top of page

თეატრის განვითარებას რეალური ხელშეწყობა სჭირდება

5db06653-7d63-470d-9dbc-437f36af4555_380

მაკა ვასაძე

 

თეატრის განვითარებას რეალური ხელშეწყობა სჭირდება...

საუბარი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორთან  - თამარ ლორთქიფანიძესთან

თამარ ლორთქიფანიძე - პროფესიით პიანისტი. თბილისის ნიჭიერთა ათწლედის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში. 90-იან წლებში, საყვარელი პროფესიის მიტოვება მოუწია და მენეჯერი გახდა. ნიჭიერი ადამიანი, ყველაფერს დიდი სიყვარულით და ენთუზიაზმით აკეთებს. ამას მოწმობს მისი სამუშაო გამოცდილება და ის პროექტები, რომლებიც მან წლების განმავლობაში წარმატებით განახორციელა. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ: 2010 წლიდან დღემდე - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვარგარეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ამავე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს - არტ მენეჯმენტი; 2010-2013 წ.  - კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი - გენერალური მენეჯერი; 2010 წლიდან დღემდე - მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში - ფესტივალის დირექტორი.

 

2014 წლის იანვრიდან თამარ ლორთქიფანიძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულის თეატრის სრულუფლებიანი დირექტორია. მანამდე კი, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც მესხიშვილის თეატრს 7 წელია უძღვება, სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, თამარი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად მიიწვია.

შვიდი წლის განმავლობაში გიორგი სიხარულიძემ არაერთი საინტერესო  და წარმატებული სპექტაკლი დადგა მესხიშვილის თეატრში, შემოქმედებითი დასი ახალგაზრდა თაობით შეავსო (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მას ჰყავდა მსახიობთა მიზნობრივი ჯგუფი), თეატრის გარე ფასადის, დიდი და მცირე სცენების გარემონტებაც შეძლო. მუდმივად იწვევს რეჟისორებს საქართველოდან თუ უცხოეთიდან სპექტაკლების დასადგმელად და ა. შ. ქუთაისის საუკუნენახევრიანი თეატრისათვის კულტურული - სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო, ფუნქციის დასაბრუნებლად, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა, ნიჭიერ შემოქმედს თავის გვერდით სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, ვინც ჩანაფიქრის განასახორციელებლად გვერდში დაუდგებოდა...

ვფიქრობ, არაჩვეულებრივი გუნდი შეიქმნა -  გიორგი სიხარულიძე და თამარ ლორთქიფანიძე. დარწმუნებული ვარ, ისინი ერთად, ბევრ სასიკეთო და რაც მთავარია სჭირო ჩანაფიქრს განახორციელებენ. სწორედ გეგმებზე სასაუბროდ შევხვდი თამარ ლორთქიფანიძეს, ვთხოვე ნაწილობრივ მაინც გაენდო ჩემთვის და მკითხველისთვის, თუ, რა სიახლეებს შესთავაზებენ ქუთაისელ (და არა მარტო ქუთაისელ) საზოგადოებას, რის გაკეთებას აპირებენ.

