურგენიძე). სხვა ყველა პერსონაჟი კგბ-ს ფარული აგენტია, მორალური პრინციპებისგან დაცლილი გმირები, რომელთა ამოცნობა სხვა უარყოფით გმირებთან შედარებით რთულია, ისინი ყველგან არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება მოგვევლინონ საავადმყოფოებში ექთნებად , ქუჩაში მეძავებად , სახლში მოახლეებად , კულტურის სფეროს წარმომადგენლებად და რაც არ უნდა შემაშფოთებელი იყოს, ყველაზე სანდო ადამიანებად, შეყვარებულებად. ასეთი პერსონაჟები არიან: ნინო ებრალიძე (მარიამ ჯოლოგუა) გიორგი ავალიშვილის შეყვარებული და თამუნა ნიკოლაძე რომელიც სპექტაკლში სამ სხვადასხვა როლს თამაშობს.
აღსანიშნავის კახა მიქიაშვილის როლი, რომელიც სპექტაკლის მსვლელობასთან ერთად აღვიძებს იმედის ნაპერწკალს, ის ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყველა ადამიანში დევს შინაგანი თავისუფლების იდეა, სამართლიანობისა და ემპათიის განცდა. რიგითი ოპერი, რომელიც უსმენს, იწერს და გადასცემს, ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ თავისი საქმიანობით წყალს უსხამს ბოროტების წისქვილს, ეცვლება დამოკიდებულება გარშემომყოფების და რაც მთავარია საკუთარი თავის მიმართ, მასში იღვიძებს მიძინებული მორალი, რომლის წინაშეც თუ ადამიანი მართალი არ არის, განწირულია მისი ცხოვრება სინანულისთვის და თვითგვემისთვის, გვიანი კი არასდროსაა ისტორიის ნათელ მხარეს დადგომა, სანამ არსებობ გაქვს შანსი გამოასწორო საკუთარი დანაშაული.
სპექტაკლის ხარისხი მეტწილად კახა მიქიაშვილის საშემსრულებლო ოსტატობაზე დგას, არა მხოლოდ იმიტომ რომ კვანძის შეკვრასა და გახსნაში მისი პერსონაჟი მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ რომ ის მეტამორფოზა, რასაც ის განიცდის საკმაოდ დამაჯერებელია.
დადებითად შევაფასებდი ასევე თამუნა ნიკოლაძეს, რომელიც სამი სხვადასხვა პროფესიის მუშაკად გვევლინება და სამივე მათგანი არაჩვეულებრივად აქვს გათავისებული, ამიტომ მაყურებელს მისი გამოჩენისთანავე აქვს მოლოდინი რომ ის ახალი პერსონაჟია. ჩემი აზრით, ყველაზე რთულია სცენაზე ერთი ადამიანი ისე იცვლიდეს როლს, რომ მისი წინამორბედი სახე სრულიად დამოუკიდებელი იყოს.
აგრეთვე შექებას იმსახურებს შაკო მირიანაშვილი, რომელმაც სახასიათო ხმის ტემბრითა და ბალანსირებული მანერულობით გაგვაცნო კგბ-ს მაღალჩინოსნის პროტოტიპი.
რაც შეეხება სლავა ნათენაძის და მამუკა მუმლაძის სამსახიობო ოსტატობას, უნდა აღინიშნოს რომ ჩემს მოლოდინს ყოველთვის ამართლებენ და არც ეს სპექტაკლი ყოფილა გამონაკლისი, ისინი სტაბილურად კარგად ასრულებენ თავიანთ როლებს.
პათეტიკური მეჩვენა მარიამ ჯოლოგუა, რომელიც უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი შემდგარი ქალი, პოლიტიკის და ისტორიის მსხვერპლი, ფარული აგენტი და ამავე დროს შეყვარებული, თუმცა არცერთ მათგანში არ იგრძნობოდა თავდაჯერებულობა, ხმის ტემბრის გარდა თითქოს მასში არაფერი იცვლებოდა. ამავეს თქმა შეიძლება ლაშა გურგენიძეზეც, თუმცა საბოლოოდ სპექტაკლი შეიძლება ითქვას რომ შედგა.
აფიშაში ვკითხულობთ რომ სპექტაკლის რეჟისორი და პიესის ავტორი არის ავთანდილ ვარსიმაშვილი. როგორც ზევით აღვნიშნეთ სპექტაკლი მისი შემადგენელი ელემენტების საფუძველზე კარგად გამართულია, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი რა თქმა უნდა რეჟისორია, თუმცა აუცილებელია აღვნიშნოთ რომ სპექტაკლის ინსპირაცია ამავე სახელწოდების 2006 წლის გერმანული ფილმია.
როგორ თავში აღვნიშნე, სპექტაკლის პრობლემატურობა დღესაც აქტუალური და დამღუპველია ქართული რეალობისთვის.პიესაში ნათლად არის ნაჩვენები ვინ როგორ ნიღაბს ატარებს, მაგრამ რეალურად ყველა მათგანი სისტემის მსხვერპლია, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება უბრალო ოპერი,უშიშროების მაღალჩინოსანი თუ ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი და მმართველი. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ყველას უსმენს,უთვალთვალებს და საჭიროების შემთხვევაში აშანტაჟებს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი ადამიანებში იბადება და იზრდება ის საშინელება რასაც უნდობლობა ჰქვია. სწორედ ეს სჭირდება ბოროტ რეჟიმს არსებობისთვის. მაშინ რა არის გამოსავალი და რა აზრი აქვს ესეთი სპექტაკლის დადგმას?! ალბათ ის რომ ჩვენ ყველამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები რათა თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვაღიაროთ რომ ბოროტების მამოძრავებელი წყარო, ისევ ჩვენ ვართ, ვინც ვეგუებით და უსიტყვოდ ვემორჩილებით უსამართლობას,ვკარგავთ ერთმანეთის ნდობას რასაც გარკვეული ძალები ისევ ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. პირადად მე ყოველთვის დადებითად ვარ განწყობილი ამგვარი შინაარსის სპექტაკლების მიმართ პირველ რიგში იმიტომ
რომ დღეს ამის აუცილებლობა ნამდვილად გვაქვს. ყოველთვის მემახსოვრება ის რიგითი კგბ-ს ოპერი რომელმაც დაკარგა ყველაფერი მაგრამ საკუთარ თავთან და ნამუსთან მართალი,ლაღი,ბედნიერი დარჩა. ვისურვებდი ამგვარი მეტამორფოზა არამხოლოდ სცენაზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც მენახა.