top of page

გულწრფელობისა და გულახდილობის პერფორმანსი

70409719_2505021352896041_98889873938710

გულწრფელობისა და გულახდილობის პერფორმანსი

 

ავტორი: ლაშა ჩხარტიშვილი

ფოტო: ვალერი ფესტვენიძე

 

ახალი დრამის ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობდა თამარ შუკაკიძე, თეატრმცოდნე, თუმცა არტისტული საზოგადოება მას პოეტად და პროზაიკოსად უფრო იცნობს. ამჯერად, ის ერთდროულად ავტორის, რეჟისორისა და შემსრულებლის სახით წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე და ახალი დრამის ფესტივალზე მისი სადებიუტო საავტორო პერფორმანსი ვნახეთ სახელწოდებით „მეხსიერება“. თავიდანვე უნდა ვაღიაროთ, რომ პერფორმანსი, რომელიც მაყურებელმა იხილა მთლიანად თავსდებოდა ახალი დრამის ფესტივალის კონცეფციაში.

 

თაკო შუკაკიძის ვერბალური პერფორმანსის შეფასებისას დაუშვებელია კრიტიკაში დამკვიდრებული ტრადიციული კრიტერიუმებით ანალიზი, ვინაიდან ახალგაზრდა არტისტი (ფართო გაგებით) მთლიანად არღვევს ტექსტისა და მოქმედების ტრადიციულ თანმიმდევრულობას, სტრუქტურას, თხრობის მანერასა და სტილს. შესაბამისად, პერფორმანსის შეფასება-ანალიზისას ამოსავალი სწორედ თავად ნაწარმოები უნდა იყოს და არა შეფასების დამკვიდრებული კრიტერიუმები. თუ ჩვენ თაკო შუკაკიძის პერფორმანსს, როგორც სპექტაკლს შევხედავთ, მაშინ ნანახი თუ მოსმენილი განხილვადაც არ ღირს... რაკი ავტორი  დოგმებს ებრძვის, მოდით ვცადოთ და ჩვენც, კრიტიკის თეორიაში დამკვიდრებული ნორმების საწინააღმდეგოდ შევაფასოთ თაკო შუკაკიძის „მეხსიერება“.

 

წარმოდგენის დაწყებამდე შრომითი რეზერვების სპორტულ დარბაზში შესულ მაყურებელს წითელი ხალიჩა, სპორტული სარბენი ბილიკი და პროექცია ხვდება, რომელზედაც წარმოდგენის ავტორსა და მთავარ გმირს ვხედავთ ტანსაცმლის ბაზრობაზე, როგორ არჩევს (ირგებს) ის უცნაურ[1] ტანისამოსსა თუ აქსესუარებს. ვიდეო გამოსახულება, რომელიც ვიდეო არტისტმა საბა შენგელიამ შექმნა, მთელი პერფორმანსის განმავლობაში მუშაობს და იცვლება. ეკრანზე ხან დოკუმენტურ, ხან ანიმაციურ და ხანაც რეალურ, ახლა და ამ წუთას, ჩვენს თვალწინ გათამაშებულ (უფრო სწორად პრეზენტირებულ) სცენებს ვხედავთ.

 

მაყურებლისთვის სრულიად მოულოდნელად და მოულოდნელი ეფექტით შემოდის წითელი ხალიჩის გავლით საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სილამაზის კონკურსის მონაწილე - წარმოდგენის მთავარი და ერთადერთი გმირი თაკო შუკაკიძე. სავარაუდოდ მან რომელიღაც ნომინაციაში გაიმარჯვა კიდეც, რადგანაც მისი ნახევრად „შიშველ“ და ფუმფულა სხეულს ლენტი ფარავს, რომელზედაც (არ აქვს მნშვნელობა რა) აწერია: „მის...“ ასევე მოულოდნელად, პირობითი სილამაზის დედოფალი სპორტულ სარბენ ბილიკზე დგება და მონოლოგის კითხვას იწყებს. თითქმის მთელი წარმოდგენის განმავლობაში არტისტი სარბენ ბილიკზე მაყურებელთან ზურგით დგას, თუმცა მის სახეს, მსხვილი ხედით, უზარმაზარ ეკრანზე ვხედავთ.