თამარ ლორთქიფანიძე - ჩემი რეალური ფუნქცია უფრო ადმინისტრაციულია, მაგრამ გუნდი გვაქვს და ერთობლივად ვმუშაობთ, სამხატვრო საბჭოს წევრიც ვარ. ჩვენ გვინდა, რომ მესხიშვილის თეატრი ავიყვანოთ ახალ საფეხურზე. ჩემი, როგორც ახალმისულის, აზრით, პრობლემა ის არის, რომ ამ თეატრის შესაძლებლობები, ქვეყანაში კარგად არ იციან... გიორგი სიხარულიძემ ძალიან ბევრი გააკეთა შვიდი წლის განმავლობაში. შეიძლება ითქვას, თეატრს ძალიან ფართო რეპერტუარი აქვს - წელიწადში რამდენიმე პრემიერა, კვირაში 2-3 სპექტაკლს თამაშობენ. გარდა ამისა, დღესდღეობით მესხიშვილის თეატრი ცენტრალური, საუკეთესო სივრცეა ქუთაისში, როგორც თეატრალური წარმოდგენებისთვის, ასევე საკონცერტოდ. რუსთაველის თეატრზე დიდი დარბაზია, ასე თუ ისე მოწესრიგებული, ამიტომ სულ არის ღონისძიებები, ამას არ ვუჩივით. მაყურებელიც თითქოს ავსებს დარბაზს, მაგრამ ეს არ არის რეალური, ასე ვთქვათ, ბილეთების გაყიდვის სურათი. მაყურებელთა უმრავლესობა მოსაწვევებით მოდის, იყიდება დაახლოებით დარბაზის ერთიმესამედი. ქუთაისში ხალხი  არ არის დაჩვეული სალაროში მისვლას და ბილეთის ყიდვას: შუამავლები და თეატრის თანამშრომლები ავრცელებენ ბილეთებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაყურებელი პასიურია. ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ. მესხიშვილის თეატრის პრიორიტეტი ის არის, რომ ყველა თაობის მსახიობი ჰყავს; შემოქმედებითი რესურსი არაჩვეულებრივია და შეიძლება გამოყენება, მაგრამ აბსოლუტურად არ არის თეატრის პიარი გაკეთებული. უფრო მეტსაც გეტყვი, 1980-იანი წლების მერე თეატრი საერთაშორისო გასტროლზე  არ ყოფილა, მხოლოდ ლოკალურად საქართველოს მასშტაბით გაჰქონდათ სპექტაკლები.

მ. ვ.  - მახსოვს, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის შედეგად საერთაშორისო პროექტი განახორციელეს. ბრიტანელმა რეჟისორმა ჯონათან ბანათვალმა უ. შექსპირის „ტროილოსი და კრესიდა“ დადგა.

თ. ლ. - დიახ, გიორგი სიხარულიძე მუდმივად იწვევს სხვადასხვა რეჟისორს სპექტაკლების დასადგმელად. თეატრის კარი ღიაა ნებისმიერი შემოქმედებითი ჯგუფისა თუ ექსპერიმენტისთვის, მცირე სცენაც გვაქვს. მესხიშვილის თეატრი პარტნიორია ისეთი მნიშვნელოვანი საქმის, როგორიც არის ბავშვებში, ახალგაზრდებში თეატრის, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია. მაგალითად, ყოველწლიურად მასპინძლობს სკოლების თეატრალურ ფესტივალს. ძალიან ბევრ სკოლაში არის თეატრალური წრე, სკოლები ყოველწლიურად ატარებენ თეატრალური წრეების საკონკურსო ფესტივალს და, როგორც წესი, წლის ბოლოს, სასკოლო სათეატო წრეების ფესტივალის დახურვისას აჯილდოებენ გამარჯვებულებს. მათ, მესხიშვილის თეატრი წლის განმავლობაში რამდენჯერმე,  სცენას უთმობს სპექტაკლების სათამაშოდ.

ახლა მინუსებზე გადავიდეთ... წლიური ბიუჯეტი თეატრის ხარჯებზე ბევრად ნაკლებია. მაგალითად, როგორც ვთქვი, ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფია, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი არც  იმის საშუალებას იძლევა, რომ შესაბამისი ანაზღაურება ჰქონდეთ არტისტებს.

მ. ვ. -  რამდენია მსახიობის საშუალო ხელფასი?

თ. ლ. -  350 ლარი...

მ. ვ. -  კვირაში რამდენი სპექტაკლია?

თ. ლ. - ორ-სამ წარმოადგენას თამაშობენ. პრობლემა ის არის, რომ თეატრს განვითარებისთვის არ აქვს ბიუჯეტი, არ ჰყოფნის... ჩვენ მუნიციპალიტეტიდან ვფინანსდებით.

მ. ვ. -  და არა კულტურის სამინისტროდან?

თ. ლ. -  ჩვენ არა ვართ ცენტრალურ დაფინანსებაზე მიბმულები... სამინისტრო გვაძლევს სადადგმო ხარჯს, პროგამულად - სხვადასხვა პროექტებს  გვიფინანსებს...

მინდა, ხაზი გაესვას  იმ გარემოებას, რომ ეს არის უნიკალური თეატრი - ტრადიციით, ისტორიით, შესაძლებლობებით; ეს არ არის ჩვეულებრივად რეგიონის თეატრი. ქუთაისი არ არის საქართველოს ერთ-ერთი ქალაქი. ბევრჯერ გაჟღერებულა: ქუთაისი ქართული კულტურის დედაქალაქია; ან, - შეიძლება გახდეს კულტურის დედაქალაქი. რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ ქუთაისი ათასწლეულების განმავლობაში იყო დედაქალაქი და ცენტრალური ქალაქი. ზუსტად ამას ვცდილობთ ახლა ჩვენ, რომ სხვა საფეხურზე ავიყვანოთ ქუთაისის, მესხიშვილის თეატრის მნიშვნელობა. სხვანაირი მოვლა უნდა ამ ქალაქს. რეალურად, თითქმის ყველა, ვინც კულტურის სფეროში მოღვაწეობდა თუ მოღვაწეობს თბილისში (მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში) ქუთაისიდან თუ არა, ამ რეგიონიდან, დასავლეთიდან არის წამოსული.

მ. ვ. - აბსოლუტურად გეთანხმები, თითქმის ყველა სახელგანთქმული - მწერალი, პოეტი, დრამატურგი, რეჟიოსორი, მსახიობი, მუსიკოსი... მათი უმეტესობა დასავლეთიდან, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონიდან, უფრო კონკრეტულად კი ქუთაისიდან მოდის...

თ. ლ. - თუ  კულტურის პოლიტიკის ასპექტით მივუდგებით ამ საკითხს, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ლადო მესხიშვილის თეატრი გახდეს ქუთაისის კულტურული ცხოვრების ცენტრი. ვინაიდან თეატრი სინთეზური ხელოვნებაა,  ყველაზე კარგი ადგილია, იმისათვის, რომ იქ აამოქმედო ცოცხალი, აქტიური, ინოვაციური იდეები; მაგრამ არაფერი გამოვა, თუ, არ იქნება რეალური მხარდაჭერა და, თუ, ქუთაისსა და იმერეთეში კულტურული ცხოვრება არ გაცხადდება პრიორიტეტად... სადღაც, შეიძლება პრიორიტეტი იყოს სოფლის მეურნეობა, სადღაც, კი შეიძლება გაკეთდეს საუნივერსიტეტო ცენტერები ან ტურიზმის ცენტრი. ქუთაისი ქალაქია, რომელსაც სჭირდება აქტიური ინვესტიცია კულტურაში. ზოგადად ძალიან შემოქმედებითია ეს მხარე, მოსახლეობაში არის რესურსი. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უამრავი პროგრამა და პროექტი, ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ კიდეც.

მ. ვ. - კონკრეტულად, შეგიძლია მოგვიყვე იმის შესახებ, თუ რა პროგრემები გაქვთ დაგეგმილი?

თ. ლ. - ახლახანს, შექსპირის „მაკბეთის“ პრემიერა შედგა. სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორმა - ვანო ხუციშვილმა დადგა. სულ მალე, გიორგი სიხარულიძეც გამოუშვებს სპექტაკლს. კიდევ ერთი პრემიერა გვაქვს დაგეგმილი. გარდა ამისა, ვფქირობთ, ისეთი პროგრემების გაკეთებას, რომელიც ხალხს გარედან შემოიყვანს თეატრში, არა როგორც მაყურებლს, არამედ გულშემატკივრს. მაგალითად, საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის. ასეთი იდეაც გვაქვს - სამაგიდო რეპეტიციიდან გამზადებულ პროდუქტამდე... მოზარდებს, ახალგაზრდებს თვალნათლივ ვაჩვენოთ - რა შრომა, რა ენერგია იდება სპექტაკლის შექმნაში, რომ მათთვის (ახალგაზრდებისთვის) უფრო ნაცნობი გახდეს ეს პროცესი, შემდეგ გაიაზრონ და იქნებ, გულთან უფრო ახლოს მიიტანონ კიდეც.  წარმოგიდგენია, რაზე დავითანხმეთ რეჟისორები? - სამუშაო, სარეპეტრიციო პროცესზე დაუშვან „უცხოები“. ამას გარდა მოვიწვევთ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მაღალპროფესიონალებს, არა მარტო თბილისიდან, არამედ მთელი საქართველოდან და ხელოვნების, ამა თუ იმ, დარგში, თეატრში, ჩავატარებთ სემინარებს. ეს, ე. წ. „სემინარიუმები“, ასე ვუწოდებთ ხოლმე, დაავირუსებს ახალგაზრდობას...