 

თაკო შუკაკიძის გმირი ყველა გამოწვევისთვის მზად არის, იმისთვისაც, რომ ანგარიში გაუწიოს საზოგადოებას და გახდეს (ფიზიკურად ჩადგეს ფორმაში), რათა მომავალში თავიდან აირიდოს ბულინგი. ტექსტის კითხვისას პერფორმანსის გმირი სარბენ ბილიკზე მოძუნძულე გვიმხელს მის შეხედულებებს საზოგადოებაზე და მასში დამკვიდრებულ ნორმებზე, თან არ ჩერდება, ისევ „დარბის“ და იღლება კიდეც, მის მონოლოგს ფონად მუსიკასთან ერთდ, ბუნებრივი ქოშინიც ემატება, რომელიც ფინალისკენ უკვე მაყურებელსაც „აწუხებს“ და გმირის მიმართ თანაგრძნობის განცდას იწვევს, თითქოს საზოგადოება ზავდება მასთან, რომ იყოს ისეთი, როგორიც ის არის და „ჯანდაბას დიეტა“. თაკო შუკაკიძე გვიჩვენებს იმ ტანჯვას, რასაც მისი პერფორმანსის გმირი განიცდის. (წარმოდგენის მსვლელობისას სრულიად მოულოდნელად სპორტული სარბენი ბილიკი მწყობრიდან გამოვიდა, პერფორმერი არ დაიბნა და ტექსტის კითხვა სხვა სავარჯიშოების თანხლებით გააგრძელა, რათა აკრეფილი ქოშინის ტონი არ შეენელებინა).  

 

ტექსტი, რომელიც გვესმის მრავალწახნაგოვანია და პოლისტილისტური. ტექსტის მიხედვით ძნელია დაადგინო, რომელ სოციალურ ჯგუფს ეკუთვნის გმირი. ის გარიყულია შეყვარებულისგანაც და საზოგადოებისგანაც, ამიტომაც გაბრაზებულია ყველაზე და ყველაფერზე. ტექსტის სტილისტიკა და გმირის ლექსიკა ირონიულია. ბულინგის მსხვერპლის საპასუხო რეაქციაც ირონიაა, ამბობს კიდეც, რომ მისი მთავარი ინსტრუმენტი ენაა, რომლითაც მას ძალუძს თავდამსხმელთა მოგერიება. მთლიანობაში თაკო შუკაკიძის ტექსტი უფრო პოეზიისკენ იხრება და ამიტომაც არის ამაღლებული, წასაკითხი და გასაანალიზებელი და არა ქმედითი და მოსასმენი. პერფორმანსის მსვლელობისას დაახლოებით ის განცდა გამიჩნდა, რომელიც ნახატების გალერიაში სამი ნამუშევრის დათვალიერების შემდეგ გიჩნდება. მიღებული შთაბეჭდილებით იღლები და სხვა ნამუშევრების საფუძვლიანი აღქმა, დეტალებზე კონცენტრირება რომ გიჭირს.

 

თაკო შუკაკიძის პერფორმანსი თეატრალიზებული კითხვის ფორმას ეფუძნებოდა. პერფორმერმა უარი თქვა მიზანსცენებზეც, რაც წარმოდგენას ერთფეროვნების ელფერს სძენდა. პერფორმანსი კი, რომელიც თავისი სტრუქტურით ტრადიციულ თეატრს უპირისპირდება არღვევს დოგმებს და სტერეოტიპებს, ღიად უპირსპირდება საზოგადოებაში მიღებულ შეხედულებებსა და ტრენდებს. ახალი დრამის ფესტივალი კი ის სივრცეა, სადაც ალტერნატიული სათეატრო ენის მოძიებასა და შექმნას უწყობენ ხელს. თაკო შუკაკიძემ კი ეს სივრცე დაკვეთის ყველა წესის დაცვის შესაბამისად გამოიყენა.

 

[1] აი, წამომცდა, „უცნაური“, რატომ არის ფუშფუშებიანი ჭრელი ქვედაბოლო უცნაური? ისევ სტერეოტიპებმა მძლიეს

bottom of page