მ. ვ. - გასაგებია, სიყვარულის ვირუსს შეჰყრის - თეატრის, ხელოვნების...

თ. ლ. - აგრეთვე, სხვა ენით მიაწოდებს ინფორმაციას, ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა და ცხოვრობს ქუთაისი. უნდა გაქარწყლდეს ბოლო წლებში გაბატონებული მოსაზრება, რომ ქუთაისი რაღაც ბრტყელ-ბრტყელი იუმორის და ქურდული სამყაროს ქალაქია. რატომღაც კომედიშოუსთან ასოცირდება იმერული, ქუთაისური იუმორი. სინამდვილეში ასე არ არის. ქუთაისი, არც ქურდული მენტალიტეტის ქალაქია - ისტორიულად ქუთაისი საქართველოს კულტურისა და განათლების ცენტრია.

ჩვენი ამოცანაა აგრეთვე პრემიერების, ან რაიმე საინტერესო ღონისძიებების გაშუქება, არა მარტო „რიონით“, არამედ საქართველოს ცენტრალური ტელევიზიით.

გვაქვს რეალური გეგმები, რომ წელს თეატრი საზღვარგარეთ გავიყვანოთ გასტროლზე.

კიდევ გვაქვს ახალი პროექტის - „დინასტია“ - განხორციელების იდეა. ორთვეში ერთხელ, გაიმართება ისეთი შემოქმედებითი საღამოები  (ორთვიანი პერიოდი ხარისხიანად მომზადებისთვის გვჭირდება), რომლებიც თბილისიდან ჩამოიყვანს ხალხს ქუთაისში. ამ იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ინვესტიცია ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში.

მ. ვ. - რა შეიძლება იყოს სპონსორის, ინვესტორის ინტერესი?

თ. ლ. - აქ არის ოპერა, მესხიშვილის თეატრი თავისთავად, უნივერსიტეტი, არაჩვეულებრივი გალერეა, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, მუსიკალური სასწავლებელი - ინფრასტრუქტურა არის. ეს ყველაფერი რაღაცნაირად უნდა დადგეს ფეხზე.

მ. ვ. - და, თქვენი ძირითადი მიზანი რა არის?

თ. ლ. - ჩვენი მიზანია, რომ მესხიშვილის თეატრი გახდეს კულტურის მექა, ცენტრი...

მ. ვ. - პრინციპში რაც იყო...

თ. ლ. - ქუთაისისთვის, და არა მარტო ქუთაისისთვის, არამედს მთელი საქართველოსთვის იქცეს კულტურული ცხოვრების ცენტრად... მოვიფიქრეთ სლოგანი, რომელიც ქუთაისში თეატრის წინ განთავსებულ სტელაზე ამოიტვიფრება, და, თუ, მოვახერხეთ გვინდა თბილისშიც გავაკეთოთ ბანერის სახით. სლოგანის შინაარსი სიურპრიზია და ჯერჯერობით არ დავაკონკრეტებ რა წარწერა იქნება. აგრეთვე, პატარა სარეკლამო რგოლის გაკეთება გვსურს  ქართული ტელევიზიისთვის.

აფიშებიც ცოტა სხვანაირად გვინდა გავაკეთოთ. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს - ახალი, ინოვაციური პროექტები. ვიმედოვნებთ, მათი განხორციელების შედეგად, ქართულ საზოგადოებას, ქართველ მაყურებელს დავაბრუნებთ მესხიშვილის თეატრში. როგორც აღვნიშნე, მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია - გვინდა ავუხსნათ, გავაგებინოთ რა არის ზოგადად ხელოვნება,  ხელოვნების ესა, თუ ის, სფერო, თეატრი...

განა, პატარა საქმეა, რომ თბილისის გარდა, მსახიობებს - ევა ხუტუნაშვილს, ანზორ ხერხაძეს და ერემია სვანიძეს - ვარსკვლავები  ქუთაისში გაუხსნეს?
თეატრს, ზოგადად, შველა უნდა... თან, იმ ეპოქაში, როდესაც არსებობს კომპიუტერი, ინტერნეტი და უფრო ხელგეწიფება ყველაფერი სახლში ნახო... ცოცხალ წარმოდგენებს მაყურებელი აკლდება... თეატრში, ხელოვნებაში ფული თუ არ ჩაიდო ხარისხიანი პროდუქციის შესაქნელად, მაშინ თეატრი, ხელოვნება „მოკვდება“. თეატრი, ის ხომ არ არის, რომ წახვიდე, ნახო სანახაობა და უბრალოდ, ფიზიოლოგიურად გაიცინო ან იტირო... ეს სულიერი ზრდაა...

თეატრი ასწავლის მეტყველების კულტურას, ქცევის კულტურას... შეიძლება, რომ ყველა სპექტაკლსა თუ კონცერტზე, ყველაზე უსუსურზეც კი, ფეხზე ადგომით არის ოვაციები? მაყურებელმა ისიც არ იცის, რომ არსებობს შეფასების გრადაცია, რომ ყველაზე მაღალი შეფასებაა, როდესაც მაყურებელი ფეხზე უდგება არტისტებს.

ერთხანს არასახელოვნებო ორგანიზაციაში მომიწია მუშაობა. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ (ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები) სხვანაირად აღვიქვამთ კულტურას. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა კი უყურებს, როგორც თავისუფალი დროის გატარების რაღაც ფორმას, დროსტარებას... და ხელოვანთა პროფესიას, როგორც არასერიოზულს... მათ არ ესმით, არ იციან, რომ ყოველი ხელოვანი - სიცოცხლეს, ნერვებს, ენერგიას, ჯანმრთელობას დებს - საზოგადოების წინაშე წარსადგომად. რამდენი შემთხვევაა, როდესაც ხელოვანი სცენაზე ამთავრებს სიცოცხლეს... მაყურებლის ნაწილი კი, იმდენად არამცოდნე  და ბლაგვი ემოციების გახდა, რომ მხოლოდ ასე აღიქვამს...

 მ. ვ. - სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, დაიკარგა კულტურა, შეიძლება ითქვას „მოკვადა“... ვინაიდან, კულტურა, ხელოვნება, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც სახელმწიფოს რეალური პრიორიტეტი არ არის...

თ. ლ. - ამიტომ ხელისუფლება იქნება, ბიზნესი, თუ, თავად საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და სანამ დროა უშველოს... ქუთაისი მარგალიტია იმისათვის, რომ ქართული, განსხვავებული, ტრადიციებზე დაყრდნობილი თანამედროვე პროდუქცია შეიქმნას. ვერ გააკვირვებ ნიუ-იორკს ჯაზით, კლასიკური მუსიკით - ვენას და მუსიკალურ დედაქალაქებს. თეატრში ისევე, როგორც ფოლკლორში გვაქვს რესურსები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური. ფოლკლორით, თეატრით, კინოთი  განაცვიფრებ ქართველ, თუ, უცხოელ მაყურებელს...

მ. ვ. - კლასიკური მუსიკის საშემსრულებლო დონითაც ვაკვირვებდით მსოფლიოს... სამწუხაროდ ესეც იკარგება.

თ.  ლ. - ამიტომაც, არაფრით არ შეიძლებოდა, მუსიკალური ათწლედის, ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის მოშლა, გაუქმება...

მ. ვ. - და მუსიკალური სკოლების გაუქმება შეიძლებოდა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მუსიკის მოსმენის კულტურას გაჩვევდნენ იქ...

თ. ლ. - იმასაც, თუ, როდის უნდა დაუკრა ტაში, რომ რაღაც ნაწარმოები სამნაწილიანია და ნაწილებს შორის ტაშის დაკვრა არ შეიძლება და ა. შ. მუსიკალური სასწავლებელი, „ძალით, თუ მათრახით“, თავის წვეთს დებდა ამ საქმეში, საზოგადოების აღზრდაში... რასაკვირველია, აუცილებელია თანამედროვე მეთოდოლოგიის, ტენდენციების შესწავლა და განვითარება.

მ. ვ. - წვეთს კი არა დიდ რამეს დებდა... შენს მიერ, ზემოხსენებულ ქცევის ნორმებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. საზოგადოებამ, მაყურებელმა აღარ იცის, როგორ უნდა მოიქცეს თეატრსა თუ სხვა სახელოვნებო დაწესებულებაში. მაგალითად, თბილისში, საახალწლოდ ბევრმა თეატრმა დადგა საბავშვო სპექტაკლი. რუსთაველის  (მარკ ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“) და მარჯანიშვილის (ჩარლზ დიკენსის მიხედვით „საშობაო სიმღერა“) თეატრების სპექტაკლებზე შვილიშვილი (11 წლის არის) წავიყვანე. მაყურებლის ქცევით, არა მარტო მე, ჩემი შვილიშვილიც კი აღშფოთებული იყო. წარმოდგენებზე მოზარდები მშობლებთან ერთად იყვნენ მოსულები, უგვანოდ სწორედ მშობლები იქცეოდნენ. მაგალითად, რუსთაველის თეატრში ჩვენს უკან იჯდა ქალი, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ცელოფნის პარკიდან იღებდა კანფეტებს, ხსნიდა და თავის შვილს აჭმევდა. ხომ წარმოგიდგენია რა გამაბეზრებელი ჭრაჭუნის ხმა ჩაგვესმოდა ყურში. კინაღამ გადავირიე... რა უნდა ისწავლოს ამ ქალბატონისგან მისმა შვილმა? ანდა, სპექტაკლის მსვლელობისას, მობილურ ტელეფონებზე საუბარი და მესიჯების გაგზავნა?...  

თ. ლ. - იცი ევროპაში რა გააკეთეს? შედიხარ თუ არა დარბაზში ყველა ტელეფონი იბლოკება, მაგრამ ეს ძალიან ძვირია... და, ალბათ, ჩვენთან ჯერჯერობით შეუძლებელია ამის გაკეთება... ადამიანი ბავშვობიდან უნდა აღზარდო, მისცე ინტელექტუალური განვითარება... რასაც ხელოვნება, კლასიკური მუიკა, თეატრი და ა. შ. ძალიან უწყობს ხელს... სწორედ ამიტომ, დავსახეთ გეგმა... პატარ-პატარა აგურების დადებით ისეთი რამ შევთავაზოთ ქუთაისელ მაყურებელს, რომ კვირა არ გავიდეს ისე, რომ ქუთაისის საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვა არ გაუჩნდეთ: „ნეტავ თეატრში რა ხდება?“ გავუღვივოთ თეატრისადმი ინტერესი, სიყვარული, თეატრში სიარული იქცეს მათ მოთხოვნილებად, აუცილებლობად.

ბილეთის ყიდვის კულტურაც უნდა ისწავლონ. მესმის, რომ თეატრში ხშირი სიარული ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემასთან არის მიბმული, მაგრამ ჩვენთან ბილეთი 5 ლარი ღირს, სკოლებს 2 ლარად ვთავაზობთ... კაფესთვის თუ გაქვს 5 ლარი და უფრო მეტიც, არ ჯობია შენ შვილს დროდადრო სულიერი საზრდო, სარგებელი მისცე?

იცი კიდევ რა პრობლემაა? სპონსორობის... თბილისში მეტი საშუალებაა. ეს განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება და იგრძნობა ქუთაისში, არა მარტო ქუთაისში, რეგიონებში, იმიტომ რომ იქ ასეთი მსხვილი ბიზნესი არ არსებობს, ფილიალებია ძირითადად. სათაო ოფისები უფრო თბილისის კულტურულ ღონისძიებებს აფინანსებენ, ვინაიდან  უფრო მეტად ჩანს და ხმაურდება... სპონსორის ინტერესიც ხომ ის არის, რომ მისი საქმიანობა რაღაცნაირად ჩანდეს, ვერც გაამტყუნებ... ახლა ვცდილობთ, რომ პროექტების, დასახული მიზნების განსახორციელებლად თბილისიდან, უცხოეთიდან მოვიპოვოთ ფინანსური მხარდაჭერა.

მ. ვ. - კულტურის პოლიტიკა ახსენე ზევით, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ შემოვიდეს კანონი ქველმოქმედების შესახებ... ის რაც საზღვარგარეთ ძალიან კარგად მუშაობს...

თ. ლ. - კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ მესხიშვილის თეატრში  ჩვენი ხელოვანების, ჩვენი არტისტების კვალიფიკაცია, იმდენად მაღალია, რომ აუცილებელია მისი ბიუჯეტი გაუტოლდეს ქვეყნის ანალოგიურ თეატრებისას. სხვაგვარად დაიქსაქსებიან, წავლენ ისინი. როგორც უკვე გითხარი, ქუთაისის მესხიშვილის თეატრს ყველა თაობის მსახიობი ჰყავს და ეს ფუფუნებაა რეგიონალური თეატრისათვის... მაგალითად, გიორგი სიხარულიძეს მიზნობრივი ჯგუფი ჰყავდა, მათ დაამთავრეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, მაგრამ ვერ აგვყავს შტატში, თანხები არა გვაქვს... ეს ახალგაზრდები ხომ წავლენ, დაიქსაქსებიან, არადა ისინი მოქმედი რეპერტუარის, სპექტაკლების აქტიური მონაწილეები არიან. კაპელდინერებიც კი მოწვევით აგვყვას წარმოდგენიდან წარმოდგენამდე, განა ეს „სასაცილო“ არ არის? გაგიგია თეატრს კაპელდინერი არ ჰყავდეს?... ბიუჯეტი არ გვაძლევს, მათი შტატში აყვანის, საშუალებას...

სხვა რეგიონების ორგანიზაციებთანაც უკვე ვთანამშრომლობთ, მაგრამ გვინდა უფრო გავააქტიუროდ, გავაღრმავოთ თანამშრომლობა. ქუთაისი მომხიბლავია იმითაც, რომ რიკოთს იქეთ, პრაქტიკულად, მთელი დასავლეთ საქართველოს ცენტრია. აჭარა მაინც ავტონომიურია და თუნდაც ისტორიულად, თეატრალური ცხოვრებით აჭარას და ქუთაისს ვერ შეადარებ...

მ. ვ. - თეატრალური ცხოვრებით, შეიძლება ითქვას, ვერც ერთი სხვა ქალაქი ვერ მივა ქუთაისთან... ისტორიულად ქუთაისი და თბილისი იყო...

თ. ლ. - დასასრულს კიდევ ერთს ვიტყვი. მერწმუნე, ეს, ჩემი ფანტაზია არ არის. ქუთაისში რაღაც შინაგან დუღილს ვგრძნობ, მხოლოდ ერთი ბიძგი სჭირდება და ეს ყველაფერი აფეთქდება, ამოიფრქვევა. ძალიან შემოქმედებითი ხალხია, არტისტული ხალხია.

მ. ვ. -  ერთი პერიოდი ამბობდნენ, რომ ქუთაისი ძალიან დაიცალა...

თ. ლ. -  ქუთაისლები როგორც ამბობენ ასეა, ძალიან დაიცალა...

მ. ვ. -  რა სამწუხაროა... ახალგაზრდები მიდიან ლუკმაპურის საშოვარზე... არ აქვთ სამუშაო ადგილები, არ ხდება ხელოვნების სფეროების განვითარება და ა. შ.

თ. ლ. -  მაგრამ რეალურად რესურსი მაინც არის... უნივერსიტეტია, ამდენი სკოლაა... ახლა ძალიან კარგი მერი ჰყავს ქუთაისს - შოთა მურღულია, კულტურის სამსახურის უფროსიც - ვაჟა ჟღენტი, ძალიან სიმპათიური ადამიანია, შევხვდით მათ... მაგრამ, ქვეყნისთვის კულტურა უნდა გახდეს  პრიორიტეტი. სახელმწიფოს სათავეში მდგომნი ვერ ხვდებიან, ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ თუ საქართველო გადის გარეთ, აოცებს და ხიბლავს უცხოეთს, ეს, მხოლოდ ჩვენი საამაყო კულტურის, ხელოვნების დამსახურებაა. მის განვითარებას რეალური ხელშეწყობა სჭირდება...

კიდევ ერთი, ქუთაისზე დოკუმენტურ ფილმს ვიღებთ, ოღონდ რა კონტექსტში იცი? თეატრი იქნება მთავარი მოქმედი პირი...

bottom of page